"ექიმები მეუბნებოდნენ, შვილი არასდროს გეყოლებაო, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, ერთი კი არა, ბევრი შვილი მეყოლებოდა და ასეც მოხდა"
"ხუთი შვილი მყავდა, ავარიაში რომ მოვყევი. 30 დღე უგონოდ ვიყავი, ხუთი წელი ძლიერ მედიკამენტებს ვსვამდი, თითქოს დროსა და სივრცეში ვიკარგებოდი, გარეთ გამოსვლა მიჭირდა..."
ელისაბედ ჯავახიშვილი კალიგრაფია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი ძირითადი პროფესია დედობაა. მას ცხრა შვილი, 18 შვილობილი და 24 შვილიშვილი ჰყავს. ამის მიუხედავად, მრავალშვილიანობას გმირობად კი არა, ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. 19 წლის იყო, რომ გათხოვდა და 33 წლისას უკვე ჰყავდა - ხუთი ბიჭი და ოთხი გოგო. გურჯაანიდან, სოფელ ახაშნიდან არის. წერს ლექსებს, მოთხრობებს, რომლებსაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ერთხანს საპატრიარქოს რადიოში კითხულობდა.
"მასწავლებლებისგან გაბეზრებული ვამბობდი, ღმერთო, რატომ მომეცი ხატვის ნიჭი-მეთქი"
- ბავშვობიდან არაჩვეულებრივად ვხატავდი, სულ ფანქარი და ქაღალდი მეჭირა ხელში. თავიდან ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, მაგრამ როდესაც ნათესავებმა ნახეს ნახატები და აღფრთოვანდნენ, რა ნიჭიერი გოგო ყოფილხარო, მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველას არ შეეძლო. მგონი, მე-4 კლასში ვიყავი, ბიძაშვილმა, რომელიც პიონერთა სახლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ჩემი ნახატები საფრანგეთში გაგზავნა, კონკურსზე. იქიდან მომივიდა სიგელი, რითაც მეც ძალიან ვამაყობდი და ჩემი მასწავლებლებიც. ხუთი წლის წინ ვნახე, კვლავაც ამშვენებდა სკოლის კედლებს.
როდესაც გაკვეთილის ჩაშლა უნდოდათ ჩემს კლასელებს, მეხვეწებოდნენ, ლიზიკო, მიდი, რა, მასწავლებელი დახატეო - კარიკატურას გულისხმობდნენ. იცოდნენ, რომ ის გაბრაზდებოდა და გაკვეთილი ჩაიშლებოდა. პედაგოგების თხოვნით, ყველა კლასიკოსის პორტრეტი მქონდა დახატული და ვამბობდი, ღმერთო, რატომ მომეცი ხატვის ნიჭი და რატომ არ მომეცი წერის ნიჭი-მეთქი. ეს ნატვრა წლების შემდეგ შეისმინა ღმერთმა.
ლიზა ბაბო
- საოცარი ქალი იყო. შემოდგომაზე გაწაფული ხელით ჩამოწნავდა ხოლმე ყურძნის ჯაგნებს, როგორც ნაწნავებს; კურკაგამოცლილ ატმებს ფრთხილად, ფაქიზად აწყობდა ლასტზე, ლეღვის ჩირებს ფილთაქვით აბრტყელებდა, საბნის ძაფით და მახათით მძივებად აბნევდა და მიტკლის ტომსიკებში გამოამწყვდევდა ზამთრის გრძელ საღამოებში თავშესაქცევად. რაღაცნაირი უხმო მდუმარებით აყურადებდა და უსმენდა სამყაროს - ესმოდა ქვის, ხის, ცის, უსულოთა ენა, ყველაფერს ემეტყველებოდა... მის გარეშე რთველი როგორ ჩაივლიდა! გაზაფხულიდან დაიწყებდა და წლის მოსავალს მეორედ მოსვლასავით ელოდებოდა. ლოცვით შეჰღაღადებდა ღმერთს ჭირნახულის დაბინავებას, ამინდის მაჯაზე გულმიყურადებული ასცქეროდა ცას და სთხოვდა, შე თავსაფარგახუნებულო და დალოცვილო, ცოტა გვადროვე და ეს მოსავალი მარნის კარამდე მიგვატანინეო. ზოგჯერ ვიღაც გამოსძახებდა: ლიზა, იჩქარე, სოფლის თავში მავანი და მავანი სულს ებრძვის, არიქაო! შუბლზე ხილაბანდს გადაიკრავდა, მარანში საბარძიმე ზედაშესთან მუხლს მოიყრიდა და ქრისტეს სისხლი მიჰქონდა ავადმყოფის საზიარებლად. ასე იტვირთა უნებლიეთ მღვდლის როლი მხოლოდ იმიტომ, რომ ქვრივობის ნამუსიანად მატარებლის ტვირთი ზიდა. მერე ბრუნდებოდა თვალცრემლიანი, ხელებს გულზე დაიკრეფდა და წავიდაო, იტყოდა შვებით, ეზიარაო უფალს და პირჯვარს მტკიცედ გამოისახავდა - აცხონოსო ღმერთმა! ასე ცხოვრობდა ბებიაჩემი და ჩვენც გვასწავლიდა, როგორ გვეცხოვრა სწორად. გვიყვებოდა მთისა და ბარის საარაკო ამბებს, უფრო - საგმიროებსა და სულის გასაწრთობს...
