"მანანა მოსკოვში რომ გაგზავნეს ყოველ შაბათ-კვირას მასთან ჩავდიოდი. როგორც ჩანს, გული მოვულბე და ტიციანის დაბადების დღეს ხელი ვთხოვე, დამთანხმდა"
"1937 წლის ოქტომბრის ღამეს უსაყვარლეს მეუღლეს და ერთადერთ ქალიშვილს ნიტას ტიციანი ამ სიტყვებით გამოემშვიდობა: "იცოდეთ ერთი რამ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალში ჩახედვის არასდროს შეგრცხვებათ"
ხშირად ვერ შეხვდები ისეთი დიდი პოეტების შთამომავალს, როგორიც ტიციან ტაბიძეა. პოეტის, რომელსაც ბრალად სამშობლოს ღალატი დასდეს, არადა, სულით ხორცამდე პატრიოტი იყო. აკი წერდა კიდეც: "დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი". 1937 წელს 42 წლისა დააპატიმრეს და 16 დეკემბერს დახვრიტეს. თითქოს წინასწარვე გრძნობდა თავის ხვედრს, როდესაც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე წერდა: "არ გამოცვლილა ხომ პოეზია მუზები ცისკრის კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ".
შარშან დაბადებიდან 125 წლისთავი შეუსრულდა, იგეგმებოდა კიდეც საიუბილეო საღამო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო - ეს ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძემ მითხრა. ბატონი გივი ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის კონსულტანტია. ამის გარდა, ის გახლავთ მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში, საქართველოს ხუთგზის და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი. 2019 წელს "სპორტის რაინდის" წოდებაც მიანიჭეს. 77 წლისაა, თუმცა ასაკს არ ეპუება და ყოველ წელს მონაწილეობს ვეტერან მოფარიკავეთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ის შესანიშნავი მოსაუბრეც აღმოჩნდა და ბებიასთან, ნინა მაყაშვილთან და დედასთან, ნიტა ტაბიძესთან დაკავშირებული ბევრი ამბავიც გაიხსენა.
ბებია - ნინო მაყაშვილი
- ბებია 1965 წელს გარდაიცვალა. მასთან ერთად ხშირად დავდიოდი მოსკოვში, სადაც ბორის პასტერნაკის ოჯახში ვცხოვრობდით. ტიციანი მოსკოვში სწავლის დროს დაუმეგობრდა ბორის პასტერნაკს, სერგეი ესენინს, ნიკოლოზ ტიხონოვს და სხვებს და ბებია ტიციანის გარდაცვალების შემდეგაც არ წყვეტდა მათთან ურთიერთობას. კარგად მახსენდება პასტერნაკების ოჯახში გატარებული წლები. პამიდვრის დარგვაშიც კი ვეხმარებოდი ხოლმე მწერალს... ერთად ვსეირნობდით...
1959 წელს პასტერნაკი საქართველოში ჩამოვიდა. იმ დროს "ექიმი ჟივაგო" უკვე გამოცემული იყო და დიდი აურზაურიც იყო ატეხილი. ხრუშჩოვი და მისი მთავრობა არ სწყალობდა მწერალს. ინგლისის ელჩი უნდა ჩამოსულიყო რუსეთში და უთხრეს, ქვეყნიდან წასულიყო. ერთი თვე იყო ჩვენთან. არავის სტუმრობდნენ, დედასა და ბებიასთან ერთად საღამოობით თუ გავიდოდნენ სახლიდან, არავინ რომ არ შეხვედროდათ. მახსოვს, ერთხელ მცხეთაში წავედით, სვეტიცხოველში. ჩვენი მისვლისას ავტობუსები გაჩერდა და ერთმა ტურისტმა იცნო - ბატონო ბორის, ნუთუ თქვენ ხართო? არა, რას ბრძანებთ, ბორისი არ ვარო, იუარა.
ბებიასთან დაკავშირებით რამდენი რამ მახსენდება.… ტიპური ქართველი ბებია იყო - ტკბილი, თბილი, ჭკვიანი, ძალიან კარგი ქალი.… 1963 წელს ბელგიის ქალაქ გენტში გავხდი ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი, უშველებელი თასი გადმომცეს. ბებია ამით ძალიან ამაყობდა და ყველგან, სადაც მიდიოდა, ამის ამსახველი ფოტოსურათი მიჰქონდა, შეხედეთ, ჩემი შვილიშვილი მსოფლიოს ჩემპიონიაო. ბებია ყვარლიდან იყო და მეც ხშირად დავყავდი იქ. არდადეგების ორ-სამ თვეს ბეოქლიშვილების ოჯახში ვატარებდით. იტყოდა ხოლმე, ერთი დედის ძუძუს წოვდნენ ჩვენი წინაპრებიო. ისე შემაყვარა იქაურობა, რომ ნაკვეთი ვიყიდე და საფერავი და რქაწითელი მოვაშენე. სახლი ვერ დავამთავრე, თუმცა ეზოში უამრავი ხეხილი დავრგე. მოკლედ, ბებიას სიყვარულმა კახეთიც შემაყვარა. ბეოქლიშვილებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა.
