"დელტა ვირუსის განმასხვავებელი ნიშანი ისიც არის, რომ..." - მოსალოდნელია თუ არა რეგულაციების გამკაცრება
"მთავარია, ბევრი ადამიანი დარეგისტრირდეს და ქვეყანამ ყოველდღიურად 15-20 ათასი ადამიანის აცრა შეძლოს"
ქვეყანაში დელტა შტამი დღითი დღე იკრებს ძალას, რაც, ბუნებრივია, ეპიდემიოლოგიურ სურათს აუარესებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.
- ცუდი ამბით დავიწყოთ: ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა, ორი ჩვილის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა. დელტა შტამი და ბავშვები ახლა ყველაზე საგანგაშო თემაა.
- დღეს მსოფლიოში მეტი ასაკოვანი ადამიანია აცრილი და ამანაც განაპირობა, რომ ამ შტამმა ახალგაზრდებში გადმოინაცვლა. თუ გლობალურად შევხედავთ, ბავშვთა ასაკში ტრაგიკულად და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა არ გაზრდილა და ყველა დელტაშტამიან ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, საფრთხემ იმატა.
ინფორმაციამ, რომ სამი ჩვილი რეანიმაციაში მკურნალობდა, მომართვიანობა გაზარდა, ყველა მშობელი თავისი შვილის ჰოსპიტალიზაციას ითხოვს.
საერთოდ, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ზაფხულში, როცა ცხელა და ბავშვის ორგანიზმი წყალს კარგავს, მაღალი ტემპერატურა მკურნალობას ძნელად ემორჩილება, ამიტომ ასეთ დროს ბევრი სითხის მიცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან დელტა ვირუსის განმასხვავებელი ნიშანი ისიც არის, რომ ვლინდება არა მეხუთე-მეექვსე, არამედ ინფექციასთან კონტაქტის მეორე-მესამე დღეს. წინა შტამების შემთხვევაში მთავარი სიმპტომები იყო ყნოსვის დაკარგვა, ტემპერატურასა და ხველასთან ერთად გემოს დაქვეითება, დელტა შტამის დროს მთავარი სიმპტომებია ჩვეულებრივი, გაცივების მსგავსი თავის ტკივილი, ტემპერატურა, ყელის ტკივილი. ამიტომ, როგორც კი ამას შევამჩნევთ, აუცილებელია, ოჯახმა ტესტირება ჩაიტაროს.
- დელტა შტამისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით? - მონაცემები სწრაფად იცვლება. ამ ეტაპისთვის, დელტა ვარიანტის მიმართ ყველა იმ ვაქცინის მოქმედების ძალა, რომლებიც დღეს მსოფლიოში გამოიყენება, შემცირებულია. ვაქცინების ეფექტიანობა ორ ნაწილად ფასდება. როდესაც ლაბორატორიაში მოწმდება, ვაქცინირებული ადამიანების პლაზმას იღებენ, იქიდან გამოყოფენ ანტისხეულებს, შემდეგ ლაბორატორიაში პეტრის ფინჯანზე აწვეთებენ ვირუსის შტამებს და მანეიტრალებელ ეფექტს ეძებენ. მაგრამ ეს ყოველთვის პირდაპირპროპორციული არ არის იმისა, როგორ მოქმედებს ესა თუ ის ვაქცინა რეალურ ცხოვრებაში. ამის კლასიკური მაგალითია ისრაელი. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (50 წელზე უფროსი ადამიანების 95%) ორჯერ არის აცრილი "ფაიზერით", მაგრამ დღეს ინფიცირებულთა 90% დელტა შტამით არის ავად, ანუ იქაც დელტა ვარიანტი დომინირებს, თუმცა ისინი ამას მეოთხე ტალღას არ ეძახიან. რეალურ ეპიდემიოლოგიურ ცხოვრებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დელტა ვარიანტის მსუბუქი ფორმის პრევენცია "ფაიზერს" შეუძლია მხოლოდ შემთხვევათა 64%-ში, ანუ 95% 64%-მდე შემცირდა. რა არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი ისრაელის მაგალითზე? ჰოსპიტალიზებულია და მძიმე ან კრიტიკულია ინიფცირებულთა 1%, ანუ 7 000 ადამიანიდან 70-80-ია საავადმყოფოში და მათგანაც უმრავლესობა აცრილი არ არის. ანუ "ფაიზერი" იცავს არა მსუბუქი დაავადებისგან, არამედ - ჰოსპიტალიზაციისგან. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ისრაელში ორჯერ აცრილთაგან ვინც ავად გახდა, მათი უმრავლესობა აცრილია იანვარში, ანუ უკვე გასულია 6 თვე. ამიტომაც ისრაელმა დაიწყო ახალი ნაბიჯების გადადგმა და "ფაიზერისგან" რამდენიმე მილიონი დამატებითი დოზა მიიღო, რომ ასეთი ადამიანების მესამედ აცრის საკითხი განიხილონ.
