"საბჭოთა კავშირის ბევრი ქალაქიდან ცდილობდნენ ჩვენს გადაბირებას, კარგ პირობებსაც გვთავაზობდნენ, მაგრამ სამშობლოს არ ვუღალატეთ" - კვირის პალიტრა

"საბჭოთა კავშირის ბევრი ქალაქიდან ცდილობდნენ ჩვენს გადაბირებას, კარგ პირობებსაც გვთავაზობდნენ, მაგრამ სამშობლოს არ ვუღალატეთ"

შეიძლება ჩვენი ახალგაზრდა თაობის დიდმა ნაწილმა არც იცის, ვინ უსახსოვრა ქართულ ესტრადას სიმღერები, რომელსაც დღემდე მღერიან სცენასა თუ ოჯახში; ვინ იყო ოთხი უსიმპათიურესი ყმაწვილი, რომლისთვისაც 1950-იან წლებში მთელი საბჭოთა კავშირი "ბრავოსა" და "ბისს" არ იშურებდა; რა მოასწრეს 4 წელიწადში, რას ოცნებობდნენ, რა ვერ განახორციელეს? - ჩვენი პუბლიკაცია სწორედ ამ ოთხეულს ეძღვნება: "გე-პე-ის" ან "ბზვანელის ჯაზ-კვარტეტად" წოდებულს, რომელმაც მხოლოდ 4 წელიწადს იარსება, მაგრამ ქართული ესტრადის ისტორიას უმნიშვნელოვანესი ფურცელი დაუტოვა - უკვდავი სიმღერები.

სამწუხაროდ, ლეგენდად ქცეული ოთხეულიდან დღეს მხოლოდ ერთია ცოცხალი - დამსახურებული ინჟინერი და მომღერალი გურამ ბაკურაძე. კვარტეტის სულისჩამდგმელი და ბევრისთვის საყვარელი კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი გურამ ბზვანელი 6 წლის წინ გარდაიცვალა. ბატონი გურამის გარდაცვალებამდე ეს ქვეყანა დატოვა ბატონმა შოთა ხარაბაძემ, მოგვიანებით კი - ბატონმა თამაზ ცინცაძემ. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები. წლების განმავლობაში ჯაზ-კვარტეტზე დაუწერიათ კიდეც, ტელესიუჟეტებიც მოუმზადებიათ, ინტერვიუებიც ჩაუწერიათ, მე კი მხოლოდ ბატონ გურამ ბზვანელთან შეხვედრის ბედნიერება მხვდა წილად, გარდაცვალებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე. მისი და კვარტეტის ამბებიც სწორედ ბატონი გურამისგან მოვისმინე.

ეს უნიჭიერესი კაცი თბილისში, კონსერვატორიის გვერდით, გრიბოედოვის 10 ნომერში ცხოვრობდა, პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა და რეჟისორობაზე ოცნებობდა, მაგრამ არ გაუმართლა - იმ წელს თეატრალური ინსტიტუტის (ასე ეწოდებოდა დღევანდელ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს) სარეჟისორო ფაკულტეტზე მიღება არ იყო. შეეხვეწნენ, თურმე, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარეო, მაგრამ იუარა და ბედი სამედიცინო ინსტიტუტში სცადა. "სარეჟისოროდ" განწყობილი, "სამედიცინოსთვის" სათანადოდ მომზადებული არ აღმოჩნდა და ვერ მოეწყო, მომდევნო წელს კი, მეგობრების დაჟინებული თხოვნით, რუსული აბრევიატურიდან გამომდინარე, გე-პე-იდ წოდებულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დღევანდელ ტექნიკურ უნივერსიტეტში) ჩააბარა და... ფაქტობრივად, მეგობრების დაჟინებამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა - როდესაც ერთი წლის შემდეგ ვიღაცები მიუგზავნეს, სამედიცინო ინსტიტუტში გადმოდიო, სადღა წავიდოდა? უკვე გე-პე-ის ორკესტრის წევრი იყო! გურამ ბზვანელი

