"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
"ჩემს თავში ვერაგული გეგმები არასდროს მწიფდება და სხვის მზაკვრულ ჩანაფიქრსაც ვერ ვიგებ"
"მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა, გულუბრყვილობა და საოცარი ბრძოლის უნარი. შეუძლია, ნებისმიერი ფიასკოსა და კრახის შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს. საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ მისგან განსაკუთრებულ რომანტიკას ნუ ელით. ზოგჯერ ოჯახის წევრებისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვს, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემის წარმოქმნის მიზეზი ხდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი ექიმისა და ტელეწამყვანის, ნინო ნადირაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, თუმცა ამ სფეროს მიმართ ინტერესი მეტ-ნაკლებად მაქვს. ასტროლოგიურ პროგნოზსაც პერიოდულად ვეცნობი. ოპტიმისტი ვარ, ყურების ჩამოყრა არ მახასიათებს. ახლა ჩემი წელია, იმედიანად ვარ განწყობილი, თუმცა ისიც ვიცი, რომ არც სიხარულს, არც ბედნიერებას ისე არავინ მაჩუქებს, ამაზე თავად თუ არ ვიზრუნე.
- შრომისმოყვარე ხართ? - შრომას დაბადებიდან მიმაჩვიეს. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ რაღაც დავალებებს ვასრულებ.
- "მომთმენი, ჩუმი და თავშეკავებულია". - არც ერთი ვარ, არც - მეორე და არც - მესამე.
- "დაუშრეტელი ენერგია, გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და უჩვეულო ოპტიმიზმი ახასიათებს". - დიახ, ეს სამივე თვისება ჩემია.
- თქვენი ენერგიის წყარო რა არის?
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამამ მითხრა, დიდი ხარო. მას შემდეგ მთელი ცხოვრება სულ მქონდა ჩემს ნამოქმედარზე პასუხისმგებლობის გრძნობა, სულ სხვაზე ვზრუნავდი. ადამიანს სხვაზე ზრუნვის მომენტი გაიძულებს, არ მოდუნდე, ძლიერი იყო, რომ გქონდეს ძალა და საშუალება, ვისზეც პასუხისმგებლობას იღებ, მათთვის ბრძოლა შეგეძლოს.
- "მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა, გულუბრყვილობა და ბრძოლისუნარიანობა". - დიახ, ჩემი მოტყუება ადვილია. ჩემს თავში ვერაგული გეგმები არასდროს მწიფდება და სხვის მზაკვრულ ჩანაფიქრსაც ვერ ვიგებ, მაგრამ როცა ის გეგმის განხორციელებას იწყებს, სწრაფად და ხისტად ვრეაგირებ, ამ დროს დაუნდობელიც კი ვარ. ვინც ჩემი ხასიათი იცის, ცდილობს, ჩემი ბავშვური გულუბრყვილობით არ ისარგებლოს. ამ დროს, ჩემში გაღვიძებული დაუნდობლობა არ მომწონს, პატიებაც მიჭირს.
- ბოდიშის მოხდა? - არასდროს მიძნელდება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, საქმე ბოდიშის მოხდამდე არ მივიყვანო. როცა რამეს ვაკეთებ, ბევრს ვფიქრობ, ჩემი ნამოქმედარით, გადაწყვეტილებით ვინმეს არ ვავნო, გული არ ვატკინო. ჩემი თავისთვისაც ბევრჯერ გადამივლია, ოღონდ სხვისთვის არ მეწყენინებინა.
- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალებისა და უპირატესობის დამტკიცება". - არც უმაგისობაა, უფრო სწორად, ეს ახალგაზრდა ვერძის თვისებაა. სასიამოვნოა, როცა რაღაცები კარგად გამოგდის, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ბოლო დროს ვცდილობ, სხვებს გამოუვიდეთ ყველაფერი უკეთესად და მე თავი დამანებონ. სულ უფრო ვცდილობ, ჩრდილში ვიყო და საქმე ჩუმად ვაკეთო.
