"როგორც ოტია ამბობს, დამინახა და მიხვდა, რომ მე ვიყავი მისი ადამიანი, ხელი იმაზე მალე მთხოვა, ვიდრე ხდება ხოლმე" - კვირის პალიტრა

"როგორც ოტია ამბობს, დამინახა და მიხვდა, რომ მე ვიყავი მისი ადამიანი, ხელი იმაზე მალე მთხოვა, ვიდრე ხდება ხოლმე"

"რთულია გააგრძელო იმ კაცის გზა, რომელიც სრულიად საქართველომ შეიყვარა"

მწერალ ოტია იოსელიანის გვარის გამგრძელებლის, შვილიშვილის - ოტია იოსელიანისა და მისი მეუღლის, ნუცა ცისკარიშვილის სიყვარულის ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ნუცამ ერთი დანახვით შეძლო მისი გულის მოგება. თავად ოტიას თუ ჰკითხავთ, როგორ მოხიბლა ნუცამ, გეტყვით, - ღიმილით, თვალებითა და კიდევ იმით, რომ განსხვავებული იყოო. წყვილმა ოჯახის შექმნა მალევე გადაწყვიტა.

- რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ბაბუის მოსახელე და გააგრძელო დიდი ოტიას გზა?

- ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ მარტივია და თქვას, რა ენაღვლება, ოტიას შვილიშვილიაო, მაგრამ ასე არ არის. რთულია გააგრძელო იმ კაცის გზა, რომელიც სრულიად საქართველომ შეიყვარა.

- როგორი ბაბუა იყო? - ძალიან მკაცრი გახლდათ. ჩვენ არ გვქონია სტანდარტული, ქართული ბაბუა-შვილიშვილობა. ის ყოველთვის დაკავებული იყო თავისი საქმით და ჩვენთვის დრო არ რჩებოდა. მაშინ გული მწყდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, ჩემთვის რომ დიდი დრო დაეთმო, მთავარი საქმის კეთებას ვეღარ შეძლებდა. მე ვიყავი მისი სახელისა და გვარის გამგრძელებელი და ალბათ ხვდებით, როგორ ვუყვარდი. უყვარდა სხვა შვილიშვილებიც, მაგრამ მას ჩვენ შორისაც, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრებს შორის, ზღვარი ჰქონდა დაწესებული, ეს ზღვარი არ ჰქონდა მხოლოდ მკითხველთან. ერთი სიტყვით, ძალიან მკაცრი იყო, სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა უჭირდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, როგორ ზრუნავდა ჩემზე. სამხატვრო სკოლაში მიდიოდა და თურმე პედაგოგებს ეკითხებოდა, ამ ბიჭისგან დადგება რამეო? ამას მე არასოდეს მაგრძნობინებდა.

- თუ გისარგებლიათ იმით, რომ მისი შვილიშვილი იყავით და ამან თუ გაგიმარტივათ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი? - ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, უნივერსიტეტში ლექტორი ნიშანს არ მიწერდა, მითხარი, ხარ თუ არა ოტია იოსელიანის შვილიშვილიო? და მაშინ ვთქვი, რომ კი, ოტიას შვილიშვილი ვარ-მეთქი. სხვა დროს ამას ვმალავდი. არ მინდოდა, ამით მესარგებლა ან სხვას ჩაეთვალა ასე...

- რატომ დაიწყეთ მეღვინეობა? - მე კი არ დამიწყია მეღვინეობა, უბრალოდ, ჩემი წინაპრების გზა გავაგრძელე. ყველა ქართველი მეღვინეა, მთავარია, ამ ნიჭს გამოიყენებს თუ არა.

- ულამაზესი მეუღლე გყავთ, ნუცა, რომელიც საზოგადოებამ, როგორც ბლოგერი, ისე გაიცნო და შეიყვარა. ხშირად მის ღიმილს მზესაც ადარებენ. ნუცას ათასობით "გამომწერი" ჰყავს, ყველა დადებითად არის განწყობილი მის მიმართ. სად იპოვეთ ეს საოცარი გოგო? - თვითონ მიპოვა (იცინის). ნუცა მუზეუმში მოვიდა სტუმრად და ალბათ, ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული.

ნუცა:

- ჩემთვის ასე არ იყო, თუმცა, როგორც ოტია ამბობს, დამინახა და მიხვდა, რომ მე ვიყავი მისი ადამიანი, იმ დღიდან დაიწყო ჩემი გულის მოგება.

- გაცნობიდან რამდენ ხანში გთხოვათ ხელი? - ხელი ძალიან მალე მთხოვა, იმაზე მალეც კი, ვიდრე ხდება ხოლმე, გაცნობიდან 2 თვეში. რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. მე აღმოსავლეთიდან ვარ, ოტია - დასავლეთიდან. ჩვენი ტრადიციები და კულტურა მაინც განსხვავებულია. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ იოსელიანები რთული ხალხი იყო და ეს კიდევ ცალკე გამოწვევა გახლდათ ჩემთვის. ოტიას არასოდეს მოუტყუებია და არ დაუხატავს ზღაპარი ლამაზ ფერებში, ის ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა. ამბობდა, რომ მარტივი არ იქნებოდა თანაცხოვრება, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოგვდის.

