"ასეთ სამარცხვინო მოქმედებას მოვესწარი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც პატივს სცემს საქართველოს... აბა, ასე როგორ შეიძლება?" - კვირის პალიტრა

"ასეთ სამარცხვინო მოქმედებას მოვესწარი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც პატივს სცემს საქართველოს... აბა, ასე როგორ შეიძლება?"

ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, თავის "ტელეგრამ არხში" განაცხადა, რომ მას რცხვენია იმ ადამიანების გამო, ვინც თბილისში საპროტესტო აქცია დაგეგმა და განახორციელა, ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გამო. ტელეწამყვანის თქმით, პოზნერმა უფრო ბევრი რამ იცის საქართველოს შესახებ, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

"მრცხვენია იმის გამო, რაც წუხელ თბილისის სასტუმროსთან ხდებოდა, სადაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი იმყოფებოდა. ქართველები ყოველთვის სტუმართმოყვარეობით გამოვირჩეოდით. ჩვენს სტუმართმოყვარეობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ეს ხომ ჩვენი აღზრდისა და მსოფლმხედველობის დამადასტურებელია! ამ შეგნებით ჩვენ ბავშვობიდანვე ვიზრდებოდით. და ახლა მე ასეთ სამარცხვინო მოქმედებას მოვესწარი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს მთელი გულით პატივს სცემს საქართველოს", - წერს თინა კანდელაკი.

ტელეწამყვანის თქმით, ვლადიმერ პოზნერს საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან უყვარს: "ამას წინათ მე, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, მირანდა მირიანაშვილი და ვასილ წერეთელი ერთად ვვახშმობდით. მას ძალიან უხაროდა, რომ ცოცხალ ქართულ ლაპარაკს ისმენდა. ვლადიმერ პოზნერმა საქართველოს შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებმაც სასტუმროსთან მისდამი უპატივცემულობა გამოხატეს", - დაამატა თინა კანდელაკმა.

"დასანანია, რომ გუშინ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წარმომავლობა დაივიწყეს, არავინ მიუთითა ასეთი უკადრისი ქცევის გამო. დასანანია, რომ ისინი თავიანთ ფესვებს პატივს არ სცემენ, ფეხით თელავენ ეროვნულ ტრადიციებს პირადი პოლიტიკური ამბიციების წუთიერად დასაკმაყოფილებლად", - ასკვნის ტელეჟურნალისტი. (წყარო)

----------------

ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს კომენტარი გაუკეთა კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა - ქსენია სობჩაკმა.

"გუშინ ვლადიმერ პოზნერის თანხმლები პირები, პანიკაში ჩავარდნილები, მწერდნენ, თუ რა შიში განიცადეს რესტორანში ყოფნის დროს, იმის გამო, რაც ქუჩაში ხდებოდა", - წერს ქსენია სობჩაკი თავის "ტელეგრამ არხში". მან ამის დამადასტურებლად ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საპროტესტო აქციის მონაწილეები რესტორნის ფანჯრებზე აბრახუნებენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი გამოსვლის დროს მომხდარ უწესრიგობებში ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ქსენია სობჩაკს ამ ვერსიაში ეჭვი ეპარება: "საქართველო, აბა, ასე როგორ შეიძლება? ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს თქვენთან ჩამოსვლა ძალიან უყვარს... და რა შუაშია აქ მიხეილ სააკაშვილი? არაფერი მესმის... მსოფლიო ჭკუიდან შეიშალა...", - დაამატა ტელეწამყვანმა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სტუმრების დაცვა ხულიგნებისაგან? ვიღაც დაჟინებით ცდილობს ქვეყანა ქაოსში გახვიოს"

მოამზადა სიმონ კილაძემ