"ყველა მხრიდან "ბლოკადაში მოვყევი"... საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი"
"როგორც კი ყველაფერი დაიხურა, საცხოვრებლად აგარაკზე გადავედი და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ამან გამიხალისა ცხოვრება და გადამატანინა მთელი ეს პერიოდი"
კინოსფეროს ბავშვობიდან ეზიარა. მამა - ალექსანდრე ძაგანია კინოოპერატორი იყო, დედა - მარინა კულუმბეგაშვილი - კასტინგის რეჟისორი და პროდიუსერია. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მაკა ძაგანიამ მსახიობობა გადაწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მსახიობი წლების განმავლობაში, ილიაუნის გარდა, სხვა თეატრებშიც არცთუ ცოტა სპექტაკლში მონაწილეობდა. ფართო აღიარება, პოპულარობა და სიყვარული "ჩემი ცოლის დაქალებში" თინას როლმა მოუტანა.
- ბოლო წელი როგორი იყო თქვენთვის? რით შეივსეთ თეატრის მონატრება?
- პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ძველი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩემი სფერო რეალურად, მთლიანად გაჩერებულია. ყველა მხრიდან "ბლოკადაში მოვყევი" და შარშანდელი მარტიდან არსად მიმუშავია, საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი. როგორც კი ყველაფერი დაიხურა, საცხოვრებლად აგარაკზე გადავედი და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ამან გამიხალისა ცხოვრება და გადამატანინა მთელი ეს პერიოდი. გაზაფხულზე დავთესე და მქონდა ჩემი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი, ბადრიჯანი... არ შევწამლე და ბიოპროდუქტი მივიღე. ყველაფერს ჩემი ხელით ვუვლიდი. სხვათა შორის, იმდენი პომიდორი მომივიდა, საწებელიც კი გავაკეთე (იცინის). ყვავილები გავახარე, ისინიც ძალიან მილამაზებდნენ ცხოვრებას. ჩემი დილა ასე იწყებოდა: შემოვივლიდი ბაღს და ბოსტანს, დავხედავდი, როგორ მიდის საქმე - რა ყვავის, რომელი მცენარე გაიზარდა, რომელი - არა, ჩითილებიც გამოვიყვანე... ასე რომ, დაკავებული ვიყავი და ამან მიშველა.
- ბავშვობაში მშობლებს გადაღებებზე დაჰყავდით? - სამი წლისა "ჩიორას" გადაღებებზე წამიყვანეს. პატარა ეპიზოდში მეც ვარ, კიბეზე ჩამოვდივარ, მაგრამ ბუნდოვნად მახსოვს. ყველაზე უკეთ "მეტიჩარას" გადაღება დამამახსოვრდა, ფილმზე დედა მუშაობდა. მაშინ საკმაოდ მოზრდილი ვიყავი, გახმოვანებასაც რამდენჯერმე დავესწარი. ემოციურად მახსენდება ერთი ეპიზოდის გახმოვანება - ქვებს ერთმანეთზე რომ ურტყამენ, ასე მეტიჩარას (დელფინს) ეძახიან... კინოსტუდიაში დილით ხშირად მივსულვარ და საოცრება მხვდებოდა, ყოველთვის 4-5 ჯგუფი გადაღებაზე გასასვლელად ემზადებოდა: ზოგს ცხენები მიჰყავდა, ზოგი დეკორაციაზე ზრუნავდა, ვიღაცას სხვა სამზადისი ჰქონდა. ისეთი სიცოცხლე ჩქეფდა, ვერ აღგიწერთ. 90-იანი წლების ომის შემდეგ ყველაფერი დაინგრა. ზღაპარივით ვიხსენებდი, რა იყო და რა დარჩა. ახლა კინოსტუდია გაარემონტეს და ამუშავდა, მაგრამ ის სანახაობა დაიკარგა.
- ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრეთ და ბალერინა რატომ არ გახდით? - ბალერინობას ვაპირებდი და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ბოლომდე მეკეთებინა, მაგრამ 1996 წელს მოგეხსენებათ, რა სიტუაციაც იყო. ბალეტი და ბალერინები არავის სჭირდებოდა. ალბათ - არც მსახიობები, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, იმ პროფესიას შევიძენ, რომელიც ისევ სცენასთან იქნება დაკავშირებული-მეთქი და თეატრალურში ჩავაბარე. ცეკვა უზომოდ მიყვარს. ოპერაში ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოებზე მიცეკვია. საერთოდ, "ჟიზელის" ცეკვა ძალიან მინდოდა. ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, 11 წელი ვცეკვავდი. ბალეტს რომ ვუყურებ, ხანდახან თვალზე ცრემლიც კი მადგება.
- პირველი კინოროლი როდის შეასრულეთ? - 14 წლის ვიყავი, მაშინ მსახიობობაზე არც ვფიქრობდი. ერეკლე ბადურაშვილის ფილმში - "ქართული ისტორია"? პატარა ეპიზოდი ვითამაშე. ერთი სიტყვა მქონდა სათქმელი და ძალიან ვღელავდი. ისე ვნერვიულობდი, დღესაც არ მახსოვს ის სიტყვა.
- დედასთან ერთად, როგორც მსახიობს, რომელ ფილმზე გიმუშავიათ? - ფარაჯანოვზე ფილმს იღებდნენ და კასტინგი გავიარე. ერთი ეპიზოდი მქონდა, აღმზრდელ გოგონას ვთამაშობდი. დედა ყოველთვის ცდილობდა, მის ფილმში არ ვყოფილიყავი. საშენო როლები არ არისო, - მეტყოდა ხოლმე და კასტინგზეც არ მიშვებდა - ასეთი დამოკიდებულება აქვს. ტელესერიალ "მტვრის გემოში", როგორც იქნა, ერთ ეპიზოდზე დაითანხმეს. ამ ფილმის პირველსავე სერიაში "მკლავენ" (იცინის). რომელ ფილმზეც დედა მუშაობს, იქ მე არ ვჭაჭანებ.
