"2020 წელს მქონდა დიდი სიხარული... უკვე პატარას ველოდებით"
"მისი მოლოდინი მაბედნიერებს. გამოვტყდები, გულის სიღრმეში სურვილი მაქვს, გოგო დაიბადოს"
140 წლის წინ, ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულმა "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალზე, მსახიობ მარინა ჯანაშიას ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია გადასცა.
რა განცდაა, როდესაც შენთვის სათაყვანებელი მსახიობის სახელობის ჯილდოს იღებ? თეატრზე, პარტნიორებზე, როლებსა და გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე სასაუბროდ დავუკავშირდით მარინა ჯანაშიას - მსახიობს, რომელიც უკვე დიდი ხანია, მთავარი ჯილდოს მფლობელია, ჯილდოსი, რომელსაც მაყურებლის სიყვარული ჰქვია.
- ამ პრემიის მიღება ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. რომ გითხრათ, ჯილდოებით განებივრებული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება. როცა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიას იღებ, ეს უკვე სხვა მოვლენაა, ნამდვილად დიდი პატივია. ვწუხვარ, რომ ამ უდიდეს ტრაგიკოს მსახიობთან პარტნიორობამ არ მომიწია, მაგრამ რამდენიმე შეხვედრის ბედნიერება ნამდვილად მქონდა.
- ამ შეხვედრებიდან, ყველაზე მეტად, რით დაგამახსოვრდათ? - ქალბატონი ვერიკო, როგორც არტისტი, დიდი მოვლენა იყო, მაგრამ მისი ღირსება მხოლოდ ეს არ არის. ის ადამიანობით, თავმდაბლობით გამორჩეული იყო. გექცეოდა, როგორც ტოლს. მას სულ სხვა სხივი და ხიბლი ჰქონდა, რომლითაც მაყურებელს იპყრობდა. ვინც კი ვერიკოს გვერდით ხვდებოდა, ყველა ინუსხებოდა და მეც იგივე მჭირდა. მისი პიროვნების სიდიდემ, ინდივიდუალურობამ განაპირობა ის, რომ დღემდე, როგორც ტრაგიკოს მსახიობს, ვერავინ შესწვდა...
სცენა, მაყურებელი ძალიან მენატრება. რამდენიმე დღის წინ, ღამე ფიქრებში ორი სპექტაკლი "დავდგი". მეორე დღეს დამირეკეს და ამ პრემიის შესახებ შემატყობინეს. მეორე ღამეც გავათენე, საკუთარ თავთან დიალოგი მქონდა, ვფიქრობდი, როგორი იყო ქალბატონი ვერიკო ჩემთვის. იმედია, ეს პანდემია მალე დასრულდება, გული მიგრძნობს, ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება, ყველანი ჩვენს ჩვეულ გარემოს დავუბრუნდებით.
- აღნიშნეთ ჯილდოებით განებივრებული არ ვარო, არადა, თეატრსა და კინოში თქვენი როლებით, მაყურებლებს სულ გვანებივრებთ. გული არ გწყდებათ?
- არა, მაყურებლის ჩემდამი დამოკიდებულება სრულებით საკმარისია. ჩემი პროფესია ხალხისთვის არსებობს, მაყურებელს სიამოვნება უნდა მივანიჭოთ, რაღაცაზე დავაფიქროთ. როცა ამას აღწევ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს პროფესიას ამართლებ. მე მიყვარს მაყურებელი, ძალიან მიყვარს.
