"ასეთი უბედურება არ მინახავს... ახლა მაინც მივხვდეთ, რომ ყველა ერთმანეთზე ვართ გადაჯაჭვული"
"ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. არსად გამოვდივარ. 2 იანვარს კი ტრადიციულად, ვიკრიბებოდით ჩემთან, მაგრამ წელს არ მოხერხდა პანდემიის გამო"
სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ძალიან დაბალია გემოვნება. უწინ ყველაფერს ყურადღება ექცეოდა, როგორ დგახარ, ზიხარ, რას ამბობ. ახლა ან როგორ სხედან, ან როგორ აცვიათ!
"არსებობენ კარგი მომღერლები, ძალიან კარგი მომღერლები და ნანი ბრეგვაძე"- ძნელია, ამ სიტყვების ავტორს არ დაეთანხმო. ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს. მიუხედავად თავისი ბრწყინვალებისა, ის ძალიან თბილი და უშუალო ადამიანია. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, თუმცა საუბარი ახალი წლით დაიწყო.
- როგორ შეიძლება წელს ისეთი განწყობა მქონდეს, როგორიც შარშან მქონდა?! თუმცა თავს მაინც ძალას ვატან. რაც უნდა ხდებოდეს, მომავლის იმედი არ უნდა დავკარგოთ. ეს დრო წავა და მოვა სხვა, უკეთესი. ნაძვის ხე ნატალიამ დაგვახვედრა, ამოუტანია სარდაფიდან. ესენი რთავდნენ, მე კი ბოლოს შევიტანე რამდენიმე შტრიხი. ვგიჟდები ნაძვის ხეზე. მიმაჩნია, რომ მისი მორთვის პროცესი ყველაზე სასიამოვნოა.
ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი. არსად გამოვდიოდი, უნდა ვყოფილიყავი შინ, ბავშვთან და მშობლებთან. 2 იანვარს, ტრადიციულად, ვიკრიბებოდით ჩემთან, მაგრამ წელს არ მოხერხდა პანდემიის გამო.
ეს კორონა რომ არ იყოს, კარგად ვიქნებოდით. ასეთი უბედურება არ მინახავს, რა დღეში ჩააგდო მსოფლიო! ახლა მაინც მივხვდეთ, რომ ყველა ერთმანეთზე ვართ გადაჯაჭვული, ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. საშინელი დრო მოვიდა. მსოფლიო დგას, ყველა გაჩერებული ვართ. თავისუფლება მომაკლდა კორონას გამო და ეს მაგიჟებს.
- პანდემიის პერიოდში ბევრი დრო მოგვეცა ფიქრისთვის, მოგონებებისთვის... - ჩემს თაობაზე ვფიქრობ ხოლმე. ცოტანი დავრჩით... სოფიკო ჭიაურელი, ალექსი მესხიშვილი, გიორგი შენგელაია, გიგა ფალავანდიშვილი, ციცინო ციციშვილი, ზურა ნიჟარაძე - გენიალური მხატვარი, თემიკო ჩირგაძე - მთელი ეპოქის პროფესორი, ნოდარ ცერცვაძე, ნინო ანანიაშვილის მამა ვახო, ჯანო კახიძე - ეს იყო ჩემი თაობა. ყველა კარგად აღზრდილი, კეთილშობილი. გვყავდა გასაგიჟებელი, არაჩვეულებრივი გარეგნობის თავადიშვილი ასტამურ აჩბა, ჩემი უახლოესი მეგობარი. ასტამურს ცოლად ჰყავდა დოდო დევდარიანი, სოფიკოს კლასელი და ჩვენი მეგობარი. გაგიჟებით უყვარდა. დღემდე ვერ ვინელებ მისი გარდაცვალების ამბავს.
- თქვენ და სოფიკო ჭიაურელი როდის დამეგობრდით? - მე და სოფიკო სკოლის პერიოდიდან ვიცნობდით ერთმანეთს. მახსოვს, როგორ გავიხარე, გიორგი შენგელაიამ რომ მითხრა, მე და სოფიკოს ერთმანეთი გვიყვარსო. გიორგი ჩემი მეუღლის ძალიან ახლო მეგობარი გახლდათ და ჩემი შვილი, ეკა, მისი ნათლულია. სოფიკო იყო ქალიც, კაციც, გიჟიც და არისტოკრატიც. შეიძლება ქალს ყველაფერი გამოსდიოდეს?... მამამისს, მიშა ჭიაურელს, ძალიან ვუყვარდი. მათთან რომ მივდიოდით, ყველა დროს ატარებდა, მე კი ოთახში ჩამკეტავდა და მამღერებდა. ახლა ამ მოგონებებს ძალიან ვაფასებ.
