"მეუღლეს მოსწონს, რასაც ვაკეთებ და მგულშემატკივრობს"
"ახალ წელს მთელ სამ დღეს შვილებთან ვატარებ, შინიდან გაუსვლელად. უდიდესი სიამოვნებაა მათთან ურთიერთობა. ამაზე კარგი არაფერია სამყაროში"
შარშან წინასაახალწლო მზადებისას წინსაფარი მოიხსნა და საპროტესტო აქციაზე გაიქცა: "შარშან ამ დროს ჩემს ქმარს გოზინაყის პროპორციებზე რომ ვესაუბრებოდი, მთავრობამ ითავხედა და მაჩალიკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ალბათ, იფიქრა, ვისღა სცალია პროტესტისთვისო. არ არსებობს წამი, როცა უსამართლობას "გავატარებთ"... კამპანია "ქალს რა უნდა ნაგვის მანქანაზე" ოროსნებად გამომიცხადებია... ყველგან ვიქნები, სადაც ითავხედებთ". შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები - ელენე ხოშტარია ნაგვის მანქანაზე... წელს წინასაახალწლო სამზადისი ადრიანად მოითავა და ხატია დეკანოიძესთან ერთად გლდანის ციხესთან გამართა პატარა აქცია პოლიტპატიმრების გასამხნევებლად, თან შვილის, ნატალიკოს დაწერილი პლაკატი წაიღო. ამბობს, რომ "საუკეთესო პლაკატი იყო პლაკატთა შორის". მისი პოლიტიკური და სოციალური აქტიურობიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრს გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ კარგი დიასახლისია - საახალწლო სუფრაზეც იზრუნა, საჩუქრებიც იყო, ფეიერვერკებიც და პატარა ზეიმიც, მაგრამ არ იყო ძველებური განწყობა...
- ძველებური განწყობა არა მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანს ვერ ვხვდები, ზოგს "კორონას" გამო, ზოგსაც იმიტომ, რომ პოლიტპატიმრები არიან. თუმცა ზეიმი მაინც გვაქვს, აბა, სხვაგვარად როგორ იქნება, როცა ოჯახში ამდენი ბავშვი გვყავს.
- შარშან არ დაგცალდათ გოზინაყის გაკეთება, წელს თუ მოახერხეთ?
- ვინ გითხრათ, რომ არ დამცალდა? მეორე დღეს მაინც გავაკეთე. ამ საოჯახო ტრადიციის ჩაშლის უფლებას არავის და არაფერს მივცემ.
- გოზინაყს ყოველთვის თქვენ აკეთებთ?
- დიახ, ბავშვობიდანვე.
- გამორჩეული ახალი წელი თუ გახსენდებათ?
- ახალი წელი განსაკურებულ დღესასწაულად მეჩვენებოდა მაშინ, როცა პატარა ვიყავი და მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა მართლა მოდიოდა ჩემთან. ახლაც განსაკუთრებულად მიმაჩნია, მხოლოდ მოტივია განსხვავებული, მთელი სამ დღეს შვილებთან ვატარებ, შინიდან გაუსვლელად.
- საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ასე აქტიურად ჩართული ქალისთვის ოთხი შვილის დედობა რთული არ არის?
- არა, არც რთულია და არც გმირობის ტოლფასი. უდიდესი სიამოვნებაა შვილებთან ურთიერთობა, გართობა, თუნდაც თამაში. ამაზე კარგი არაფერია სამყაროში.
- თქვენი მეუღლე საპროტესტო აქციებზე არასდროს მინახავს თქვენ გვერდით. - ასეა, ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი, მაშინ დარჩა დილამდე ჩემთან ერთად. მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა მოსწონს, რასაც ვაკეთებ და მგულშემატკივრობს.
- თქვენთვის გასული წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა რა იყო? - "კოვიდი", რომელმაც პოლიტიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, არჩევნების გაყალბება და პოლიტპატიმრების თემა. ყველაზე მძიმე ჩემთვის ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავება იყო.
- დამოუკიდებლად ბრძოლა რატომ გადაწყვიტეთ, "ევროპული საქართველოს" დატოვების მიზეზი რა გახდა? - რაღაც ახლის გაკეთება მსურს, ახალი ფორმის პარტიის, ახალი ადამიანების მოყვანის. ეს იყო მთავარი მოტივი. "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან კონფლიქტი არ მქონია, ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დროც ერთად შევარჩიეთ.
