"ორსულობის შესახებ რომ გავიგე ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვერაფერი გავაკეთე. ქმარს დავუძახე, - მიშველე, მეჩვენება თუ 2 ხაზია-მეთქი"
"მამაჩემს მიაჩნია, რომ ორსულობის პირველი ნიშანი ტოქსიკოზია. ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო? თუ ვეუბნები, რომ არ მაქვს, შეშფოთდება ხოლმე, - ვაიმე, რა ხდებაო"
ცნობილი წყვილის - რეჟისორ ლევან წულაძის (ჭოლა) და მსახიობ მანანა კოზაკოვას ქალიშვილი თინათინ წულაძე ორსულადაა. თინათინი, რომელიც მოცეკვავე და თეატრის ქორეოგრაფი გახლავთ, შარშანწინ გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ...
- თავს კარგად ვგრძნობ. 4 თვის ორსული ვარ. ჯერჯერობით მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის, როგორც საჭიროა - მშვიდად, წყნარად...
- ორსულობა დაგეგმილი გქონდათ თუ სიურპრიზი იყო? - უკვე დიდი ხანია, შვილი გვინდა, ამიტომ ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილა... საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ. რაღაცებს წინასწარ ვგეგმავ... ამ შემთხვევაში, უცნაურად თავშეკავებული აღმოვჩნდი: სანამ ექიმთან არ მივედი და არ დამიდასტურა ფეხმძიმობა, მანამდე არ ვიჯერებდი, რომ ნამდვილად ორსულად ვიყავი. სულ ვამბობდი, - შეიძლება, შეცდომაა-მეთქი. მშვიდად გახლდით. ახლაც ასე ვაგრძელებ - ემოციებს ზედმეტად არ ავყვები ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი მეუღლეც სიხარულისგან გაგიჟებულები ვიყავით, როცა ჩემი ორსულობის შესახებ შევიტყვეთ!
- ალბათ მეუღლე პირველი იყო, ვისაც ეს ამბავი ახარეთ, არა? - რა თქმა უნდა. მანამდე სულ რაღაცებს ვგეგმავდი: როცა ორსულობის შესახებ გავიგებ, ალბათ მეუღლეს ასე და ასე ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, იმწუთას ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვერაფერი გავაკეთე. დავუძახე, - ვაიმე, მიშველე, მეჩვენება თუ 2 ხაზია-მეთქი (იცინის)? სიურპრიზად, ლამაზად თქმა არ გამომივიდა...
- ბავშვის სქესი უკვე იცით? - ჯერ არა, მალე გავიგებთ.
- შეგცვალათ ორსულობამ?
- რა ვიცი, დიდად რამე ცვლილებას ვერ ვგრძნობ, გარდა იმისა, რომ ბევრად მშვიდი ვარ. შეიძლება, მარტივი რაღაცებით ცოტათი უფრო ვიღლები, მაგრამ არც საზამთრო მომნდომებია ახალი წლის ღამეს და არც სხვა მსგავსი სურვილები გამჩენია ჯერჯერობით (იღიმის).
- პატარის აღზრდა მუცლად ყოფნიდანვე ხომ არ დაიწყეთ? - საერთოდ, მგონია, რომ ძალიან კარგია, ორსულობა 9 თვეს რომ გრძელდება, რადგან ბევრი დრო გაქვს გაიაზრო, წინ რამხელა პასუხისმგებლობა გელის. სავარაუდოდ, იმის მეოთხედსაც ვერ გაიაზრებ და იგრძნობ, რაც რეალურად, მერე იქნება, მაგრამ მოსამზადებლად საკმაოდ ბევრი დრო გაქვს. ახლა ასეთ რაღაცებზე უფრო მეტად ვფიქრობ. მე და ჩემი მეუღლე ერთად განვიხილავთ ბავშვის აღზრდის პროცესს. სხვათა შორის, ეს ძალიან საინტერესოა. ჯობია, ამაზე უფრო მეტი დრო დახარჯო, ვიდრე საზამთროს მოპოვებაზე (იცინის). რა თქმა უნდა, მესმის, რომ ზოგს კონკრეტული საკვები უნდება, მაგრამ ჯობია, მომავალზე ფიქრს ბევრად მეტი დრო დაუთმო - როგორ აღზრდი ბავშვს, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება ძალიან მალე... საერთოდ, მუცლად ყოფნიდანვე ბავშვს ესმის ხმა, ამიტომ დაბადებისთანავე ბუნებრივია, მამისა და დედის ხმას უფრო ცნობს, რადგან ყველაზე ხშირად მათი საუბარი ესმის. ვცდილობ, იმ ფილმებს ვუყურო, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, რომ ემოციები ბავშვსაც გავუზიარო... მუსიკაც ესმის, რასაც ვუსმენთ... ვერ ვიტყვი, რომ რამეს სპეციალურად ვაკეთებ - ყველაფერი ბუნებრივად ხდება...