- კახელებს ხასიათითაც ხომ არ დაემსგავსეთ? - რა გითხრათ, კი მეუბნებიან ხოლმე, ძალიან ჯიუტი ხარ, ყოველთვის შენსას აკეთებო, მაგრამ ასე რომ არ იყოს, წარმატების მიღწევა გამიჭირდებოდა, განსაკუთრებით - სპორტში. თუ გამტანი და მებრძოლი არ ხარ, არაფერი გამოგივა. დღემდე ყოველ წელს გამოვდივარ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ამიტომაც მაქვს არაერთი მიღწევა ფარიკაობაში.
- სპორტში მიღწეულ წარმატებებზე, თქვენი ნებართვით, მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა კვლავ ძველი ამბები უნდა გკითხოთ, თუ ეკითხებოდით ბებიას ტიციანთან შეხვედრისა და დაქორწინების ამბავს? - მისგან ვიცი, რომ თბილისში, ცისფერყანწელთა თავშეყრის ადგილას, კაფე "ქიმერიონში" გაიცნეს და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ბებია ჰყვებოდა ხოლმე, რომ ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიას მისთვის მიხაკების თაიგული მიურთმევია, ტიციანს კი აუღია ერთი მიხაკი და ბებიასთვის უთქვამს, ეს ერთი მიხაკი უფრო ძვირფასი იქნება, ვიდრე მთელი თაიგულიო. უეჭვიანია - ხომ ამბობდნენ, კონსტანტინეს მოსწონდაო ნინა მაყაშვილი.
ბებია გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც მერე ტიციან ტაბიძის მუზეუმი გავაკეთეთ. შეყვარებულები რუსთაველზე ხშირად სეირნობდნენ. ამ მუზეუმს ჯერ დედა ხელმძღვანელობდა, მერე - ჩემი და, ნინიკო ანდრიაძე, ახლა კი იქ ჩემი ქალიშვილი მარიამი ცხოვრობს.
ოჯახი
- მანანა მეგობართან, ნუცა ჭირაქაძესთან გავიცანი. ჩემი მეუღლე კონსერვატორიის პრორექტორი გახლდათ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. მან დააარსა სახელმწიფო კონსერვატორიაში საეკლესიო მუსიკის კათედრა, შექმნა ქართული საგალობლების კვლევის სკოლა. საოცარი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, 2013-ში 62 წლისა გარდაიცვალა. ახალი გაცნობილი მყავდა, რომ საკანდიდატო დისერტაციისთვის მოსკოვში გაგზავნეს ერთი თვით. ყოველ პარასკევს მივფრინავდი მოსკოვში, შაბათ-კვირა მასთან ერთად რომ გამეტარებინა. ასე გაგრძელდა მთელი თვე. როგორც ჩანს, გული მოვულბე და როცა ტიციანის დაბადების დღეს, 2 აპრილს ხელი ვთხოვე, დამთანხმდა. ქალ-ვაჟი მყავს - მარიამი და ლექსო. მარიამს ორი შვილი ჰყავს, ლექსოს - ერთი, რომელსაც ჩემი სახელი დაარქვეს - ნიკოლოზი. ლექსომ ამერიკაში კერძო სკოლა დაამთავრა. თბილისში რომ ჩამოვიდა და უმაღლესში უნდა ჩაებარებინა, ვუთხარი, მამა, ბაბუა, დიდი ბაბუა - ყველა ექიმი გყავდა და მინდა, შენც ექიმი გახდე-მეთქი.
მამაჩემი კარდიოლოგი იყო, ბაბუა - ინფექციონისტი. მისი დაარსებულია ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ხილიანის ქუჩაზე. ლექსომ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, ერთი თვე ისწავლა და მერე მითხრა, არ შემიძლია ამ რაღაცების სწავლა, გთხოვ, თავი დამანებეო. ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა და დღეს ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორია. მარიამიც ბიზნესშია, ასე რომ, არც ერთი არ გამოვიდა არც პოეტი და არც - ექიმი, მაგრამ ხომ ამბობენ, მომავალ თაობებში იღვიძებს გენიო და ვნახოთ - იმედი მაქვს, შვილიშვილები აირჩევენ დიდი ბებია-ბაბუების გზას.
