"მიუხედავად იმისა, რომ მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მისი გული მაინც მე მოვიგე"
"დღეს შევქმენი საათი "მარინა" და ხვალ თუ მექნება საშუალება, კოსმოსური ხომალდი შევქმნა, შევქმნი და იმასაც "მარინას" დავარქმევ"
"ხშირად მახსენდება ერთი ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან - 1976 წელს ბებიამ და ბაბუამ პირველად წამიყვანეს მოსკოვში ტექნოლოგიების გამოფენაზე. ერთ-ერთ პავილიონში ნორჩ ტექნიკოსთა ნამუშევრები იყო და იქ ვნახე პატარა ველოსიპედის ნაწილებით აწყობილი მოტოციკლი. მახსოვს, დავჯექი და ძალიან ბედნიერი ვიყავი... შემდეგ მიმიყვანეს ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში ნოდარ ინჯიასთან, ჩემს მასწავლებელთან. ასე დაიწყო ყველაფერი..." - მიამბობს ზვიად ციკოლია, სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი, ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება დიზაინის ოსკარად წოდებული "რედ დოთის" ჯილდო; პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის, "დიდგორის", დიზაინი; პირველი საათი ქართული გვარით, რომელსაც შვეიცარია აწარმოებს და საქართველოში აწყობილი პირველი საათი "მარინა", რომელიც დიზაინერმა მეუღლეს მიუძღვნა. ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება.
- ერთხელ თქვით, ყველა ბავშვობის ნატვრა ამიხდაო...
- კი არ ამიხდა, ავისრულე...
- როდის აისრულეთ პირველი ოცნება? - რთულია გასახსენებლად... დაგეგმილი არ მაქვს, რომ ვთქვათ, ხუთი ოცნება უნდა ავისრულო. ახალ-ახალი იდეები სულ მოდის. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი მანქანა გავაკეთო საქართველოში და ესეც ჩემს ოცნებებს დავამატე... ყველა ზრდასრული ადამიანი თავისი ბავშვობის ანარეკლია და ეს განსაზღვრავს მის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. გაგიკვირდებათ, მაგრამ საკუთარი თავი აკვნიდან მახსოვს. აკვანში ქართლის სოფელ შერთულში მაწვენდნენ ხოლმე. მახსოვს, თავზე რომ დამადგებოდნენ მშობლები და მარწევდნენ... ხშირად მახსენდება ღრმა ბავშვობის დროინდელი რამდენიმე სიზმარიც.
- გჯერათ სიზმრების? - მჯერა და მიხდება კიდეც. საკმარისია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი დამესიზმროს, განსაკუთრებით - პუტინი, რომ ვიცი, ის დღე კონფლიქტური მექნება.
მარინა დამესიზმრა ბავშვობაში - ჩემს ქუჩაზე მოდიოდა ჩემზე უფროსი გოგო. ის ადგილიც ზუსტად მახსოვს - მაშინ გლდანის ქუჩა ერქვა, ახლა ქურდიანის ქუჩაა. ქუჩას მოუყვებოდა გოგონა მწვანე თვალებით და ეს იყო მარინა.
- რომ გაიცანით, ალბათ, სიზმარიც გაგახსენდათ... - დიახ, ზუსტად ის გოგონა იყო, რომელიც დამესიზმრა.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი? - Veni, Vidi, Vici - აი, ზუსტად ასე იყო. "ეარ ჯორჯიაში" შევხვდით ერთმანეთს და მომეწონა, თუმცა ვიფიქრე, ამას ახლა რა შეაბამს, ალბათ, გარეთ ხუთი "მერსედესი" ელოდება-მეთქი, მაგრამ მაინც შეუპოვრობა გამოვიჩინე - ასეთი ვარ, თუ რაღაც ჩავიფიქრე, შანსს ხელიდან არ გავუშვებ. მიუხედავად იმისა, რომ მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მისი გული მაინც მე მოვიგე.