ხუთი დედმამიშვილი ვიყავით და დედას არასდროს ეცალა ჩვენთვის, რადგან უამრავი საქმე ჰქონდა. დედა ბებიასთან გვგზავნიდა ხოლმე, ბებია სულ ამბობდა, ლიზიკო ისეთ უცნაურ კითხვებს მისვამს, ზოგჯერ მიჭირს პასუხის გაცემა, ამოუწურავია მისი ინტერესიო. მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს განვითარებაზე. კალიგრაფი რომ ვარ, ესეც მისი დამსახურებაა. ასოების სწავლა და წერა რომ დავიწყე, ისე შემაქებდა, ისეთ რამეს მეტყოდა, მეგონა, ასოები ცოცხლები იყვნენ და თუ არასწორად ჩამოვუსვამდი ხაზს, რამე ეტკინებოდათ. შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი და ანბანის ასოებით მეთამაშა.
"ერთ მშვენიერ დღეს წიგნსაც გამოვცემ"
- 1985 წელს გავთხოვდი, 19 წლისა და ხატვას თავი დავანებე. ერთხელ მატარებლის სადგურზე ჩემი სკოლის დამრიგებელი შემხვდა. უკვე იძვრებოდა მატარებელი, რომ შემამჩნია და მომაძახა, როგორ ხარო. კარგად ვარ, უკვე ხუთი შვილი მყავს-მეთქი. ისევ ხატავ? ალბათ, სამხატვროზე ჩააბარეო. ნონა მასწავლებელო, ახლა მე ცოცხალ ნახატებს ვხატავ-მეთქი, დავუძახე, მაგრამ კარგა ხანს გონებაში ჩამრჩა ეს შეხვედრა.
მე და ჩემს მეუღლეს წელიწადი და 7 თვე შვილი არ გვიჩნდებოდა. საუკეთესო ექიმები მეუბნებოდნენ, შვილი არასდროს გეყოლებაო, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რომ ერთი კი არა, ბევრი შვილი მეყოლებოდა და ასეც მოხდა. ხუთი შვილი მყავდა, ავარიაში რომ მოვყევი. 30 დღე უგონოდ ვიყავი, ხუთი წელი ძლიერ მედიკამენტებს ვსვამდი, თითქოს დროსა და სივრცეში ვიკარგებოდი, გარეთ გამოსვლა მიჭირდა... როდესაც გამოვჯანმრთელდი, კვლავ გამიჩნდა ხატვის სურვილი. დავჯექი დასახატავად, მაგრამ ვერ შევძელი და შვიდი ლექსი დავწერე. იმდენჯერ შევთხოვე ღმერთს, რატომ წერის ნიჭი არ მომეცი-მეთქი, ეტყობა, შეისმინა და იმ დღის მერე კალამი არ დამიდვია.
