"მე მოვდივარ პოლიტიკაში, ოღონდ გვერდიდან... გახარიას შევუთვალე კიდეც, რომ აუცილებლად დავუდგები გვერდით"
"მე რომ მთავრობის ადგილას ვიყო, დავნიშნავდი ახალ არჩევნებს და დავანახებდი ოპოზიციას, რომ რაც ოქტომბერში აიღეს, იმასაც ვეღარ აიღებდნენ, თუმცა ეს ხომ ოპოზიცია არც არის, ესენი ქვეყნის მტრები არიან. ევროპა გეხვეწება, შერიგდით და მე ყველანაირად ხელს შეგიწყობ, რომ ევროპული სივრცის ნაწილად იქცეო, შენ კი მაინც არაფრის დათმობა არ გინდა!"
გიორგი გურგულიასთან ინტერვიუ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვით დავიწყეთ, მერე კი მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდსაც შევეხეთ.
- პანდემიამ ცოტა დაგვაზარალა, ერთი წელია, უმუშევარია მთელი საქართველოც და მსოფლიოც...
- მძიმე ზამთარი გამოვიარეთ, როგორც პანდემიური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით... - გამიხარდა, რომ გიორგი გახარია, როგორც მესამე ძალა, აპირებს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას. ხალხს მოჰბეზრდა ერთი და იგივე, თანაც ყველას ისე უჭირს, რა დროს პოლიტიკაა! მე რომ მთავრობის ადგილას ვიყო, დავნიშნავდი ახალ არჩევნებს და დავანახებდი ოპოზიციას, რომ რაც ოქტომბერში აიღეს, იმასაც ვეღარ აიღებდნენ, თუმცა ეს ხომ ოპოზიცია არც არის, ესენი ქვეყნის მტრები არიან. ევროპა გეხვეწება, შერიგდით და მე ყველანაირად ხელს შეგიწყობ, რომ ევროპული სივრცის ნაწილად იქცეო, შენ კი მაინც არაფრის დათმობა არ გინდა! გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე ხალხზე არ ფიქრობს. ფიქრობენ სკამზე, საკუთარ თავსა და პოლიტიკურ კარიერაზე, ამიტომ მე არც ერთს არ დავუჭერ მხარს. თუ მესამე ძალა გაჩნდება, მას უფრო ვენდობი.
- გახარია შეიძლება იყოს მესამე ძალა? და ვის ელოდებით მის გვერდით?
- ყველაზე ლოგიკურად მოაზროვნე გიორგი გახარია აღმოჩნდა. ნაჩქარევი იყო "ნაცმოძრაობის" ოფისში შევარდნა. ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც უნდა წამოგებოდა მთავრობა და წამოეგო კიდეც. ჩვენ ხომ ჯერ ნაბიჯს ვდგამთ და მერე ვფიქრობთ, ამას რა მოჰყვება! თუ გინდა ევროპის ნაწილი გახდე, მათი რჩევებიც უნდა გაითვალისწინო. ვფიქრობ, გახარია სწორედ ასე იქცეოდა, ამიტომ მინდა, გვერდით დავუდგე. მისი პოლიტიკური გამჭრიახობის იმედი მაქვს. როცა ქვეყანას დასჭირდა, მას არც ბოდიშის მოხდა გასჭირვებია. ამდენი დანაშაული ჩაიდინა "ნაცმოძრაობამ" და ერთი ბოდიში არ გამიგონია მათგან!
ველი, რომ გახარია წესიერ ხალხს ამოიყენებს გვერდში. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ ისინი, ვინც ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე იფიქრებს.
- თქვენც ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში მოსვლას?
- მე ხელოვანი ადამიანი ვარ, პოლიტიკა კი ყველაზე უმადური და ურთულესი საქმეა. ის ყველას ეხება, რადგან პოლიტიკა წყვეტს ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალს.
- ანუ მოდიხართ პოლიტიკაში თუ არა?
- მოვდივარ, ოღონდ გვერდიდან, როგორც მრჩეველი, რადგან დიდი გამოცდილება მაქვს როგორც პოლიტიკურ რეკლამაში, ისე იდეოლოგიის შექმნაში.
მინდა ის ხალხი შევკრიბო, ვინც დღეს არც ერთ ბანაკში არ არის. გახარიას შევუთვალე კიდეც, რომ აუცილებლად დავუდგები გვერდით.
- და რა გიპასუხათ? - პასუხს ველოდები. რა ვიცი, შეიძლება არც ვჭირდები, მისი გადასაწყვეტია. ყველაფერი ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის მინდა. მიყვარს პატრიარქი და მისი მებრძოლი ვარ, თუმცა ჯვაროსნები ცოტანი დავრჩით... თუ დაჩაგრულის დამცველი არ ხარ, რაღა რაინდი ხარ?! ან რატომ გქვია კაცი?! გაივსო ქვეყანა კაცმაცუნებით!
სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც სულიერებას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება...
ჩემს დიდ ბებიას კალისტრატე ცინცაძე შვილს ეძახდა. ზიარების კოვზი უსახსოვრა და უსურვა, ისეთივე დღეგრძელი იყავი, როგორიც მე ვარო. წლების შემდეგ, როდესაც უწმინდესი იყო ავად, მე და დედამ წავიღეთ ეს კოვზი და მას გადავეცით. ვუსურვეთ, ყოფილიყო ისეთივე დღეგრძელი, როგორიც კალისტრატე ცინცაძე.
- როგორი ურთიერთობები, როგორი თბილისი გენატრებათ?