- თქვენი გულწრფელობა ყოველთვის საგრძნობია. მაყურებლის მხრიდან თქვენდამი სიყვარულის გამოხატვის ფორმებიდან, გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ? - როგორც ყველა ადამიანია ინდივიდუალური, ასევეა გამოხატვის ფორმებიც. სულ სხვადასხვანაირია, ყოველთვის როცა მეფერებიან, ქათინაურს მეუბნებიან ან მადლიერებას გამოხატავენ, იცით, როგორი შეგრძნება მაქვს? თითქოს ამ ყველაფერს პირველად ვისმენ, სულ მაჟრიალებს და ვცახცახებ. მეუბნებიან, - რა მოგივიდა, ეს პირველად მოხდაო? მე ასეთი შეგრძნება მაქვს. მეტიც, შეუძლებელი მგონია, ამას ადამიანი შეეჩვიოს და არ აღაფრთოვანოს. ასე მგონია, მათთვის ვარსებობ და როცა ისინი ამ დამოკიდებულებას ხედავენ, ამას ჩვეულებრივი მოვლენასავით როგორ უნდა შევხვდე? ჩემთვის ასე არასდროს იქნება.
- როდესაც ახალ როლზე მუშაობას იწყებთ, სხვადასხვა ეტაპს გადიხართ. თქვენთვის რომელი ეტაპია გამორჩეულად საინტერესო?
- ყველაზე საინტერესო სამაგიდო პერიოდია. ამ დროს ეცნობი გმირს, იმ ადამიანებს, ვისთანაც შენი პერსონაჟი ურთიერთობს. როგორი შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება დადიოდეს, ლაპარაკობდეს, იცინოდეს... უამრავი დეტალია, რაშიც ყველა მაყურებელი ღრმად არ არის ჩახედული. როლზე მუშაობის თითოეული ეტაპი თავისებურად საინტერესოა. ერთ მაგალითს გავიხსენებ: როდესაც "მოხუც ჯამბაზებზე" ვმუშაობდით, ჩემი გმირი სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ამ პერსონაჟმა, სანამ მას მაყურებელი ნახავდა, რამდენიმე სახე გამოიცვალა. ეს, რა თქმა უნდა, რეჟისორ გოჩა კაპანაძის დამსახურებაა, მან რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა: ხან ვინ იყო, ხან - ვინ, მერე სრულიად განსხვავებული პერსონაჟი გავაკეთეთ და იმ დღეს, როცა სახლიდან მიტანილი ჟაკეტი ჩავიცვი, ფეხსაცმელი მოვირგე და მედლები გავიკეთე, ამ ყველაფერმა მიკარნახა, როგორ მევლო სცენაზე, როგორ ტონალობაში მელაპარაკა, როლს ახალი შტრიხები კი არ შეემატა, ახალი გმირი დაიბადა, რომელიც გამოგიტყდებით და, ძალიან მიყვარს. მის მიმართ თანაგრძნობა მაქვს, მებრალება. გარეგნულად თითქოს უხეშია, მაგრამ შიგნიდან, ამ მედლების მიღმა, თურმე რამდენ ტკივილს ატარებს. ამ ადამიანს არ გაუმართლა.
- ინტერვიუს დასაწყისში დანანებით თქვით, ვერიკო ანჯაფარიძის პარტნიორი არ ვყოფილვარო. თუმცა, ძალიან გაგიმართლათ, წლების განმავლობაში, ქართული თეატრის ლეგენდებთან ერთად თამაშობდით.
- ამ მხრივ მართლაც, ბედისგან განებივრებული ვარ, ჩემს თავს ბედის ნებიერა შეიძლება ვუწოდო. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მიშა თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრში მიმიყვანა და ისეთი ბუმბერაზი მსახიობების გვერდით დამაყენა, როგორებიც სერგო ზაქარიაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე იყვნენ. სერგო ზაქარიაძე "ანტიგონეში" კრეონს თამაშობდა. ამ ადამიანებთან რეპეტიციები, ურთიერთობა დიდი მასტერკლასი იყო (ეს სიტყვა მაშინ არ არსებობდა). ეს გარემო - შოკის მომგვრელი, ყოველი დღე - სიახლით სავსე გახლდათ, ღმერთის საჩუქარი. ჯილდო ჯილდოა, მაგრამ მე ასეთი საჩუქრებით უფრო განებივრებული ვარ. რუსთაველის თეატრში მაშინ მივედი, როცა იქ თამაშობდნენ: ეროსი მანჯგალაძე, ედიშერ მაღალაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, გოგი გეგეჭკორი, ბადრი კობახიძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, მარინა თბილელი... რა დამავიწყებს, მსახიობების ფოიეში პატარა გოგო შევდიოდი და ეს ბუმბერაზი ადამიანები ფეხზე წამოდგომით მესალმებოდნენ. თავმდაბლობასთან ერთად, იმის მინიშნებაც იყო, რომ მიმიღეს და ვალდებული ვიყავი, მათ მსგავსად მოვქცეულიყავი. თითოეული ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მდიდარი ადამიანი ვარ.