ჩემმა მოძღვარმა, მამა ილია ნასიძემ წლების წინ კურთხევა მომცა, წერილებად დამეწერა აღსარება, ზიარებით კი სხვასთან ვეზიარებოდი, სახლთან ახლომდებარე ეკლესიაში. თურმე მამა ილია ჩემს წერილებს აგროვებდა - წესით, ეს აღსარებები უნდა დამეწვა, მაგრამ ვერ დავწვი, ისე კარგად წერო. დაინტერესდა, საერთოდ თუ ვწერდი და მითხრა, ახლავე წადი საპატრიარქოს ფონდში, ხარჯთაღრიცხვას გააკეთებენ წიგნის გამოსაცემადო. წავედი, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ გამოვიყენე ეს შესაძლებლობა.… იმედი მაქვს, შევძლებ და ერთ მშვენიერ დღეს წიგნსაც გამოვცემ, იუმორისტულ მოთხრობებს კი ცალკე დავბეჭდავ.…
რამდენი რამ მომისმენია და იუმორთან თანშეზრდილს დღემდე მაკვირვებს კახელი გლეხების ენაწყლიანობა და მიამიტური გულუბრყვილობა. რამდენიმეს გავიხსენებ თქვენი მკითხველების გასახალისებლად და გასამხიარულებლად...
გოგიას მწიკვი მარწყვი
- ლაზარიანთ გოგიას მარწყვსა ჰპარავენ თურმე უბნის ბიჭები. ერთი ჩაცუცქულია მარწყვის მწკრივში და მოზრდილი ვედრო უდგას მუხლებს შორის. კრეფს სწრაფად, მაგრამ უცებ, სად იყო და სად არა, გოგია დაადგა თავზე. უყურებს, როგორ გულმოდგინედ კრეფს ეს ქურდბაცაცა მის მარწყვს. "კაცოო, - თავზე დაჰყვირის გოგია, - არ გესმის შენა?!" ქურდი ყურადღებას არ აქცევს. გულმოსული გოგია ისევ დაჰყვირის და თან გაბრაზებული ხელებს შლის. რას დამყვირი, ვერ ხედავ, ისედაც გული მაქვს შეღონებული ამის კრეფით, ისეთი წვრილია. მოდი, აბა, შენ დაკრიფე ასეთი წვრილი მარწყვიო, დაუწუნა თურმე პატრონს ნაშრომი.…
როგორ აღმოჩნდა მარუსა მეკარტოფილეს "ფორდში"
- ახლა მეორე ამბავს გიამბობთ გავაზელებსა და ველისციხელებზე. ცხელი ზაფხულია და გავაზში გარდაიცვალა 80 წლის მარუსა ბაბო. გულმა უმტყუნა და ჭირისუფალს უთხრეს, ბალზამს ვერ გავუკეთებთო. რა ქნან, არიან ერთ ამბავში და მეზობელმა შესთავაზა მის შვილს, რასა ნაღვლობ, აგე, მანქანა-მაცივარი ხომ მაქვს, ხალხის მოსვლა რომ შეწყდება, საღამოს მაცივარში დავაწვინოთ და გინდა შვიდ კვირას გაძლებსო.
შვილსაც მეტი რა გზა ჰქონდა და დაეთანხმა. დაიწყეს დასაფლავების სამზადისი, თან სამძიმარზე მოსულ ხალხს ისტუმრებენ თავჩაქინდრულები და ხელებჩამოყრილები. საღამოს პანაშვიდზე ველისციხელი მეკარტოფილე ვალიკო მოუვიდათ სამძიმრის სათქმელად და ერთი ტომარა კარტოფილიც მოუტანათ ""ჟარკოვისთვის". დასხდნენ ჭირისუფლებიცა და შემოსწრებული სტუმრებიც და მარუსა ბაბოს შესანდობარი უკვე მერამდენედ თქვეს. გვარიანად შეზარხოშდნენ და გვიანღა გაახსენდათ, რომ მაცივარ-მანქანაში ჩამოსაყვანი ჰყავდათ მარუსა ბაბო. ეს მეკარტოფილე ისე დათვრა, რომ სახლში აღარ გაუშვეს, ამაღამ აქ დარჩი, გავუთიოთ და ბოლო პატივი მივაგოთ დეიდაშენ მარუსასო და რაკი თვითონ ნასვამები იყვნენ, მეზობლის ბიჭები დაასაქმეს. მოკლედ, მარუსა ბაბო მეკარტოფილე ვალიკოს "ფორდში"" აღმოჩნდა. კვირა გათენდა და ვალიკო გზას დაადგა - ველისციხის ბაზარში კლიენტები ელოდებოდნენ. 