კობა დავითაშვილის უკანასკნელი სურვილი და დღემდე გაუხმაურებელი ამბები მისი ცხოვრებიდან
მთელი შეგნებული ცხოვრება იქ იდგა, სადაც საკუთარ ქვეყანას სჭირდებოდა. იბრძოდა აფხაზეთში, როცა სამშობლოს ნაწილს გვართმევდნენ და რუსთაველის გამზირზე - უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად. 2007 წლის 7 ნოემბერი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ხელისუფლება, რომელსაც ის უპირისპირდებოდა, სასტიკად გაუსწორდა.
ხათუნა ბიწაძე კობა დავითაშვილის ცოლისდა გახლავთ. როგორც თავად ამბობს, კობა გაცილებით ადრე გაიცნო, ვიდრე მისი ოჯახის წევრი გახდებოდა.
- კობა ძალიან პრინციპული, უკომპრომისო, განათლებული, თბილი და პატიოსანი ადამიანი იყო. შეეძლო ერთი სიტყვით, ერთი გამოხედვით დიდი სითბო ეგრძნობინებინა, პატივისცემა გამოეხატა. არასდროს დრო არ ჰქონდა, მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოსთვის იყო გადაგებული. მასთან შინ რომ მივდიოდი, თუ მხვდებოდა, ხელში ყოველთვის წიგნი ეჭირა და კითხულობდა. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი თითქოს, წიგნებში თავშესაფარს პოულობდა.
- რას კითხულობდა? - პროფესიულ ლიტერატურას, პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიებს... ყოველთვის სქელტანიან წიგნებს კითხულობდა. კობა რომ გავიცანი, მაკვირვებდა, ასეთი განათლებული და ერუდირებული როგორ არის-მეთქი?!. მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრს კითხულობდა.
- რა ვითარებაში გაიცანით? - ყოფილი ჟურნალისტი ვარ. 90-იანი წლებში კობა დავითაშვილთან პირველი ინტერვიუ მე ჩავწერე. მაშინ ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იყო, ინტერვიუს თემა მიწის რეფორმა გახლდათ.
- როგორი რესპონდენტი იყო? - ყოველთვის იცოდა, რას შეეკითხებოდი და კითხვაზე პასუხი მზად ჰქონდა. ძალიან რთული რესპონდენტი იყო - ვერ ათქმევინებდი იმას, რაც გინდოდა. გულგაშლილი და ძალიან ჭკვიანი გახლდათ, შესაბამისად - საინტერესოც. მას შემდეგ, რაც ჩემი სიძე გახდა, მასთან ინტერვიუებს აღარ ვწერდი.
- თქვენი სიძე როგორ გახდა? - ინგა სტუდენტი იყო, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივიდა და კობაც მაშინ გაიცნო, მათი სიყვარულის ამბავი იქ დაიწყო. დის სიხარული და ბედნიერება ყველას უხარია, რა თქმა უნდა, მეც გახარებული ვიყავი.
- იოლად დამეგობრდით? - ძალიან იოლად. კობას და-ძმა არ ჰყავდა. ეს დანაკლისი თავისი შვილების სიმრავლით შეივსო. 5 ვაჟკაცის მამა იყო და სულ მათით ხარობდა. ჩვენს ოჯახში ყოველი ბავშვის დაბადება დიდი სიხარული იყო. როცა ყველანი შევიკრიბებოდით, როგორც ერთ ფილმშია, - "ეს სიდედრის დაა, ეს სიდედრის შვილია", - ჩვენს თავს სხვებს ასე აცნობდა.
- კარგი იუმორი ჰქონდა? - ძალიან. ყოველთვის გვახალისებდა. თბილი, გემრიელი და გულიანი ადამიანი იყო. რომ შევეკითხებოდი, "კობჩო, როგორ ხარ?" მოკლე პასუხი იცოდა, - "რამიშავს". არასდროს გეტყოდა, რამე თუ აწუხებდა. ბოლოს ხელები რომ "გაეთიშა" და ვნახე, პატარა ბავშვი რომ გაჭრილ თითს გაჩვენებს, ისე მაჩვენა ხელები, - ნახე, რა დღეში ვარო... ძალიან ნერვიულობდა. მასში დიდი ბავშვი სულ ცოცხლობდა, ძალიან სუფთა ადამიანი იყო. 2004 წელს, ცნობილი მოვლენების შემდეგ, აჭარაში, ბათუმში 3 თვეს მოუწია ყოფნამ, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი იყო. მე და კობას პირობა გვქონდა დადებული - ერთმანეთის საქმეებში არ ვერეოდით. სამსახურიდან 2 კვირით თბილისში და 2 კვირით ბათუმში ყოფნა მიწევდა. იმ 2 კვირის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, ერთად ვსადილობდით, ვვახშმობდით, ზღვაზეც გავდიოდით. იქ მეუბნებოდა, ახლა შენს დას ამბავს ეტყვიან, კობა ვიღაც ქალთან ერთად ზღვაზე ისვენებსო. ვეხუმრებოდი, გულსა და ზურგზე დავიწერ, რომ შენი ცოლისდა ვარ-მეთქი.