- საათი "მარინა" როგორ შეიქმნა? - ეს არის ჩემი პირველი დაივერი საათი. მუშაობის პროცესში, როდესაც ციფერბლატზე წარწერა უნდა გამეკეთებინა, მივუტრიალდი მარინას და ვუთხარი, ამ საათს "მარინა" უნდა დავარქვა-მეთქი. ძალიან თბილად მაკოცა... ეს ჩვენი საყვარელი ფერებია. ჩემი და მარინას გემოვნება 99,9%-ით ემთხვევა.
- ადრე თქვით, ჩემი საათი ჯერ ადამიანის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, ესთეტიკურ მხარეზე მერე ვფიქრობო... - დიახ, "მარინაც" ასე შევქმენი. სულ მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა, რაც მარინასთან იქნებოდა დაკავშირებული. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი დაივერის საათზე. ის 200 მეტრ სიღრმემდე წყალგამძლეა. ეს არის პირველი საათი, რომელიც საქართველოში აეწყო. მექანიზმი იაპონური აქვს და შვეიცარიულ მექანიზმზე ნაკლები კი არა, შეიძლება მეტიც იყოს. გამორჩეულია სიზუსტითა და მექანიზმით. ხარისხს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს...
ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ვარ რეალისტი. მქონია მომენტები, როცა მომავლის მოლოდინში აწმყო დამიკარგავს და იგივე შეცდომები რომ არ გავიმეორო, ვცდილობ, აწმყოთი ვიცხოვრო, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ვის რა ელის. დღეს შევქმენი საათი "მარინა", ხვალ თუ მექნება საშუალება, კოსმოსური ხომალდი შევქმნა, შევქმნი და იმასაც "მარინას" დავარქმევ. ჩემს ცხოვრებაში რაღაცები თავისით ეწყობა, "ტეტრისივით" არის. "ტეტრისი" ჩემი საყვარელი თამაშია - ყველაფერი ისე ზუსტად უნდა დაალაგო, როგორც ცხოვრებაში, ისე უნდა ააწყო, რომ საათის მექანიზმივით მუშაობდეს... ჩემი კომპანია წარმატებული მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ მეგრული გვარი აქვს, ან ქართული ლოგო - მენეჯმენტია გამართული, მიდგომა - სხვანაირად დანახული და ეს ბევრ კომპანიას შეშურდება. ჩემს თანამშრომლებს სამსახურში მოსვლა უხარიათ.
- რა არის თქვენს მენეჯმენტსა და მიდგომებში განსხვავებული? - ეს არის ზვიად ციკოლიას მოდელი და ასეთი ცოტა მეგულება. ჩემთან მუშაობენ პროფესიონალები, ჩემი კომპანია წარმატებულია იმიტომ, რომ მაგარი გუნდის შეკვრა მოვახერხე.
- ასეთი გუნდი რომ არ გყავდეთ, მაგრამ იმავე პროდუქციას უშვებდეთ, ციკოლია წარმატებული არ იქნებოდა? - გუნდი რომ არ მყავდეს, კომპანია ვერ გაიზრდებოდა და ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ყველაფერს მე ვერ მოვერეოდი. დიზაინი, უცხოელებთან კომუნიკაცია, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, ლოგისტიკა, საბაჟო, ბუღალტერია, კლიენტებთან ურთიერთობა - ამ ყველაფერს მხოლოდ მე როგორ შევძლებდი?! ჩვენი კომპანიისთვის მთავარი კლიენტებთან ურთიერთობაა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ერთგული მომხმარებლები. ბევრი კომპანიისთვის მთავარია ფული, ჩვენ ასე არ ვართ! ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ საათს, ან სამკაულს, ან სუვენირს.
ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, ჩემი გულის ნაწილია ჩადებული, რადგან ვაკეთებ იმას, რაზეც ვფიქრობ და რაც სიამოვნებას მანიჭებს... თქვენ რომ ახლა ჩემი საათი გამშვენებთ, ჩათვალეთ, რომ ჩემი გულის ნაწილი გიკეთიათ. მე არ ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც კომერციულად მომგებიანია. ყოფილა წამგებიანი პროექტებიც, მაგრამ მაინც გამიკეთებია, რადგან მსიამოვნებს და მიხარია... ჩემთვის წინაღობა არასდროს არის ის, რომ საზოგადოება ამ ეტაპზე რაღაც სიახლეს შეჩვეული არ არის.