15 წუთში ბაზარში თავის ადგილზე შეაყენა მანქანა. ჯერ გაიარ-გამოიარა, ფასებს გადახედა და მერე მანქანასთან მოგროვილი ხალხიც რომ დაინახა, ფეხს მოუჩქარა. მშვიდად გახსნა კარი და გულმა რეჩხი უყო - ვაჰ, კაცო, ამდენი რა დავლიეო, გაუკვირდა. ხედავს, არც მეტი, არც ნაკლები, კუბო დგას "ფორდში" და კარტოფილის ტომრები ზედ აყრია. რა ქნას, აღარ იცის. დაურეკა გავაზელებს, როგორა ხართ, აბა, რასა შვრებითო? ისეა დაბნეული, როგორ უთხრას სათქმელი, ვერ ხვდება. დავიღუპეთო, იმათ, დედაჩვენი აღარ არის, ვერა ვპოულობთ, მაცივარი ცარიელია და რა ვუთხრათ ხალხსო, ვიშვიშებენ თურმე. ნუ გეშინიათ, კაცო, დედაშენი აქ არის, ველისციხის ბაზარშიო. რას ამბობ, მანდ რა უნდაო?! რა ვიცი, აბა, ეტყობა, ბოლოჯერ წამოვიდა ბაზარში, საყიდლებზეო...
"საავადმყოფოებში ხალხი სიცოცხლისთვის იბრძოდა..."
- სულ მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ გაჭირვებული ადამიანები, მძიმე ავადმყოფები. ასე აღმოვჩნდი წლების წინ ერთ-ერთ საავადმყოფოში. დავდიოდი კორიდორში, ვიხედებოდი პალატებში... თითქმის ყველა საავადმყოფო შემოვიარე. მაშინ ადვილი იყო შესვლა, არავის ამოწმებდნენ. ასე მოვხვდი დამწვრობის ცენტრში. ერთ ექთანს ვთხოვე, თუ შეგიძლიათ, ძალიან მძიმე ავადმყოფები მაჩვენეთ-მეთქი. ერთ პალატაში ქალს სახეც კი არ უჩანდა, ისე იყო დაბინტული. ექთანმა - პატრონი არავინ ჰყავს და სხვებს ვპარავ წამლებს, იქნებ ვაცოცხლო და როგორმე გამოვაკეთო, ახლოს არავინ ეკარებაო. ფაქტობრივად, ზეზეურად იხრწნებოდა, პალატაში საშინელი სუნი იდგა, ექიმებსაც უჭირდათ იქ შესვლა. მივდიოდი და ვეხმარებოდი ხოლმე ექთანს, ისევე, როგორც მერე ონკოლოგიურში, პალიატიურ განყოფილებაში მყოფ პაციენტებს. ონკოლოგიურში კვირაში ორი დღე მივდიოდი, მათთვის ფიზიკური თუ სულიერი ტკივილების შემსუბუქებას ვცდილობდი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი, იმ ამბებს ახლა მოთხრობებად ვწერ.…
ერთხელ მამა გიორგი დორეულს ვთხოვე და აღდგომის წინა დღეს მათთან წავიყვანე საზიარებლად. შვიდი ადამიანი აზიარა და ზუსტად 15 წუთში იმ შვიდიდან სამი გარდაიცვალა - პირდაპირ სასუფეველში მოხვდნენ. თუკი რამ კარგი გამიკეთებია, ეს ამბავი მახსენდება განსაკუთრებულად.
ერთხელ პროფესორმა მიშა შავდიამ დამიბარა. კაბინეტში დამხვდნენ სანდრა რულოვსი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი და გადმომცეს სიგელი. ასე გავხდი საქართველოში პირველი მოხალისე ქალი, რითაც ძალიან ვამაყობ.
