"გაუმარჯოს საქართველოს!" - როგორ ეხმაურებიან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უცხოელი პარტნიორები - კვირის პალიტრა

"გაუმარჯოს საქართველოს!" - როგორ ეხმაურებიან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უცხოელი პარტნიორები

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უცხოელი პარტნიორები მისალოც განცხადებებს ავრცელებენ და თავიანთ შთაბეჭდილებებსა და დადებით ემოციებს გამოხატავენ:

"საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს - იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს",- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია აღნიშნული.

ელჩი მიმართვას საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ავრცელებს და მასში ქვეყანაში გატარებული 2 წლისა და 9 თვის შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

"გამარჯობა. მე ვარ კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი. შესაძლებლობა მომეცა, რომ თითქმის სამი წელი გამეტარებინა საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მაკვირვებდა ამ ქვეყნის მრავალფეროვნება, სითბო და ტემპერამენტი.

საქართველო მართლაც ულამაზესი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფები – სვანეთის თოვლიან მთებში, აჭარის მწვანე სანაპიროზე, ჩაის პლანტაციების შუაგულში გამავალ გურიის გზებზე, კახეთის მდიდარ ვენახებში, თუ სხვა უამრავ თვალწარმტაც ადგილას.

მე ასევე მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი საქართველოს შთამბეჭდავ კულტურულ მემკვიდრეობას, დამეგემოვნებინა ქვევრის ღვინო და ხინკალი, დავმტკბარიყავი მრავალხმიანი მუსიკით და აღვფრთოვანებულიყავი საქართველოს გრძელი და გამორჩეული ისტორიული კვალით.

შევხვდი ძალიან ბევრ შემოქმედებით და ამბიციურ ადამიანს, რომლებიც ავითარებენ ტურიზმის სექტორს, აწყობენ თანამედროვე ღვინის მარნებს, აღორძინებენ ჩაის პლანტაციებს და საკუთარ ადგილს იკავებენ მსოფლიო მოდის რუკაზე.

საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს. ამის მაგალითია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და რეკორდული რაოდენობის ქართველი სტუდენტი, რომელიც განათლებას ევროპაში იღებს.

ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა.

ჩვენ დღეს საქართველოს განახლების დღის წესრიგის ნაწილი ვართ, ვეხმარებით რა ფერმერებს, ბიზნესებს და რეგიონებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.

ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.

გაუმარჯოს საქართველოს!"- აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის ამ სამეზობლოში. მაგრამ კარგია, რომ საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

"ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა,"- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ის რამდენიმე პოსტსაც აქვეყნებს.

"26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ", - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ევროკავშირს და საქართველოს სხვა პარტნიორებს სურთ, ქვეყანას დაეხმარონ შიდა და გარე გამოწვევების გადალახვაში.

"თითქმის მოგვარებული საპარლამენტო კრიზისი კარგი მაგალითია. თქვენ გამოწვევა შესაძლებლობად აქციეთ, ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანია და უფრო დემოკრატიული, ვიდრე ადრე,"- წერს ევროპარლამენტარი.

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

"დიდ გამოწვევად რჩება თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარისგან და ასობით ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში დაბრუნება. ევროკავშირი თქვენს გვერდითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში", – წერს კრამონი.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მიულოცა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლიეტუვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება.

"თავისუფლებით გაერთიანებულები მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეთ. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატება იქნება!

ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. ლიეტუველი ხალხის სახელით თითოეულ თქვენგანს საუკეთესო განწყობას გისურვებთ", - განაცხადა ნაუსედამ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"თბილი მილოცვა ლატვიიდან საქართველოს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს", – წერს ედგარს რინკევიჩსი "ტვიტერში".

მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს მათი მშვენიერი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა "ტვიტერში" წერს.

"დაე, თქვენმა დროშამ ყოველთვის მაღლა და ამაყად იფრიალოს და თქვენი თავისუფლებისადმი სწრაფვა არ შესუსტდეს. ლიეტუვა გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას ამ ღირსეულ გზაზე", – წერს ანდრიუს კალინდრა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით