"მარინა ჯანაშიას ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი როლი ადამიანურობა იყო... ის გაყინულ სულს გითბობდა" - კვირის პალიტრა

"მარინა ჯანაშიას ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი როლი ადამიანურობა იყო... ის გაყინულ სულს გითბობდა"

ეს ბოლო რამდენიმე წელია, ქართული თეატრი და კინო გენიალურ მსახიობებს კარგავს. რამდენიმე კვირის წინ კახი კავსაძე გავაცილეთ, მოულოდნელად კი, 71 წლის ასაკში, საამაყო მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ასე ამბობენ, სიკეთესა და სითბოს ასხივებდაო. მსახიობის გარდაცვალებამ გული დასწყვიტა სრულიად საქართველოს, მის მეგობრებსა და კოლეგებს. თეატრისა და კინოს მსახიობები, მარინა ჯანაშიას იხსენებენ.

ავთო ვარსიმაშვილი, ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორი, სცენარისტი: - 42-წლიანი მეგობრობის შემდეგ ბევრი რამ მახსენდება. მარინა ის მსახიობი იყო, რომელიც ჩემს პირველ სპექტაკლშივე მონაწილეობა, ის იყო მშვენიერი ქართველი ქალი და წლები ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით. როდესაც თავისუფალი თეატრი გავხსენი, მარინა ჯანაშია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოვიდა და დაიწყო თამაში, პარალელურად კი, რუსთაველის თეატრშიც თამაშობდა. მარინა ბოლო დღემდე "ჯინსების თაობაში", "რვა მოსიყვარულე ქალში" და მრავალ სპექტაკლში თამაშობდა. საოცრად კეთილი და გამგებიანი იყო, ამავდროულად - უდიდესი ადამიანი. ადამიანი, რომელიც სულ ანათებდა. ვფიქრობ, მისი მთავარი ღირსება იყო ის რომ გაყინულ სულს გითბობდა. მარინას ეს ცხოვრებისეული დანიშნულება ჰქონდა, მას უნდა გაეთბო ჩვენი, ყველას გაყინული სულები. საქართველომ კიდევ ერთი დიდი მსახიობი დაკარგა, გაფრინდა, კიდევ ერთმა დაგვტოვა, მიდიან რჩეულები.

ქეთევან დუმბაძე, პარლამენტარი, ხელოვნებათმცოდნე, მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი: - მარინა ჯანაშია სკოლაში სწავლის დროს გავიცანი, სპექტაკლი "ბერნარდა ალბას სახლი" ვნახე და ძალიან მომეწონა. შემდეგ "რომეო და ჯულიეტა" იყო, რომელშიც არაჩვეულებრივად ითამაშა მარინამ. ერთ დღეს, სტუმრად ჩემს მეგობართან ვიყავი, უეცრად კარი გაიღო და მარინა შემოვიდა. ჩვენ იმ დღეს გავხდით ახლობლები და მეგობრები. ჩემი კლასელი, რეჟისორი ლელა გარიშვილი ჩვენი საერთო მეგობარი იყო, ლელასთანაც ხშირად დავდიოდით სახლში. მარინა, როგორც მეზობელი და მეგობარი, ყოველთვის ჩვენთან ერთად ატარებდა დროს, სწორედ იქ დაიბადა ჩვენი მეგობრობა და სიყვარული. შემდეგ მან ითამაშა ბებიაჩემის როლი "კუკარაჩაში", ითამაშა "მარადისობის კანონში" და ამით კიდევ უფრო ახლობელი გახდა. როდესაც როლზე მუშაობდა, მუდამ მიზიარებდა თავის განცდებს. ძალიან მსიამოვნებდა, ვგრძნობდი მის დამოკიდებულებას მამას მიმართ და მამას ნაწარმოებების მიმართ. როდესაც კულტურის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ჩემი კოლეგა და მეგობარი გახდა თეო ჯაყელი, მისი რძალი და ჩვენს ახლობლობას კიდევ დაემატა ერთი რამ. როდესაც ჩემმა შვილმა, ნოდარიკომ რომანი "ავი მუსაიფი" დაწერა, მან წაიკითხა წიგნი და აღფრთოვანებულმა მომწერა. მთხოვა, თუ შეიძლება ფესტივალზე მე წარვადგენ ამ წიგნს, მე წავიკითხავ ნაწყვეტებსო. ეს იყო დიდი სიხარული, იმიტომ, რომ მარინა ჯანაშია, ჩემთვის ახლობლისა და მეგობრის გარდა, დიდი მსახიობი და ადამიანი იყო. საოცარი განცდა გამიჩნდა, როდესაც მთხოვა, თვითონ წარედგინა ჩემი შვილის წიგნი.

