"ამ სიტუაციაში, ქართველი მომხმარებელი გვერდით რომ დაგიდგება და შენი სამოსით ივლის, დიდი ბედნიერებაა" - კვირის პალიტრა

"ამ სიტუაციაში, ქართველი მომხმარებელი გვერდით რომ დაგიდგება და შენი სამოსით ივლის, დიდი ბედნიერებაა"

"იმედია, ეს პერიოდი მალე დასრულდება და დავუბრუნდებით "პრანჭვის" პერიოდს"

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეცვალა. ვირუსის გამო ადამიანები დღემდე ცდილობენ, ახალ, პანდემიურ ცხოვრებას შეეგუონ. უკვე წელიწადზე მეტია ვუყურებთ, როგორ იკეტება მაღაზიები და ეკონომიკური ცვლილებები რა ძლიერ აზიანებს საქართველოს და მსოფლიოს. პანდემია შეეხო ყველაფერს, მათ შორის, მოდის სფეროსაც, თუმცა, საბედნიეროდ, მსხვილმა კომპანიებმა გადარჩენა და კრიზისის დაძლევა შეძლეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი - "ავთანდილი" ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას განაგრძობს და ახალი სამოსითა თუ საინტერესო სიახლეებით განვითარებას არ წყვეტს. მალე ზაფხული მოვა და მოდას ახალი ფერები შეემატება, თანაც, პარალელურად, ქვეყანა პანდემიისგან თავის დაღწევას ცდილობს. ახალ ტრენდულ ფერებზე, სტილსა და ამ რთულ პერიოდზე ავთანდილ ცქვიტინიძეს ვესაუბრეთ:

- მალე ზაფხული მოვა, როგორი სტილის სამოსი იტრიალებს 2021 წლის ზაფხულში?

- ზაფხული ნათელ ფერებთან ასოცირდება, როგორიც არის თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, მოკლედ - რაც გვახარებს და რაც პოზიტიურ ენერგიას გვანიჭებს ადამიანებს. რა თქმა უნდა, შავი არასდროს წასულა და არც გადავა მოდიდან, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ზაფხულში გავანეიტრალოთ შავი ტონალობა და ნათელი ფერებით, თუნდაც - აქსესუარებით გავამრავალფეროვნოთ სამოსი. მოდაში შემოდის და გადის ფერები, თუმცა შავი მუდმივად რჩება, მეფეა.

- ახლა, გაზაფხულზე რა ტრენდებს ვხვდებით და რა დაემატება ზაფხულისთვის?

- ეს პანდემია დიდი პაუზა და შეჩერება აღმოჩნდა მოდისთვის. მოდა სწრაფად ტრიალებს, 6 თვეში ერთხელ იცვლება და ახლა მეტი აქცენტი გაკეთებულია უფრო სპორტულ სამოსზე, ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც კომფორტულია. იმედია, ეს პერიოდი მალე დასრულდება და დავუბრუნდებით "პრანჭვის" პერიოდს. პანდემიის გამო, საჭიროება არ იყო გასასვლელი ტანისამოსის, მაქსიმალურად კომფორტულ სამოსს მოვერგეთ, თუმცა ამანაც სახე იცვალა. სპორტული სამოსი გახდა "Fashion"-ი, ტრენდული და უკვე მისი გამოსასვლელი ვერსიებიც ვიხილეთ სხვადასხვა დიზაინერისგან.

- როგორ უმკლავდებით პანდემიას, იმოქმედა ამ ყველაფერმა მოდის ბიზნესზე?

- ჩვენთვის იდეალური ვერსია ის არის, რომ კომპანია განაგრძობს ფუნქციონირებასა და განვითარებას, ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ. ისეთი მოცემულობა იყო, ყველაფერი გაჩერდა, მსოფლიომ სვლა შეწყვიტა, ტურიზმი, ბიზნესი, შესყიდვები - ყველაფერი გაიყინა და მოდა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ამ სიტუაციაში,  ქართველი მომხმარებელი გვერდით რომ დაგიდგება და შენი სამოსით ივლის, დიდი ბედნიერებაა. მე ქართველი მომხმარებლის, ქართველი ხალხის თვალწინ გავიზარდე, ჩემი ემოციებით, შრომითა და ჩემი საქმისადმი გულწრფელი სიყვარულით მიცნობენ და ამ პერიოდში, რაღაცნაირად, დამიბრუნდა ეს სიყვარული. დიდი სიხარული იყო, როდესაც ვხედავდი, პანდემიის დროს როგორ ატარებდნენ ქართველები "ავთანდილის" სამოსს, ჩემთვის ეს ბევრის მთქმელია. მათ, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს.

- ახალ კოლექციაზე თუ მუშაობთ, როდის ველოდოთ ახალ კოლექციას და ჩვენებას?

- ახლა ვამზადებთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, პირველი ხაზის მილანის შოურუმისთვის, რადგან ჩვენთან საერთაშორისო ბაზრის შეკვეთებიც აქტიურად მუშაობს. ნაწარმი, რომელიც მილანის შოურუმში გავა, არ იქნება საქართველოში, იქნება მორგებული იმ "ფეშენ" მაღაზიებზე, რომლებიც დაკავებულები არიან სინთეზით, სამოსი გავა კონცეპტუალურ მაღაზიებში. პანდემიის პერიოდში შესყიდვები შემცირებულ იყო, თუმცა ჩვენზე არც ერთმა კონცეპტუალურმა მაღაზიამ არ თქვა უარი და ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ჩემთვის და ჩემი ბრენდისთვის.

ეს ახალი ხაზი მხოლოდ მილანის შოურუმში იქნება წარმოდგენილი და იქიდან წავა მსოფლიოში, მოივლის ტოკიოს, ნიუ-იორკსა და ბევრ ქვეყანას. ახალი მოდელების შეძენა საქართველოში მხოლოდ შეკვეთით იქნება შესაძლებელი.

- მოდა ბრუნდება და წელს კიდევ ერთხელ ვნახეთ ეს, რადგან ახლა მოდაში თეთრ პერანგებზე მორგებული წელის ქამრებია, თქვენ როგორ მოგწონთ ეს ტრენდი? - აქაც სპორტულ სტილთან უნდა გავავლო პარალელი. ბევრმა დიზაინერმა სპორტული სამოსი ჩართო კლასიკაში და წელი დააფიქსირა, რადგან მიხვდნენ, რომ ქალის სილუეტი მთლიანად დაიკარგა და დაიწყეს მისი დაფიქსირება, რაც ერთგვარი სასიამოვნო და კარგი გამოსავალია "Fashion" ხედვისთვის.

- ავთანდილ, აცრას თუ აპირებთ?

- ავიცერი უკვე, ჩინური ვაქცინა გავიკეთე, "სინოფარმი" და ერთ კვირაში მეორე დოზასაც გავიკეთებ. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ და ყველას მოვუწოდებ, აიცრან. უნდა დამთავრდეს ეს ეტაპი და უნდა მორჩეს პანდემია.

(სპეციალურად საიტისთვის)