"ვაქცინის გაკეთებიდან 21 დღის შემდეგ ორგანიზმში აღარაფერი გამოვლინდება" - მითები კორონავირუსის ვაქცინაზე და რას პასუხობს ამაზე ექიმი?
"ვაქცინის გვერდით ეფექტს არც ერთი პაციენტი ლეტალურ შედეგამდე არ მოუყვანია, ყველა შემთხვევა მარტივი იყო"
თებერვლის შუა რიცხვებში საქართველო "ფაიზერის" ფირმის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს და ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ვაქცინის პირველი რაოდენობა ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის არის განკუთვნილი, რადგან ქვეყნისთვის ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია. თუმცა საქართველო "ფაიზერის" მეორე დოზას მალევე ელოდება და ჯანდაცვის მუშაკების შემდეგ მას პრიორიტეტული ჯგუფები მიიღებენ.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის - ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ მოსახლეობის, 60-70% აიცრება, საქართველოში პანდემიის დამარცხებაც შესაძლებელი გახდება. ეს ყველაფერი ნამდვილად იმედის მომცემია, თუმცა ვაქცინაცია ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც ქართულ სოციუმში ათობით პრობლემას ქმნის.
"ვაქცინა ახალია და ვერ გავრისკავ"; "კორონავირუსის ვაქცინა ადამიანის გენურ ინფორმაციას ცვლის"; "თუ აცრის შემდეგ კვლავ პირბადე უნდა ვატარო და დისტანცია დავიცვა, რა აზრი აქვს ვაქცინის გაკეთებას" - ეს იმ მითების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საზოგადოებაში ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა. ხალხს უნდა ვაქცინა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციის სიმწირისა და სიახლისადმი შიშის გამო, თავს იკავებს. კორონავირუსის ვაქცინასა და ყველა საჭირო საკითხზე იმუნოლოგ-ალერგოლოგს - ბიძინა კულუმბეგოვს ვესაუბრეთ:
- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინა ცვლის ადამიანის გენურ ინფორმაციას...
- როდესაც ადამიანს ამა თუ იმ საკითხზე ზედაპირული, არამეცნიერული და დაუსაბუთებელი ცოდნა აქვს აბსოლიტურად კონსპირაციული, არასწორი ფიქრები უჩნდება. ჩვენ ვიცით, რომ სამი ძირითადი ვაქცინა "მოდერნა" "ფაიზერი" და "ასრტაზენეკა" რაღაც ინფორმაციის მატარებელია. "ფაიზერსა" და "მოდერნაში" საინფორმაციო რნმ ანუ რიბო ნუკლეინის მჟავაა, ხოლო ოქსფორდის "ასტრაზენეკა" ეს არის ვექტორული ვაქცინა, სადაც ადენო ვირუსის დნმ-ში არის ინტეგრირებული ინფორმაცია, თუ როგორ წარმოიქმნას კორონავირუსის სპაიკ ცილა ჩვენს ორგანიზმში.
როდესაც მსგავსი ტიპის ბიოლოგიური წარმონაქმნი ადამიანის ორგანიზმში ხვდება, მესინჯერული რნმ იქნება ეს თუ ადენოვირუსული ფორმა, ის რამდენიმე საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც იმუნური სისტემა მას გამოიცნობს, იშლება და ნადგურდება. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის მინიმალური. ანუ რნმ-დან არ ხდება დნმ-ს წარმოქმნა, ამიტომ როდესაც ადამიანი ბიოლოგიურად კარგად იაზრებს რასთან აქვს საქმე, კითხვა არ ჩნდება, რომ ვაქცინამ შეიძლება გენომში რაიმე დაგვიზიანოს, ან შეცვალოს.
- ბევრს ლაპარაკობენ ვაქცინის გვერდით მოვლენებზე, რამდენად ხშირია აცრის შემდეგ დამბლა და ალერგიული რეაქცია?
- გვიანი გვერდითი მოვლენები ყველა ვაქცინას ახასიათებს. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ გრიპის ვირუსის ვაქცინა, გრიპის შემთხვევაში, ერთ მილიონ დოზაზე ერთი რთული ალერგიული რეაქცია ანუ ანაფილაქსიური შოკი ვითარდება, რაც შეეხება "მოდერნას" ვაქცინას, 2,5 მილიონ დოზაზე – 1, ხოლო "ფაიზერის" შემთხვევაში, 1 მილიონ ვაქცინაზე - 5 ამგვარი რეაქციაა დაფიქსირებული.
