"ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები არასოდეს იბრძოდნენ ფეიკ-ინფორმაციების გავრცელებით, რომელიც იმოქმედებდა კოლექტიურ შიშებზე და ფობიებზე" - კვირის პალიტრა

"ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები არასოდეს იბრძოდნენ ფეიკ-ინფორმაციების გავრცელებით, რომელიც იმოქმედებდა კოლექტიურ შიშებზე და ფობიებზე"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი - კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც ტრანსკავკასიური მაგისტრალის შესახებ წერს, მის არსზე, დანიშნულებაზე, ამ საკითხში ზვიად გამსახურდიას როლზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო მისი განხილვა, დღევანდელ რეალობაში.

"ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ისტორიიდან - ტრანსკავკასიის მაგისტრალი.

ეს მაგისტრალი რუსეთიდან ( ჩრდილოეთ ოსეთი) მცხეთის მიმართულებით უნდა გადაჭიმულიყო. პროექტი ითვალისწინებდა 38 გვირაბის გაჭრას, მათ შორის 23 კილომეტრიანი გვირაბის აშენებას არხოტში. მშენებლობის გახსნით საქართველოს კომუნისტურმა მთავრობამ რუსეთიდან ირანისკენ მიმავალი სარკინიგზო მაგისტრალის საბჭოთა "გიგანტური პროექტის" განხორციელება წამოიწყო. რამდენადაც უკვე "გარდაქმნის" და "საჯაროობის" პერიოდი იდგა, 1987 წლის მიწურულს და 1988 წლის გაზაფხულზე საქართველოს კომუნისტი ლიდერები ცდილობდნენ პროექტის განხილვა გამჭვირვალე ყოფილიყო და მოეცვა რაც შეიძლება ფართო საზოგადოება. ამ პროექტს ეტყობოდა, რომ ის ცალკე საქართველოს ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებდა - არამედ სსრკ-ს ინტერესებიდან გამოდიოდა. ეს გულისხმობდა ირანთან ჩრდილოეთ-სამხრეთის დიდი სარკინიგზო კორიდორის გახსნას. განხილვა მოეწყო მწერალთა კავშირშიც, რომლის შედეგაც ამ პროექტის მოწინააღმდეგე მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა (ნ. წულეისკირი, ჯ. ფხოველი. თ.ბექიშვილი. გ, ნიშნიანიძე, მ. ქვლივიძე, ი. ორჯონიკიძე, ნ. გელაშვილი, ნ. ნათაძე, მ. წურწუმია, გ. ნოდია) მიმართვა გამოაქვეყნეს, რომელშიც ეწერა:

"რკინიგზის მომხრეთა პათოსს უფართოესი ასპარეზი მიეცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი მთლიანად მათ ხელში აღმოჩნდა და ვიდრე საგანგებოდ შექმნილი მეცნიერული კომისიები საბოლოო აზრს შეიმუშავებდნენ, ჩვენი ტელევიზია აღტკინებული ზეიმობდა არაგვის ხეობაში რკინიგზის მშენებლობას და აზეიმებდა ყველას და ყველაფერს: ადამიანებსაც და ცხვრებსაც! ...თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მეცნიერებმა უარყოფითად შეაფასეს ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობა და შეუძლებლად მიიჩნიეს მისი გაგრძელება."

ამასთანავე ზვიად გამსახურდიამ გამოსცა და გაავრცელა თვითგამოცემა "მატიანე," რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა ტრანსკავკასიურ მაგისტრალს. მასში დაბეჭდილი იყო ეკოლოგიის ყველაზე ანგარიშგასაწევი ექსპერტის, პროფ. მ. ღოღობერიძის დასკვნა, ასევე სხვა ექსპერტების მოსაზრებები. საბოლოოს განხილვა შედგა რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, სადაც ხელმძღვანელი პირების და პარტიული მოღვაწეების გარდა მონაწილეობას იღებდნენ მწერლებიც და ხელოვნების მუშაკებიც, რომელთა უმრავლესობაც ასევე მოწინააღმდეგე იყო ამ პროექტისა. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საბოლოოდ გაიმარჯვა იმ თვალსაზრისმა, რომ მშენებლობა, როგორც არარენტაბელური და დამაზიანებელი, უნდა შეწყვეტილიყო.

ხ ა ზ გ ა ს მ ი თ მინდა აღვნიშნო, რომ ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები არასოდეს არ იბრძოდნენ ფეიკ-ინფორმაციების გავრცელებით, რომელიც იმოქმედებდა კოლექტიურ შიშებზე და ფობიებზე. ზვიად გამსახურდიას ინიციატივით რუსთაველის საზოგადოებაში ორჯერ მოხდა პროექტის განხილვა სპეციალისტებთან ერთად - მშვიდ, აკადემიურ გარემოში.

დღეს რომ მომხდარიყო ტრანსკავკასიური მაგისტრალის განხილვა, როგორ უნდა წარმართულიყო? ალბათ უნდა გამოყოფილიყო საგანგებო დარბაზი, სადაც ორ მხარეზე დასხდებოდნენ ექსპერტთა და საქმეში ჩახედულთა ჯგუფები - მაგალითად რკინიგზის მომხრეები (ჰიპოთეტურად ხელისუფლება ან მშენებლობის ტრესტი) და მოწინააღმდეგეები (საზოგადოების გარკვეული ნაწილი) ყველა მხარეს უნდა მისცემოდა დიდ მონიტორზე თავისი შეხედულების პრეზენტაციის უფლება და საშუალება.

სპეციალურად გამოყოფილი ნეიტრალური არბიტრი იზრუნებდა, რომ დისკუსია საქმიან ჩარჩოში დარჩენილიყო და არ გასცდენოდა მას - არ გადასულიყო პროპაგანდაში, შეთქმულების თეორიების ტირაჟირებაში, ჩვეულებრივ ლანძღვა-გინებაში. (სხვათა შორის იმ კომუნისტურ საქართველოში დისკუსია არც გადასულა ასეთ მიუღებელ ფორმატში) მონიტორზევე განიხილებოდა ხელშეკრულების ყველა პუნქტი. ნებისმიერი ფეიკ-ნიუსის ან ფეიკ-დოკუმენტის მხილება, რომელი მხრიდანაც არ იქნებოდა ის, მოხდებოდა წამებში თუ არა, წუთებში", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.