"მითხრა, მე ის ვარ, თქვენ რომ გადაარჩინეთო" - რას ჰყვება ლევან რატიანი შვილებზე, ვაქცინასა და "დამუღამებულ" მეთოდებზე
"ჩემი შვილები მამასთან ყოფნით არც აქამდე ყოფილან განებივრებული. კარგად იციან, განსაკუთრებით უფროსმა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ჩემი მეუღლე უხსნის მათ, რომ მამა იქ არის, სადაც უნდა იყოს..."
"ჩემი პროფესია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლაა. ჩემს ცხოვრებაში პირველი და უზენაესი სიცოცხლეა და მერე სხვა დანარჩენი. სამწუხაროდ, ადამიანებმა არ ვიცით სიცოცხლის ფასი, ჩემთვის კი ის უპირველესი გახდა მას შემდეგ, რაც ექიმობა დავიწყე. სხვა არაფერი მაინტერესებდა, სიცოცხლე უნდა გადამერჩინა", - მეუბნება რეანიმატოლოგი და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. ამბობს, რომ ღამითაც ესიზმრება პაციენტები, რომელთა გადარჩენაზეც მათ საწოლთან ოჯახის წევრებივით ლოცულობს. "კორონავირუსმა ჩემი ცხოვრებაც შეცვალა... ექიმობა ჩემთვის ყველაფერია. ექიმისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სიკვდილზე გამარჯვებაა. ამ დროს ჩემთვის მთელი დედამიწა ნათდება", - ამბობს გულწრფელად და იმედს გვაძლევს, რომ მალე ეს კოშმარი დასრულდება.
- ბატონო ლევან, ძლივს მოგიხელთეთ, თქვენი სამუშაო დღე როდემდე გრძელდება?
- რაც პირველი კოვიდპაციენტი მივიღე, მას შემდეგ დღედაღამ სამსახურში ვარ. აქამდე ისედაც არ მქონდა სამუშაო გრაფიკი, ამ პანდემიის დროს კი თითქმის 24 საათი პაციენტებთან ვარ, შინ თუ მივდივარ, ტელეფონი წამითაც არ ჩერდება.
- თქვენს დანახვაზე მუდმივად თქვენი სიტყვები ჩამესმის: "ქართველი ხალხი უნდა გადარჩეს!"... - აუცილებლად გადარჩება, ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ერთმანეთის სიყვარული და დახმარება გადაგვარჩენს. სულ ამას ვამბობ, განსაკუთრებით, ბოლო დროს, ერთმანეთს თუ მოვუვლით და ერთმანეთის ლხინსა და ჭირს გავიზიარებთ, ამ სენს დავამარცხებთ!
- მით უმეტეს, როცა თქვენისთანა ექიმები გვყავს... "დაამუღამეთ" კოვიდთან ბრძოლის მეთოდები? თქვით, თანდათან "ვამუღამებთო"... - ცოდვა გამხელილი ჯობია, თავიდან შეშინებული ვიყავით. რაც უნდა მოსმენილი და წაკითხული გვქონდეს, ექიმობა არის პროფესია, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად, გამოცდილება გაძლევს საშუალებას, მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გყავდეს. ბოლო პერიოდმა ჩვენც მოგვცა გამოცდილება, როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს. სამწუხაროდ, ის ბოლომდე არ არის შეცნობილი, არა მარტო ჩვენთვის, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისთვისაც ბევრი კითხვის ნიშანია. ჯერ არ არსებობს სამკურნალო საშუალებები. მართალია, გამოჩნდა ვაქცინა, მაგრამ დრო სჭირდება იმის დადგენას, ეფექტიანია თუ არა. იმედია, მალე გამოჩნდება ამ სენის რომელიმე საწამლო საშუალება...
