"არ ვიცოდი, კონვერტის შიგნით რა იმალებოდა. რომ გავხსენი, შოკი მივიღე" - რა ბიზნესს ფლობს "თენგო მაზიაშვილი" რეალურ ცხოვრებაში?
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბიზნესმენი თენგო მაზიაშვილის როლის შემსრულებელი - შოთიკო ნოზაძე რეალურ ცხოვრებაშიც მართავს ბიზნესს, თუმცა პანდემიის გამო, საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება. როგორც თავად გვითხრა, მსახიობის ხელფასის 70% მისი ბიზნესის გადარჩენას ხმარდება...
- შოთიკო, თავს როგორ გრძნობ ახლა, როცა "კომედი ჯგუფის" წევრიც ხარ და საყვარელ სერიალშიც მონაწილეობ?
- მშვენივრად. "კომედი ჯგუფში" გადასვლა ჩემთვის გამოწვევა იყო. ცოტათი გამიჭირდა, ნელ-ნელა ვეჩვევი... გამიხარდა, რომ სერიალიდან ისევ დამიძახეს და მათთან მუშაობა მიწევს. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ორ საქმეს ვემსახურები.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენი პერსონაჟის - თენგოს ამჟამინდელ სიტუაციას როგორ აფასებ? - სეზონი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. თითქოს მოულოდნელი სიტუაციაა, მაგრამ სიუჟეტი ლოგიკურად, სწორად ვითარდება: განაწყენებულია თენგოს მეუღლეც, საქმიანი პარტნიორიც, "კუმირი" - ბორის ნიგადიაევიც... მოკლედ, ჩემს პერსონაჟს ყველამ ზურგი აქცია და სიტუაცია იძაბება... ძალიან საინტერესო იქნება. უკვე რაღაცები ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი. თუმცა წინ კარგი სერიები გველოდება...
- თავად ფულის მნიშვნელობა და საჭიროება როდის გააცნობიერე? - ალბათ, როცა ადამიანი ჭკუაში ჩავარდები, ამას მაშინ აცნობიერებ. ფული ყოველთვის საჭიროა. ამის გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ ფულსაც გააჩნია: ისეთი უნდა იყოს, რომ მისი დახარჯვა გიხაროდეს და არ გეშინოდეს.
- იმას გულისხმობ, რომ სტაბილური შემოსავალი უნდა გქონდეს, რათა თამამად დახარჯო? - რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ის სიტუაცია არ არის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ - წვალება და სულ იმაზე ფიქრი გვიწევს, ხვალ-ზეგ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წლით ადრე რამე რომ დაგეგმო, ჩვენს ქვეყანაში ეს წარმოუდგენელია. ყოველდღიურად იმაზე ფიქრი გიწევს, რომ თუნდაც სამსახური შეინარჩუნო, ფული დაზოგო და გაუფრთხილდე... ამიტომ თანხის თავისუფლად ხარჯვა და ფრიალი არ გამოდის. ალბათ, ფულს მოფრთხილებაც და სწორად ხარჯვაც უყვარს.
- როდის გაგიჩნდა მოთხოვნილება, რომ ფული თავად გეშოვა? შენი პირველი შემოსავალი რა იყო? - ჩემი პირველი ჰონორარი სიმბოლური, სასაცილო თანხა იყო: 8 სპექტაკლში (რუსთავის თეატრში) ვითამაშე, მერე კი ჰონორარის ასაღებად დამიბარეს და კონვერტით თანხა გადმომცეს. რა თქმა უნდა, გამიხარდა. ეს ჩემი პირველი ხელფასი იყო და ბედნიერი ვიყავი, თუმცა არ ვიცოდი, კონვერტის შიგნით რა იმალებოდა. რომ გავხსენი, შოკი მივიღე: ზუსტად 8 ლარი და 50 თეთრი (ქაღალდის 2 და 1-ლარიანები, ასევე - სპილენძის 50-თეთრიანი) იყო (იცინის). მაშინ 14-15 წლის გახლდით.
- ეს თანხა რაში გამოიყენე? - მაშინ ლარის კურსი საკმაოდ მყარი იყო და მგონი, კარგად დავხარჯე, ბევრი რაღაც მომივიდა (იცინის)... პირველი ჰონორარი იყო და ძალიან გამიხარდა, თუმცა სასაცილო თანხა გახლდათ...
