"როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, რომელიც გცემს, გამცირებს და შეურაცხგყოფს?"
"მაიამიში, სადაც მე ვიყავი, ვაქცინა მოსახლეობის თითქმის 80%-ს აქვს გაკეთებული. ეს იყო პირველი შორეული ვიზიტი მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო"
პოპულარული მოდელი კრისტი ყიფშიძე საინტერესო მოსაუბრეა. რამდენიმე თვის წინ კი ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო. "ყველაფერში ჩემს სულსა და გულს ვდებ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ახალ გამოწვევას კარგად გავუმკლავდები", - ამბობს მომხიბლავი მოდელი.
- კრისტი, როგორ გამოიარეთ პანდემიის პერიოდი, რომელიც ჩვენთვის ისევე რთული და მძიმე აღმოჩნდა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის?
- ამ განსაცდელს როგორც მონეტას, ორი მხარე ჰქონდა: კარგიც და ცუდიც, ან ღირსეულად უნდა გამოგვევლო ყველაფერი, ან შევშინებულიყავით. მე ეს მივიღე როგორც გამოცდა, განსაცდელი. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ ეს მთელ მსოფლიოს სჭირს. ვირუსის გამო თითქოს ერთნი გავხდით, მნიშვნელობა აღარ აქვს არც სტატუსს, არც სიმდიდრეს, არც თანამდებობას, ყველა წესებს უნდა დავემორჩილოთ.
კიდევ კარგი, მეცნიერებმა ვაქცინა შექმნეს, მე უკვე დავრეგისტრირდი და როცა ჩემი ჯერი მოვა, ვაქცინას გავიკეთებ. სხვათა შორის, ახლახან ჩამოვედი ამერიკიდან. მაიამიში, სადაც მე ვიყავი, ვაქცინა მოსახლეობის თითქმის 80%-ს აქვს გაკეთებული. ეს იყო პირველი შორეული ვიზიტი მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. ამერიკა ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა და ეს ყველაფერში იგრძნობა. მართალია, ჩინეთის ან ისრაელის მსგავსად პირბადეები ჯერ არ მოუხსნიათ, მაგრამ მაინც კარგი მდგომარეობა აქვთ. წამოსვლამდე ტესტი იქაც გავიკეთე, თბილისში რომ ჩამოვედი, ტესტირება აქაც გავიარე. "კოვიდმა" ჩემი ყოფა მთლიანად შეცვალა: ჩემი სამსახური, ჩვენებებზე გამოსვლა და სცენა ძალიან მენატრება, მაგრამ სექტემბერში ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო სიახლე მოხდა: ერთ-ერთ ტელევიზიაში დილის გადაცემაში მიმიწვიეს, სადაც საოცრად თბილი, პოზიტიური ადამიანები გავიცანი. მაქვს ხუთწუთიანი რუბრიკა, რომელსაც "კრისტის ბლოგი" ჰქვია. სულ ძიებაში ვარ და ყველა სიუჟეტში სულსა და გულს ვდებ.
- პოდიუმზე არ დგახართ, მაგრამ ფორმას მაინც ინარჩუნებთ, როგორ ახერხებთ? - ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, ცეკვა და წონის შენარჩუნებაში ესეც მეხმარება. სხვათა შორის, ვარცხნილობა და თმის ფერი ბევრჯერ შევიცვალე, ერთხანს ქერაც ვიყავი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ბუნებრივი, ნატურალური ფერი და ვარცხნილობა უფრო მიხდება. ჩაცმულობაც უბრალო მომწონს.
მაგალითად, ზაფხულში გრძელი, შავი სარაფანი და "შლოპანცები" ჩემთვის ყველაზე საყვარელი სამოსია, რომელსაც ვერაფერზე გავცვლი.
- ოჯახურ ძალადობაზე რა აზრის ხართ? - კაცი, რომელიც თავისზე სუსტს ჩაგრავს, სცემს და ავიწროებს, ყველაზე უსუსურია. მე ასეთ კაცს ხელსაც შევუბრუნებდი (იცინის). შესაძლოა არ მეტყობა, მაგრამ ძლიერი ადამიანი ვარ, თავის დაცვა და პასუხის გაცემა შემიძლია. სიძლიერე მარტო კუნთებში ხომ არ არის? - ის ადამიანის გულსა და გონებაშია. ყველა ქალს ვურჩევ: როგორც კი შეატყობთ, რომ მოძალადესთან ცხოვრობთ, იმწამსვე დაემშვიდობეთ, სხვაგვარად ამ განსაცდელს თავს ვერ დააღწევთ.
- თუმცა ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობას მოძალადე უყვარს. თქვენი აზრით, ეს ნორმალური მოვლენაა? - მათ ეჩვენებათ, რომ უყვართ. როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, რომელიც გცემს, გამცირებს და შეურაცხგყოფს? ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან ისიც გამიგონია: მცემდა, მერე საჩუქრებით მოდიოდა და მირიგდებოდაო. მოძალადე მსხვერპლის კეთილგანწყობას ამ გზით ყიდულობდა! ამიტომ ასეთი ქალების ფსიქოლოგიური დახმარება აუცილებელია. სხვათა შორის, მოძალადესაც სჭირდება დახმარება, რადგან მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, ბავშვობის დროინდელი ტრავმის ან კომპლექსების შედეგია.
- ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალებს მეტისმეტად დაბალი თვითშეფასება აქვთ. - დიახ, ფსიქოლოგი აუხსნის, რომ უპირველესად ჩვენი თავი უნდა გვიყვარდეს. ამაში ეგოიზმს და ნარცისიზმს არ ვგულისხმობ, მაგრამ როცა საკუთარი თავი გიყვარს, მერე ყველა სხვანაირად გექცევა. სადღაც, გულის კუნჭულში, ნებისმიერ ჩვენგანს ჰყავს პატარა "მე", რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. მაგალითად, მე მყავს "პატარა კრისტი", რომელსაც სულ ვეუბნები, რომ კარგი გოგოა და მხოლოდ სიკეთეს იმსახურებს.
- თქვენს გეგმებზეც მოგვიყევით... - როცა ახალ პროექტს ან ახალ საქმეს ვიწყებ, ამის შესახებ ძალიან ცოტას ვლაპარაკობ. სამაგიეროდ, ხვალინდელ დღეს ყოველთვის წინასწარ ვგეგმავ - მიყვარს, როცა ყველაფერი საათივით მაქვს აწყობილი.
ხათუნა ჩიგოგიძე