"კეთილი იყოს თქვენი ფეხი აფხაზეთში! ანუ წამოდი, უნდა მოგკლათ!.."
როგორ ხვდება ოკუპირებული აფხაზეთი ტურისტულ სეზონს
ოკუპირებულ აფხაზეთში საკურორტო სეზონი იწყება. მოსახლეობა ტურისტების მოლოდინშია, თუმცა რეგიონში ვითარება ისევ არასტაბილურია. აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტრო აცხადებს, რომ წელსაც ნახევარი მილიონი ტურისტის მიღებას ელიან. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ წელს ტურისტებისთვის ბევრად სახიფათო ვითარებაა, ვიდრე შარშან იყო - კანტიკუნტად ჩამოსულ ტურისტებს პირდაპირ პლაჟზე ძარცვავენ, შეიარაღებული პირები დღისით-მზისით გზებზე აჩერებენ და აყაჩაღებენ ავტომანქანებს. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი სკანდალური საქმეა პეტერბურგელი არტიომ რუსკიხის ამბავი, რომელიც ე.წ. მილიციამ ნარკორეალიზატორად, უფრო სწორად, "ზაკლადჩიკად" ჩათვალა და სასტიკად გაუსწორდა.
აფხაზურ მედიას ეს არ გაუშუქებია, თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ-არხებს, სადაც პეტერბურგელ ახალგაზრდაზე ძალადობას ეხმაურებიან. აფხაზური მედიისგან განსხვავებით, რუსული მედია აქტიურად განიხილავს მომხდარს.
"კეთილი იყოს თქვენი ფეხი აფხაზეთში! ანუ წამოდი, უნდა მოგკლათ!.." - ამ სათაურით ეხმაურება ინტერნეტგამოცემა "მედია ზონა" რუსკიხის საქმეს. ინტერვიუში დაზარალებული ტურისტი ვრცლად ჰყვება, თუ როგორ დასრულდა მისი "იაფი და უვიზო მოგზაურობა "დამოუკიდებელ აფხაზეთში". "მეუბნებოდნენ, არც იცი, აფხაზეთში როგორ ქრებიან ადამიანები, აქ ვერასდროს ვერავინ გიპოვისო" და მოუწოდებს ყველას, ვინც წაიკითხავს მის თავგადასავალს, თუ როგორ შეეწირა აფხაზეთში რამდენიმე დღით ჩასვლას მისი ჯანმრთელობა და ფსიქიკა, დაფიქრდნენ, აფხაზეთში ღირს თუ არა წასვლა.
"ყველას გთხოვთ, წაიკითხეთ, თუ როგორ მომექცნენ აფხაზეთის შსს-ს "სტუმართმოყვარე" თანამშრომლები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში მცემდნენ, ხელკეტით გაუპატიურებით მემუქრებოდნენ, ხეზე ჩამომკიდეს და მდინარეში მახრჩობდნენ იმისთვის, რომ მეღიარებინა ის, რაც სინამდვილეში არ გამიკეთებია... მივხვდი, რომ მომკლავდნენ და "ვაღიარე", "ზაკლადჩიკი" ვარ-მეთქი და ასე გადავრჩი... დიდი იმედი არა მაქვს, რომ ჩემს საქმეს სათანადო რეაგირება მოჰყვება, მაგრამ ჩემს ხალხს მაინც გავაფრთხილებ", - წერს რუსი ტურისტი.
რუსკიხის ცემასა და წამებას, ე.წ. აფხაზეთის შს სამინისტროში უარყოფენ და ამტკიცებენ, მილიციამ კი არა, "დაუდგენელმა პირებმა" აწამესო. ე.წ. გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეს შეისწავლიან და დამნაშავენი დაისჯებიან.