- მისი დაავადების შესახებ მიამბეთ. - მისი დაავადების შესახებ ბევრი რამ იცოდა. მკურნალობის, პრეპარატების შესახებ მუდმივად იძიებდა ლიტერატურას და კითხულობდა. შეიძლება თავის დაავადებაზე იმაზე მეტიც იცოდა, ვიდრე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა იციან.
2007 წლის კადრები რომ ნახოთ, იქ თავს ამოძრავებს, ანუ კისრის მოძრაობა შეზღუდული არ ჰქონდა, კისერზე პრობლემები 2010 წლიდან დაეწყო, გაუშეშდა, ვეღარ ამოძრავებდა. 2013 წლიდან ხერხემლისა და წელის ტკივილებიც დაეწყო. გერმანიაში გამოკვლევაზე იყო. მაშინ ეს დიაგნოზი ვერ დასვეს, რადგან ბოლომდე გამოხატული არ გახლდათ. 2017 წელს, როცა უკვე მეოთხე სტადია ჩამოუყალიბდა და დაავადება პროგრესირებდა, დიაგნოზი მაშინ დადგინდა.
- 2007 წლის 7 ნოემბრის გახსენება შეგიძლიათ? - ის ყველაზე ტრაგიკული დღე იყო ჩვენი ოჯახისთვის. ხანგრძლივი ძიების მიუხედავად, კობა ვერ ვიპოვეთ. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ნაცემი ადამიანები ქალაქგარეთ გაჰყავდათ და იქ ტოვებდნენ. თბილისის გარშემო, 15 კილომეტრის რადიუსში, სადმე გზა და საცალფეხო ბილიკი თუ გადის, ყველა შემოვლილი გვქონდა. გამთენიისას, როცა გავრცელდა ხმა, კობა დავითაშვილი გარდაიცვალაო, გავიგეთ, რომ გორის ჰოსპიტალში იყო.
- როგორ მდგომარეობაში იყო, როცა თქვენ ნახეთ? - ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემაზე არ მილაპარაკია, ახლა გეტყვით. როცა ის გორის ჰოსპიტალიდან თბილისში ჩამოვიყვანეთ, მოგეხსენებათ და ფოტოებშიც კარგად ჩანს, თავზე ჭრილობა ჰქონდა. გარკვეული სამედიცინო პროცედურა ჩაეტარებინათ მისთვის, ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი.
- ფიქრობთ, ასე შეგნებულად მოიქცნენ, დაზიანებულ ადგილზე მდგომარეობა რომ გართულებულიყო?
- დიახ და ეს ჩემთვის შოკი იყო. ვინც ეს გააკეთა, იმ ექიმის არც სახელი ვიცი, არც გვარი, მაგრამ გეკითხებით, მას ექიმი შეიძლება ეწოდოს?.. როგორ შეძლო ამის გაკეთება, მის სინდისზე იყოს, მან კობა სასიკვდილოდ შეგნებულად გაიმეტა. შინ მოსვლის შემდეგ, ეს მდგომარეობა რომ ვნახეთ, ნაცნობი ქირურგი მოვიყვანეთ. ჭრილობა სახლში ჩუმად ტალახისგან მან გაუწმინდა და დაუმუშავა. სულ ნაჟღენთი სისხლჩაქცევები ჰქონდა. გული მტკივა იმ ექიმზე: როგორ შეიძლება, პაციენტს, როგორი პოლიტიკური შეხედულებისაც უნდა იყოს, ასე მოექცე, განა როგორ უნდა დაგემუქრონ, ეს რომ გააკეთო?! ის არაფრით განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვინც კობა იქ მიიყვანა.
- ძლიერი ტკივილები რა პერიოდიდან დაეწყო? - 2017 წელს ხერხემალზე საშინელი ტკივილები დაეწყო. მეზობლებს ღამე არ ეძინათ, ბოლო ხმაზე ღრიალებდა. ვისაც ძვლის ტკივილი განუცდია, ის მიხვდება. კიდურებზე თითს ვერ დააკარებდი. შემდეგ თავად მოიძია პრეპარატი, რომლის გაკეთების მერე 2 თვე შეღავათი ჰქონდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ ინტერვალით იკეთებდა. მერე ფეხზე დგებოდა და ნაბიჯების გადადგმაც შეეძლო.