"12 წლისამ პირველი ოქროს მედალიც მოვიპოვე"
- ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ჭადრაკის წრეზე დავდიოდი. ვახტანგ ქარსელაძე იყო ჩემი პედაგოგი. კარგად ვთამაშობდი, მაგრამ რაკი ბუთხუზა ვიყავი, მამამ, რომელიც ყოფილი ტანმოვარჯიშეც გახლდათ, ფორმაში ჩასადგომად ფარიკაობის წრეზე მიმიყვანა დამსახურებულ მწვრთნელთან, ანტონ ფიოდოროვთან. დაახლოებით ერთ წელიწადში საქართველოს პირველობა მოვიგე. მალევე - ეს იყო 1958-60 წლები - საბჭოთა კავშირის პირველობა უნდა გამართულიყო მოსკოვში. რაპირაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი წევრი ავად გახდა და მის ნაცვლად მე შემარჩიეს. თან ეეჭვებოდათ, ამ პუტკუნა ბიჭმა რა უნდა გააკეთოსო. 12 წლისამ გავიმარჯვე და პირველი ოქროს მედალიც მოვიპოვე. გავიმარჯვე მომდევნო წელსაც და ამასობაში შემიყვარდა კიდეც სპორტის ეს სახეობა. სამჯერ მოვიგე საბჭოთა კავშირის პირველობა.
17 წლისა უკვე სპორტის ოსტატი ვიყავი. 1962 წელს მსოფლიოს პირველობაზე წავედი ეგვიპტეში. კარგად მახსოვს, ფრანგმა მოფარიკავე კურტილიამ მოიგო მაშინ ეს პირველობა. საერთოდ, შემტევი სტილის მოფარიკავე ვარ, მაგრამ მასთან ბრძოლისას დაცვაზე გადავედი.
ფარიკაობის დროს უცებ ვიღაცამ დაიძახა, ქართველი არ ხარ, მიდი, შეუტიე, ნუ გეშინიაო და ამან ისე გამაკვირვა, დავიბენი და მიმოვიხედე, საიდან მესმის-მეთქი ეს ხმა. მაშინ საზღვარგარეთ ასე ხშირად ხომ არ იყვნენ ქართველები?! მივიხედე თუ არა, იმ ფრანგმა არ მიჩხვლიტა? წავაგე ის ბრძოლა, ქართველის შეძახილმა წამაგებინა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ რევანში ავიღე. კურტილიას ბელგიაში შევხვდი. იქ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მთელი ამალა ჩამოიყვანა. დარწმუნებული იყო, ისევ მოიგებდა. მე ჩემი მწვრთნელი, ბიჭიკო მესხი და საიჩუკი - საბჭოთა კავშირის უფროსი მწვრთნელი მახლდნენ მხოლოდ. ვინ გამომაყოლებდა ბელგიაში ნათესავებს? ფინალში მოვხვდით ოთხნი. პირველი ბრძოლა სწორედ კურტილიასთან მქონდა და როგორც გაზეთები წერდნენ, ზუსტად ერთ წუთში მოვუგე 5:1 რაპირაში. მეორე ბრძოლა მქონდა რუმინელ დრინბასთან და 3:1 დავასრულე. მესამე ბრძოლა ავსტრიელ მოფარიკავესთან მქონდა. ბოლოს შვეიცარიელთან 4:3-ს ვიგებდი, ერთი ჩხვლეტაღა მაკლდა, მაგრამ უეცრად ისე დამეძაბა ხელი, ვეღარ ვამოძრავებდი. მომცვივდნენ მწვრთნელი და მასაჟისტი და ხელის დამუშავება დამიწყეს.
მოსკოვში მავარჯიშებდა ერთი ცნობილი მწვრთნელი, არკადი ერქვა და ის მასწავლიდა, მოწინააღმდეგე შეტევას რომ დაიწყებს, ოდნავაც თუ გასწევს ხელს, შეგიძლია კონტრშეტევა დაიწყო და უცებ უჩხვლიტოო. მართლაც, შეტევა დაიწყო თუ არა, გამახსენდა მისი ეს რჩევა და უცებ ვუჩხვლიტე. 5:3 დავამთავრე ის ბრძოლა და გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი.