- ძალიან მიყვარდა ბაბუა, ილია ხარაბაძე, დედას მამა. ის ევგენი მიქელაძის მოსწავლე იყო. მისი დაარსებულია ევგენი მიქელაძის სახელობის მე-9 მუსიკალური სკოლა. მოსაშვილზე ცხოვრობდა. მისი სამეგობრო და სამეზობლო იყო რეზო ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე... მათთან ერთად დავდიოდი სათევზაოდ, სანადიროდ. ერთ რამედ ღირდა მათი დროს ტარების ყურება. მამის მხრიდან კი ინოლა გურგულია მყავდა. მის სახლში არაჩვეულებრივი საზოგადოება იყრიდა თავს - მწერლები, მომღერლები. ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ, საოცარი სიყვარული იცოდნენ, დღეს კი ეს ყველაფერი გამქრალია. ფანჯრებიდან გულწრფელი სიცილი აღარ ისმის, აღარც მუსიკის ხმა. აი, ეს მენატრება...
- თქვენს სამეგობროზეც მიამბეთ...
- დიდი სამეგობრო მყავდა. ბავშვობიდან დაჩაგრულის დაცვას ვცდილობდი, ამის გამო ხშირად ჩხუბი მიწევდა, მერე კი სკოლიდან მრიცხავდნენ. სწორედ ამიტომ ათამდე სკოლის გამოცვლა მომიხდა და ბევრი მეგობარიც შევიძინე: გოგი კვერნაძე, ლევან გაჩეჩილაძე, ლაშა ამირეჯიბი...
- ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდით... - 19 წლისამ ვიქორწინე ნინო ფერაძეზე. აკვიატებული მქონდა, რომ 23 წლისა უნდა მოვმკვდარიყავი. მართლაც მესროლეს 23 წლის ასაკში, თუმცა ღვთის ნებით გადავრჩი. კინოს სახლი რომ არის, მანდვე იყო რესტორანი "ეკრანი", სადაც ქორწილი გადავიხადე. ქორწილში უბნელებსა და ჩვენს ბიჭებს შორის ჩხუბი ატყდა. მე გარეთ ვიყავი გამოსული, სიგარეტს ვეწეოდი. ამ დროს მოვიდნენ მერვეპოლკელები და ხელი წამავლეს - მიჭერდნენ. ვეუბნები, ქორწილი მაქვს, სიძე ვარ, ვინმემ არ დაგინახოთ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს და ისევ ჩხუბი ატყდა, მე კი ცოლს ხელი მოვკიდე და წამოვედით... მთელი ძნელაძის ქუჩის პოლიცია ამოვიდა, დაილეწა ტროლეიბუსები, გადააყირავეს პოლიციის "ვილისები"... საშინელება იყო - 300 კაცი რომ ჩხუბს ატეხს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!
- ეს რომელ წელს იყო?
- 1982 წელს.
- "თვითმფრინავის ბიჭებიდან" ვისთან მეგობრობდით?
- გეგა კობახიძესთან, დათო მიქაბერიძეც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მხოლოდ ივერიელებს ვიცნობდი შორიდან. საქორწინო მოგზაურობაში ბათუმში გვიშვებდნენ, მაგრამ დეიდაჩემის ქმარმა ეს რომ გაიგო, ბილეთები დაგვაბრუნებინა და ბორჯომში გაგვიშვა, სადაც მისი ძმა რაიკომის მდივანი იყო. შარიანი ვიყავი და ჩათვალეს, რომ ასე შარს ამარიდებდნენ. სწორედ ეგ რეისი იყო და ასე შემთხვევით ავცდი, თორემ ვინ იცის, რა ბედი მეწეოდა.
- რამდენჯერ იყავით დაქორწინებული?
- ოჯახის დანგრევა ბავშვისთვის მძიმე ტრავმაა. არც ერთ მშობელს არ უნდა, შვილს გული ატკინოს. ჩემთვის ეს არის ტრაგედია. მაგრამ ისეთ პერიოდში მომიხდა ცხოვრება, სტაბილური ყოფა არ მქონია, თუ არ ჩავთვლით ბავშვობას ან სტუდენტობის დასაწყისს. 80-იანების ბოლოდან სამყაროს ნგრევა დაიწყო და ამას ოჯახების ნგრევაც მოჰყვა. ყოველ ათწლეულში ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლებოდა, რადგან რაც 10 წლისას მოგწონდა, 20 წლისას აღარ მოგწონს, 20 წლისას რაც მოგწონდა, 30 წლისას აღარ გინდა...
ოთხი შვილი მყავს, ყველა ქორწინებიდან - თითო. სამი შვილიშვილის ბაბუა ვარ. სულ მინდოდა ბაბუობა. ვოცნებობ, მქონდეს ეზოიანი სახლი, სადაც დიდ სუფრას გავშლი და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ერთად შევყრი. მინდა, ის სიყვარული, რაც ჩემი ბაბუებისგან გამომყვა, მათაც ვუწილადო. ბედნიერი ვიქნები, თუ უფალი ამას შემაძლებინებს. გურგულიებს ჩემ გარდა გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდათ. ყველას უნდოდა, რაც შეიძლება მალე მყოლოდა შვილი. ძალიან ხიფათიანი ვიყავი და მეგონა, ვერ მოვასწრებდი, მაგრამ, დიდება უფალს, აგერ, ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. რა მაქვს საწუწუნო?!
- რა არის მთავარი ცხოვრებაში?
- სიკეთე, ღვთისკენ სწრაფვა და სულის გადარჩენა - მე ასე მგონია.