იმხანად ორკესტრში შესანიშნავი ადამიანები მოღვაწეობდნენ: სოსო ტუღუში, ბაჯული გელოვანი, აბესალომ ლორია და სხვები. გურამ ბზვანელმა ინსტიტუტში რომ ჩააბარა, ბატონები: გურამ ბაკურაძე და თამაზ ცინცაძე უკვე იქ სწავლობდნენ. გურამ ბზვანელი, თურმე, სკოლის ასაკიდან წერდა სიმღერებს და როდესაც ნოდარ დუმბაძის ტექსტზე დაწერილი მისი "სიმღერა თბილისზე" ინსტიტუტის ოლიმპიადაზე იმღერეს, ორკესტრის ხელმღვანელობას ძალიან მოეწონა და ორკესტრშიც მიიღეს.

ჯაზ-კვარტეტის ლეგენდა - ეს არ იყო ამერიკული ჯაზი!

- ბიჭებს მანამდეც ვიცნობდიო, - მითხრა საუბარში ბატონმა გურამმა. - რომ მოვეწყე, სწავლის დაწყებამდე სოხუმში წავედი დასასვენებლად და თამაზ ცინცაძეს და შოთა ხარაბაძეს იქაც შევხვდი. ისინი გიტარაზე მღეროდნენ ხოლმე დუეტში, მე კი შიგადაშიგ სხვადასხვა ხმას ვურთავდი. სწორედ მათ უთხრეს ინსტიტუტის დირექციას ჩემზე: კარგად მღერისო. მერე ხელმძღვანელობამ ბიჭებთან ერთად კვარტეტის შექმნა შემომთავაზა. ადრეც ხშირად მიფიქრია სიმღერების ხმებში გაშლაზე, ძალიან მაინტერესებდა და დავთანხმდი. ლექსზე "ქარი, აშარი" მოვამზადეთ სიმღერა და მოვასმენინეთ უნიჭიერეს კაცს, იმხანად პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტური პროფკომის თავმჯდომარეს - დორიან კიტიას. დორიანმა ემოციის გამოხატვა არ იცოდა, ვერ გაიგებდი, სწყინდა თუ უხაროდა, ამიტომ მეც უემოციოდ მითხრა: სტუდენტური ღონისძიება იმართება მუშთაიდის პარკში, შევატყობინებ ორგანიზატორებს და იქნებ გამოხვიდეთ იმ კონცერტზეო. მართლაც გამოვედით და ძალიან მოვეწონეთ მსმენელს. კიდევ გვთხოვდნენ, გვემღერა, მაგრამ 2 სიმღერაზე მეტი ხმებში არ ვიცოდით და რა შეგვესრულებინა? მერე გაირკვა, რომ დორიანს საცდელად გავუშვივართ კონცერტზე: აინტერესებდა, ხალხი თუ მოიწონებდა ჩვენს ნამღერს. თავდაპირველად, სამ ხმაში ვმღეროდით: პირველი, მეორე და ორი ბანი. 4 ხმაში სიმღერაზე მერე და მერე დავიწყე მუშაობა, თითქოს ყური თხოულობდა სხვა ხმას და საბოლოოდ, სულ სხვა ჟღერადობის, ფორმისა და ჟანრის კვარტეტი გამოგვივიდა. მერე, მახსოვს, 1955 წლის იანვარში ორკესტრი მოსკოვში წასასვლელად პროგრამას ადგენდა და ბაქოდან ძალიან ნიჭიერი კაცი, კონსტანტინე პევზნერი მოიწვიეს. ჩვენი "ქარი, აშარიც" ჰქონდათ პროგრამაში. სხვათა შორის, კარგად კი იყო გაკეთებული, მაგრამ ორგანიზატორებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. მერე კონფერანსიებმა - ბაჯული გელოვანმა და ირაკლი მამაცაშვილმა ამერიკულ თემაზე გადაათამაშეს, ტექსტიც შეიცვალა და მივიღეთ... ჯაზი. მოსკოვში გაგიჟდნენ. უკვირდათ, ამის უფლება როგორ მოგცესო, მაგრამ ფაქტია, უდიდესი წარმატებით გამოვდიოდით. სხვა სიმღერებიც შევმატეთ რეპერტუარს და ვერ აგიწერთ, მოსკოვში რა ხდებოდა - სცენიდან არ გვიშვებდნენ. 1956 წლიდან ნანი ბრეგვაძეც შემოგვიერთდა. ჩემი სიმღერა "ჩავაქრე სანთელი" კი ესტრადაზე მისი სადებიუტო სიმღერა გახლდათ...

