"ძალიან მინდა ვუყურებდე, ჩემი პატარა და როგორ იზრდება და ითვისებს სიახლეებს, მინდა, აღარ ტიროდეს ზარების შემდეგ მონატრებისგან, მაგრამ..."
"ძალიან მინდა ვუყურებდე, ჩემი პატარა და როგორ იზრდება და ითვისებს სიახლეებს, მინდა, აღარ ტიროდეს ზარების შემდეგ მონატრებისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ერთბაშად ცხოვრებაში ნაკლებად მოდის"
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნებისმიერი ქართველის წარმატება აღსანიშნავია. 22 წლის მარიამ ცუკილაშვილი დღეს ემირატების ავიახაზების ერთ-ერთი ბორტგამცილებელია. გზა მოდელობიდან ბორტგამცილებლობამდე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. გამოცდები, ტრენინგები და ემირატების მკაცრი მოთხოვნები - მარიამმა ყველაფრის გადალახვა შეძლო და ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება რეალობად აქცია. ახალგაზრდა ბორტგამცილებელს მისი ამბის მოსასმენად დავუკავშირდით.
- მარიამ, გვიამბე შენს ბავშვობაზე - როგორი იყავი, რა გიყვარდა და რაზე ოცნებობდი?
- როგორც ვიცი, საოცრად ცელქი და დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი. ვოცნებობდი მსახიობობაზე. წარმოსახვითი სამყარო მქონდა, სადაც ხან მიწისქვეშა სამალავს, ხან კი დიდ სასტუმროს ვფლობდი. სკოლის წლები ცხოვრების ყველაზე აქტიურ პერიოდთან ასოცირდება. დედას სურვილი იყო, ბევრ სფეროში მეცადა ბედი, მიმეორებდა არასდროს არ იცი, რა გამოგადგება მომავალშიო და 5 წლის ასაკში შემიყვანა ქართულ ცეკვაზე, შემდგომ თავისი ოცნება ჩემით აიხდინა და ვიოლინოს განხრით შვიდწლედი დამამთავრებინა, ასევე, გარკვეული პერიოდი სიმღერასაც მივუძღვენი. ჩემი ოჯახი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებდა, რომ ბავშვობის საოცარი წლები ახალ აღმოჩენებში გამეტარებინა. იყო პერიოდი, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა წრეზე სიარულის შემდეგ, დაღლილი, საღამოს, სახლისკენ მიმავალი, გზად ვჩერდებოდი და აცრემლებული თვალებით თავს ვეკითხებოდი, რატომ "მტანჯავდნენ" ასე? ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ გასული წლები ასე საინტერესოდ და პროდუქტიულად განვვლე.
მოგვიანებით ჩემი ინტერესები სამოდელო სფერომ ჩაანაცვლა. მჭირდებოდა რაღაც ახალი, რაშიც მთელ გულს ჩავდებდი და ბოლომდე ვკონცენტრირდებოდი. ამ სიახლეს მოჰყვა ბევრი სირთულე, თუმცა ეს სირთულეები საბოლოოდ ცხოვრების ყველაზე დიდ გამოცდილებებად ვაქციე. წლების განმავლობაში ქასთინგებსა და გადაღებებზე კახეთიდან მიწევდა სიარული, საატესტატო გამოცდების წინა, მოსამზადებელ პერიოდშიც, ორივე წელს, აზიაში ვიყავი და უკან დაბრუნებულს, ბევრ საგანში მომიხდა გადამზადება. მახსენდება გზაში გატარებული არა ერთი დღე და მგზავრობისას ნასწავლი მასალა, თუმცა იმ წლებში ეს გამოცდილებები ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების დასაბამად იქცა, ამიტომ ყველა სირთულე ამად ღირდა. მშობლების თანადგომამ, მუხტმა და დიდმა ნდობამ წარმატების მიღწევაში შემიწყო ხელი. შემდეგ სკოლა უნივერსიტეტმა ჩაანაცვლა, სწავლის პარალელურად, დავსაქმდი კომპანიაში, რომელთანაც გასული სამი წელი ვითანამშრომლე. პარალელურად, მოკლე ვადით გავემგზავრე ინდოეთში, კანადის საავიაციო კომპანიაში გამოცდილების შესაძენად და სწორედ აქედან იწყება ჩემი ავიაციისადმი უზომო სიყვარულიც.
- ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყველა მოქალაქის წარმატება უმნიშვნელოვანესია, მოგვიყევი, როგორ მოხვდი ემირატებში?
- ბევრი საამაყო ახალგაზრდის მიღწევების ფონზე, ჩემი წარმატება ძალიან მცირეა. როდესაც ინდოეთიდან დავბრუნდი და გადაწყვეტილება მივიღე, რომ რაღაც დროით ამ სფეროში მინდოდა საქმიანობა, ვიცოდი, რომ კომპანია უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი, უმაღლესი სტანდარტის. ასე შევჯერდი ემირატებზე და მიხარია, რომ ჩემი მოლოდინი ასი პროცენტით გამართლდა. რომ არ დაგიმალოთ, ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში, იმედი არ მქონდა, რომ პირველივე ცდა წარმატებით დასრულდებოდა. დასაქმებულთა მინიმალური ასაკი ოცდაერთი წელია, რამდენიმე თვე მაკლდა ამ ასაკამდე და მოსამზადებლად ენერგია არ დავიშურე. ღია კარის დღე, პირველ დღეს გადალახული ოთხი ეტაპი, რამდენიმე ონლაინ ტური და ფინალური ინტერვიუ - ჩემი სამსახურში აყვანით და რვაკვირიანი ტრენინგების შემდეგ ფრენის ლიცენზიების მოპოვებით დაგვირგვინდა.
ავიაცია სულ მაინტერესებდა, თუმცა საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სფერო ამდენ სირთულეს მოიცავდა. სამწუხაროდ, საზოგადოება ნაკლებადაა დეტალებით ინფორმირებული და ასევე ვიყავი მეც - ტრენინგების პროცესშიც კი ძნელად წარმოვიდგენდი, რომ სამუშაო პროცესი ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო იქნებოდა. რომ იცოდეთ, თქვენი უსაფრთხოებისთვის რამდენი რამის სწავლა და რამდენ ასობით საკითხზე გვიწევს ყურადღების გამახვილება, ამ პროფესიის ადამიანებს მეტი დაფასება ექნებოდათ.
- შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შენი საქმიანობა მართლაც უამრავ სირთულეს უკავშირდება...
- პროფესია საკმაოდ რთულია, მაგრამ გზრდის და ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი. ემოციების მართვა და პროფესიონალიზმი ჩემი საქმისთვის წარმატებით თავის გართმევის მთავარი იარაღია. ერთი ფრენის განმავლობაში შესაძლოა იმდენ თავსატეხს გადააწყდე და იმდენი ემოცია დაგეუფლოს, თავი თავგადასავლის გმირი გეგონოს, მაგრამ დღის ბოლოს მადლიერი და ამაყი ხარ ცხოვრების ამ ახალი გაკვეთილისთვის. ვისურვებდი, ოდესმე თავი მოვუყარო ზღვა სათქმელს და ჩვენს საზოგადოებას წარვუდგინო სფერო, რომელიც უამრავ ნიუანსს აერთიანებს, სფერო, რომელიც, ერთი შეხედვით, ასეთი მარტივი ჩანს. ერთიცაა, როდესაც გიყვარს და მართლა გახარებს ის, რასაც აკეთებ - ეს დამოკიდებულება და შეგრძნებები ყველაფრის გადალახვაში გეხმარება.
ჩემს პროფესიაში რთული, პირველ რიგში, სასწავლო მასალაა, მუდმივად სიახლეებთან გვიწევს ადაპტირება. თეორიული ცოდნის პარალელურად, ცხადია, პრაქტიკაში თავის გართმევას რამდენად შეძლებ, ესაა მთავარი, ამიტომ პრაქტიკულ გამოცდებზე გვევალება ათობით სხვადასხვა, ხელოვნურად დადგმულ სცენარზე სწორი რეაგირება, თავის გართმევა. რთულია, მუდმივად ფხიზლად ყოფნა, არანაირი ნიუანსი არ უნდა გამოგეპაროს, რადგან შედეგებზე პასუხისმგებლობის ბოლომდე აღება თავად გიწევს. მგზავრებისთვის მხოლოდ შენ ხარ იმედი და საყრდენი, განსაკუთრებით - სამედიცინო შემთხვევების დროს. ამ საკითხების ფონზე, რთულია ისიც, რომ თითქმის ყველა დღესასწაულს აკლდები და სულ შორს ხარ ოჯახისგან.
- რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და რომელს გამოარჩევდი?