- თქვენ ცხოვრობთ მუზეუმში, სადაც ბევრი სტუმარი მოდის და ფაქტობრივად, თქვენი სახლის ნებისმიერ კუთხეში "შეუძლიათ" კარი შეაღონ და შევიდნენ. არ არის ეს რთული? - ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, რამდენჯერმე ცრემლები ძლივს შევიკავე. არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ სადღაც მათი შესვლა არ შეიძლება და იქ ჩვენი პირადი სივრცეა. ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენც ამ მუზეუმის ექსპონატებად გვთვლიან და ჩვენს გაფრთხილებას, რომ იქ არ შევიდნენ, ძალა აქვს დაკარგული. არ გვიჯერებენ.

- გამორჩეულად კარგი ურთიერთობა გაქვთ დედამთილთან და მამამთილთან, ხშირად დაჩი თქვენს ვიდეოებშიც ჩანს...

- ასეა, ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რაც მსიამოვნებს. მართალია, მამამთილი რთული ხასიათისაა, მაგრამ ამ სირთულის უკან ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იმალება, საინტერესო მოსაუბრე და განათლებული. ჩემს ვიდეოებშიც საუბრობს სხვადასხვა საკითხზე, დედამთილმა კი, როგორც ქალიშვილი, ისე მიმიღო.

- ოტია როგორი ქმარია? - კარგი ქმარია, ყურადღებიანი და მეოჯახე. ხანდახან ვკამათობთ, მაგრამ ეს ჩვენს სიყვარულს ხელს არ უშლის. ხშირად ჩემს წყენას ბავშვურ ქცევად აღიქვამს და კამათში არ მყვება. ვთვლი, რომ ხასიათით იოსელიანებს ჰგავს, მაგრამ დედის გენეტიკამაც კვალი დატოვა და იმდენად რთული არ არის, რამდენადაც დანარჩენები (იღიმის). მის გვერდით თავს თავისუფლად ვგრძნობ.

- ოტია, ნუცა როგორი მეუღლეა? - ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია, თუმცა ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით კარგი მეუღლეა.

- ნუცა, რატომ დაიწყეთ ვიდეოების გადაღება? - პირველი ვიდეო გადავიღე მაშინ, როდესაც დამჭირდა რჩევები, როგორ გამერჩია ბროწეული. ამას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტე, გამეგრძელებინა ეს საქმე. ხალხისგან სითბო და სიყვარული სტიმულს მაძლევს. ვიღებ იმას, რაც ნამდვილად ხდება ჩვენს ოჯახში.

- ყოველთვის იღიმით, სულ ასეთი მხიარული ხართ თუ ეს მხოლოდ ეკრანზე ხდება? - ასეთი ვარ, ყოველთვის ვცდილობ ცუდშიც კარგი მხარე გამოვძებნო, თუმცა როგორ შეიძლება სულ ბედნიერი და მხიარული იყო მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია?! ეს არც ერთ ადამიანს არ მისცემს საშუალებას, ბოლომდე ბედნიერი იყოს.

- თქვენი თავსაბურავი და მოკრძალებული ჩაცმის სტილი რას უკავშირდება? - ასე გადავწყვიტე 2015 წლიდან და მას შემდეგ სახლიდან არ გამოვდივარ მანდილის გარეშე. ვფიქრობ, საქართველოს ხსნა უფლის რწმენასა და ქართული ტრადიციების შენარჩუნებაშია. ეს მცირე გამოხატულებაა ჩემი პოზიციისა და შინაგანი სამყაროსი.

- ოტია, თქვენ გაქვთ მეორე პროფესია - არქიტექტორი ხართ... - არქიტექტურა პირველი პროფესიაა. მეღვინეობა და არქიტექტურა შევუთავსე ერთმანეთს და მარნების არქიტექტურას ვაკეთებ, ეს სიამოვნებას მანიჭებს.

- როგორ იმოქმედა თქვენს ოჯახზე ეპიდემიამ? ნუცა:

- მატერიალურად ცუდად, ისევე როგორც სხვებზე, მაგრამ თუ გამოვრიცხავთ ფინანსურ მდგომარეობას, კარგად - ოჯახის წევრებმა ერთმანეთი უკეთესად გავიცანით. მე და ოტიამ გავაკეთეთ პატარა ბოსტანი, ვისწავლეთ ჩითილების გამოყვანა. ბევრი რამ შევცვალეთ სახლსა და მარანში. მეტი დრო გვაქვს ერთმანეთისთვისაც და ოჯახისთვისაც. ასე რომ, კარანტინს კარგის მოტანაც შესძლებია.

- თქვენი უახლოესი გეგმები რა არის? ოტია:

- მინდა ლუდის წარმოება გავაფართოო, ასევე გვინდა გავაკეთოთ ახალი იმერული ღია მარანი ეზოში. ოტიას ეზოს უმეტესი გეგმა მუზეუმს უკავშირდება. იმერული ოდა ჩავდგით უკანა ეზოში, სადაც სტუმრები გვინდა მივიღოთ, მაგრამ ვირუსის გამო მშენებლობა შევაჩერეთ. იმედი გვაქვს, ყველას მალე მოგვეცემა საშუალება, დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს.

ფიქრია რობაქიძე ჟურნალი "გზა"