სოფიკოს გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ჩემთვის... ადამიანი რომ გარდაიცვლება, მის სამახსოვროდ რაღაცას იტოვებენ ახლობლები. ოჯახის წევრები არიგებენ მის ტანსაცმელს, ნივთებს... სოფიკოსგან ყველას რაღაც შეახვედრეს, მე კი არაფერი შემხვდა და გული მეტკინა... მეც ხომ მეჭირა რაღაც ადგილი მის ცხოვრებაში... წლების მერე, წყალდიდობა რომ მოხდა თბილისში, მირანდა მირიანაშვილმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა, მე და ნატალიაც გამოვედით. იქ გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ნაკეთობა, ხელოვნების ნიმუშები, ნივთები, რომ შემოსული თანხა გადარიცხულიყო წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად. ვხედავ ეკრანზე ნიკუშა შენგელაია გამოჩნდა. ხელში მძივები ეჭირა. ეს სოფიკოს აცმული მძივებიაო, თქვა, მსურველი შეიძენს, გადახდილ თანხას კი კეთილ საქმეს მოვახმართო. ერთმა შესანიშნავმა პიროვნებამ ეს მძივები იყიდა, მოვიდა და მე მაჩუქა. მერე ნიკუშას ვუთხარი, სოფიკოსგან არაფერი რომ არ მქონდა, ეტყობა, თვითონ გამომიგზავნა-მეთქი. ეს მძივი გამოსაჩენ ადგილას მიკიდია სახლში.
- ყველაზე დიდი კომპლიმენტი ვისგან მიგიღიათ? - დიდი მუსიკოსები სულ ჩემ გვერდით იყვნენ - როსტროპოვიჩი, ტემირკანოვი, ჯანო კახიძე... როცა ვმღერი, მსმენელის თვალებში ვკითხულობ, როგორ მოქმედებს ჩემი სიმღერა მასზე... ყველაზე მეტად უსიტყვო კომპლიმენტი დამამახსოვრდა. ლენინგრადში მქონდა კონცერტი. რომ დასრულდა, ყველა მოდიოდა, რაღაცას მეუბნებოდა, ერთი კაცი კი იდგა მოშორებით და მიყურებდა. მივუბრუნდი, მეგონა, რამეს მეტყოდა, მან კი თვალები დახუჭა და თავი გადააქნ-გადმოაქნია. ასე უსიტყვოდ გამოხატა ჩემ მიმართ თავისი დამოკიდებულება.
- ვინ იყო? - არ ვიცი... ცხოვრებაში ბევრი რამ შემშლია, მაგრამ გამომისწორებია. დაუშვებელია, სულ კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. ხალხი ისე გიღებს, როგორც თავს წარმოაჩენ. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ძალიან დაბალია გემოვნება. უწინ ყველაფერს ყურადღება ექცეოდა, როგორ დგახარ, ზიხარ, რას ამბობ. ახლა ან როგორ სხედან, ან როგორ აცვიათ! საზოგადოება უნდა დააფასო, ხალხი ხომ გიყურებს და შენგან რაღაცას სწავლობს...
- კინოში გადაღებაზე არასდროს გიფიქრიათ? - სულ ვიპრანჭებოდი, კინოსტუდიის წინ გავივლიდი ხოლმე და ვფიქრობდი, ეგება შემამჩნიონ და ამიყვანონ-მეთქი, მაგრამ მე ვინ შემამჩნევდა, რას ვგავდი!.. სოფიკოს ხომ მე ვახმოვანებდი ("ვერის უბნის მელოდიები", "დათა თუთაშხია"), ჰოდა, ერთხელაც თენგიზ აბულაძემ ფილმში "სამკაული ჩემი სატრფოსათვის" ეპიზოდური როლი შემომთავაზა. ისეთი გაკვირვებული ვიყავი!.. კარგად ვითამაშე და იცით, ვინ გამახმოვანა? სოფიკომ. ძალიან გადაჯაჭვული ვიყავით, თუმცა ერთმანეთს არ ვგავდით. მე წყნარი და თავშეკავებული ვიყავი, ის - გიჟი, მაგრამ შინაგანად რაღაც საერთო გვქონდა.
P.S. ახალ წელს ვულოცავ "პალიტრის" მკითხველებს. ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი. არავის ვაძლევ ინტერვიუს, მაგრამ თქვენ მაინც ამალაპარაკებთ ხოლმე. ახალი წელია და მინდა, არ დავკარგოთ ცხოვრების იმედი - ყველაფერი კარგად იქნება. პატივი ვცეთ ერთმანეთს და იმედი არ დავკარგოთ. მიყვარხართ. თქვენი ნანი.