"მისთვის ოცნება იყო საქართველოს ნაკრებში თამაში" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა ფეხბურთელ შვილსა და მის სამომავლო გეგმებზე
"არამხოლოდ რომელიმე პროფესიონალის თვალი, გულშემატკივარიც შეამჩნევს, რამდენს შრომობს და წვალობს"
ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა - "ტრანსფერმარკტმა" მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარცხელიას შეფასებას კიდევ 5 მილიონი დაუმატა. ამგვარად, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" 20 წლის თავდამსხმელის ფასი 15 მილიონამდე გაზარდა.
ინფორმაციისთვის, როგორც lelo.ge წერს, კვარაცხელიას შეფასება ბოლო ერთ წელიწადში, პანდემიის პირობებშიც კი, მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლის 8 აპრილის შეფასებით მის გრაფაში 2,3 მილიონი ევრო ეწერა, რომელიც 29 ივლისს 4,5 მილიონამდე გაიზარდა, 19 სექტემბერს - 7,5 გახდა, 29 დეკემბერს კი უკვე 10 მილიონი ჩაიწერა, ანუ ბოლო ერთ წელიწადში 12,7 მილიონით გაიზარდა.
ამ დრომდე, ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მაღალი შეფასება საბა კვირკველიას ჰქონდა - 2019 წლის 14 აპრილის მონაცემებით - 10 მილიონი ევრო, მეორეზე კი გიორგი ჩაკვეტაძე იყო - 9 მილიონით. ამჯერად კი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში "ტრანსფერმარკტის" მიერ ყველაზე ძვირად შეფასებული ქართველი ფეხბურთელი.
kvirispalitra.ge ხვიჩას მამას - ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა:
- რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ფულს და ფასს არ ვუყურებ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი და უპირველესი ისაა, რომ ვხედავ, როგორ იზრდება ხვიჩა პროფესიულად, იხვეწება, მეტს შრომობს, მეტს ცდილობს, წინ მიდის და ესაა უპირველესი, ჩემთვის ეს უფრო მისაღებია. მთავარია, მინდორზე გასვლისას რას აკეთებს.
თვითონაც ასეა, ფული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, კარგად ითამაშოს, კარგ გუნდში, მისი ფიქრი და ამოცანა ესაა. მთავარია, მის მიერ დასახულ მიზნებს მიაღწიოს და ჩანაფიქრი განახორციელოს.
- როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, როგორ აფასებთ, რა კუთხით უფრო გაიზარდა ხვიჩა, თუნდაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
- ბევრი რამით, იცით, რაც ბოლო თამაშებზე უფრო გამოჩნდა. არამხოლოდ რომელიმე პროფესიონალის თვალი, გულშემატკივარიც შეამჩნევს, რამდენს შრომობს და წვალობს. თუნდაც, როგორი მონდომებით ითამაშა ჩვენს ნაკრებში, ასევე, ის ჩემპიონატები, რაც რუსეთში ტარდება.
- თქვენთვის რა ემოციაა მისი თამაშების ყურება?
- რას ამბობთ, ვერც გადმოგცემთ... ხვიჩასთვის ოცნება იყო საქართველოს ნაკრებში თამაში. როცა მატჩების საყურებლად დავდიოდით და ხვიჩა ჩემ გვერდით იჯდა ხოლმე, თვითონაც ემოციებში იყო, ახლა უკვე, მე რომ მის თამაშებზე გულშემატკივრებში ვზივარ და ჩემს შვილს საქართველოს ნაკრებში ვხედავ, რაღაცნაირად დიდ ემოციებში ვარ ხოლმე. მით უმეტეს, როცა ესპანეთის ნაკრებთან გოლი გაიტანა, ეს ისეთი ემოცია იყო ჩემთვის, ვერც აღგიწერთ. გულშემატკივრებს რომ ვუყურებდი, როგორ უხაროდათ, ეს ჩემზეც მოქმედებდა.
- თუ მოახერხეთ ხვიჩას პირადად ნახვა, რომელიმე თამაშის შემდგომ?
- ესპანეთთან თამაშის შემდეგ, მხოლოდ 2 წუთით დაველაპარაკე, როცა გასახდელიდან გამოდიოდნენ. საბერძნეთიდან კი, პირდაპირ რუსეთში გაფრინდა, თამაში ჰქონდათ.
- ბოლოს როდის იყო შინ?
- ზამთარში, შესვენება როცა ჰქონდათ, იმის მერე - აღარ. თუმცა, ინტერნეტით, ცხადია, სულ გვაქვს კონტაქტი, აბა, იქ მარტოა და ასეც რომ არ ვუკავშირდებოდეთ, რა მოგვასვენებდა?!.. ოჯახი ძალიან ენატრება, მაგრამ ახლა ასეა, თავი გადადო ფეხბურთისთვის, ძალიან უყვარს ეს სპორტი.
- როგორია ხვიჩას გეგმები უახლოეს პერიოდში?
- "რუბინთან" ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თუმცა, როგორც იცით, სხვა გუნდში გადასვლა თუ მოუნდება, ამაზე ხელი არ შეეშლება და პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ ამ ეტაპზე, ხვიჩა ამაზე არანაირად არ ფიქრობს, რადგან ძალიან მოსწონს იქ თამაში, თვითონ გუნდი, კარგი მწვრთნელი ჰყავს და პროფესიულად იზრდება. მისი ამოცანაა, გუნდი ევროპის ლიგაზე გავიდეს, ეს კი მაისში გამოჩნდება, ვნახოთ, რომელ ადგილზე გავლენ და რა შედეგები ექნებათ. ხვიჩა ახლა მთლიანად ამ პროცესშია აქტიურად ჩართული, რომ გუნდი "უეფაზე" მოხვდეს.
თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)