- საზღვარგარეთ რომ გამგზავრებულიყო, იქ მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი ჩაეტარებინა, შედეგი არ ექნებოდა? - აბა, მაგაზე რა უნდა გითხრათ?..
- ეს თემა არც განხილულა? - არა. პრეპარატი, რომელსაც კობა იღებდა, იმუნიტეტს აქვეითებს. აგვისტოში უფრო მძიმედ იყო. გვქონდა სურვილი, რეაბილიტაციის ცენტრში გერმანიაში გადაგვეყვანა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ.
- დაფინანსების გამო? - არა, ვერ მოვასწარით. მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა.
- ცალკე თემაა, როგორ მოექცა კობა დავითაშვილს წინა ხელისუფლება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, მის მიმართ სხვების გულგრილობაც არანაკლები დანაშაულია. ამაზე თავად რას ამბობდა? - შინ ამ თემაზე არ ლაპარაკობდა.
- იმ ადამიანებისგან, რომლებიც იმ საბედისწერო დღეს რუსთაველის გამზირზე მის გვერდით, ტრიბუნასთან იდგნენ, რაიმე თანადგომას თუ მაინც გრძნობდა? - ვერ გეტყვით. 2 ნოემბრის შემდეგ ტელეფონი გათიშა, რადგან ხელში ვეღარ იჭერდა. არ ვიცი, მანამდე ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ტელეფონი რომ ჩავრთეთ, ბოლოს დიმიტრი ხუნდაძესთან ჰქონდა ნალაპარაკები. როგორც ვიცი, ხერხემალზე ოპერაციის ჩატარებაზე ისაუბრეს. ურჩია, პანდემიის გამო ცოტა ხანი მოეცადა და მერე ერთობლივი გადაწყვეტილება მიეღოთ. არ დასცალდა.
- სოციალურ ქსელში ბევრი პოლიტიკოსი გამოთქვამს მწუხარებას და კობა დავითაშვილთან მეგობრობით თავს იწონებს... - გვიანია.
- თქვენთვის გამაღიზიანებელიცაა? - სამწუხაროდ, საქართველოშია ასე თუ ჩვევაა, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური ქულების დაწერას რომ იწყებენ. კობას არასდროს უზრუნია სიმდიდრის დაგროვებაზე, ამისთვის არანაირი თანამდებობა არ გამოუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ 5 შვილი ჰყავდა, შესაბამისად, საჭიროებაც მეტი ჰქონდა.
- ინგა მუშაობს? - 2008 წელს, როცა კობა პარლამენტის წევრი გახდა, ინგა ჯანდაცვის კომიტეტში მუშაობდა, მაგრამ - ინტერესთა კონფლიქტიაო, - და გამოუშვეს, უმუშევარი დარჩა, მერე აღარც უმუშავია.
- ბიჭები რას საქმიანობენ? - ლუკა თსუ-ის მაგისტრატურაში ჩაირიცხა, თორნიკე გერმანიაშია, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სამედიცინოზე გრანტით სწავლობს, მათეც მესამე კურსზეა, სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბართლომე 17 წლის არის და სკოლას წელს ამთავრებს. ანდრია 2008 წელს დაიბადა, 12 წლისაა. კობას მთავარი სიმდიდრე ეს ბავშვები არიან. 49 წლის ასაკში სიკვდილი ძალიან ნაადრევია, ბევრი რამ შეიძლებოდა გაეკეთებინა, ალბათ 100 კაცის სამყოფი სიცოცხლით იცხოვრა, ისეთი ბობოქარი იყო.
- ის სოხუმშიც იბრძოდა... - დიახ, სოხუმიდან ბოლოს გამოვიდა. მაქსიმალურად დაიხარჯა. მეამაყება, რომ ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი დისშვილების მამა იყო.
- სოფელში დაკრძალვა მისი სურვილი იყო? - სოფელში, სადაც მისი პაპები არიან დაკრძალულები, წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძარია. ეს ტაძარი კობამ საკუთარი ხარჯით აღადგინა, გადახურა. ამაზე არ ლაპარაკობდა, ამ საქმით თავს არ იწონებდა, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობდა. დღეს ტაძარი მოქმედია. ცუდად რომ იყო, ამბობდა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ იქ დამკრძალავენო. კვირას ტაძრის ეზოში დავკრძალეთ. ეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულეთ.
თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"