- სცენის და გადასაღები მოედნის მიღმა, თქვენი ცხოვრების მთავარ როლზე რას გვეტყვით? - სიტყვა "როლი" შეიძლება არ უხდება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ოჯახი. ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ; ის ადამიანები, რომელთანაც ერთ ჰაერს ვსუნთქავ; რამდენიმე ჩემი მეგობარი, რომელთანაც ერთ ენაზე ვსაუბრობ - ეს საკმარისია ვიყო ბედნიერი და წელგამართული. ჩემი ოჯახის დირიჟორი ვარ. კი, შეიძლება ასე ითქვას, დირიჟორობა ჩემი ცხოვრების მთავარი როლია.
- 2020 წელი თქვენთვის რით იყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი?
- გასულ წელს თავი სრულიად ახალ ამპლუაში მოვსინჯე, ტელეწამყვანი გავხდი. ყოველი ეთერის დროს ძალიან ვღელავდი და ასეთი განცდები რატომ მქონდა, სულ უკვირდათ. ეს მაინც განსხვავებული პროფესიაა, პასუხისმგებლობაც სხვაგვარი მქონდა. ამ ახალმა საქმემ ბევრი რამ მომცა, თავისებურად გამამდიდრა.
2020 წელს ტკივილიც არ აკლდა, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები წავიდნენ. საშა რეხვიაშვილი, რომელმაც ჩემი პირველი ფილმი "ნუცა" მაჩუქა. გოგი ქავთარაძე, რომელმაც "რომეო და ჯულიეტა" მაჩუქა და დღესაც კი მახსენებენ, როგორი ჯულიეტა ვიყავი. სამწუხაროდ, ეს სპექტაკლი ახალგაზრდებმა არ იციან. სამჯერ გადაიღეს და დღეს არქივში არ ინახება.
2020 წელს მქონდა დიდი სიხარული, ჩემი მარიტუნა (მსახიობის შვილიშვილი მარიტა ჯანაშია) გაბედნიერდა, მისი რჩეული თემო საჯაია არაჩვეულებრივი ბიჭია, თავი ძალიან შემაყვარა. უკვე პატარას ველოდებით.
- ეს რა განცდაა? - საოცარი განცდაა, ძალიან მიხარია. მარიტუნას სულ ვეუბნებოდი, - "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე". იცით, რა ძალიან მინდოდა? მარიტუნას ბავშვობის ფოტო მაქვს, პატარა გოგო ხელში მიჭირავს, ეს ფოტო ძალიან მიყვარს და მის მსგავს ბავშვს ველოდები, არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი. ექოსკოპიის ფოტო და ვიდეო გამომიგზავნეს, ეს პატარა ცუგრუმელა იცით, რას აკეთებს? მარიტუნას მუცელზე აპარატს რომ ადებენ, სახეზე ხელს იფარებს, ოღონდ ხელისგულით კი არა, ხელის ზურგით და ფეხს ფეხზე იდებს. გოგოა თუ ბიჭი, არ გვაჩვენებს, მაგრამ უკვე მისი ხასიათი ჩანს. მისი მოლოდინი მაბედნიერებს. გამოვტყდები, გულის სიღრმეში სურვილი მაქვს, გოგო დაიბადოს.
- გმადლობთ ინტერვიუსთვის, ბევრ სიხარულს და წარმატებას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"