- მშობლებს, ცხადია, ძალიან ახარებდათ თქვენი მიღწევები. - ეგვიპტიდან რომ ჩამოვედი, მახსოვს, მამა ერთი წელი წესიერად არ მელაპარაკებოდა, როგორ ვერ მოიგე ჩემპიონატიო. მერე, ბრძოლის დროს რომ გამიჭირდებოდა, ყოველთვის ეს სიტყვები მახსენდებოდა, ვფიქრობდი, რომ წავაგო, მამა რას მეტყვის-მეთქი და თითქოს ძალა მემატებოდა. 19 წლისამ რამდენი რამ ვნახე, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოვხვდი, მამას კი ის ერთი წაგება იმდენ ხანს ახსოვდა!.. სამაგიეროდ, დედა სულ მკოცნიდა, გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც,… სხვანაირი ქალი იყო - ძალიან თბილი, მოსიყვარულე, საოცარი მეგობრობა იცოდა, ურთიერთობა არავისთან ეშლებოდა. ყოველთვის ბევრი სტუმარი გვყავდა და დედა მათ ტკბილად ხვდებოდა, ამიტომაც ყველას უყვარდა. საერთოდ არ იყო მკაცრი, მიუხედავად იმისა, რაც გადაიტანა.
16 წლის იყო, როდესაც ტიციანი დახვრიტეს, მაგრამ მაინცდამაინც ბევრს არაფერს მიყვებოდა ამის შესახებ - ალბათ, გახსენება არ უნდოდა. ამბობდა, რომ ტიციანი, ძირითადად, ღამღამობით წერდა ლექსებს და პირველად ბებიას უკითხავდა. თურმე ჯერ წიგნში ჩადებდა ახალ ლექსს ერთ კვირით ან 10 დღით, მერე ამოიღებდა, ისევ წაუკითხავდა ნინას და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰქონდა დასაბეჭდად.
- სპორტში მიღწეული წარმატებების მიუხედავად მაინც ბაბუისა და მამის კვალს გაჰყევით... - ვფიქრობ, რომ სწორად ავირჩიე პროფესია. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. დღესაც კი ვმუშაობ, ვარ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოქირურგიული დეპარტამენტის კონსულტანტი, სადაზღვევო კომპანიებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის მენეჯერი, ასევე - კარდიო-რეანიმაციული ცენტრის დირექტორი.
მომავლის გეგმები
- ყოველდღე ვვარჯიშობ, დავრბივარ, ვცურავ,…2013 წელს იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი დავიკავე. 2014 წელს უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატზეც მესამე ვიყავი, 2019 წელს კი გერმანიის ქალაქ ბედელსტერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პროფესიონალ ექიმებს შორის ფარიკაობის სამივე სახეობაში - რაპირაში, დაშნასა და ხმალში პირველი ადგილი დავიკავე, სამი ოქროს მედალი წამოვიღე საქართველოში. წელსაც უნდა ჩატარებულიყო ჩემპიონატი, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და რა იქნება, ჯერ არ ვიცით.
გარდა ამისა, ვემზადები გინესის რეკორდსმენობისთვის. ერთი წელია, ინგლისშია გაგზავნილი საბუთები და პასუხს ველოდები. პირველად მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი რაპირაში, იმ გამარჯვებიდან 56 წლის შემდეგ მოვიგე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი პროფესიონალ ექიმებს შორის და ამ ორ გამარჯვებას შორის 61 წელი იყო - ამას თვლიან რეკორდად.
მზადება საიუბილეო საღამოსთვის
- უმძიმესი ტრაგედიები ხდებოდა იმ დროს - ტიციან ტაბიძე 42 წლისა დახვრიტეს და მისი საფლავიც კი არ ვიცით,…კიდევ კარგი, 1937 წელს რეპრესირებული ხელოვანების უკვდავსაყოფად მთაწმინდის პანთეონში სიმბოლური მემორიალი გავაკეთეთ... რას აღარ ამბობდნენ - ციმბირის ტრამალზე, ქარბუქში დატოვესო, რუსთავის გზაზე დახვრიტეს და იქვე დაასაფლავესო, მაგრამ როგორ ან სად მოძებნიდი?
ერთ სატელევიზიო გადაცემაში მსახიობ ბესო ზანგურის წაკითხულმა ტიციანის ლექსმა ისე აღმაფრთოვანა, რომ ვეღარ მოვითმინე, გავიგე მისი ტელეფონის ნომერი, დავურეკე და მადლობა გადავუხადე.
ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის საიუბილეო საღამოზე რეჟისორი ნიკუშა შველიძე მუშაობს. პანდემიის გამო აქაც შეფერხება გვქონდა, მაგრამ იმედია, განახლდება საღამოსთვის მზადება და მინდა ნიკუშას ვთხოვო, ბესო ზანგურიც ჩართოს ამ ღონისძიებაში. რა გამოვა, ვერ გეტყვით, სურვილი კი ნამდვილად დიდი გვაქვს, რომ ეს საღამო ღირსეულად ჩატარდეს.
ნინო ჯავახიშვილი