"ის ერთი კვირა ჯოჯოხეთად არ უნდა აქციონ" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე - კვირის პალიტრა

"ის ერთი კვირა ჯოჯოხეთად არ უნდა აქციონ" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე

"ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთი სიტუაცია გვექნებოდა, ეს უნდა ვაღიაროთ"

ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გამოსავლებსა და პანდემიასთან ბრძოლის ქართულ სტრატეგიაზე ვესაუბრეთ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.

- არის ობიექტური და გარდაუვალი პრობლემები და არის სუბიექტური პრობლემებიც. როდესაც ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე 110 და მეტი პაციენტი მოდის, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ხარ. ყოველდღიურად 5 000-ზე მეტი შემთხვევა ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანის მოვლა ისე, რომ პრეტენზია არავის ჰქონდეს, ძალიან ძნელია. ეს ვერ შეძლეს ისეთმა ქვეყნებმაც კი, რომელთაც ჩვენთვის სამაგალითო სამედიცინო სისტემები აქვთ.

ჩვენ გვქონდა პერიოდი, რომ უკეთ მოგვეწესრიგებინა, ვთქვათ, პაციენტის მართვის სისტემა. ექიმების კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო იყო ტრენინგების ჩატარება, პირველი ტალღის პერიოდში დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად. ისრაელში ჯარიც კი მობილიზებულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის. მე მაისში სამინისტროს საიტზე ტესტი შევავსე, თუ საჭირო ვიქნები, მოხალისედ ვიმუშავებ-მეთქი...

ყველაზე კარგი კლინიკები და კვალიფიციური კადრები, ძირითადად, თბილისშია, მაგრამ 388 ადამიანი მართვით სუნთქვაზე რომ გყავს და ათასზე მეტი მძიმე პაციენტი, ყველას თბილისის საავადმყოფოებში ხომ ვერ მოათავსებ? ერთ კლინიკაში 400-კაციანი რეანიმაცია არავის აქვს დედამიწის ზურგზე, ამიტომ ახლა კი არ უნდა იწყებოდეს რუხის კლინიკის გამართვა, აქამდე უნდა გამართულიყო.

- როდის? - ზაფხულში. თუნდაც მაღალი ანაზღაურება შეგვეთავაზებინა კონკრეტული განყოფილების ექიმებისთვის, რომ დაინტერესებულიყვნენ და თბილისიდან რეგიონში წასულიყვნენ. ჩვენ არათანაბრად გავანაწილეთ რესურსები და თავკომბალა მივიღეთ - ქვეყანა თბილისშია თავმოყრილი. სამწუხარო ის არის, რომ არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა, მეშინოდა, რომ ყოველდღიურ 500 შემთხვევას ქვეყანა ვერ გაუძლებდა, ახლა კი 5 000 და მეტი შემთხვევა გვაქვს, ანუ უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეში 800-1000 ადამიანს საავადმყოფო დასჭირდება. დიახ, ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთი სიტუაცია გვექნებოდა, ეს უნდა ვაღიაროთ.

- თქვენ ვერ იფიქრებდით თუ სისტემის მესვეურები?

- სახელმწიფოს ზედა ეშელონმა დაიჯერა, რომ პანდემია აგრესიული ფორმით არ შემობრუნდებოდა - ასეთი განცდა მაქვს, თორემ რა ვიცი, კონკრეტულად ვინ რა იფიქრა... პროგნოზი მნიშვნელოვანია, სწორედ პროგნოზის კეთებისას ხარ უფრო ძლიერი. პანდემიის დროს მთელი მსოფლიო ასე იქცევა. უნდა გათვალო რეანიმაციული საწოლების რაოდენობა და დაგეგმო საჭირო ღონისძიებები. უნდა ვიცოდეთ არა ჯამური რაოდენობა, ანუ სულ რამდენი საწოლია, არამედ რამდენია თბილისში, ბათუმში, გორში და ა.შ.

