"აქ ვნახე პირველად, დედამ შვილს ფული რომ ასესხა და ვალის დაბრუნების დრო შეახსენა"
უკვე წლებია ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოჯახებში დამხმარედ, ე.წ. ოპერებად მუშაობენ. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში "კოვიდ-19" გავრცელდა, ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა, ბევრს კი იმავე შრომის ფასად ანაზღაურება შეუმცირდა. როგორც ამბობენ, ევროპელებმა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ფეხი აუწყვეს.
"100 ევროთი შემიმცირეს ანაზღაურება, სამუშაო საათები გამეზარდა, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა არა მაქვს"
მეგი კილაძე, იტალიაში მცხოვრები ქართველი: "ჩემი მასპინძლები ძალიან მხიარული და გულღია ხალხია. პატარა ბიზნესი ჰქონდათ, შოკოლადის მაღაზია პატარა კაფეთი... შეზღუდვებმა მათი ბიზნესი ძალიან დააზარალა, შემოსავალი შემოაკლდათ და როგორც სჩვევიათ, უბოდიშოდ გამომიცხადეს, ხარჯი უნდა შევამციროთო. მე მათ ოჯახში ვუვლი მოხუცს, შვილიშვილის გამზრდელ ბებიას, რომელსაც ალცჰაიმერი აქვს. შვილიშვილი თავს ევლება მოხუცს, ანებივრებს საჩუქრებით, სიურპრიზებით, ხშირად ეპატიჟებოდა რესტორნებში, კინოთეატრებში, ოპერაში... მის ცოლს ეს აშკარად არ მოსწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა. როცა პანდემია მთელ ქვეყანას მოედო, როგორც კი მომიხელთებდა, მეუბნებოდა, ჩემი ქმარი ვერ ერკვევა თავის მოვლის საშუალებებში და ბებიას შედარებით იაფიანი უყიდეო, მომთხოვა შემეცვალა მისთვის სტილისტი, მანიკიურისა და პედიკიურის ხელოსანი, რომელსაც უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით სახლში იბარებდნენ. ვუხსნიდი, მოხუცი სხვას არ მიიღებს, ასე აქვს გონებაში ჩაბეჭდილი-მეთქი. ბოლო ხანს კრიზისი გაღრმავდა და ეს ქალიც, ქართულად რომ ვთქვა, ქამრის მოჭერას ლამის ყოველდღე გვაიძულებს. დენი გაძვირდა, ნათურები გამორთეთ, ტელევიზორი დიდხანს არ ჩართოთ, სააბაზანოში ამდენ ხანს რას აკეთებთ, წყალი ძვირია. მოხუცთან ჩხუბს აზრი არა აქვს და მე მეცემა - სააბაზანოში ისვენებ და ამიტომ ცდილობ ბებია იქ რაც შეიძლება მეტხანს იყოსო. ბოლო დროს საკვებისა და მედიკამენტების დაზოგვაც მომთხოვა.
ორი შვილი ჰყავთ, ტყუპი, რომლისთვისაც უკრაინელი ქალი ჰყავთ დაქირავებული. მან კატეგორიულად უთხრა წყვილს, ეკონომია ბავშვების ხარჯზე არ შეიძლებაო. როცა ცოლ-ქმარი პრობლემებზე კამათობს, დედა შვილებით სპეკულირებს, რა გინდა, შვილებს მოვაკლოთო? ვიპოვე საუკეთესო მოხუცთა თავშესაფარი, სადაც მოხუცი თავისი პენსიით მშვენივრად იქნება, იქ კარგად მოუვლიანო. შვილიშვილი ტირის, ბებია მისთვის ცოლ-შვილზე არანაკლებ ძვირფასია, რადგან დედ-მამამ მიატოვა, ბებიამ კი არა. ეს ალცჰაიმერიანი ქალი სიკეთის განსახიერებაა, მეც მიყვარს და მებრალება, ბებიაჩემს მახსენებს... ზოგჯერ ჩემი დანაზოგიდანაც ვცდილობ ვასიამოვნო. ვერც დიასახლისს ვამტყუნებ, შემოსავალი ძალიან შეუმცირდათ, ეს დაეტყო კიდეც მათი ცხოვრების წესს, კვებას... ახლახან მითხრა, ყავას ძალიან ხშირად სვამთო, არადა, ბებიას ძალიან უყვარს და სულ მთხოვს. დიასახლისი მიბღვერს, ბებიამ კი არ იცის, რომ ყავაც გაძვირდა, შაქარიც და დენიც. ამ ბოლო დროს დაიჩემა, ულუფები შეამცირე, პური თხლად დაჭერი, რძე 100 მილილიტრი ეყოფა; ლეპტოპს ზედმეტად ხშირად ტენიო... ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ადგილას კამერები დაუმონტაჟებია. მის ქმარს ვუთხარი, რომ ამის უფლება არა აქვთ და ერთმანეთთან დიდი დავიდარაბის შემდეგ მოხსნეს. 100 ევროთი შემიმცირეს ანაზღაურება, შვილიშვილს ბებია შაბათ-კვირას კონცერტებზე და რესტორნებში აღარ დაჰყავს და სამუშაო საათები გამეზარდა, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა ჯერჯერობით არა მაქვს. ისედაც უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევრად, ზოგს მოხუცი "კოვიდით" მოუკვდა, ბევრმა ოჯახმა მომვლელს ვერ გადაუხადა და მომვლელი დაითხოვა".
