"ჯერ არის დრო, ადამიანები მიხვდნენ, რომ..." - რას ამბობს პაატა იმნაძე რეინფიცირებაზე და რას უკავშირებს ის მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას
"ჩვენ აცრებს დავიწყებთ იმ ვაქცინით, რომელიც იქნება ყველაზე უსაფრთხო, ეფექტიანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი"
კორონავირუსთან დაკავშირებულ სიახლეებსა და პანდემიის მართვაზე "კვირის პალიტრას" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ესაუბრება.
- შეზღუდვების შემოღებით რასაც ელოდით, გამართლდა? და იმავე გეგმით განაგრძობთ მუშაობას?
- ველოდით, რომ უნდა შეჩერებულიყო შემთხვევათა რაოდენობის სწრაფი ზრდა და ეს მოვახერხეთ. დღეში 5 ათასამდე შემთხვევა დასტურდებოდა, შეზღუდვებმა კი შედეგი უკვე მოიტანა. იმედი გვქონდა, რომ შეზღუდვების პერიოდში მოიმატებდა პირბადეების გამოყენების მაჩვენებელიც, თუმცა, სამწუხაროდ, 65%-ს მაინც ვერ გავცდით.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეჩერდა, მაგრამ ქალაქში ყოველდღიურად ძალიან ბევრი მანქანა დადის, მთელი დღის განმავლობაში საცობებია თითქმის ყველა უბანში... მობილობა შემცირდა? - მობილობა ტელეფონებით იზომება. ამას "გუგლი" ანგარიშობს - ტელეფონი ხომ ყველას უდევს ჯიბეში. ისე, ღიმილის მომგვრელია, თან დაჩიპვის რომ ეშინიათ და თან ტელეფონებს არ იშორებენ... თქვენც შეგიძლიათ ნახოთ მობილობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტელეფონებით ითვლება, როგორია მოძრაობა.
ახლა მთავარია, დიდმა ჯგუფებმა შორს არ იარონ, უცხო ადამიანები ერთმანეთს იშვიათად შეხვდნენ. ამ ეტაპისთვის მობილობა ჯერჯერობით გაზრდილი არ არის. გაზაფხულზე შეზღუდვებისას 70%-ით შემცირდა მობილობა, ახლა - 40%-ზე ოდნავ მეტით, რაც საკმარისი არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა.
- ითვალისწინებენ თქვენს მოსაზრებას? - ვნახოთ... ეს მხოლოდ ჩვენს მოსაზრებაზე არ არის დამოკიდებული...
- 24 დეკემბერი კარს მოგვადგა. როდის გავიგებთ, გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები? - კიდევ დავაკვირდებით... ჯერ არის დრო, ადამიანები მიხვდნენ, რომ პირბადეების გამოყენება და დისტანციის დაცვა უმნიშვნელოვანესია. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. თუ შეზღუდვები შემსუბუქდება, ეს უნდა იყოს უმნიშვნელო, მინიმალური შემსუბუქება მკაცრი კონტროლის თანხლებით. თუ მოქალაქეები და ბიზნესმენები ვერ მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი თვითონ უნდა აკონტროლონ, სახელმწიფოს ისევ მოუწევს ზომების გამკაცრება.
- "შავი პარასკევის" შემდეგ გაქვთ იმედი, რომ ეს შესაძლებელი იქნება? - მე ადამიანების კეთილგონიერების იმედი მაქვს. სამწუხაროდ, სხვის შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლეთ და ეგებ საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ.
- საფრანგეთში კომენდანტის საათი დაწესდა, სხვა ქვეყნებშიც გამკაცრდა შეზღუდვები... - კომენდანტის საათი ჩვენთანაც ხომ დაწესდა?! თუმცა ევროპასთან შედარებით, ჩვენთან შეზღუდვები ძალიან ლიბერალურია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება. თუ არა, მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ. თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს.
- ამერიკაში ვაქცინაცია დაიწყო, იტალიასა და ესპანეთში 27 დეკემბრიდან აპირებენ, აზერბაიჯანში - მომავალი წლიდან. იმასაც ამბობენ, უფასო იქნებაო... - ჯერ ფასიანი სადაა, ის მითხარით. არსად! ვაქცინაცია ჩვენთანაც უფასო იქნება.
- როდის? - ევროპას ნუ ვედრებით. ხომ არ შეიძლება შევედაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინას.
- აზერბაიჯანი რომ ევროპა არ არის? - როცა იქ იქნება ვაქცინა, ჩვენთანაც იქნება.
- ვაქცინაზე რა ინფორმაცია გაქვთ? - გარდა იმისა, რაც უკვე არსებობს, იმედია, კიდევ გამოჩნდება სხვა ვაქცინები. "მოდერნა" ძალიან მალე იქნება, იმედია, "ასტრაზენეკაც". ჩინური ვაქცინაც ძალიან პერსპექტიულია. სხვათა შორის, აზერბაიჯანი სწორედ ჩინური ვაქცინით იწყებს ვაქცინაციას.
- ჩვენ ვიცით, რომელი ვაქცინით დავიწყებთ? - ჩვენ დავიწყებთ იმით, რომელიც იქნება ყველაზე უსაფრთხო, ეფექტიანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი.
- შეიძლება ასეთი რუსული ვაქცინაც იყოს? - რუსული ვაქცინა ჯერჯერობით არ განიხილება, რადგან მის შესახებ არანაირი მტკიცებულებები არ გვაქვს.
