"სტალინის სამშობლოში ზოგიერთი ქართველი ბელადის სადღეგრძელოს სვამს, სხვები კი მისი შავბნელი წარსულის შესახებ ჰყვებიან" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"სტალინის სამშობლოში ზოგიერთი ქართველი ბელადის სადღეგრძელოს სვამს, სხვები კი მისი შავბნელი წარსულის შესახებ ჰყვებიან" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა?

აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" (The Washington Post) 30 მაისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის სამშობლოში ზოგიერთი ქართველი ბელადის სადღეგრძელოს სვამს, სხვები კი მისი შავბნელი წარსულის შესახებ ჰყვებიან", რომელშიც, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფონზე, განხილულია სსრკ-ის ლიდერის, იოსებ სტალინის როლი და მისი მნიშვნელობა ქართველი ხალხის ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებაში (ავტორი - ინა ლაზარევა).

"იოსებ სტალინის დიდი ხნის განადგურებული გრანიტის ძეგლის ცხვირის ნამსხვრევი და ულვაშის ნაწილი გრიგოლ ონიანისათვის ყველაზე ძვირფას ნივთად ითვლება - იმიტომ, რომ ეს ნაწილები იმ დიდი ძეგლის ფრაგმენტებს წარმოადგენს, რომლის აღების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაში იგი მონაწილეობდა ჯერ კიდევ 1961 წელს, სტუდენტობისას. გრიგოლ ონიანი დღესაც რჩება ბელადის ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ თავანისმცემლად საქართველოში, რომელიც კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარეობს. "სტალინი ფენომენია", - ამბობს იგი. გრიგოლ ონიანის კერძო მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია იოსებ სტალინთან დაკავშირებული ბევრი ექსპონატი, იმ უჩვეულო და გასაოცარი ნოსტალგიის გამოხატულებაა, რომელიც ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული საქართველოში გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელი ლიდერის მიმართ", - ნათქვამია სტატიაში.

"დღეს საქართველოში ბევრ ნივთზე იოსებ სტალინის სურათია გამოხატული, ჯერ კიდევ არსებობენ მისი სახელის მქონე ქუჩები... გორში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმთან აქცია იმართება და 2010 წელს აღებული ძეგლის აღდგენას ითხოვენ. იმავდროულად კი, ის რეალური დანაშაულობანი, რომელიც სტალინის მმართველობის დროს იქნა ჩადენილი - ციმბირის "გულაგები", წმენდები და დაპატიმრება-რეპრესიები, მიჩუმათებული და იგნორირებულია. საქართველოსთვის იოსებ სტალინი იმ ბრძოლის ცენტრში იმყოფება, რომელიც მისი ისტორიული ხსოვნისათვის მიმდინარეობს, გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ. ახალგაზრდა თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიზარდა, ითხოვს, რომ სტალინი იმ ლიდერად იქნას აღიარებული, რომელმაც მოკავშირეებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა, მაგრამ, იმავდროულად, იგი საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთ შავბნელ მმართველსაც წარმოადგენდა.

"ერთადერთი გზა ისაა, რომ სტალინზე სრული სიმართლე ითქვას, ყველაფერი უნდა გამჟღავნდეს", - ამბობს 38 წლის გიორგი კანდელაკი, პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელსაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი საბჭოთა ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნის საქმეში. მისი თქმით, "ამჟამად საქართველოში სტალინის ცხრა ახალი ძეგლია დადგმული, ხშირად სვამენ სადღეგრძელოებს მისი სახელის სადიდებლად... სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებმაც კი, ვისაც სტალინი არ უყვარს, კარგად არ იციან, თუ რა გაუკეთა მან საქართველოს და ქართველებს".

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება "მითების დეტექტორის" წარმომადგენელს ნინო დალაქიშვილს, რომელიც ცდილობს, სტალინის დამსახურების შესახებ ქართულ მასმედიაში გავრცელებული ცრუ მასალები ამხილოს და მოსახლეობას სინამდვილე მიაწოდოს. "ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და სირცხვილია, როცა საქართველოში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი სტალინის სახელობის ქუჩები", - აცხადებს ნინო დალაქიშვილი.