- "დამარცხება ძალიან ცუდი მომენტია. იმ დროს, როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლა, მეც მიჩერდება გული", - ეს თქვენი ფრაზაა. ბევრჯერ გქონიათ გულის გაჩერების მომენტი? - ჩემთვის სიცოცხლე უპირველესი გახდა მას შემდეგ, რაც ექიმობა დავიწყე. სხვა არაფერი მაინტერესებდა, სიცოცხლე უნდა გადამერჩინა. კაცობრიობის ნიშანია დაბადება, გაზრდა და სიკვდილი. სამწუხაროდ, ხანდახან აუცდენელია სიკვდილი და ექიმისთვის ეს ძალიან ძნელია, როცა აკეთებ ყველაფერს და საბოლოოდ მარცხდები, დგება მომენტი, როცა ასისტოლა ფიქსირდება. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც სიკვდილზე ვიმარჯვებ. როცა ადამიანს აპარატიდან მოხსნი და ის ოჯახს უბრუნდება, შენთვის ანათებს მთელი დედამიწა. შატილის ტრაგედიის მაგალითზე ვიტყვი - როცა ჩვენთან სამი ურთულესი პაციენტი იყო და სამივე უმძიმესი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით, მართლა ბევრი ვიბრძოლეთ... დღეს სამივე ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას, რაც დიდი ბედნიერებაა ექიმისთვის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგე ვარ და სტუდენტებს და რეზიდენტებს სულ ვეუბნები - როცა ამ პროფესიას ირჩევ, შენს პირადს ივიწყებ და გადადიხარ სხვის ცხოვრებაზე ერთადერთი მიზნით, რომ ეს სიცოცხლე უნდა გადაარჩინო, სხვა გზა არა გაქვს. ყველაფერი უნდა გააკეთო ამისთვის, თუ არადა, სხვა პროფესია უნდა აირჩიო.
- მართლა ყველა პაციენტი გესიზმრებათ ყოველ ღამეს? - არასდროს გავიწყდება მძიმე პაციენტი. სულ ვლოცულობ მათთვის. მერე უმეტესობა თითქმის შენი ოჯახის წევრი ხდება.
- ალბათ, გიჭირთ ემოციების კლინიკის კართან დატოვება, როცა ოჯახში ბრუნდებით. - ამ ათი თვის განმავლობაში სულ რამდენიმე საათით მყავს ოჯახი ნანახი. ჩემი მეუღლე მცხეთის რაიონის სოფელ ძალისიდანაა და ბოლო 10 თვეა, იქ არიან ყველანი - მეუღლე და სამივე შვილი. ისე მენატრება მათი ჩახუტება, მაგრამ ვერ ვეხუტები, მაინც რისკის ჯგუფი ვარ. თუმცა მაინც ვახერხებ ჩასვლას, ვიტესტები და ისე მივდივარ. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლეც ექიმია, პედიატრი, ესმის ჩემი და ყველანაირად გვერდში მიდგას.
- ვიცით, თქვენით მიაღწიეთ ყველაფერს. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა? - არავინ მყოლია ხელის წამკვრელი. ორი წლის განმავლობაში ვაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში. დღეს უკან მოხედვის არ მეშინია, თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, სულ ჩემი შრომით მაქვს მიღწეული, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შეიძლება მეტი განათლება მიმეღო.
ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება კარგი ექიმი დავმდგარიყავი, პაციენტისთვის გამეკეთებინა ის, რაც სჭირდებოდა. ერთი რამ მაქვს ყველაზე კარგი ცხოვრებაში - მიზანი, რომელსაც განათლება ჰქვია, და ვფიქრობ, ეს ცხოვრების საწინდარია. ცხოვრება გადაგივლის, თუ არა ხარ სულიერად მტკიცე და არ გიყვარს ღმერთი.
- შვილები როგორ იტანენ მამისგან დისტანციას? - ჩემი შვილები მამასთან ყოფნით არც აქამდე ყოფილან განებივრებული, ამას მიჩვეული არიან. კარგად იციან, განსაკუთრებით უფროსმა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ჩემი მეუღლე უხსნის მათ, რომ მამა იქ არის, სადაც უნდა იყოს. ჩემი მეუღლე, გვანცა, "ნიუ ჰოსპიტალში" მუშაობს, მაგრამ რაც მესამე შვილი გვეყოლა, სახლშია და შვილებს უვლის.
