"არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან­ ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა­ ნათქვამი" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან­ ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა­ ნათქვამი"

82 წლის ასაკში დიდი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. მწერალის მდგომარეობა ორი კვირის წინ დამძიმდა. ის ამ პერიოდის განმავლობაში "ნიუჰოსპიტალში" იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმე იყო და მწერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში". მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება დოჩანაშვილის ინტერვიუ, სადაც მწერალი მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ტრაგედიასა და სირთულეებზე საუბრობს:

"ერთი პლუსი მაქვს"

ერთ დროს მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრაზე საჭმელი რომ დარჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემთვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა - ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს - შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი!

ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.

მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია!

არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ! ადამიანები გადაგრევენ - ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან! მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ ყველანი ხელმოცარულები იყვნენ! უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ ჰერმან ჰესესავით ვწეროო (ჰერმან ჰესე კი ავსტრიელია, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი)! თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე. ჩვენთან კი რა ხდება? იმის ნაცვლად, ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. ჩვენთან, იცით, რამდენი ცრუპატრიოტია? მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუპატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი.

იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში? არასდროს ვამბობ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, მაგრამ დიადი შემოქმედები კი ნამდვილად გვყავდა, მაგრამ... სხვა მაგალითს მოვიყვან - ხომ აქებენ ბახსა და მოცარტს, წარმოგიდგენიათ, ამ შემოქმედებს რომ ეთქვათ, ჩვენი მუსიკა მოისმინოს ამ პარტიამ და იმ პარტიამ კი არ მოისმინოსო? ან ბეთჰოვენისთვის რომ ეკითხათ, რომელ პარტიას ეკუთვნიო? ვერც გაიგებდა, რას ეკითხებოდნენ. აბა, "მეცხრე სიმფონიის" შექმნას რომელი პარტია უნდა?! ჩემს თავზე არ ვამბობ, დიდი შემოქმედი ვარ-მეთქი, არც იმას, სწორად ვიქცევი ან ვცდები-მეთქი, მაგრამ ერთი ნაღდია: შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს თუკი უნდა დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ეგ კი არა, კომკავშირშიც არ შევსულვარ და ამიტომ არ ვერევი პოლიტიკაში! როგორც ეძახიან ხოლმე, ერთი პლუსი ეგ მაქვს...

"ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი!"

მძიმე დროში ვიცხოვრე, მაგრამ ღმერთმა დიდი წყალობა მომცა, საუკეთესო უფროსი მეგობრები მყავდა. ეს რა ვთქვი! მყავდა კი არა, ახლაც მყავს - ბატონი რეზო თაბუკაშვილი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, ბატონი ოთარ ნოდია, ბატონი რომან მიმინოშვილი. ყველა მათგანი პარტიული იყო. რატომ? მე ხომ ვიცი, კომუნისტური პარტიისადმი რა დამოკიდებულება ჰქონდა, მაგალითად, ბატონ ნიკო ჭავჭავაძეს, მაგრამ სხვაგვარად ვინ დანიშნავდა მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელად მაშინ, როდესაც ფილოსოფია პარტისტორიად აღიქმებოდა, არადა, ბატონმა ნიკომ სწორედ ამით გაათავისუფლა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმისგან და რა ხალხი გაზარდა - თუნდაც მერაბ მამარდაშვილი! ან ვინ დანიშნავდა ბატონ რეზო ჩხეიძეს კინოსტუდიის დირექტორად, პარტიული რომ არ ყოფილიყო? ბატონი რეზო თაბუკაშვილის გარდა ვინ გადაიღებდა იმ ფილმებს და ვინ ჩამოუტანდა საქართველოს უდიდეს განძს? ეს ხალხი პარტიული იყო, მაგრამ მათი პარტიულობა დიდად განსხვავდებოდა მათგან, ვინც პარტიულობიდან გამომდინარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამგედ უნდა დაენიშნათ...

გურამ დოჩანაშვილი და ნათელა სეფიაშვილი

შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ.

ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს... თუნდაც ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი, ისიც ჩემი უფროსი მეგობარი, ექვსჯერ გამოიქცა სტალინის ბანაკებიდან, რუსული სიტყვით რომ ვთქვა, ექვსი "პაბეგი" ჰქონდა. ეს, იცით, რას ნიშნავს? საოცარი კაცი იყო. მეგობრები ვიყავით, მაგრამ მისთვის "ბატონოს" გარეშე არასდროს მიმიმართავს, რადგან მართლაც ბატონი იყო! ან გურამ ასათიანი, დიდებული კაცი, რომელსაც ასევე დიდებული დედა ჰყავდა - დეიდა თინა, ქალბატონი თინა ჭიჭინაძე. გურამი რომ გარდაიცვალა, ვიღაცამ მიუსამძიმრა, თინა, შე საწყალო, რა შვილი გარდაგეცვალაო. საწყალი კი არა ვარ, გურამ ასათიანის დედა ვარო, ასე უპასუხა...

წეღან ამ უფროს მეგობრებზე "მყავდა" რომ ვთქვი და შემრცხვა, რა ვიგულისხმე, იცით? დღესაც რაიმე რომ გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები რჩევას და ვერ წარმოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი, დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით - დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი! ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება. ერთადერთი, ჩვენ გვყავს უწმინდესი, იმისი ნათქვამი, ხმადაბლა რომ იტყვის ხოლმე, ეს არის ჩემთვის ყველაფერი. მხოლოდ ის მინდა, მისი მრევლის წევრი მაინც ვიყო, თუნდაც სულ უკანასკნელი. (იხილეთ სრულად)