სტატიაში ჩამოთვლილია ის ადგილები და ობიექტები, რომლებსაც იოსებ სტალინის სადიდებლად აქვთ სახელი დარქმეული: ავლაბრის არალეგალური სტამბა, სადაც, თითქოსდა, იგი რუსული ცარიზმის წინააღმდეგ პროკლამაციებს ბეჭდავდა და ავრცელებდა, მაგრამ არავინ იცის, რომელ წლებში და რამდენ ხანს მუშაობდა; გორში სტალინის გამოსახულება თვალებს გჭრის სასტუმროს ფანჯრებიდან, მისი ძეგლი მუნიციპალურ პარკში დგას, ხოლო რესტორანს "იოსები" ჰქვია. გორში მდებარე სახლ-მუზეუმი საბჭოთა დროიდან თითქმის არ შეცვლილა და ისტორიის აეროგრაფიული ვერსიის მაგალითს წარმოადგენს... იქვე, ახლოს, ქუჩის გამყიდველი სტალინის გამოსახულებით სამახსოვრო საჩუქრებს, მონეტებს და მედლებს გთავაზობს, მასთან ერთად კი -  ნაცისტებთან დაკავშირებულ ნივთებსაც.

ერთი მხრივ, თვითონ გრიგოლ ონიანს, რომელიც თბილისში კერძო მუზეუმის მფლობელია, სტალინის ექვსი ძეგლი აქვს, რომელიც დიქტატორის სიკვდილის შემდეგ იქნა მოხსნილი. "ხალხმა იცის, რომ მე ძეგლები მომწონს და ვაგროვებ, ამიტომ მატყობინებენ, სად შეიძლება ისინი ვნახო", - ამბობს იგი.

მეორე მხრივ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ("სოვლაბ") ახალგაზრდა აქტივისტები ეძებენ და პოულობენ იმ ადგილებს, რომლებიც სტალინის მმართველობის ეპოქაში ჩადენილ დანაშაულებების მოწმენი არიან, მაგალითად, თბილისის ცენტრში მდებარე ინგოროყვას ქუჩაზე, ნახევრად დანგრეულ სახლში, 1921-1934 წლებში 15 ათასი ადამიანი დაჰკითხეს და აწამეს, რომლებიც იძულებულნი ხდებოდნენ ხელი მოეწერათ ყალბი ბრალდების აღიარებისათვის. "სტალინმა კარგად იცოდა ამ ადგილის არსებობა, რომელიც საბჭოთა ტერორის მოწმეა", - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, "სოვლაბის" აქტივისტი. მან გამოიკვლია და დოკუმენტურად ასახა შენობა, რომლის საკნებში უამრავი ადამიანი აწამეს.

დაახლოებით, ორი წლის წინ შენობის სარდაფის დიდი ნაწილი რესტორნად გადააქციეს, სადაც ქართული ხინკალი მზადდება. "ჩვენ გვინდა, რომ აქ მუზეუმი გაიხსნას", - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, - "მაგრამ ხელისუფლებისათვის ამის მოთხოვნა იგივეა, ყრუს რომ მოსთხოვო. მათ აბსოლუტურად არ ესმით ისტორიის ფასი და მნიშვნელობა, როცა ლაპარაკია ტოტალიტარიზმის მსხვერპლზე".

ირაკლი ხვადაგიანმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ მსგავსი სახლები, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, ქვეყნის სხვა ადგილებშიც არსებობდა, მაგრამ დღეს არცერთი არ არის შემორჩენილი. ასევე, დაიკარგა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საფლავებიც... "სოვლაბელ" ისტორიკოსთა თქმით, თბილისში ის ადგილები, სადაც მასობრივი რეპრესიების მსხვერპლთა საფლავები იყო, თავის დროზე ბულდოზერებით იქნა გადასწორებული.

"უცნაურია, რომ ქართველები არ შეეცადნენ სტალინის ეპოქაში მასობრივად დახოცილი ადამიანების ხსოვნის შენარჩუნებას და მათი საფლავების გადარჩენას", - ამბობს ლონდონელი ისტორიკოსი საიმონ მონტეფიორე, წიგნის "ახალგაზრდა სტალინის" ავტორი. - "სად არიან ისინი?". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