"ფაიზერი" აპირებს, ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოში შეიტანოს განაცხადი მესამე ბუსტერული დოზის თაობაზე, თუმცა დაავადებათა კონტროლის ამერიკული ცენტრის აზრით, ორჯერ აცრილ ამერიკელებს ჯერ მესამე დოზა არ სჭირდებათ. სავარაუდოდ, შემოდგომამდე "ფაიზერს" ამ უფლებას არც მისცემენ. ის საავადმყოფოში მოხვედრისა და სიკვდილის ალბათობას ისევ 93%-ით ამცირებს, ასე რომ, ჯერჯერობით მთავარ დანიშნულებას ასრულებს.
რაც შეეხება "ასტრაზენეკას"... ერთი დოზით აცრის შემდეგ ის დელტა ვარიანტისგან 30%-ით იცავს, მეორე დოზის შემდეგ - უკვე თითქმის 60%-ით. სასურველია, რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს ორივე დოზა, რომ ადამიანები დელტა ვარიანტს ორჯერ აცრილები შეხვდნენ. "ასტრაზენეკას" პირველ და მეორე დოზებს შორის 12 კვირა ლოდინი გამართლებული აღარ არის. უახლოესი ვადა 4-6 კვირაა. უკვე გვაქვს საჭირო მარაგი, ამიტომ მოსახლეობას დიდხანს ლოდინი არ მოუწევს.
ყველას აინტერესებს, "სინოვაკითა" და "სინოფარმით" აცრა იცავს თუ არა ადამიანს დელტა ვარიანტისგან. ჯერჯერობით დელტა შტამთან დაკავშირებით ამ ვაქცინების ეფექტურობის ეპიდემიოლოგიური (და არა ლაბორატორიული) დაკვირვებითი კვლევები არ გვაქვს, რადგან ბრიტანეთში, აშშ-ში ჩინური ვაქცინები არ გამოიყენება და ვერც მათი რეალურ ცხოვრებაში შეფასება ხერხდება, ჩინეთში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში კი დელტა ვარიანტი არ აქვთ. გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩინური ვაქცინა აქტიურად გამოიყენება, მაგრამ იქ ბრაზილიური, სამხრეთაფრიკული და ალფა ვარიანტები დომინირებს და შეფასება ვერ ხერხდება. ირიბი შეფასებითი მაჩვენებელი გვაქვს ინდოეთის მიხედვით. იქ გამოიყენება ზუსტად იმავე ტექნოლოგიით დამზადებული "კოვაქსინი". მისმა შემქმნელმა კომპანია "ბარაკფარმაცევტიკალმა" წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, ინდოეთში დელტა შტამის შემთხვევაში ორჯერ აცრილი ადამიანების სიკვდილიანობის პრევენცია თითქმის 85%-ია, ჰოსპიტალში მოხვედრის ალბათობა - 80%, ზოგადი ინფექციის პრევენცია - 65%. ანუ "კოვაქსინი" დელტა შტამზე მეტ-ნაკლებად კარგად მოქმედებს და დასავლური ტიპის ვაქცინებს მაინცდამაინც არ ჩამოუვარდება. ამიტომ მე, როგორც იმუნოლოგი, იმედს ვიტოვებ, რომ დელტა შტამზე ყველა ინაქტივირებული ვაქცინა იმოქმედებს. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ადრეულ პერიოდში ინფექციაგადატანილი ადამიანები არც ევროპის ქვეყნებში და არც ჩვენთან დელტა ვარიანტით მასობრივად არ ავადდებიან. უნგრეთმა მიიღო გადაწყვეტილება და "სინოფარმით" ორჯერ აცრილ პაციენტებს აძლევს უფლებას, ოთხ თვეში ნებისმიერი ვაქცინის მესამე დოზა დაიმატონ. მიმაჩნია, რომ საქართველოშიც არ იქნება ცუდი, თუ ჩინური ვაქცინებით აცრილებს მივცემთ უფლებას, ბოლო ინიექციიდან სამ-ოთხ თვეში მესამე ბუსტერული დოზა დაიმატონ, რათა მათი იმუნური პასუხი შემოდგომისთვის უკეთესი იყოს. იმაზე არ ვდაობთ, რომ აცრის გარეშე ყოფნას ნებისმიერი ვაქცინით აცრა სჯობია. მთავარია, ბევრი ადამიანი დარეგისტრირდეს და ქვეყანამ ყოველდღიურად 15-20 ათასი ადამიანის აცრა შეძლოს.