28 წლის რუსკიხი ინჟინერია, ჰყავს მეუღლე - მხატვარი დარია მოროზოვა. რუსული მედიის ცნობით, ცოლ-ქმარს მოგზაურობა ჰყვარებია. "2021 წელს საქართველოში მოგზაურობას გეგმავდნენ, თუმცა ლოკდაუნმა გეგმა შეუცვალა, ამიტომ ცოლ-ქმარმა აფხაზეთი აირჩია. მათ კიდევ ერთი მეგობარი გოგონა შეუერთდა... ჯერ გაგრაში გეგმავდნენ ორი დღის გატარებას, ოთხი დღით - ახალ ათონში, ორი დღით კი სოხუმში დარჩენა ჰქონდათ ჩაფიქრებული. თუმცა გაგრას ვერ გასცდნენ, არტიომი ღვინის ბოთლით ხელში დააკავეს და აქედან დაიწყო ყველაფერი", - წერს გამოცემა.
რუსი ტურისტი, მისი ცოლი და მათი მეგობარი ქალი მამძიშხის მთისკენ წასულან, რომელიც რუს ტურისტებში ძალზე პოპულარულია თვალწარმტაცი სერპანტინებითა და პანორამული ხედებით.
"რაღაც დროს ქალებს ჩამოვრჩი და მთიდან მარტო დავეშვი. ქალები წმინდა გიორგის ძველი ბერძნული ტაძრის ნანგრევების მახლობლად მდებარე საფლავების დასათვალიერებლად გაემართნენ და გზაში ერთმანეთს ავცდით. უეცრად ავტომანქანა გაჩერდა, სამოქალაქო ტანსაცმლიანი პირები გადმოვიდნენ და შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელთა დამადასტურებელი მოწმობები მაჩვენეს, მანქანაში ჩაჯდომა მიბრძანეს და რა დავაშავე-მეთქი, რომ ვკითხე, იქ გაარკვევო, მიპასუხეს.
გაგრის შს სამმართველოში მოწმეებისა და ოქმის გარეშე გამჩხრიკეს და საკანში შემაგდეს. მეუბნებოდნენ, სპეცოპერაციას ვატარებთო... ჩემი ტელეფონის თვალიერებისას რაღაც სიტყვებს წერდნენ: "ნარკოტიკები", "მოწევა", "კანაფი", მაგრამ მათთვის საინტერესო ინფორმაციას ვერ მიაგნეს. ამასობაში ჩემმა გოგოებმა მომაგნეს, მეც მალე გამათავისუფლეს და სამივე სასტუმროში დავბრუნდით, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ მოვიდა იგივე მანქანა, ისევ დამაკავეს და ამჯერად რომელიღაც სასტუმროში წამიყვანეს.
მოითხოვდნენ მეჩვენებინა ადგილი, სადაც ნარკოტიკებს ვმალავდი. კედელთან მიმაყენეს და ცემა დამიწყეს, ხელბორკილი დამადეს და მუხლებზე დამაყენეს. მერე სადღაც მივარდნილ ადგილას წამიყვანეს, იქაც მუხლებზე დამაყენეს და კვლავ ცემა დამიწყეს - ჩვენთან არ გაგივა, გვაჩვენე გადამალული ნარკოტიკები, თორემ შენი სიცოცხლის ბოლო საათი დაიწყოო... რამდენიმე საათს მაწამებდნენ, მეუბნებოდნენ, ახლა ტყეში წაგიყვანთ და ისეთს გაგიკეთებთ, სიკვდილს ინატრებო. მართლაც წამიყვანეს. ერთი იარაღს ცხვირწინ მიტრიალებდა, მეორემ რეზინის მილი კისერზე შემომახვია, ხეზე უნდა ჩამოგკიდოთო. თავის დაცვას ვცდილობდი, მაგრამ სხვები მაჯებში მირტყამდნენ. მდინარეში თავს მაყოფინებდნენ, დროდადრო გონებას ვკარგავდი და არაადამიანურად ვღრიალებდი. იარაღის ლულას პირში მიდებდნენ და ჩამყვიროდნენ, აღიარე, რომ ნარკოტიკი ჩამოიტანე, შენ გგონია მართლა გვჯერა, რომ დასასვენებლად ჩამოდიხართ და არა ნარკოტიკების სარეალიზაციოდო.