ვეტყვი საზოგადოებას, რომ დღესვე ოთხ მილიონმა საქართველოს მოქალაქემ რომ გაიკეთოს "ფაიზერის" ვაქცინა, ალერგიული რეაქცია დაახლოებით 20 ადამიანს განუვითარდება, რაც საკმაოდ მინიმალური რაოდენობაა. მსოფლიოს მასშტაბით, ვაქცინის გვერდით ეფექტს არც ერთი პაციენტი ლეტალურ შედეგამდე არ მოუყვანია, ყველა შემთხვევა მარტივი იყო.
- გაჟღერდა აზრიც, რომ ვაქცინა არ არის საკმარისად გამოცდილი და არ ღირს ნდობა...
- შეიძლება ვაქცინა იყოს ძალიან გამოცდილიც, მაგრამ მასში არსებული სხვადასხვა აგენტის გამო, თუ ის არ არის კარგად შესწავლილი და გამოკვლეული, უფრო დიდი საფრთხე გამოიწვიოს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გამჭვირვალე ქვეყნებზე, გამჭვირვალე კომპანიებზე, რომელთა ინფორმაცია და კვლევის პროტოკოლი ცნობილია, ასევე, ცნობილია თითოეული გამოკვლეული ადამიანის სახელი და გვარი, ამის შიში არ უნდა გვქონდეს.
რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ვაქცინების უსაფრთხოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ზუმ-კონფერენციას ვესწრებოდი, სადაც პირდაპირ ილაპარაკეს, რომ ყველა ვაქცინა და მათ შორის - "ფაიზერის", თუ რამე გვერდით ეფექტს გამოავლენს, ეს უნდა ავითვალოთ ვაქცინის გაკეთებიდან 21 დღის განმავლობაში. 21 დღის შემდეგ ორგანიზმში აღარაფერი გამოვლინდება.
დღეს უკვე მსოფლიოში 110 მილიონამდე ადამიანია აცრილი, აქედან თითქმის 70 მილიონი - "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინებით, თუ რამე გვერდითი მოვლენა იქნებოდა, ეს ნათლად გამოჩნდებოდა, თუმცა დამბლა და მსგავსი გვერდითი მოვლენები ხდება, მაგრამ ეს მილიონიდან 2 შემთხვევაში. ადამიანებს რაღაც ტიპის სახის დამბლა ისედაც ემართებათ. კვლევების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინისგან დამოუკიდებლად, გარეშე სახის დამბლა ყოველ წელს 57 000 ადამიანს უვითარდება. ამიტომ კიდევ ერთხელ გავუმეორებ საზოგადოებას - ეს ხდება, თუმცა მილიონში ერთხელ და საშიში ნამდვილად არ არის.
- "თუ აცრის შემდეგ კვლავ პირბადე უნდა ვატარო და დისტანცია დავიცვა, რა აზრი აქვს ვაქცინის გაკეთებას"- ამაზე რას გვეტყვით?
- ვაქცინაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, თუ ადამიანს კორონავირუსი დაემართება, ვაქცინა მას 100%-ით დაიცავს სიკვდილისგან. 90%-ზე მეტ შემთხვევებში ვაქცინა იცავს ადამიანს კორონავირუსის შემდგომ მძიმე დაავადებების განვითარებისგან. მაგრამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხშირად ადამიანები ასიმპტომური პაციენტები არიან, მაგალითად: მე შეიძლება ვიყო მატარებელი, შემხვდეს ვირუსი, იმუნური სისტემა მოერიოს მარტივად, არ გამომივლინდეს ტემპერატურა და კორონავირუსის სხვა ნიშნები, რადგან უკვე აცრილი ვარ, მაგრამ შეიძლება ეს ინფექცია სხვას გადავდო და გამავრცელებელი ვიყო. "ფაიზერის" ვაქცინის შემთხვევაში, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუ როგორ დაიცავს ის ადამიანს მტარებლობისგან. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ პირბადე მაინც ვატაროთ, რადგან არ დავაინფიციროთ სხვა, მაგალითად, ბავშვები, რადგან ვაქცინა 18-წლამდე არ არის ნებადართული.
გამოქვეყნდა კვლევა, სადაც დადგინდა, რომ "ასტრაზენეკას" ტიპის ვაქცინას 76%-ით შეუძლია მტარებლობისგან დაცვა, რაც ვირუსისთვის მაღალი მაჩვენებელია. ვაქცინის გაკეთება იქნება გარანტია, რომ აცრის შემდეგ არავის დააინფიცირებთ და ეს ვაქცინები მალე შეძლებს პანდემიის დასრულებას.
(სპეციალურად საიტისთვის)