- მგონი, ამას უკვე შეაჩვიეთ საზოგადოება... - პირდაპირ გეტყვით - ის კრიტიკული დამოკიდებულება, რაც თავდაპირველად ამ ბრენდის მიმართ იყო - მაგალითად, ცოტა შოვინისტური კომენტარები: "მეგრელები ისედაც ბევრნი ხართ და ახლა კიდევ ხელზე გატაროთ?", "ეგ საათი იტყუება!" და ა.შ. - დროთა განმავლობაში გახუნდა და ჩვენი ბრენდი საამაყო გახდა, რადგან ქართული სულის მატარებელია! მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ლუქს-კატეგორიაში, მაინც გვექნება ძალიან მაღალი საფასო სეგმენტი და ეს, იცით, როდის მოხდება? საქართველოში რომ დავიწყებ საათების გამოშვებას! ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საათები, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული. ხომ იცით, თუ თავში ჩავიდე, ამას აუცილებლად გავაკეთებ!
- მე ვიცი, რომ ძალიან ცნობილი ბრენდის გვერდით ციკოლიას საათებიც იყიდება, მაგრამ იმ ბრენდზე გაცილებით ნაკლები ღირს, რატომ? - ჩემი კომპანია 2011 წელს დაარსდა, ის - 1811 წელს. სხვაობა ხომ არის?! აბსოლუტურად ერთი და იგივე მასალაა გამოყენებული, ერთსა და იმავე ჩარხზე კეთდება; როგორც ისინი იყენებენ 316 LL-ის უჟანგავ ფოლადსა და საფირონის მინას, ასევე ვიყენებთ ჩვენც, მექანიზმიც ერთი და იგივეა, მაგრამ ის ღირს 20.000 ევრო, ჩვენი - 1000 ლარი. ბრენდი მსოფლიოში პოპულარული რომ გახდეს, რაღაც ეტაპი უნდა გაიაროს. ჩვენც გავივლით ამ ეტაპს. მე ვაპირებ, ჩემი კომპანია საშვილთაშვილოდ დარჩეს და მომავალმა თაობამ გააგრძელოს. ბრენდი "ციკოლია" საუკუნეებს დაითვლის. მე არც მშობლები მყავდა მდიდარი, რომ დამხმარებოდნენ, თუ რამეს მივაღწიე, ჩემი შრომითა და ნიჭით, ასე რომ, "Self-made man" ვარ და ამით ვამაყობ!
- მართლაც საამაყოა, რომ ყველაფერს თქვენი ნიჭის წყალობით მიაღწიეთ, მაგრამ, ალბათ, იღბალიც მნიშვნელოვანია. რაში გაგიმართლათ? - გამიმართლა, მარინას რომ შევხვდი, თუმცა ესეც ჩემი დამსახურებაა. კოჭს ხანდახან გაგიგორებს ცხოვრება, მაგრამ მთავარია, შეამჩნიო... მარინა ჩემთვის გაგორებული "ცხოვრების კოჭია". დანარჩენი ჩემი აქტიურობაა, ვიდრე იღბალი. იღბლიანი არ ვარ - 100 ლატარია რომ ეგდოს და ერთი იყოს მომგებიანი, ყველას გავხსნი, იმ ერთის გარდა. 24 საათი ვშრომობ, მიყვარს რისკიანი საქმის კეთება და იმის დამტკიცება, რომ ბედსა და იღბალს არ უნდა მიანდო შენი ცხოვრება, მისი გადასაწყვეტი არ უნდა დატოვო არაფერი...