"ქალმა მეც და მის გოგონასაც თმა შეგვაჭრევინა, გრძელ თმას ბევრი წყალი სჭირდებაო"
ანა, 32 წლის, გერმანიაში მცხოვრები ქართველი: "12 წელია ოპერად ვმუშაობ. არაერთი ქალაქი და ოჯახი გამოვიცვალე, კარგიც შემხვედრია და ცუდიც, ანუ წუწურაქი, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ, მაინც მაკვირვებს... ქალმა, რომლის შვილსაც ვუვლი, მეც და მის გოგონასაც თმა შეგვაჭრევინა, გრძელ თმას ბევრი წყალი სჭირდება, გაშრობისას კი ფენი დიდხანს გაქვთ ჩართულიო. პურს თავად ჭრის, შენ ზედმეტად დიდი ნაჭრები გამოგდისო. ყველა ოთახს დარაჯობენ, ნათურა სადმე ანთებული არ დარჩესო. მისი მეუღლე სიმწრით ხუმრობს, ნაცისტური გერმანიის შემდეგ ასეთი რამ არ მსმენიაო. დიდი სმა-ჭამით არასდროს გამოირჩეოდნენ, მაცივარი სულ ცარიელი იყო, რადგან ცოლს სამზარეულოში ტრიალი არ უყვარს, მაგრამ ახლა ორი-სამი იოგურტი თუ იყიდეს, მიაჩნიათ, რომ ძალიან დაიხარჯნენ. პანდემიის დროს გადავეჩვიე შაქრიან ყავას და ჩაის, ადრე რამე ტკბილეულს მივატანდი, ახლა ცოლ-ქმარი ლამის დათვლილად დებენ ლანგარზე ნამცხვარსა თუ შოკოლადს. ადრე თუ სუნამოებსა და სხვადასხვა აქსესუარს ვყიდულობდი, ახლა ტკბილეულს ან პურს ვყიდულობ და ტანსაცმლის კარადაში ვმალავ. ყავის დალევისას ვეუბნები, ეს დრო მირჩევნია, სწავლას მოვახმარო-მეთქი და ჩემს ოთახში შევდივარ. ქართულ წესებზე აღზრდილს აქ საკვები ყოველთვის მეცოტავებოდა და ახლა, მით უმეტეს. ვნატრობდი, ახალი შეზღუდვები არ დაეწესებინათ, სამსახურში გასულიყვნენ, მაგრამ თავად დაიწესეს შეზღუდვები, დისტანციურად მუშაობენ, ტრანსპორტისა და საწვავის ფული რომ დაზოგონ. "კოვიდისაც"ს ეშინიათ, რადგან აქაურ ჯანდაცვის სისტემასაც პრობლემები აქვს".