- ხომ ითქვა, გაზაფხულზე, სავარაუდოდ, აპრილში, ვაქცინა ჩვენთან გამოჩნდებაო? - ეს ითქვა კოვაქსის პლატფორმაზე, სადაც გაერთიანებულია ბევრი ქვეყანა, მაგრამ
მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები, რომელთა შედეგად შესაძლებელია ეს უფრო ადრეც იყოს, ვიდრე კოვაქსის პლატფორმიდან, სადაც ჩვენ 700 000 ადამიანის საკმარისი ვაქცინა შევუკვეთეთ.
- შეიძლება შეზღუდვები ვაქცინის შემოსვლამდე გაგრძელდეს? - ჩვენთან გარკვეული შეზღუდვები ვაქცინის შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდება.
იმედი ნუ გვექნება, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, თუმცა შეზღუდვა იქნება შედარებით ნაკლები.
- საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰანსკლუგეს შეხვდით? - ამ დღეებში შევხვდებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული მდივანი ხუთდღიანი ვიზიტით რომ ჩამოდის, ამის მნიშვნელობაზე ბევრის თქმა საჭირო არ არის. 52 ქვეყნის გენერალური მდივანი ჩვენთან ჩამოვიდა - ამით ყველაფერია ნათქვამი.
- ითქვა, ახალი მუტანტი გამოჩნდაო... - ახალი მუტანტი ყოველთვის გამოჩნდება. აი, ახლაც, მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს უჯრედებში მუტაციები ხდება. კორონა ძალიან არ შეცვლილა. ერთი წელია, რაც ვრცელდება და ჯერჯერობით გენომში ცვლილება 01%-ია. თუ მეტით შეიცვლება, არავინ იცის, როგორი იქნება ეს ცვლილება - უარესი თუ უკეთესი.
- ამას წინათ კორონავირუსის წაულებზე გადაცემის ფაქტზე მიამბეთ. კორონავირუსის შესახებ კიდევ ხომ არ არის ცნობილი მსგავსი მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები? - ახალი არაფერია, საბედნიეროდ, გარდა იმისა, რომ ლაპარაკობენ ბრიტანულ მუტაციებზე, რომლებიც, როგორც ამბობენ, უფრო ადვილად გადამდები შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ გამოიწვევს ვირულენტობის ზრდას, ანუ უფრო აგრესიული არ გახდება. თუ ახლა ერთი დაავადებული ორ ან სამ ადამიანს აავადებს, შეიძლება დააავადოს მეტი, ანუ ვირუსი უფრო ადვილად გადაგვედოს.
- რეინფიცირებაზეც მითხარით... - ეგ ჯერ არავინ იცის. მეორედ ინფიცირების შემთხვევები აღწერილია, მაგრამ ჯერჯერობით მეცნიერულად მხოლოდ ის არის დამტკიცებული, რომ იმუნიტეტი ორგანიზმში 8 თვე რჩება.
- საქართველოში გვაქვს რეინფიცირების შემთხვევები? - ვსწავლობთ რამდენიმე საეჭვო შემთხვევას. მსოფლიოშიც სულ რამდენიმე ასეთი შემთხვევაა დადასტურებული.
- არსებობს რაიმე კანონზომიერება? მაგალითად, ხელმეორედ ინფიცირებულებს უფრო ადვილად ან უფრო რთულად გადააქვთ ავადმყოფობა... - მსოფლიო ლიტერატურაში სხვადასხვანაირი შემთხვევებია აღწერილი, მათ შორის გაცილებით მძიმე მიმდინარეობაც და უფრო მსუბუქიც. თუმცა, როგორც გითხარით, რეინფიცირების შემთხვევა ჯერ ძალიან ცოტაა.
- მხოლოდ ეპიდემიოლოგის თვალით რომ უყურებდეთ პრობლემას და სხვა მიმართულებით არ ითვალისწინებდეთ ბევრ რამეს, რა შეზღუდვებს დააწესებდით? - იცით, რა ადვილია ამის გაკეთება?! მაგრამ ამ ქვეყანაში ჩემ გარდა ხომ ცხოვრობენ ადამიანები! თქვენ ყოველდღე რომ მუშაობთ, ხელფასი ხომ გაქვთ? მეც მაქვს, მაგრამ რა ქნას იმან, ვინც ყოველდღე 3 და 5 ლარის საშოვნელად გამოდის გარეთ? თორემ ყველაზე ადვილია, სახლში დასვა ყველა, არ გამოუშვა გარეთ და გადაცემის ჯაჭვიც გაწყდება. ასე გააკეთა ჩინეთმა და ინფექციის გავრცელება შეაჩერა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა აიტანს ამას? ამიტომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, სადაც ჩვენ გარდა არიან ფინანსისტები, ეკონომისტები და ყველაფრის გათვალისწინებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
- ხელფასი, შემოსავალი ვახსენეთ და გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე თქვენი ბინის შესახებ ალაპარაკდნენ. რატომ ააგორეს ეს თემა? - ამის შესახებ ჩემს პოსტში დავწერე ყველაფერი...
P.S. პაატა იმნაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: "ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC-ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა, ანუ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით, დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს. სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი სპეციალურად იყო დამახინჯებული. საჩუქარი თავის დას და, შესაბამისად, მეც გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა ჩემი ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან მერამდენედ გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის. როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემ მიერ ჯერ 1992 წელს განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წელს NCDC-ის ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ"."