- დედათქვენის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდა, ლევანის წარმატება სამედიცინო უნივერსიტეტში მის დეკანს თემურ პეტრიაშვილს უკავშირდებაო. თუ არ მეშლება, ის პატრიარქის ყოფილი ექიმის ძმაა. - მან ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. იცით, მაშინ როგორი ძნელი იყო სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრა? ხობიდან ჩამოვედი, ჩემს მშობლებს ნამდვილად არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ფასიან სექტორზე მესწავლა, მე კი ფასიან სექტორზე მოვხვდი. საბედნიეროდ, მაშინ ჩვენი დეკანის მოადგილე ბატონი თემური იყო. არც ერთი ოთხიანი არ მიმიღია. როცა გამოცდებს ვაბარებდი, მითხრა, ლევან, გაიტანე საბუთებიო. ვიცოდი, ჩემი მშობლები მეორე წელს 850 დოლარს ვერ გადაიხდიდნენ და გარეთ დავრჩებოდი. გამოვიტანე საბუთები, უფასო სექტორზე შევიტანე და ჩავირიცხე. დღეს მე ექიმი ვერ ვიქნებოდი, ბატონი თემური რომ არ ყოფილიყო. მას ამისთვის მთელი ცხოვრება მადლობას ვუხდიდი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ბოლო წელიწადს ის ჩემი პაციენტი იყო რეანიმაციაში და მას მერე 3 წელი იცოცხლა.
- თქვენი პირველი სამუშაო დღე და პირველი პაციენტი თუ გახსოვთ? - როგორ არა... პირველი სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფო იყო, პირველი პაციენტი კი დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარი და, ფაქტობრივად, ჩემი პირველი შვილია. დღეს ის ადამიანი საღ-სალამათია, უმისოდ არც მე ვიწყებ დილას და არც ის ასრულებს საღამოს უჩემოდ, საუკეთესო მეგობრები გავხდით. ჩემი პროფესია ემოციური მომენტების გარეშე წარმოუდგენელია.
სექტემბერში ბათუმში წასვლამ მომიწია. ერთხელ ვიღაც მეძახის, ლევან ექიმოო! ვერ ვიცანი. მითხრა, მე ის ვარ, თქვენ რომ გადაარჩინეთო. ეს ახალგაზრდა ავტოავარიის შემდეგ მოხვდა ჩვენს კლინიკაში. იმ დროს ალადაშვილის კლინიკაში ვმუშაობდი. სამწუხაროდ, ფეხი დაკარგა. იმ დღეს ჩემთან თავისი ფეხით რომ მოვიდა, გავოგნდი, ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. მახსოვს, როცა კლინიკაში შემოიყვანეს, არც წნევა იზომებოდა და არც პულსი. დედ-მამის მოთხოვნა იყო, თითქოს ჩემთან რომ მოხვდებოდა, აუცილებლად გადარჩებოდა და მართლაც გადარჩა. ეს იყო მომენტი, როცა მივხვდი, რომ ექიმობა ყველაფერია.
- რისი ბრალია, რომ ყველაზე წარმატებული ქვეყანა კორონასთან ბრძოლის საქმეში ასეთ ცუდ დღეში აღმოვჩნდით, რა შეცდომა დაუშვა სისტემამ, საზოგადოებამ? - ვფიქრობ, ჯანდაცვის სექტორმა ამას თავი გაართვა. ბოლო პერიოდში შემცირების ტენდენცია წავიდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ. მგონი, იზოლაციაც და ცოტა შიმშილიც ღირს იმისთვის, რომ კვლავ შევხვდეთ გაზაფხულზე ერთმანეთს. ვინც არის ჩემზე ზემდგომი, მან უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ერი გადარჩეს.
- რამდენი კოვიდინფიცირებულია ამჟამად თქვენს კლინიკაში? - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 145 ინფიცირებულია, მათგან 24 კრიტიკულია, 38 - ინტენსიურ თერაპიაში, დანარჩენი თერაპიულში წევს და, ფაქტობრივად, 145-დან ყველა მძიმეა.
- რა გასწავლათ და რაზე დაგაფიქრათ კორონამ? - მასწავლა ერთი რამ - თუ გინდა გააგრძელო ცხოვრება, არასდროს არსებობს "მე" და მეორე - ყველას აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
- ამ შობა-ახალი წელს რას უსურვებთ ქართველ ხალხს და თქვენს პოტენციურ პაციენტებს? - ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებას. მე კი ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყოს ეპიდემია ჩვენს ქვეყანაში.
- თუ იცით, სად შეხვდებით ახალ წელს? - ალბათ, სამსახურში...