"გერმანიაში თუ ზედმეტი პედანტიზმი მახრჩობს, საქართველოში უყაირათოდ ფულის ხარჯვა მაღიზიანებს"
ნინო ალავიძე, ფრანკფურტში მცხოვრები ქართველი: "უკვე მეოთხე წელია ერთ ოჯახში ვცხოვრობ. ცოლ-ქმარი სამხედროები არიან და შეიძლება ითქვას, ჯარის წესრიგი აქვთ სახლში - იმდენი პური, ხელსახოცი, საპონი და სხვა ნივთები მოაქვთ, რამდენიც სჭირდებათ კვირიდან კვირამდე. საქართველოში ჩვენ იმდენ რამეს ვყრით და ვაოხრებთ, მიკვირს, აქამდეც როგორ მოვედით. არ ვიცი, რომელი ჯობია - გერმანიაში თუ ზედმეტი პედანტიზმი მახრჩობს, საქართველოში უყაირათოდ ფულის ხარჯვა და სხვის ჯიბრზე გაშლილი სუფრები მაღიზიანებს. ამ ბოლო დროს ჩემი მასპინძლები ხილსაც თვლით ყიდულობენ და არა კილოგრამობით. თუ სახლში არიან, უჩემოდ არაფერს შეჭამენ, ჩაი-ყავასაც კი არ დალევენ, ოღონდ ლანგარზე იმდენი ნამცხვარი, შოკოლადი ან ხილი დევს, რამდენიც ვართ. რამდენიმე დღის წინ დიასახლისმა მითხრა, სავაჭრო ცენტრში მივდივართ და რა წამოგიღოთო. მეც ხანდახან რაღაცას დავაბარებ ხოლმე. დიდი ხელგაშლილობით არასდროს გამოირჩეოდნენ და შევეჩვიე მათ პრაგმატიზმზს. ამჯერად ვუთხარი, ზეფირი ძალიან მენატრება-მეთქი. საღამოს მოვიდნენ და მაგიდაზე დამიტოვეს პარკი. ერთი სული მქონდა, ჩემს ოთახში შევვარდნილიყავი ცხელი ყავით ხელში, რომ სასუსნავით პირი ჩამეტკბარუნებინა. პარკში 5 ცალი იდო, სამი მაშინვე შევსანსლე, დანარჩენი კი მეორე დღისთვის შევინახე. ორი-სამი დღის შემდეგ საღამოს ჩაიზე შევიკრიბეთ. მაგიდაზე ზეფირი დადეს, რამდენიც თავად, ოჯახის წევრები არიან - ანუ მე ჩემი ზეფირით უნდა დამელია ჩაი. ღიმილით ვუთხარი, ჩემი უკვე შევჭამე-მეთქი და გაოცებულებმა შემომხედეს, ამდენი როგორ შეჭამეო?.. გულის სიღრმეში ვეთანხმები მათ მიზნობრივ მხარჯველობას, უბრალოდ, ქართულად მაქვს ტვინი მოწყობილი და ვერ ვხვდები, სად გადის ზღვარი გონივრულ ხარჯვასა და წუწურაქობას შორის. ისე კი კარგია, ბოლო ოთხ თვეში 15 კილოგრამამდე დავიკელი, თან ერთბაშად კი არა, თანდათან. თუმცა სულ მშია და ამ დროს ვცდილობ საქართველოზე არ ვიფიქრო, რადგან ხინკლები და ხაჭაპურები მელანდება".
"აქ ვნახე პირველად, დედამ შვილს ფული რომ ასესხა და ვალის დაბრუნების დრო შეახსენა"
ირა, 27 წლის, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი: "სამ სხვადასხვა ქვეყანაში ვმუშაობდი ოჯახში მომვლელად და აქ, უცხოეთში, ვნახე პირველად, დედამ შვილს ფული რომ ასესხა და ვალის დაბრუნების დრო შეახსენა ერთი კვირით ადრე, არ დაგავიწყდესო. ახლა ავსტრიაში ძალიან კარგ ოჯახში ვარ. მესამე შვილს მეძახიან. ერთხელ დედამისმა შვილს, რომელსაც პანკობისკენ აქვს მიდრეკილება, ჩემი თანდასწრებით მისცა შენიშვნა, ვიცი, რომ შენი ხმაურით ჩვენს არყოფნაში ირას ხელს უშლიო. მეგონა, შვილი უხეშად შეეპასუხებოდა, მაგრამ მომიბოდიშა. გავოცდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ოჯახის დიასახლისი კეთილშობილი ქალია, ადრე საჩუქრებითაც მანებივრებდა, ახლა მომიბოდიშა, ძალზე გართულდა სიტუაცია და ეს ჩვენს ბიუჯეტზე აისახაო. ვატყობ, ჩემს გასაგონად რამდენჯერმე მოსთხოვა შვილებს წყლისა და დენის დაზოგვა. მაცივარი ქართულად გადაჭედილი აქ არასოდეს მინახავს, თუმცა არც მაკარონზე არიან".