მესმის, რომ ერთდროულად ბევრი საქმეა, ზვავივით, ცუნამივით დაგვატყდა თავს ეს ვითარება. ნოემბერში 96 000 ადამიანი იყო ავად, 800-მდე კი გარდაიცვალა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა! როგორია ამდენი ადამიანის მოვლა?! თანაც ეს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია, თორემ დარწმუნებული ვარ, 3-ჯერ მეტი იყო. ადამიანი 4-5 დღე ოჯახის ექიმს რომ ვერ უკავშირდება, ცდილობს, საავადმყოფოში მაინც მოხვდეს. აბა, ექიმს სახლში ხომ ვერ შეუვარდება?! სწორედ ამით არის გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაღალი პროცენტი.

- აქტუალური გახდა კითხვა: "ნაცნობი ხომ არ გყავს საავადმყოფოში?"

- როცა ადამიანს ახველებს და ფილტვების ანთება აქვს, ოჯახის წევრი ცდილობს, როგორმე საავადმყოფოში მოახვედროს.

გუშინ მთხოვა სრულიად უცნობმა ადამიანმა, ორი მოხუცი მყავს, ორივეს თვალის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ორივეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ მეოთხე დღეა, ექიმი არ რეკავს, თუ შეგიძლიათ, იქნებ თქვენ დარეკოთო. მდგომარეობა დაწვრილებით გამოვკითხე. არც ქოშინი ჰქონდათ, არც სხვა გართულება, მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი ტკივილები. საგანგაშო არაფერი იყო და ადვილად გავანეიტრალე სიტუაცია. სწორედ ამაზე ვლაპარაკობ - დღეს კი არ უნდა ეძებდეს ადამიანი პორტალზე, რომელია ჩემი ოჯახის ექიმიო. მეც ვერ ვიპოვე იმ მოხუცების ექიმი...

ეს საკითხი აქამდე უნდა მოწესრიგებულიყო და ახლა ეს პრობლემები ადვილად არ მოგვარდება, რადგან 1,5-2 თვე "კოვიდის" შემოტევის პირისპირ ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, იანვრიდან სტაბილიზება დაიწყება, მაგრამ მდგომარეობა უცებ არ გაუმჯობესდება. ექიმებს ცალკე უნდა ჰყავდეთ რისკ-ჯგუფები, იცოდნენ, რომ ვიღაცას ყოველდღე სჭირდება დარეკვა, ვიღაცას კი დაურეკავ, მაგალითად, მე-4, მე-7 და მე-12 დღეს. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. სწორედ ასეა ამერიკაშიც.

- პირველ ეტაპზე ვამბობდით, გრიპზე აცრა აუცილებელია, რადგან ნოემბრის მეორე ნახევრიდან, გრიპის ვირუსების გააქტიურების პერიოდში, გრიპის კოვიდთან თანხვედრა დაიწყება და მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებითო, ახლა კი, თუ ტესტირება არ გაქვს ჩატარებული, ნებისმიერ შემთხვევას განიხილავენ, როგორც "კოვიდს". - დიახ, თუ ადამიანს რესპირაციული დაავადება და ჩივილები აქვს, სწორედ ასე განიხილება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ძირითად კლინიკებში რანდომულად, შემთხვევითი შერჩევით ატარებს კვლევებს. წინა კვირის ბოლო მონაცემებით, რომლებიც ბატონმა პაატა იმნაძემ გამაცნო, ახლა ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის. დაავადებული ადამიანების 99%-ს კორონავირუსი აქვს. ასევე უდასტურდებათ ბოკავირუსი და რინოვირუსი. გრიპის ვირუსი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. ნიღაბი და დისტანცია რაღაც ეტაპზე, ალბათ, გრიპსაც შველის, თან გრიპის ვაქცინაციაც დაიწყო და კიდევ 100 ათასი დოზა ასათვისებელია. პედაგოგებსა და 65 წელს გადაცილებულთ, ვისაც სურვილი ექნებათ, შეუძლიათ აიცრან.