- პანდემიამ ცოტა შემაფერხა, თუმცა გასულ კვირას მეოცე ქვეყანაში - ირლანდიაში ჩავფრინდი და სასწაულად მომეწონა. ისეთი იდუმალი და განსაკუთრებულია, აუცილებლად დავბრუნდები იქ. გამოსარჩევად ერთ ქვეყანას ვერ გამოვყოფ, რადგან ყველა ქვეყანაში არის რაღაც ისეთი, რასაც სხვაგან ვერ ნახავ და ამით ძალიან გაყვარებს თავს.
- ამ ერთწლიანი გამოცდილების შემდეგ რამე სახალისო, დასამახსოვრებელი ამბავი ხომ არ გახსენდება? - ერთხელ, დუბაიში ჩაფრენისას, ერთი მგზავრის გარდა, ყველამ დატოვა თვითმფრინავი. მივედი გასარკვევად, რამე ხომ არ სჭირდებოდა. მგზავრი ნასვამი აღმოჩნდა და როდესაც ვუთხარი, რომ ჩავფრინდით და უნდა დაგვეტოვებინა თვითმფრინავი, მთელი სერიოზულობით განმიცხადა, რომ ის ბანგკოკში მიფრინავდა და არა დუბაიში. ავუხსენი, რომ შესაძლოა, იგი მომდევნო ფრენას მიჰყავდა ბანგკოკამდე მაგრამ როდესაც სისტემაში მისი დეტალები გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ სწორედ დუბაიში ასრულებდა გზას. ამას მოჰყვა მისი დაჟინებული მოთხოვნა ტაილანდში ჩაყვანაზე ცარიელი, 600-კაციანი თვითმფრინავით, თუმცა, ცხადია, მოთხოვნა მისთვის უშედეგოდ დამთავრდა.
- რას ამბობენ ემირატებში საქარათველოსა და ქართველებზე?
- ადგილობრივები, ჩემი კოლეგები, მგზავრები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან, გიჟდებიან საქართველოზე. ასობით კომპლიმენტი მოვისმინე სამთო-სათხილამურო კურორტებზე. დუბაიში რომ ძალიან ცხელა, ზაფხულით ვერავის ვაკვირვებ, თუმცა ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს ხაჭაპურსა და ღვინოზე. კოლეგებს ძალიან უკვირთ, ჩემს წარმომავლობას რომ იგებენ და ამის შემდეგ იწყება მთელი დიალოგი.
- რას ოცნებობ და რა მიზნები გაქვს? - სამომავლო გეგმებზეც გკითხავ, თუ გაგვიმხელ, რას აპირებ სამომავლოდ?
- ჩემი ოცნება და მიზანია, ვიყო პროფესიონალი იმ სფეროში, რომელსაც საბოლოოდ შევარჩევ. ვტკბები იმ ადამიანების ცქერით, რომლებმაც ბევრი იშრომეს და დღეს ყოველმხრივ ჩამოყალიბებული, სამაგალითო პიროვნებები არიან. კარიერის პარალელურად, მინდა, ჰარმონიული და დაბალანსებული ცხოვრება მქონდეს, რომლისთვისაც საკმაოდ შრომაა საჭირო და იმედია, უფალი ყველაფერს შემაძლებინებს, რაც ასე, მთელი გულით მინდა.
ჯერჯერობით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ, თუმცა მაქვს გეგმები, რომელიც მეტ რისკებზე წასვლას საჭიროებს. რადგან დღეს გარემოებები ასე შეიცვალა, ნელ-ნელა "ვეპარები" ამ გეგმას და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც მე ვგეგმავ.
- ალბათ, რთულია ოჯახისგან ასე შორს ყოფნა... - ნამდვილად, ჩემთვის ოჯახისგან შორს ყოფნა ყველაზე მტკივნეული, ჯერ კიდევ გადაულახავი სირთულეა, თუმცა პირველად 15 წლის ასაკში მომიხდა მათთან განშორება, მერეც - არა ერთხელ, ხოლო ამჯერად - განსაკუთრებულად აღარ გამჭირვებია.
ძალიან მინდა ვუყურებდე, ჩემი პატარა და როგორ იზრდება და ითვისებს სიახლეებს, მინდა, აღარ ტიროდეს ზარების შემდეგ მონატრებისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ერთბაშად ცხოვრებაში ნაკლებად მოდის.
(სპეციალურად საიტისთვის)