"ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის"
"ბევრი არასასიამოვნო მომენტი მქონია, ბევრჯერ საქმე არ გამომსვლია, მაგრამ უარი არასდროს მითქვამს ჩემს პროფესიაზე"
ესპანეთში ძალიან პატარა ასაკში ჩამოვიდა, 5 წლის იყო მაშინ. მიუხედავად ამისა, საუბრობს ქართულად და საქართველოსა და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს. ქალბატონი ნათია ქარდავა ბარსელონის პროვინციაში ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატია და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყოველთვის ცდილობს თანამემამულეების უანგარო დახმარებას. როგორც თავად ამბობს, უდიდეს სიამოვნებას იღებს იმით, რომ თანამემამულეებს უცხო მიწაზე დახმარების ხელს უწვდის. გული სტკივა, როდესაც ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ იგებს.
- რატომ წამოხვედით ემიგრაციაში? - 1998 წელს პირველი ემიგრანტი ჩვენი ოჯახიდან მამა გახდა და შემდეგ, როდესაც ფეხი მოიკიდა, ჩვენც წამოგვიყვანა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს... ყველაზე რთული ადვოკატობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები იყო. საერთოდ, დამწყების ნაბიჯები რთულია, უნივერსიტეტში არ გასწავლიან რეალურ საქმიანობას, ყველაფერი გამოცდილებაა. რთულია, როდესაც დამწყებს გეუბნებიან, რომ გამოცდილება გაკლია და ისიც არ იცი, რა როგორ გააკეთო, მაგრამ ახალბედას თუ მხარს არ დაუჭერ და განვითარების შანსს არ მისცემ, როგორ უნდა გაიზარდოს?.. როგორც იტყვიან, ვან გოგი ფუნჯით არ დაბადებულა.
- რაც ყველაზე მეტად გხიბლავთ ესპანეთში, რა არის? - ქალის თავისუფლება, განათლება და ჩემი ბარსელონა.
- რთული პროფესია გაქვთ, იმავდროულად, ხართ დედა; როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ოჯახს? - ვცდილობ, კარგი დედა ვიყო, თუმცა ბევრი რამ ჯერჯერობით არ გამომიცდია, თანდათან ვსწავლობ. როდესაც შვილი პირველად დავინახე, ბევრი ვიტირე, საოცარი შეგრძნება იყო. მკაცრი არა ვარ, მაგრამ დიდი ალბათობით, როდესაც წამოიზრდება, მკაცრი გავხდები. ჯერჯერობით კი "ჟირაფი ჟოზეს", "მაშა და დათვის" ფანი, "გზაზე მირბის კურდღლის" ქორეოგრაფი და "ბარსას" დიდი ფანი ვარ. ასეთია ადვოკატი ნათია ქარდავა დედის ამპლუაში (იცინის).
- ესპანეთში ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატი ხართ... - ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ბევრი არასასიამოვნო მომენტი მქონია, ბევრჯერ საქმე არ გამომსვლია, მაგრამ უარი არასდროს მითქვამს ჩემს პროფესიაზე. სხვას ვერაფერს გავაკეთებდი.
- ხშირია კრიმინალური შემთხვევა, რომელიც ქართველებს უკავშირდება. საინტერესოა, თავად პოლიციას როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველების მიმართ? - ძალიან ცუდი, სამწუხაროდ... პირადად მე, ბევრჯერ მქონია შეხება პოლიციასთან, "აიუნტამიენტოებთან" და ზოგადად ქართველებზე არა აქვთ კარგი წარმოდგენა. ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო, მაგრამ ესპანელებს ეს ცოტა უჭირთ.
- ბევრი ადამიანი უკეთესი მომავლის შესაქმნელად მოდის ევროპის ქვეყნებში. ესპანეთში ჩამოსულ ადამიანს რას სთავაზობს ეს ქვეყანა? - ეს შეკითხვა, ცოტა არ იყოს, რთულია. ზოგი ძალიან კმაყოფილია ესპანეთით, ზოგი პირიქით - უკმაყოფილო. ვფიქრობ, რომ მოზრდილებზე მეტად ბავშვებისთვის არის კარგი, თავისუფალ გარემოში რომ გაიზრდებიან...
- ვიცით, რომ პანდემიამდე ხდებოდა "წითელ ჯვარში" დევნილის სტატუსით ჩაბარება. დღეს რა მდგომარეობაა და თუ ხდება ისევ მიღება "ლტოლვილობის სტატუსით"? - ძალიან გართულდა ეს პროცესი. დიდ მნიშვნელობას აქცევენ, რა ეროვნების ხარ. მაგალითად, სამხრეთამერიკელს უფრო მიიღებენ, ვიდრე ქართველს. ახალი ცვლილებების შემდეგ კიდევ უფრო გართულდება ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
- როგორ ხდება ბინადრობის უფლების მიღება და რა ეტაპების გავლაა საჭირო ამისთვის? - ესპანეთის კანონმდებლობა ბევრ შემოთავაზებას განიხილავს: ეს ხდება ქორწინების, ბიზნესის, სწავლის გზით. ზოგადი მონაცემებით, 3-წლიანი "ემპადრონამიენტო" (ჩაწერა, რომლითაც ფიქსირდები, რომ 3 წელი იცხოვრე ესპანეთში) არის საჭირო; ამასთანავე - რამდენიმე რეკვიზიტი, როგორიც არის ენის ცოდნა, სამუშოს შემოთავაზება და ა.შ.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღეს შეძლო ესპანეთში შემოსვლა, როგორც ტურისტმა? - ბოლო მონაცემების მიხედვით, აუცილებლად ვაქცინირებული უნდა იყო, თუმცა, დღესდღეობით არ არის ჩამოყალიბებული არანაირი აზრი ამასთან დაკავშირებით. ევროპის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან და აღნიშნული პრობლემა არ ეხებათ, რატომღაც ეს მხოლოდ ქართველების სადარდებელი გახდა.
- თუ არსებობს მონაცემები ქართველების ან სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, როგორია სტატისტიკა? - ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის. ვფიქრობ, ამით ყველაფერს ვამბობ... არ მინდა, ეს ვინმემ ცუდად გაიგოს და გამინაწყენდეს, ასეთია რეალობა.
ფიქრია რობაქიძე "გზის" სპეციალური
კორესპონდენტი ბარსელონიდან