- ყველა ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს ჰყავს მუზა... - ხშირად, მუშაობის პროცესში, სკორსეზეს ფილმი "ავიატორი" მაქვს ჩართული. ძალიან მიყვარს... აი, ის პირველი ბუგატი, რომელიც გავაკეთე და ფრანკფურტის გამოფენაზე წავიდა, ერთი ფოტოს დამსახურებაა. ის ფოტო ვნახე და ვთქვი, უნდა გავაკეთო მანქანა-მეთქი. ჰოდა, გავაკეთე! დღეს არაფერი მაძლევს ისეთ მუხტს, როგორიც მაშინ ჟურნალის იმ ერთმა ფოტომ მომცა... ეს ყოველთვიური ჟურნალი იყო და ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა ახალი ნომერი. სპეციალურად მივდიოდი რუსთაველზე - იქ იდგა ერთი ჯიხური და ვყიდულობდი ქალისგან... თუმცა მთელი ცხოვრება მყავს ერთ მარადიული მუზა და ეს არის მარინა.
- ყველაზე რთული რომელი პერიოდი იყო თქვენთვის? - 1990-იანი წლების არეული საქართველო დღესაც კოშმარული სიზმარივით მახსოვს. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საზიზღარი პერიოდი იყო და ამის გამო მზად ვარ, ყველა ის პოლიტიკოსი დავსაჯო, ვინც ამდენი ადამიანის ბედი აწეწა, მათ შორის - ჩემიც. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ყველაზე ლამაზი და პროდუქტიული წლები გავატარე უშუქობაში, უწყლობაში... მაშინ დავიწყე "ეარ ჯორჯიაში" მუშაობა და ყველანაირად ვცდილობდი, ოჯახში საჭმლის ფული შემეტანა. თანაც, დილას რომ გახვიდოდი სახლიდან, არავინ იცოდა, ცოცხალი დაბრუნდებოდი თუ არა. ყველაზე სასიამოვნოდ კი 1997 წელი მახსენდება - ამ წელს მარინა გავიცანი და ფრანკფურტში გამოვფინე მანქანა. ასეთი ბედნიერი პერიოდი ცხოვრებაში არ მქონია. ხშირად მარინას ვეუბნები ხოლმე, ნეტავ იმ დროში დამაბრუნა, შენ რომ გაგიცანი-მეთქი.
- მაგრამ ძალიან ცოტა ხანს იყავით შეყვარებულები - ოთხ თვეში იქორწინეთ... - ჩვენ ახლაც შეყვარებულები ვართ. ქორწილი ოფიციალურად არ გვქონია, 10 წელი ხელიც არ გვქონდა მოწერილი, სანამ იაპონიაში წასვლისას იაპონელებმა არ მოითხოვეს... მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემთვის ეს ადამიანის დამცირებაა... ხელს რაზე აწერ? რომ გიყვარს, ამაზე?! ქალს სიყვარულს ხელმოწერით უმტკიცებ?!
ჩვენც გვქონია უსიამოვნებები - ორივე ემოციური ვართ, ჩვენი აზრებიც ხანდახან ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს პერიოდები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემს საქმეზე, რადგან ტვინი ნახევრად იქით მაქვს გადართული. მე სიყვარულით ვსაზრდოობ. სიყვარულს, ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ძმას ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. მინდა მარინა სულ გვერდით მყავდეს. არ მიყვარს მარტოობა...
- 23 წელია, ერთად ხართ... - სიყვარული ხომ ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს და გამორიცხულია, ეს ძალით მოხდეს, ამას ვერავინ გასწავლით. ჩემში დღემდე გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები. არ ვიცი, რატომ, ამაზე არც დავფიქრებულვარ. მარინა იმის გამო კი არ მიყვარს, რომ თმა აქვს ასე ან ისე, მიყვარს და მორჩა! ჩემი ოჯახისა და ჩემი მარინასთვის ბევრ რამეზე უარი ვთქვი, მაგალითად, მატერიალურ კეთილდღეობაზე და მარინამაც ჩემთვის და ოჯახისთვის. როცა იდგა საკითხი - მატერიალური თუ ემოციური, მე ემოციური ვარჩიე...