alt

მახსოვდა, კვარტეტი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატიც რომ გახდა, მაგრამ დასაზუსტებლად მაინც ჩავეკითხე და გურამ ბზვანელმა ღიმილით მომიგო: - იოლად ამბობთ, მაგრამ იმ ფესტივალზე მოხვედრა ძალიან რთული იყო. ჩვენ ჯერ საქართველოში გავიმარჯვეთ, მეორე ეტაპზე კი მოსკოვში საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის კოლექტივს ვაჯობეთ. ჩვენ - სტუდენტური ორკესტრი და კვარტეტი ვიყავით, სხვები კი - გამოცდილებითაც გვჯობდნენ და ასაკითაც უფროსები იყვნენ. სხვათა შორის, რუსებს ძალიან კარგი ინსტრუმენტალისტები ჰყავდათ და მოსკოვმა საგანგებოდ ამ ფესტივალისთვის სტუდენტური ორკესტრიც შექმნა, მაგრამ ჩვენი საესტრადო ნომრები ყველასგან გამოირჩეოდა. ყველაფერი ორიგინალურად გვქონდა გადაწყვეტილი. მაგალითად, სიმღერა "ნანა" სამ ნაწილად დავდგით, ჩვენი ორკესტრის კონფერანსიებიც მონაწილეობდნენ, ორკესტრიც მაგარი გვყავდა, ჩვენც კარგად ვასრულებდით, არც მახინჯები ვიყავით და ყველა აღვაფრთოვანეთ - გადაირივნენ რუსებიო.

მათი მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენები მაყურებლისთვის უცხო ხილი აღმოჩნდა. ბატონმა გურამმა გაიხსენა, პირველი მოქმედებიდან გასულებს, გრძელი დერეფნის ბოლოს კეთილად მოღიმარი უცნობი მამაკაცი რომ დახვდათ. - არც ქართველს ჰგავდა, არც რუსს, ბოლოს გაირკვა, რომ ჩვენით აღფრთოვანებული ჟიურის წევრი, ცნობილი პიანისტი სვასმანი გასაცნობად ამოვიდა კულისებში. სწორედ მისგან გავიგეთ, რომ ერთის გარდა ჟიურის ყველა წევრს უმაღლესი ქულა დაეწერა ჩვენთვის. საბოლოოდ, 16 რესპუბლიკიდან მსოფლიოს ფესტივალზე მაინც ჩვენ მოვხვდით და ეს ფესტივალიც მოსკოვში ჩატარდაო, - მიამბო კომპოზიტორმა და მომღერალმა გურამ ბზვანელმა...