"პატრიარქმა სასაზღვრო ზოლში მდებარე სოფელში წასვლა შემომთავაზა"
- ერთი პერიოდი საპატრიარქოში ვმუშაობდი კალიგრაფად. პატრიარქი რამდენჯერაც დამინახავდა, იმდენჯერ ფულს მჩუქნიდა - იცოდა, ბევრი შვილი რომ მყავდა. ძალიან მერიდებოდა და სულ ვემალებოდი. ერთხელ ვთხოვე, რაკი მთა იცლება, იქ გამიშვით-მეთქი საცხოვრებლად. ბარის ქალი მთაში ვერ გაძლებს, მაგრამ შენს ნათქვამს დავიმახსოვრებო, მითხრა.
მართლაც, 15 წლის მერე დამიბარა და სოფელ ხუჯაბში გამიშვა. ეს არის სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში. ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული სამონასტრო კომპლექსი სომხეთის საზღვრებში მოექცა, ყოველ შემთხვევაში, სომხური მხარე მას თავის სახელმწიფო საზღვრებში მიითვლის. როდესაც ვთქვი, რომ პატრიარქმა სხვა 16 ოჯახთან ერთად სასაზღვრო ზოლში მდებარე სოფელში წასვლა შემომთავაზა-მეთქი, მეუღლეც და შვილებიც უყოყმანოდ დამთანხმდნენ. ორ წელიწად-ნახევარი სკოლის გარეშე იყვნენ ჩემი შვილები, არ იყო შუქი, არც მაღაზია, არც აფთიაქი. შეშა უკანონოდ რომ გაჰქონდათ, ქვეყანა შევყარე, ჩვენს ტყეებს სომხები კაფავენ-მეთქი. მახსოვს, სოფელ ახკერპის დეპუტატი მოვიდა და მითხრა, არ მესმის, ლომს ხახაში რატომ უყოფ თავს, შვილები ხომ გყავსო? უნდოდათ, სოფელი მიგვეტოვებინა. როდესაც ეს ყველაფერი ჩემმა მოძღვარმა გაიგო, მითხრა, ეგენი ისეთი საშიში ხალხია, შვილებს ხელი მოჰკიდე და წამოდიო.
- როგორ მოხდა, რომ თქვენი შვილების გარდა კიდევ 18 ბავშვი გაზარდეთ? - ესეც ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა. ძეგვის ბავშვთა სახლში ქუჩიდან მოჰყავდათ ბავშვები, რომლებზეც მშობლები არ ზრუნავდნენ. მე კი ისინი სახლში მომყავდა და შვილებივით ვზრდიდი. ჯერ მეგრელი და-ძმა მომიყვანეს, მერე - სამი და-ძმა გაბიდაურები, მერე - საგინაშვილები, ისინიც სამნი იყვნენ... ზოგი 5-6 წელი ცხოვრობდა ჩემთან. ჩემს შვილებს მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, და-ძმებივით იყვნენ. მე შევძელი და მოვიპოვე ჯერ მათი ნდობა, შემდეგ კი - სიყვარულიც. მახსოვს, ჩემს შვილებს არ ვეფერებოდი მათ დასანახავად, გული რომ არ სტკენოდათ. მერე მძინარეებს ჩამოვუვლიდი ხოლმე და ისე ვკოცნიდი. დღემდე ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მოდიან ჩვენთან, მკითხულობენ, ნათელმირონობაც კი გვაკავშირებს ერთმანეთთან.
- მოდი, საუბარი თქვენი ერთი ლექსით დავასრულოთ. - ერთი ლექსიდან წაგიკითხავთ ნაწყვეტს: "ქალობისა და დედაშვილობის ტვირთი მძიმე უსურვაზივით გულს მახვევია.ჩამომიმწიფდა სიმძიმისაგან დაღლილი მხრები,ველი მოსავალს, შემოდგომა მწიფს ხვავრიელად...გულს დაქროლილი ნიავივით ამოსცდება თხოვნა-მუდარა ღმერთთან,ძალიან მიმძიმს ტვირთის ტარება…მხრები მაწუხებს, გულიც მტკივადა ჩემს სხეულში ანთებული ჭიაკოკონა იწვის უცეცხლოდ,გულგრილობის ზენა ქარი დარაბებს ხურავს,მარტოობის თავსაბურავი გულს ვეღარ მითბობს,ვერ ვპოულობ ადგილს ვერსად,თუნდაც წამიერ მოსასვენებელს…"
ნინო ჯავახიშვილი