- შენი პირველი ოფიციალური სამსახური რა იყო? - დაბადების დღის ცენტრში წამყვანად, ანიმატორად ვმუშაობდი. იქ ჩემი მეგობარი მსახიობები (გოგონა და ბიჭი) მუშაობდნენ. ერთხელ ბიჭმა მითხრა, რომ დამხმარე სჭირდებოდა. მივედი... შემდეგ ეს საქმე "დავამუღამე", შევისწავლე, მერე კი საშუალება მომცეს, საღამო თავად ჩამეტარებინა. საერთოდ, ბავშვები ძალიან მიყვარს - მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მაშინ ცოტათი დაბნეული ვიყავი, თუმცა დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ბავშვების ფსიქოლოგია კარგად ვიცი, მესმის და პატარებთან ურთიერთობისას სწორი მიდგომები მაქვს - ვიცი, ისინი როგორ ვმართო. დაბადების დღის ცენტრში მუშაობისას გამოცდილება მივიღე, თუმცა პირველი სამუშაო დღე ცოტათი დაძაბული იყო, ვინერვიულე... შემდეგ ყველაფერი ნორმალურად წარიმართა და ეს საქმე ძალიან შემიყვარდა, ბევრგან ვიმუშავე... ერთი პერიოდი, ოპერატორიც გახლდით. ამ სპეციალობას ვსწავლობდი, მერე კი ამავე მიმართულებით ვმუშაობდი, მაგრამ ეს ოფიციალური სამსახური არ ყოფილა: თეატრიდან რომ წამოვედი, ცოტა ხანს პაუზა ავიღე და ტრენინგები გავიარე, ფოტო და ვიდეოგადაღება ვისწავლე. სხვადასხვა რეკლამას, შეკვეთას ვიღებდი... მე და ჩემმა მეგობარმა სტუდია გავაკეთეთ და ერთად ვმუშაობდით...
- შემდეგ შენი საქმიანობა როგორ წარიმართა? როგორც ვიცი, დაბადების დღის ცენტრი თავადაც გახსენი... - კი, ეს ცენტრი დღემდე მაქვს. ვიბრძვი და ვწვალობ, რომ შევინარჩუნო. ძალიან მინდა, რომ პანდემია ოდესმე დასრულდეს. პრობლემებს გვიქმნის, ვერ ვმუშაობთ... დაბადების დღის ცენტრი პანდემიამდე (2 წლის წინ), რუსთავში გავხსენი. ცენტრმა ფუნქციონირება საკმაოდ კარგადაც დაიწყო. ის გათვლა, რაც გვქონდა, გამართლდა. შესაბამისად, ბევრი იუბილარიც გვყავდა, მათ კარგ პროგრამას ვთავაზობდით, კმაყოფილებიც იყვნენ, თუმცა პანდემიის გამო გავჩერდით... ახლა თითქოს ცენტრი ისევ გავხსენით და თან, ვერ გავხსენით. კითხვები გვაქვს, რომელზეც პასუხი არ არის... მოკლედ, ძალიან დიდი ქაოსია!.. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ეს საქმე არ დავკარგო - დახურვა არ მინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. კანონს ვერ დავარღვევ, მაგრამ მოვლენების განვითარებას დაველოდები; როგორც კი რამე შეიცვლება, მუშაობას განვაგრძობ. ახლაც ვმუშაობთ, მაგრამ ამას "მუშაობა" არ ჰქვია, რადგან რეგულაციების დაცვა გვიწევს და იმის შიში გვაქვს, რომ ხვალ დაგვხურავენ.
- როგორ ფიქრობ, არსებულ პირობებში, ამ საქმის შენარჩუნებას როდემდე შეძლებ? - პირდაპირ გეტყვი: იჯარის ფულს ჩემი ხელფასიდან ვიხდი, რომ ეს საქმე შევინარჩუნო. ცენტრისთვის შენობა ნაქირავები მაქვს. ყველანაირად, ჩემი ფინანსური სახსრებით ვცდილობ, რომ მეპატრონემ არ გამომიშვას. თანამშრომლებიც მხარში მიდგანან. ეს ცენტრი ჩემი მეორე ოჯახია - იქ მისვლა მიხარია. ეს საქმე მიყვარს...
- როგორც ვიცი, გარკვეული ხნის წინ, რესტორანიც გახსენი... - გავხსენით, მაგრამ ცოტა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და პირადად მე, რესტორნის გახსნიდან რამდენიმე თვეში, ეს საქმიანობა დავტოვე.