უკეთილშობილესი ადამიანი გახლდათ, საოცრად თავმდაბალი, ვერაფრით ვერ წარმოიდგენდი, რომ ვარსკვლავი იყო. გვერდზე გეჯდა, კაშკაშებდა, მაგრამ ეს ვარსკვლავური ამბიცია არასდროს ჰქონია. დიდ პატივისცემას იმსახურებდა ყველასგან. მარინა ჯანაშიას ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი როლი ადამიანურობა იყო, მისი დამოკიდებულება ყველას მიმართ.

ნინელი ჭანკვეტაძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი: - მარინა თეატრალურ სცენაზე ჩემი პირველი სიყვარულია. პატარა ვიყავი, როდესაც მისი შესრულებით "რომეო და ჯულიეტა" ვიხილე. მარინა იყო ნამდვილი ვარსკვლავი და ბოლომდე ასე დარჩა. სულ ვეუბნებოდი, თუ მომინდებოდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი, მისნაირი ვიქნებოდი. მარინა იყო ჩემი იდეალი. იმ პერიოდში არტისტობაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ასეთი წარმომედგინა კარგი მსახიობი. ამ დიდი სიყვარულით წლები მოვდიოდით, შემდეგ ჩვენი გზები გადაიკვეთა, ორ ფილმში ვითამაშეთ ერთად და ცხოვრებაშიც ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მარინა ქართული აკადემიის ღირსეული წევრი იყო და იქ თემო გოცაძესთან ერთად ვიყავით. მახსოვს, დიდი სიყვარულით და სიხარულით ვიღებდით "კუკარაჩას", ფილმზე მუშაობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

როდესაც მოსკოვში, "ქართული კინოს კვირეულზე" "კუკარაჩა" ჩავიტანეთ, მე და მარინა ერთ სასტუმროში მოვხვდით. მახსოვს, ერთი სასაცილო ამბავი გადაგვხდა. იქ ჩასვლისას სასტუმროში ბარგი ამოვალაგეთ და როდესაც გარდერობში სამოსი ჩამოვკიდეთ, აღმოჩნდა რომ ორივეს თეთრი და შავი ტანსაცმელი გვქონდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც დიდად ფერადი სამოსი არ იშოვებოდა, თუმცა ორივეს გვიყვარდა ეს ორი ფერი და აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამა დაემთხვა. ერთხელ, კინოჩვენებიდან დაბრუნებულებს, დერეფანში დამლაგებლები შეგვხვდნენ, ჩვენი ოთახის დამლაგებელი ყველას ეუბნებოდა, ნახეთ, როგორი გოგონები ცხოვრობენ ჩემს ოთახშიო. კარადა ჰქონდა გაღებული და ამბობდა, ნახეთ როგორ აცვიათ, როგორ ახურავთ, რა ლამაზები არიანო და დიდ ექსკურსიას ატარებდა ჩვენს გარდერობში. მე და მარინა გამხდრები ვიყავით და ჩვენი ზომა სამოსი ყველგან არ იშოვებოდა.

მარინასთან ბევრი რამ მაკავშირებს, მათ შორის - ჩემი მეუღლე, რომელიც მისი პირველი პარტნიორი იყო. ერთად ვნახე და მოგვიანებით ზაზა შემიყვარდა, როგორც ჩემი სამუდამო პარტნიორი და მარინა - როგორც ადამიანი, მსახიობი. დღეს ზაზა მეუბნებოდა, რამდენიმე დღის წინ, კახა კახაბრიშვილი დავკრძალეთ და ახლა მარინა წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩვენი ოჯახისთვის დიდი ტკივილია ეს ამბავი, ვიცოდი, ცუდად იყო და არ მინდოდა, ზედმეტად შემეწუხებინა, ვიცოდი, რომ ეს ტკივილი რთული იყო მისთვის. ბოლო წუთამდე იბრძოდა. ასეთი ხასიათი ჰქონდა, ერთი წამითაც არ დანებებულა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მის დიდ ოჯახს, ყველას გული დაგვწყვიტა.

(სპეციალურად საიტისთვის)