- არ ეცადნენ, რომ პარტიიდან წასვლა გადაგეფიქრებინათ? - საკმაოდ ბევრს ეცადნენ. წელიწადნახევარი ვმსჯელობდით ამ საკითხზე. მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე გადავწყვიტე და მიხარია, რომ მეგობრულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
- ესე იგი, როცა პარტიულ სიაში მესამე ნომრად გსვამდნენ, უკვე იცოდნენ, რომ პარტიის დატოვებას აპირებდით? - დიახ. ამის გამო მე მქონდა უხერხულობა, მაგრამ როგორც მითხრეს, თუ მაჟორიტარი ხარ, აუცილებელია პარტიულ სიაშიც იყო. თუმცა ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ თუ მაჟორიტარად არ გავიდოდი, პარლამენტში არც პარტიული სიით შევიდოდი. ასე რომ, ოპოზიცია პარლამენტში რომც შესულიყო, მე მათ შორის არ ვიქნებოდი.
- სხვა პოლიტიკური პარტიებიდანაც ხომ არ უნდა ველოდოთ ლიდერების გასვლას? - მე არ ვაპირებ სხვა პოლიტიკური პარტიებიდან ხალხის გადმობირებას. თუ ვინმე რამეს აპირებს, ამის შესახებ არც ინფორმაცია მაქვს და არც კავშირი ამ საქმესთან.
- თქვენი პარტია იდეოლოგიურად განსხვავებული იქნება "ევროპული საქართველოსგან"? - "ევროპული საქართველოსგან" დიდად განსხვავებული იდეოლოგია რომ მქონოდა, ამდენ ხანს ვერც გავჩერდებოდი ამ პარტიაში. ჩემს თავს ცენტრისტად უფრო მოვიაზრებ, ვიდრე მემარჯვენე ცენტრისტად. ძალიან დიდ პატივს ვცემ ზურაბ ჯაფარიძეს, როგორც პოლიტიკოსმა ბევრი საინტერესო რამ გააკეთა და რაღაც-რაღაცები ჩემთვის სამაგალითოა, თუნდაც პარტიის დაფინანსების პრინციპი. იმას ვგულისხმობ, რომ პარტიის მხარდამჭერებს პარტიის დაფინანსებაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. 2 ლარი იქნება, 5 თუ 10, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მათ დაფინანსებას შესაბამისი გავლენა ექნება პარტიის გადაწყვეტილებებზე.
ვფიქრობ, ბიზნესსაც უნდა ჰქონდეს იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების საშუალება, რომლის პლატფორმა და ხედვაც მოსწონს, მაგრამ ამავე დროს მხარდამჭერებსაც უნდა ჰქონდეთ ამ საქმეში წვლილის შეტანის საშუალება. "გირჩმა" ეს უკვე გააკეთა და მეც ასე მაქვს დაგეგმილი.
- ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაში თქვენი როლი როგორი იქნება? - მოლაპარაკების მაგიდასთან არ ვიჯექი, მაგრამ ოპოზიციაში სხვადასხვა საკითხის განხილვაში აქტიურად ვიყავი ჩართული. ასევე ვაპირებ გაგრძელებას. ოპოზიციური ერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- პარლამენტში შესვლა-არშესვლის შესახებ თუ შეიცვლით აზრს? - არა, გამორიცხულია.
- მმართველი გუნდის წევრები ხშირად მიანიშნებენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოებაა, რაც ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის რადიკალიზმის შედეგია. - ეს "ქართული ოცნების" შეუსრულებელი ოცნებაა.
- მესამე, ალტერნატიული ძალის შექმნას ხომ არ ცდილობთ? - არა, რას ამბობთ. მე ვაპირებ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და ხალხის ნდობის მოპოვებას, რომ ძალიან ბევრი რამ შევცვალო უკეთესობისკენ.
- რას ელით 2021 წლისგან? - 2021 წელს "ქართული ოცნება" მიხვდება, რომ გახლეჩის, გადაბირების, შანტაჟისა და მოსყიდვის მცდელობით ოპოზიციურ ერთობასთან ვერაფერს მიაღწევს და რეალურ კომპრომისზე წამოვა. ძალიან მინდა მომავალი წელი კრიზისის განმუხტვის წელი იყოს, ჩემი ამოცანაც ის იქნება, რომ მაქსიმალურად შევუწყო ხელი კრიზისის დასრულებას.
ხათუნა ბახტურიძე