- ბევრ მსახიობს არ უყვარს კასტინგი, თქვენც მათ რიგში ხართ? - კასტინგი საჭიროა - ლექსიც უნდა წაიკითხო, ეტიუდიც შეასრულო, მაგრამ თითქოს იბნევი, გგონია, გამოცდაზე ხარ. როგორც წესი, ბოლომდე ვერ აკეთებ იმას, რაც შეგიძლია. კასტინგზე ყოფნა ცუდი შეგრძნებაა.
- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მთავარი თვისება მსახიობისთვის?
- მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს. შეიძლება შედეგად ვერაფერი მიიღოს, მაგრამ მსახიობი ამისთვისაც მზად უნდა იყოს. ამ პროფესიის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, როცა მთელი ცხოვრება თავი აქვს ადამიანს გადადებული საქმისთვის და მიზერსაც ვერ იღებს, ასეც ხდება.
- სცენაზე გასასვლელად როგორ ემზადებით? - რაიმე რიტუალი არა მაქვს. საკუთარ თავთან მარტო უნდა დავრჩე. ეს ძირითადად, გრიმის კეთებისას ხდება. ამ დროს თავში ყველაფერს ალაგებ, გმირის შესაფერის შინაგან მდგომარეობას ამზადებ. თითქოს უნდა გაითიშო ყველაფრისგან და მხოლოდ როლზე იფიქრო.
- პარტნიორები ალბათ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ სამსახიობო ნამუშევრის წარმატებულად ხორცშესხმაში, არა? - დიდი ბედნიერებაა, როცა გვერდით კარგი პარტნიორი გიდგას. მისი ემოცია შენც გეხმარება. ამის აღნიშვნა აუცილებელია. ილიაუნის თეატრში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგომა და გატანა იცოდნენ. საერთოდ, მსახიობებს ერთმანეთში არასასურველი ურთიერთობა თუ აქვთ, მაშინ სპექტაკლიც არ გამოდის. ისედაც, იმდენს ნერვიულობ სცენაზე გასვლის წინ, ზოგჯერ პულსაცია ისე მატულობს, მსახიობი ინფარქტის პირამდეა მისული. ასეთ დატვირთვას მხოლოდ თანადგომის პირობებში ვძლევთ.
ერთხელ "ბრიყვთა ვახშამს" ვთამაშობდით, სადაც სარის ტიპის, კოჭებამდე სიგრძის კაბა მაცვია. ასეთი სცენა მაქვს: ტახტზე ავდივარ და იქიდან შუშის მაგიდაზე უნდა გადავხტე. ამ მომენტში ჩემს პარტნიორ ზუკა პაპუაშვილს ველაპარაკები. თურმე კაბას ფეხი დავაბიჯე. მან ეს შეამჩნია და მანიშნებს - ფეხს დახედეო, მაგრამ ტექსტს ვამბობდი და ვერ გავიგე. ვაი, იმ გადმოხტომას!.. კიდევ კარგი, მაგიდა არ ჩაიფშვნა, გადავრჩი. ზუკამ ისე ინერვიულა და ისე განიცადა, "მკვდარი" იყო. ვამაყობ ჩემი პარტნიორებით თეატრსა და სერიალშიც, ფანტასტიკური ადამიანები არიან.
- მსახიობები რეჟისორებისგან ბევრ რამეს სწავლობენ, თქვენთვის ვინაა ასეთი რეჟისორი? - ოთარ ეგაძისგან უამრავი რამ ვისწავლე. იგი მუდმივად იმეორებდა: ნევროზი არის გადაუჭრელი პრობლემები, ამიტომ, ავად თუ კარგად, ისინი უნდა გადაიჭრასო. ეს ფრაზა მახსენდება, თუკი რაიმე პრობლემა მაქვს. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რჩევებიც მოუცია, რაც სცენაზე, ცხოვრებასა და სერიალში გამომდგომია. გიორგი ლიფონავასთან კამერასთან ურთიერთობა ვისწავლე. ნიჭიერი რეჟისორია და მსახიობთან მუშაობა შეუძლია. გიორგი და მე ვსხდებოდით და თინას სცენებს ერთად განვიხილავდით. ამას ყველა რეჟისორი არ აკეთებს. ვთვლი, რომ თინას სახის შექმნაში ლიფონავამ დიდი როლი ითამაშა.
- "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები როდის განახლდება? - ამბობენ, რომ თებერვლიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ ზუსტად ჯერჯერობით არ ვიცი. ჩემთვის კონკრეტულად არაფერი უთქვამთ.
- დაბოლოს, რა განსაკუთრებული სურვილი გაქვთ?
- ისევ და ისევ "კოვიდთან" მივდივართ: მინდა, ისეთ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, როცა შეგვეძლო ჩვენი გრძნობები გამოგვეხატა და ახლობელ ადამიანს ჩავხუტებოდით... ახლა მეშინია ბიძაშვილთან ან მეზობელთან მისვლა, ყველანი სიფრთხილეს ვიჩენთ, ურთიერთობები "ჩაკეტილია". დიდი იმედი მაქვს, ეს ამბავი უსაშველოდ არ გაგრძელდება. მთავარია ჯანმრთელობა გვქონდეს და დანარჩენს, სავარაუდოდ, ყველაფერს ეშველება.
ნანული ზოტიკიშვილი ჟურნალი "გზა"