- საველე ჰოსპიტლების ამოქმედებაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ თითქოს მათი საჭიროება ვერ დაინახეს - რა აუცილებელია კარავის გაშლა, როცა არსებობს კოვიდსასტუმროებიო. - საველე ჰოსპიტალი რა საჭიროა, ომში ხომ არ ვართ და დაჭრილებს ხომ არ უნდა ვუწამლოთ? ჩვენ გადამდები ინფექციით დასნეულებულებს უნდა ვუმკურნალოთ. საველე ჰოსპიტლის ინფექციური კონტროლი და შუა ზამთარში მათი გათბობა ძნელია. კოვიდსასტუმრო ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს - იზოლირებული ხარ, სითბო და კვება არ გაკლია, ამიტომ საველე ჰოსპიტალები ახლა მართლაც არ არის საჭირო, ოღონდ კოვიდსასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობა უნდა გაიზარდოს, ეს გამოსასწორებელია.

- ვამბობდით, რომ პირველ სეზონზე დაავადების მიმდინარეობა მძიმე არ იყო. ახლა? რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს? - მთელ მსოფლიოში მეორე ტალღა რომ აგორდა, დაავადების მიმდინარეობის მსუბუქი ფორმები არ გამოკვეთილა. იმატა დაავადებულ ადამიანთა შორის ასაკოვანთა რაოდენობამაც, თუმცა სიკვდილიანობა შემცირდა, რადგან რეანიმაციული მართვა დაიხვეწა.

"დექსამეტაზონის" ეფექტურობა სწორად გამოიკვეთა, სადღაც "რემდესივირი" გაჩნდა, სადღაც - მონოკლონური ანტისხეულები, ამიტომ პაციენტების გადარჩენის მეტი შესაძლებლობაა. როცა ვამბობთ, რომ 85% მსუბუქია, 15% კი - მძიმე და ამ 15%-დან 1-2%-ია კრიტიკული, ეს პროცენტული თანაფარდობა ჩვენს ქვეყანასაც მიესადაგება. ბოლო მონაცემებით, ჩვენთან 87%-ია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ავადმყოფი, 13% - მძიმე და მათგან 2% - კრიტიკული, ამიტომ ვირუსის მსუბუქ მიმდინარეობაზე აღარ ლაპარაკობენ. პირიქით, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დადასტურდა - 2800 ადამიანი გარდაიცვალა.

- რას მოგვცემს შეზღუდვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ამოქმედდა?

- ეს არ არის კლასიკური ლოკდაუნი - ქალაქში მანქანებით მილიონი ადამიანი დადის და საცობებიც კია. ბევრი ობიექტი დაიხურა და ეს აზარალებს ადამიანებს, მუნიციპალური ტრანსპორტი რომ არ მუშაობს, ესეც სირთულეებს ქმნის... ჩვენი მიზანია, იანვრის პირველი-მეორე კვირისთვის ინფიცირების მაჩვენებელი განახევრდეს მაინც. თუ ნიღაბს გამოიყენებს ადამიანთა 90%-ზე მეტი, ამ მიზანს მივაღწევთ.

- საახალწლოდ ერთი კვირით შეზღუდვები რომ მოიხსნება, ეს უკუშედეგს არ გამოიწვევს? - რისკი არის, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს და სწორედ ამ დღეებში ვითხოვ მოსახლეობის მაქსიმალურ დამყოლობას, რომ შავი პარასკევის მსგავსი რამ არ მოაწყონ. რიგები დავიცვათ დისტანციით, ბიზნესის მესაკუთრეებმა კი მაღაზიებში შეუშვან იმდენი ადამიანი, რამდენიც კვადრატულობის მიხედვით არის გათვლილი. ეს ერთი კვირა ჯოჯოხეთად არ უნდა აქციონ.

- მიკვირს, რატომ ვართ საზოგადოებისა და ბიზნესის შეგნების იმედად... - მაშინ ყველა უნდა გამოამწყვდიო სახლში, როგორც ჩინეთმა გააკეთა, ოღონდ ხელფასის 80%-ს მისცე...

