"კახი ტელეფონზე არ მპასუხობს, ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია. ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს"
"სიყვარული ყველას უნდა" რომ გადავიღეთ, იმდენს მაგინებდა, სოფლის ქალებმა მითხრეს, ნეტა რას უთმენ, გაშორდიო. მართლა ცოლ-ქმარი ვეგონეთ.
არ მწყინს კახის გინება, ჩემთვის გამარჯობასავითაა"
ბერტა ხაფავა პანდემიას შინ ემალება. ახლა ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვისო, ამბობს "კვირის პალიტრასთან" და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მეგობრბებზე გვესაუბრება.
- პანდემიას სახლში ჯდომით ვუმკლავდები. თვალის ოპერაცია გავიკეთე და ამის გამო გავდიოდი მხოლოდ შინიდან, მაგრამ სიფრთხილის წესების დაცვით გადავრჩი. ვზივარ, ვფიქრობ და ვუცდი, როდის დასრულდება პანდემია. გულშეკუმშული ველოდები ყოველდღიურად როდის გამოაცხადებენ, რამდენი დაინფიცირდა, რამდენი გარდაიცვალა. ზოგი კრიტიკულად შეხვდა რეგულაციების შემოღებას, მე - არა, რადგან ძალიან მომწონს გახარია და ვენდობი. ესე იგი, ასეა საჭირო!.. ვზივარ ტელევიზორთან და ამდენი სერიალის ყურებით მეც გამოვსერიალდი, თანაც რამე კარგი მაინც გადიოდეს. რასაც შევესწრები, იმას ვუყურებ - აბა, რა ვქნა, სხვა საქმე არ მაქვს. ოპერაციის გამო სუსტად ვარ, აი, კახიც როგორ ცუდად იყო! ისე განვიცადე! პრესიდან ვიგებ მის ამბავს. მინდოდა მომეკითხა, მაგრამ ტელეფონზე არ მპასუხობს - ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია. ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს...
- გინება უყვარს? - ძალიან, სულ იგინება. "სიყვარული ყველას უნდა" რომ გადავიღეთ, იმდენს მაგინებდა, სოფლის ქალებმა მითხრეს, ნეტა რას უთმენ, გაშორდიო. მართლა ცოლ-ქმარი ვეგონეთ. არ მწყინს კახის გინება, ჩემთვის გამარჯობასავითაა. ძალიან კარგი კაცია, ერთგული, პატიოსანი, ძალიან მიყვარს. იმ სიყვარულისთვისაც მიყვარს, როგორი სიყვარულითაც ბელა უყვარდა. ბელაზე რომ ლაპარაკობდა, სახე უბრწყინდებოდა. მახსოვს, ერთხელ ახალციხეში ჰყავდა წამოყვანილი გადაღებაზე. ვერ აღვწერ იმ დამოკიდებულებას, რაც მათ ჰქონდათ, ეს უნდა გენახათ და შეგეგრძნოთ. ბელა იჯდა ბავშვივით, კახი კი დაქოთქოთებდა, უვლიდა, მართლა ცივ ნიავს არ აკარებდა. წავიდა ბელა და დარჩა კახი - მისი ერთგული და მასზე შეყვარებული...
- თქვენი და ბატონი კახის მეგობრობა რამდენი წლისაა? - უჰ, დიდი ხნის. თეატრში რომ მივედი, 18 წლის ვიყავი. კახი ამ დროს 25 წლამდე იქნებოდა. ახალი დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი. მაღალი, ლამაზი, მაგრამ მაშინაც გიჟი იყო, მაგას ვენაცვალე! ჩვენ მალე დავმეგობრდით და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. ბევრჯერ მოვხვდით ერთად გადაღებებზე. რა ბედნიერი წლები იყო! "სიყვარული ყველას უნდა" საუკეთესო მოგონებად დამრჩა, მაგრამ გივი ბერიკაშვილმა გული დამწყვიტა, გიო ხუციშვილიც ნაადრევად გამოგვეცალა, გიორგი შენგელაიაც აღარ არის - ვინღა დავრჩით... ჩემი კახის, ანუ კოლასა და ანიკოს სცენები ცალკე მოვლენა იყო.
- რა თქმა უნდა, ბევრ სპორტსმენს შეშურდებოდა თქვენი ნახტომი სახურავიდან... - ამ სცენის გადაღებას რვა დუბლი დასჭირდა. ხელები სულ გადატყავებული მქონდა, ისე ვიყავი ჩაჭიდებული ხის ძელს, მაგრამ წვალებად ღირდა. რეჟისორი თავისუფლებას მაძლევდა. მაგალითად, "ჩულქის" რეზინი, რომელიც "მამშვენებს", თვითონ წამოვიცვი. კიას დატირების წარწერა არ მახსოვს ვინ დაკიდა, ძალიან კი მოუხდა კადრს. ჩვენ თვითონვე ვიხოცებოდით სიცილით...