"ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე აცრა, მაგრამ ჯერჯერობით..." - კვირის პალიტრა

"ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე აცრა, მაგრამ ჯერჯერობით..."

15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო. პირველ რიგში, მედპერსონალი იცრება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამავე დღეს, ჯანდაცვის სექტორის 668 მუშაკი აიცრა.

რას ფიქრობენ ვაქცინაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და აპირებენ თუ არა აცრის გაკეთებას, ამ კითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.

ნიკა არაბიძე, შოუმენი: - ამ ეტაპზე ჯერ არ მომიწევს, მაგრამ როცა მოვა ამის დრო, აუცილებლად გავიკეთებ. არ მაქვს რამე განსაკუთრებული შიში ვაქცინაციის მიმართ. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები აღიარებენ ამა თუ იმ კონკრეტულ ვაქცინას და ის არ იქნება სადღაც აბაზანაში, გაურკვეველ პირობებში დამზადებული, რატომაც არა? ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მძიმე დაღი დაასვა მთელ მსოფლიოს ამ ვირუსმა, ალბათ, ყველა აიცრება.

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ჯერჯერობით მცირე დოზა ჩამოვიდა და სამედიცინო სფეროსთვის არის განკუთვნილი. დიდი იმედი მაქვს, ვიდრე ჩვენამდე მოაღწევს და მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, ეს ვირუსი გაქრება ისევე, როგორც სხვა ვირუსების შემთხვევაში ხდებოდა. საერთოდ, ხასიათი მაქვს ისეთი, როდესაც რამე ახლის კეთებას გადავწყვეტ, მაინტერესებს შედეგი, სხვების გამოცდილება, შეფასებები… ვცდილობ, პირველი არ ვიყო მსგავს სიტუაციებში და დაველოდო მოვლენების განვითარებას.

როგორც ამბობენ, საზღვარგარეთ იყო შემთხვევები, როდესაც ზოგზე ცუდად იმოქმედა. ვიდრე ჩემამდე მოვა, უფრო დაიტესტება და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. ახლა ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ გავიკეთებ. ალბათ, ასე ძალიანაც არ მეშინია ვირუსის… თავიდან, როგორც ყველას, მეც გამიჩნდა შიში, მაგრამ ხომ იცით, დროთა განმავლობაში ადამიანი ყველაფერს ეჩვევა - კარგსაც და ცუდსაც. ალბათ, კიდევ 8 თვეს მოგვიწევს სიფრთხილე, მაგრამ მაინც მინდა, კარგზე ვიფიქრო და მჯეროდეს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება.

ირაკლი მაქაცარია, ტელეწამყვანი: - ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე აცრა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას, ვიდრე გარკვეული პერიოდი არ გავა და არ გამოჩნდება, რა გვერდითი მოვლენები ახლავს ამ პროცესს. მოკლედ, ძალიან მოწადინებულიც არ ვარ, რომ სასწრაფოდ გავიქცე და ავიცრა. დრო სჭირდება ყველაფერს და ასე ნაადრევად შექმნილ ვაქცინას, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვუყურებ. მაქსიმალურად ვიცავ უსაფრთხოების ზომებს, ჯერ არ შემხვედრია ეს ვირუსი და იმედი მაქვს, არც შემხვდება. ბაია დვალიშვილი, მსახიობი:

- აცრას, რა თქმა უნდა, ვაპირებ და ვფიქრობ, აუცილებელიცაა, ყველა აიცრას. არანაირი შიში არ მაქვს, ზოგადად, არ ვარ ვაქცინაციის მოწინააღმდეგე - ყველა აცრა მაქვს გაკეთებული, გრიპისაც - კი.

კი, ბატონო, დაუტესტავია, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არ გვაქვს - კორონა მომკლავს თუ აცრა, რა მნიშვნელობა აქვს?

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)