- ქალბატონი მანანა და ბატონი ლევანი ბებია-ბაბუობისთვის როგორ ემზადებიან? - ნამდვილად ძალიან ბედნიერები არიან! ოქროყანაში ცხოვრობენ. ჩვენ მათთან საცხოვრებლად გადასვლას არ ვაპირებთ - გვსურს, ცალკე ვიყოთ და ბავშვი დაბადების პირველსავე წამიდან ერთად გავზარდოთ. თავიდან გაუკვირდათ - ჩვენთან არ მოდიხართო?!. რა თქმა უნდა, უნდათ, რომ სულ მათთან ვიყოთ... ძალიან გახარებულები არიან, არანაირი პრეტენზია არა აქვთ. მამაჩემს მიაჩნია, რომ ორსულობის პირველი ნიშანი ტოქსიკოზია. ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო? თუ ვეუბნები, რომ არ მაქვს, შეშფოთდება ხოლმე, - ვაიმე, რა ხდებაო (იცინის)?!. ძალიან საყვარლები არიან...
- პანდემიის გამო შინჩაკეტილობა მოცეკვავემ როგორ გადაიტანეთ?
- პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ანსამბლიდან წამოვედი. ჩემი მეორე პროფესია თეატრის ქორეოგრაფობაა. თეატრი აპრილში დაიკეტა... საბედნიეროდ, ახლა რეპეტიციები დავიწყეთ. იმედია, თეატრებიც მალე გაიხსნება და ამოვისუნთქავთ. ყველა ხელოვანი ადამიანისთვის საშინლად რთული პერიოდი იყო. რეპეტიციების ონლაინჩატარება წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანი "გავჩერდით", ფორმიდან ამოვვარდით... ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ძველებურ რეჟიმს დავუბრუნდებით, ყველა რეგულაციის დაცვით. ასე ყოფნა ურთულესი აღმოჩნდა. ყოველი დღე, წუთი და წამი მენანება, რაც ოდესმე დამიწუწუნია, დავიღალე-მეთქი (იცინის).
- თუმცა, ეს რთული პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეთ - ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით... - კი, ყველაზე კარგი ვარიანტი ეს იყო (იცინის).
- ცდილობთ, რომ მეტ-ნაკლებად ჯანსაღად იკვებოთ, ივარჯიშოთ? - ჯერჯერობით არ ვვარჯიშობ, მაგრამ ფეხით დავდივარ და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ნორმალური ქმედება, რაც შეიძლება ამ დროს აკეთო. რა თქმა უნდა, ვცდილობ, წონაში ძალიან არ მოვიმატო, თუმცა აუცილებლად მოვიმატებ, ეს ბუნებრივია. ორსულების შესახებ რომ ამბობენ, ახლა ორი ადამიანის ნაცვლად ჭამო, ჩემთვის ეს გამართლება მისაღები არ არის. აუცილებელი არაა, 9 ულუფა საკვები მიირთვა. ვცდილობ, შედარებით ჯანსაღად ვიკვებო და რაც ორგანიზმისთვის მავნეა, არ ვჭამო. თუმცა, როცა რაღაც ძალიან გინდა, უარი არ უნდა თქვა. უბრალოდ, კვების ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს ის, რაც შენს ორგანიზმს და ბავშვს ავნებს...
ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"