...მივხვდი, რომ მომკლავდნენ, გვამს კი სადმე გადააგდებდნენ და "ვაღიარე", რომ ტყეში დავმალე. მივიდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. დაჰკითხეს ჩემი ცოლიც... შემდეგ მილიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ თურმე ჩემზე მხოლოდ "მსუბუქი ზეწოლა" იყო. სამივე საზღვართან დაგვტოვეს და გამაფრთხილეს, არასდროს დავბრუნებულიყავი აფხაზეთში. ასე დასრულდა ჩემი "დასვენება" "სტუმართმოყვარე" აფხაზეთში", - წერს არტიომ რუსკიხი.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას მრავლობითი მოტეხილობა და თირკმელების დაზიანება აღმოაჩნდა.
"რუსი ტურისტების ნაწილს ნამდვილად შემოაქვს ნარკოტიკი"
როგორც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, ტურისტული სეზონის დაწყების წინ ეს ძალიან ცუდი ნიუსია, რომელიც აუცილებლად აისახება დამსვენებლების რაოდენობაზე. თუმცა ყველამ იცის, რომ მილიციაში ადამიანის წამება "გამოსატეხად" არც პირველია და არც ბოლო.
კიდევ ერთი ვერსიით, გაგრის მილიციის განყოფილებაში შეიძლება უფლებამოსილებას კი გადაამეტეს, მაგრამ რუსეთიდან ნამდვილად ჩადიან ნარკოტიკების სარეალიზაციოდ.
"ჩვენს მილიციას არ ვენდობი, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ ქუჩაში უსაფუძვლოდ დააკავეს რუსი ტურისტი და უდანაშაულო ახალგაზრდას არაადამიანურად გაუსწორდნენ. სომხები და რუსები აქ მხოლოდ დასასვენებლად არ ჩამოდიან, ნარკოტიკიც შემოაქვთ ქვეყანაში. ასე რომ, რუს ტურისტს სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკავებდნენ, მით უფრო, რომ გაი-ც კი გაფრთხილებულია, რუსულნომრებიანი მანქანა უმიზეზოდ არ გააჩერონ", - წერს ანა ქაჯაია.
"ხომ ვერ გვირჩევთ, რით ვირჩინოთ თავი?!"
"კოვიდპანდემიამ ისედაც წელში გაგვტეხა და წელს რა იქნება, არც მინდა ვიფიქრო... ძველი, მუდმივი დამსვენებლები რომ რეკავენ, გვეკითხებიან, რა შეცვალეთ სახლში, სველი წერტილები მოწესრიგებულია, დენი და წყალი მართლა გრაფიკით გაქვთო?. სიმართლე რომ ვუთხრათ, არ ჩამოვლენ და დავრჩებით უფულოდ. რომ მოვატყუოთ, მათ სარკასტულ პოსტებს რა გაუძლებს. ანქვაბისა და ბჟანიას გუნდს მივმართავ: მე და ჩემი ოჯახი ვერ ვქურდობთ, ვერც ნარკოტიკებს ვყიდით, არც ქართველებისგან დაგვრჩენია სახლები, ჰოდა, რით ვირჩინოთ თავი, ხომ ვერ გვირჩევთ?!" - კითხულობს ანა ბარციცი.
"აღარ ვიცით, წავიდეთ თუ დავრჩეთ ამ ქვეყანაში"
"ჩვენი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პეტერბურგელი ბიჭის საქმის შესწავლა დაიწყო. თურმე დაუდგენელ პირებს მიუყვანიათ გაგრის მილიციის განყოფილებაში და იზოლატორში ჩაუსვამთ. კარგი, ეს საქმე მიჩქმალეს, მაგრამ ყოველდღე რომ სროლებია ქუჩაში? სოხუმში, კიარაზის ქუჩაზე, დღისით-მზისით ორმხრივი ცეცხლი გახსნეს. ვიღაც ასლან კვარაცხელია დაუკავებიათ. მცირეწლოვან შვილთან ერთად აფთიაქში ვიყავი ჩასული და კინაღამ დაგვხოცეს. რა ვქნათ, ქუჩაში არ გამოვიდეთ? რამდენი შეიარაღებული კვარაცხელია დადის ამ ქვეყანაში, რას აპირებთ, გვითხარით და მერე გადავწყვეტთ, წავიდეთ თუ დავრჩეთ ამ ქვეყანაში", - წერს ვერა გეგია.