- "ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს". - დაბადების ზუსტი დროის მიხედვით, ბევრი პლანეტა სასწორის ზოდიაქოში მყავს, დიპლომატია და ლავირება არ მიჭირს. რაღაცების მტკიცებას ხისტად და ღიად არ ვიწყებ. მირჩევნია, ის რაღაც ჩემი საქმით დაინახონ და არა - ხმამაღალი ფრაზებით. დაპირებებს საერთოდ ვერ ვიტან, ფუჭი იმედების მიცემა მეზიზღება.
- "მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, აქვს უნარი, ნებისმიერი კრახის შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს". - კი, ეს უნარი ნამდვილად მაქვს.
- ეს ძლიერი ადამიანის თვისებაა, არა? - კარგია, როცა ეს უნარი გაქვს, მაგრამ მას მეორე მხარეც აქვს. როცა ფეხზე წამოდგომას მუდმივად ახერხებ, არავის ჰგონია, შენ თუ დაეცი, გეტკინა, სალ კლდედ მიგიჩნევენ და ყველა ცდილობს, ჩამოგეკიდოს, დაგებღაუჭოს. მერე მთელი ცხოვრება მათი სიმძიმის ტარება გიწევს. როცა სუსტად გთვლიან, ყველა ცდილობს, შენზე იზრუნოს, უფრო მარტივად ცხოვრობ, ნაკლებ ენერგიას გასცემ და მოდუნებული ხარ.
- "თავგამოდებით იცავს სამართალს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას". - დიახ, სამართალს ყოველთვის ვიცავ. ზოგჯერ დაჩაგრული ჩემს დაცვას სულ არ იმსახურებს, მაგრამ მაინც ვიცავ. ხანდახან თავს რომ მოიმკვდარუნებენ, მეცოდება, ამ დროს ჭკუაში მატყუებენ.
- "წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს". - აფეთქება უეცრად ვიცი, შურისძიება და წყენის გულში ჩადება არ მჩვევია, არც სამაგიეროს გადახდის სურვილი მაქვს. მეზარება კიდეც, მაგრამ წყენა სულ მახსოვს.
- "სხვას ცრემლს იშვიათად აჩვენებს". - ასე არ არის. ხშირად ვინმეს ნაამბობზეც მეტირება. როცა გადაცემაში სტუმრად ომის გმირების დედები გვყავდნენ, 3 საათი ვტიროდი, ვერ გავჩერდი. საკუთარ ამბებზე ნაკლებად მეტირება, მაგრამ ცრემლის დამალვას არასდროს ვცდილობ. საკუთარი ყველაფერი მომწონს, ჩემი ცრემლიც მიყვარს. სადაც საჭიროა, ვტირი, სადაც საჭიროა - ვიცინი.
- ფიცხი ხასიათი გაქვთ? - საკმაოდ, მაგრამ ვამჩნევ, ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი სიფიცხე იკლებს. ყველაფერზე აღარ ვბრაზდები. ამბავი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს უნდა ეხებოდეს, რომ გადავფსიხდე. ვცდილობ, ნაკლებად მნიშვნელოვან ამბებზე წონასწორობიდან არ გამოვიდე.
- "ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, ბედნიერება როდის დაატყდება თავს; ურჩევნია, თავად იბრძოლოს, მოიპოვოს". - ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ვცდილობ, ყოველდღე საბრძოლველად ვიყო მომართული. მომავლის დაგეგმვა არ მჩვევია. ხომ გაგიგონიათ, "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა". ეს სიტყვები დიდი სიმართლეა. კარდიოლოგი ვარ, იმდენი სიკვდილის შემსწრე გავმხდარვარ, რა მომავლის დაგეგმვაზეა ლაპარაკი?!.
- "თუ რამე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია, მასში დონ კიხოტის სული ცხოვრობს". - ასეთი ძალიან ჯიუტი არ ვარ. არგუმენტირებულად თუ ამიხსნი, რატომაც არა?! განსხვავებულ აზრს ყოველთვის ვისმენ. ასეთი რომ არ ვიყო, გუნდურად მუშაობას ვერც შევძლებდი. სამსახურშიც ყოველთვის ვცდილობ, საქმე გადავანაწილო, რომ ადამიანებს საკუთარ სამსახურზე ჰქონდეთ პასუხისმგებლობის განცდა. ჯგუფურად მუშაობაც მიყვარს და წარმატების გაზიარებაც. კლინიკაში ახალგაზრდა ექიმებს ვაკვირდები, მათი გონებრივი შესაძლებლობები მახარებს და ვცდილობ, წინსვლისთვის მაქსიმალური პირობები შევუქმნა. ჩემ გვერდით გონიერი და ჭკვიანი ადამიანების არსებობა ძალიან მახარებს.
- ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა.
- ჯანსაღია, თუმცა უჩვეულო გახდა. წესიერ, პატიოსან, ნიჭიერ ადამიანებთან ერთად ცხოვრება და შრომა სიამოვნებაა, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე მხოლოდ მე ვბრწყინავდე ცის კაბადონზე. ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი ბრილიანტი - ბევრ ნაგავში.
- როგორ ფიქრობთ, ადამიანების კეთილგანწყობასა და სიმპათიას ადვილად იმსახურებთ? - ადამიანებთან საერთო ენის პოვნა და ურთიერთობის დამყარება იოლად გამომდის. ის, რომ არასდროს ვიტყუები, ყველასთვის საგრძნობია, გულწრფელობა კი ყოველთვის მისასალმებელია. მოვწონვარ თუ არა, ჩემი გულწრფელობა ბევრს განაიარაღებს ხოლმე.
- სიახლეებს რთულად იღებთ? - რთულად არ ვიღებ, მაგრამ ბუნებით მაინც კონსერვატორი ვარ. ნებისმიერი ცვლილების პირობებში, ადაპტაცია, რეაგირება ძალიან სწრაფად შემიძლია. ფორსმაჟორში საკმაოდ მობილიზებული ვარ. საერთოდ, სიახლეები არ მიყვარს. მაგალითად, კარადა ან დივანი როგორც დავდგი, ისე უნდა იდგეს, გადაადგილებები ინტერიერშიც არ მიყვარს.
- მოუსვენარი ხართ? - ძალიან. გაკვეთილზე 45 წუთი გაჩერება ჩემთვის წამება იყო.
- "მოსწონს ისეთი სამსახური, სადაც ხალხთან დიდი დოზით უწევს ურთიერთობა". - დიახ, ჩემი ყველა სამსახური ასეთია.
- "მისთვის უმთავრესი ოჯახია". - მართალია, ჩემთვის ოჯახი ყველაზე ფასეულია.
- "საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით". - რომანტიკას რატომაც არა?! მუდმივად რომანტიკულ განწყობაზე ყოფნა შეუძლებელია. საიმედო ნამდვილად ვარ, მაგრამ მგონი, ჩემი მეუღლე ჩემზე მზრუნველია. ჩემი მზრუნველობა ის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომელიც საქმისა თუ ადამიანების მიმართ მაქვს, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ოჯახის წევრები, ასევე ნათესავები, მეგობრები.
- "ზოგჯერ ოჯახის წევრებისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვს, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემების წარმოქმნის მიზეზი ხდება". - არ ვიცი, შეიძლება ვარ ეგეთი და ვერ ვხვდები, ვერძები ზედმეტად თვითკრიტიკულები არ ვართ.
- "შორსმჭვრეტელობით, ლოგიკური აზროვნების უნარით გამოირჩევა". - შორსმჭვრეტელობის უნარი სავარაუდოდ, კარგად განვითარებული ინტუიციის შედეგია. ეს თვისება ჩემს საქმეში ძალიან მეხმარება.
- პირდაპირობა გჩვევიათ? - ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირიც კი ვარ.
- "თუ სადმე რაიმე ახალი საქმის წამოწყებაა საჭირო, მწვერვალია დასაპყრობი თუ რეკორდია მოსახსნელი, შეგიძლიათ, ეს საქმე ვერძს თავისუფალად მიანდოთ". - ეს აზარტია, მოგების წყურვილი. ეს თვისებები მამოძრავებს, ძალას მმატებს. მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული ადამიანი ვარ, მატერიალისტი - ნაკლებად. ფუფუნების, ბევრი ფულისა და ქონების მოყვარული ნაკლებად ვარ. აღიარების, დაფასებისა და გამარჯვების ჟინი - აი, ამ ადრენალინით ვცხოვრობ.
თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"