- სარესტორნო ბიზნესში ჩართვა რატომ გადაწყვიტე? - ეს ჩემს საქმიან პარტნიორს უნდოდა. დამარწმუნა, რომ საქმეს თავს გავართმევდი. ჩემთვის ეს გამოწვევა იყო, თუმცა საქმე სხვაგვარად წარიმართა... მოკლედ, რთულია: უცბად იმ დიდ საქმეს ეჭიდები, რაც არ იცი და რაშიც გამოცდილება არ გაქვს. სწავლისთვის ძალიან გვიანი იყო. იმის დროც არ გვქონდა, რომ ნელ-ნელა მესწავლა. ამიტომ, ამ ეტაპზე, ვარჩიე, დამეტოვებინა. პირდაპირ ვამბობ, რომ იმ საქმეს თავს ვერ გავართმევდი. მირჩევნია, დროულად შევეშვა, ვიდრე ვთქვა, - გავაკეთებ-მეთქი და ვერ გავაკეთო...
- ისეთ საქმეს სხვა დროსაც შეჭიდებიხარ, რაშიც დარწმუნებული არ იყავი, რომ გამოგივიდოდა და მიგიტოვებია? - კი ბატონო, ასეთი შემთხვევები ყოფილა. საერთოდ, ყოველთვის საინტერესოა, როცა ცხოვრებაში ახალ-ახალი გამოწვევებია. ადამიანს გგონია, რომ შეძლებ და თურმე, ვერ შეძელი... მთავარია, ამ ყველაფერს მიხვდე და გაანალიზო, რომ ეს "შენი" არ არის და თავი დაანებო. საერთოდ, ყველაფერზე მიდებ-მოდება არ მიყვარს, მაგრამ როდესაც რაღაც გამოწვევაა, რაღაცას გთავაზობენ - მოდი, შეძლებო, ჩემთვისაც საინტერესოა, სტიმულია, მაგრამ თავად თუ დავრწმუნდი და იმ აზრამდე მივედი, რომ - არა, ეს ჩემი საქმე არ არის, მორჩა, იმას ვერანაირად ვერ გავაკეთებ, გამორიცხულია.
- ფულის გამო ისეთი საქმის გაკეთება თუ დაგჭირვებია, რაც არ გსიამოვნებდა? - ისეთი საქმე გამიკეთებია, რომელიც დამზარებია, "ჩემი" არ ყოფილა, მაგრამ მაინც უნდა გამეკეთებინა. ეს ის პერიოდი იყო, როცა კამერით სხვას თავად ვიღებდი. შეიძლება, გადაღებების 2-3 დღე ერთმანეთს მიჰბმოდა, ვიღლებოდი და მერე აღარ მქონდა სურვილი, კამერა კიდევ ამეღო და გადამეღო, თუმცა ვალდებულებას ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან იმ წუთში ასე იყო საჭირო...
- ამჟამად, შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება? - 70% იჯარაში იხარჯება, დანარჩენი 30% - ყოველდღიურ ხარჯებში...
- შოთიკო, საქმიან ან საქმის წამოწყების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ? - უპირველეს ყოვლისა - შრომას. თუ არ იშრომე, არ იწვალე, არაფერი გამოდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის საქმე უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ. სამსახურში მისვლა უნდა გიხაროდეს და თავაუღებლად იშრომო, ოღონდ - ამას რომ გააკეთებ, აუცილებლად უნდა დაგიფასდეს. აი, რომ არ გიფასდება, მერე საქმეზე გული გიცრუვდება, აღარ გინდა, აღარ გიზიდავს... მაინც იქამდე მივდივართ, რომ ფული მნიშვნელოვანია - იმის სტიმულია, რომ რაღაცას როცა გააკეთებ, იშრომებ, დაგიფასდება. ეს მაგარი შეგრძნებაა!.. ადამიანი რომ წვალობ, შრომობ და ბოლოს "კაპიკებს" იღებ, შეიძლება, 2-5 თვე, 1 წელი ასე გაგრძელდეს, მაგრამ მერე შრომა ფასს კარგავს და აღარ გაქვს საქმის კეთების მუღამი. ამიტომ ვფიქრობ, ვინც ახალ საქმეს ან სამსახურს დაიწყებს, აუცილებლად ბევრი უნდა იშრომოს და პირველ რიგში, იმაში გაერკვეს, არის თუ არა ეს მისი სამუშაო სფერო. ძალდატანებით არ იმუშაონ და ყველამ თავისი საქმე აკეთოს...
ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"