გე-პე-ის ჯაზ-კვარტეტს ბევრი დაუვიწყარი გამოსვლა და ამბავი ჰქონდა გასახსენებლად. ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი კვლავ მოსკოვს და საბჭოთა არმიის თეატრის უზარმაზარ სცენაზე ორ ორკესტრთან ერთად გამოსვლას უკავშირდებოდა. ამჯერად იქ ორი ქართული კოლექტივი იყო მიწვეული: ფესტივალის ლაურეატი "გე-პე-ის ჯაზ-კვარტეტი" და ორკესტრი "რერო". - გრანდიოზული კონცერტი გამოვიდა. რუსეთში კიდევ ბევრი "ფილტრი" გავიარეთ და უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. მოსკოვში ფილმში "გოგონა გიტარით" გადასაღებადაც მიგვიწვიეს, არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ და თავს გვევლებოდნენ. სხვათა შორის, იმ ფილმს ხშირად უჩვენებენ რუსეთის ტელევიზიები. მანამდე კი თბილისის კინოსტუდიაშიც გადაგვიღეს, მოკლემეტრაჟიან ფილმში, მაგრამ დიდად არც პატივისცემა გვიგრძნია შემოქმედებითი ჯგუფისგან და ვერც ფილმმა ივარგა. მგონი, არც უჩვენებიათ ეკრანზე... რატომღაც, რუსეთში გაცილებით დიდ დაფასებას ვგრძნობდით. საბჭოთა კავშირის ბევრი ქალაქიდან ცდილობდნენ ჩვენს გადაბირებას, ძალიან კარგ პირობებსაც გვთავაზობდნენ სამუშაოდ, მაგრამ სამშობლოს არ ვუღალატეთო, - მითხრა ბატონმა გურამმა და დააყოლა: ხომ ჯაზს ვმღეროდით? - ეს არ იყო ამერიკული ჯაზი. ჩვენი სიმღერები ქართულ ფესვებსა და ქართულ თემაზე შექმნილი, ორიგინალური ფორმის ნაწარმოებები იყო. მაგალითად, გავიხსენებ სიმღერას "ბორჯომის ხეობა" -  ბევრი ამბობდა, რომ ამ კომპოზიციაზე  არათუ 4 სიმღერა, 4 ნაწარმოები შეიქმნებოდაო...

ბატონ გურამს გული წყდებოდა, რომ საზღვარგარეთ ერთხელაც ვერ წავიდნენ საგასტროლოდ, არადა, ბევრჯერ მიუწვევიათ. თურმე, ერთხელ გადაწყვეტილი ამბავი იყო, კვარტეტი და ორკესტრი მიემგზავრებოდა კიდეც, მაგრამ, ფაქტობრივად, ბოლო წუთებში მოსკოვში ისევ ქართველმა დაბლოკა, თანაც - ქალმა, რადგან... ორკესტრის ერთ-ერთ წევრს გასაუბრებაზე ჰკითხეს, არის თუ არა კომუნიზმი დიქტატურაო, მან უპასუხა, - არ ვიციო. ის ქართველი ქალი (ბატონ გურამს მისი სახელი და გვარი არც უთქვამს) მომღერალ-მუსიკოსებს გაუბრაზდა, - თავი მოგვჭერით, შეგვარცხვინეთო და  უცხოეთში ორკესტრი და კვარტეტი აღარ გააშვებინა...

მიკვირდა, ასეთი წარმატებული და პოპულარული ჯაზ-კვარტეტი 4 წელიწადში როგორ დაიშალა. აღმოჩნდა, რომ მისმა წევრებმა ინსტიტუტი რომ დაამთავრეს, დაიქსაქსნენ - გურამ ბზვანელმა კონსერვატორიაში ჩააბარა, შოთა - კარგი ბიჭი იყო შოთა. არაჩვეულებრივი კრინი ჰქონდა, მსგავსი არც არსად მომისმენია. 2002 წელს გარდაიცვალაო, - გულისტკივილით მითხრა ბატონმა გურამმა და ღიმილით დააყოლა, - თამაზ ცინცაძემ და გურამ ბაკურაძემ სიმღერას თავი დაანებეს და დირექტორები გახდნენ: თამაზი - დიდი საფეიქრო კომბინატის, გურამი - ერთ-ერთი მექანიკური ქარხნისო. ჩავეკითხე, - ანუ პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრებასთან ერთად დასრულდა მათი მუსიკალური ცხოვრებაც-მეთქი? და უცებ შემომაგება, - მაგრამ არა ჩვენი ურთიერთობა. საოცარი სილამაზეა ამ ურთიერთობაში: დღემდე დიდი მეგობრები ვართ, რადგან დიდი სიყვარული მოგვყვებაო.

გურამ ბზვანელი ჩვენი საუბრიდან მალევე გარდაიცვალა. მიხარია, რომ მისი გაცნობა მოვასწარი. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ბატონ გურამ ბაკურაძეს დღეგრძელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. იმედია, კორონავირუსს მალე მოვერევით და ბატონ გურამთან პირისპირ შეხვედრასაც მოვახერხებ.

(სპეციალურად საიტისთვის)