ძალიან რთული შეხვედრა იყო პრემიერთან - ბიზნესის ეკონომიკური ნაწილი და ექიმები მივედით. პრემიერი დათანხმდა ამ დათმობას, რადგან სახელმწიფო ხვდება, რომ ბიზნესისთვის გაყიდვები მნიშვნელოვანია. ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ უკვე ელოდებიან შეკვეთებს ჩინეთიდან, ევროპიდან, მაშინ აგვინაზღაურეთ, 3 მილიონის გამათბობელი და უთო რომ გამოვიწერეთო. სწორედ ამიტომ პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ერთი კვირა შეძლებენ ვაჭრობას, ოღონდ - წესების მკაცრად დაცვით. ეს სერიოზული კომპრომისია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება.

- რას მოგვცემს ინტენსიური ტესტირება? - ყველა სიმპტომური პაციენტი უნდა გამოვლინდეს, ეს აუცილებელია. ხომ ხედავთ, სიმპტომური პაციენტები ტაქსაობენ! ეს უპასუხისმგებლობის პიკია! ახლა აღირიცხება ყველა კოვიდდადებითი და მონაცემები ბაზაში შევა - ეს კონტროლის მექანიზმია, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ადამიანზე. ეს მოგვცემს მათი სწორი და დროული იზოლაციის საშუალებას, რომ სხვას, მაგალითად, მოხუცს, რომელსაც თირკმლის დაავადება აქვს, ან ახალგაზრდას, რომელსაც გულის მანკი აქვს, არ გადასდონ.

- ესე იგი, ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისკენ მივდივართ?

- ჯოგური იმუნიტეტია, თუ ინფექცია ძალიან სტაბილურ იმუნიტეტს ტოვებს რამდენიმე წლით მაინც. რაც უფრო მსუბუქად გადაგაქვს დაავადება, მით მალე გეკარგება იმუნიტეტი, ამიტომაც ჯერჯერობით ჯოგურ იმუნიტეტზე მაინცდამაინც არ ლაპარაკობენ. შეიძლება ვირუსი მოვიხადოთ ორ მილიონამდე ადამიანმა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ცუდად გავხდეთ. ჯოგური იმუნიტეტის ხელოვნურად გამოწვევა ან მისი დაჩქარება შესაძლებელია, თუ საქართველოში ვაქცინა დროულად შემოვა. ალბათ, ყოველწლიურად მოგვიწევს აცრა. როგორც აღმოჩნდა, მცდარია შეხედულება, რომ ადამიანებს უნდა მისცე საშუალება, გადაიტანონ დაავადება და ეპიდემიაც ამით გაჩერდება.

- იმიტომ, რომ მსოფლიოში დადასტურდა რეინფიცირების შემთხვევები. საქართველოშიც გვაქვს ასეთი შემთხვევა?

- როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ჩვენთან არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

- რას იტყვით, ამ პანდემიური გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს? - ვაქცინა ჩანს და წლის ბოლომდე მსოფლიოში კიდევ ბევრი გამოჩნდება. ორი-სამი ვაქცინა უკვე კვლევის მესამე ფაზას ამთავრებს, მაგრამ მას ჯერ მდიდარი ქვეყნები ინაწილებენ. საერთო განაწილების მაგიდასთან ისინი არ სხდებიან, იმიტომ, რომ მილიარდობით დოლარი დახარჯეს, მაგალითად, ამერიკამ, ინგლისმა... მათ რაც დარჩებათ, იმას მოგვცემენ ჩვენ, ასეა, თუმცა სამართლიანობის პრინციპის გამო რაღაც ნაწილს დათმობენ. ფრთხილი ოპტიმიზმით რომ შევხედოთ, ჩვენამდე ის, ალბათ, გვიან გაზაფხულზე მოაღწევს, მანამდე არა მგონია, ოღონდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ყველა თანხმდება, რომ ამ ეტაპზე ვაქცინა კორონავირუსს ვერ დაამარცხებს, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს და ეს იქნება სერიოზული გარდატეხა პანდემიასთან ბრძოლაში.