- რამდენიმე დღის წინ შემოტანილი "ფაიზერი" უცებ გაქრა... - "ფაიზერი" აითვისეს. მოთხოვნა დიდი იყო, თუმცა ყველაფერი ლოჯისტიკურად უნდა დალაგდეს. გვჭირდება პასუხი კითხვაზე, რატომ იწყება ხოლმე ეს რაღაც აუხსნელი შეფერხება. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, ასეთი პრობლემის წინაშე კვლავ დავდგებით, რადგან "ფაიზერის" დოზებს მომავალშიც ველოდებით.
- ბევრისგან მსმენია, გადავიტან "კოვიდს" და აცრა აღარ დამჭირდებაო. სწორია ასე მსჯელობა? - იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც დღეისთვის აქვს მეცნიერებას, გადატანილი ინფექცია იცავს "კოვიდისგან" და ამის მაგალითებს ვხედავთ, თუმცა რეინფიცირების მაჩვენებელი საშუალოდ 0,7% მაინც არის. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის გადატანის მიუხედავად, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან დროთა განმავლობაში ინფექციაგადატანილებსაც უსუსტდებათ იმუნური პასუხი. სწორედ ამიტომ ყველა ქვეყნის რეკომენდაციაა, შევახსენოთ იმუნურ სისტემას პასუხი, ანუ გავიკეთოთ ვაქცინა.
ჩვენს ქვეყანაში "კოვიდის" გადატანიდან 120 დღის შემდეგ არის აცრა რეკომენდებული, თუმცა განიხილება საკითხი, ეს ვადა 30 დღემდე შემცირდეს. თუ ადამიანს ექნება სურვილი, ქვეყანა უწევს რეკომენდაციას, ინფექციის გადატანიდან ერთ თვეშიც გაიკეთოს ვაქცინა.
- მეოთხე ტალღას გვიწინასწარმეტყველებენ... - დელტა ვარიანტი ამის რისკს ზრდის. სამწუხაროდ, ქვეყანამ არასწორი და ქაოსური გადაწყვეტილებები მიიღო, როდესაც სრულად მოხსნა შეზღუდვები.
შეზღუდვების მოხსნა მაშინ, როცა მოსახლეობის მინიმუმ მესამედი ანუ 30% მაინც არ არის აცრილი, ლოგიკას არ ექვემდებარება.
ჩვენ 2%-იანი ვაქცინაციის პირობებში თითქმის ყველანაირი შეზღუდვა გავაუქმეთ. ამან სპეციალისტების დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ახლაც მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო. სწორედ ამან მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. არც ის შეიძლება, ასე წარამარა მოხსნა და დააწესო შეზღუდვები, ამ საქმეში თანამიმდევრულობაა საჭირო. მესმის ეკონომიკური ინტერესი, მაგრამ ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. ჩვენი ქვეყანა ისრაელმა და ევროკავშირის ქვეყნებმა წითელ ზონაში შეიყვანეს. აქ ჩამოსულ ტურისტს სამშობლოში დაბრუნებისას აუცილებლად მოსთხოვენ კარანტინში ყოფნას, ამიტომ თუ ასე გაგრძელდა და შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, საქართველოში აღარავინ ჩამოვა, რაც უნდა ღია კარის პოლიტიკა გვქონდეს. მიმზიდველობას მაშინ შევინარჩუნებთ, თუ ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონაში იქნება, ინფექციის კონტროლი კი მხოლოდ ვაქცინაციით შეიძლება.
- გოგი გვახარია წერდა, ფრანგებმა "ასტრაზენეკა" დამიწუნეს, აცრის დამადასტურებელ თქვენს მოწმობაზე QR კოდი არ ჩანსო... - ბევრი ჩემი მეგობარი წასულა ევროპაში და პრობელმა არ შეჰქმნია. შეიძლება ეს ინდივიდუალური შემთხვევაა, თუმცა ერთი რამ ვერ გავიგე - საზღვარზე თუ შეუშვეს და ეს ცნობა არ დაიწუნეს, კანში ჩასვლის შემდეგ რა მოხდა?
- ჩვენთან როგორ შემოდიან ტურისტები? და კიდევ, ამბობენ, რომ არა მარტო შემოსულები, აქედან წასულებიც აყალბებენ საბუთებს... - მეც გავიგე, რომ ბრიუსელის აეროპორტიდან ჩვენთან კონკრეტულ ლაბორატორიას დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, მათი გაცემული იყო თუ არა მოწმობა. ლაბორატორიამ შეამოწმა და უპასუხა, ჩვენი გაცემული არ არისო. ასეთი რაღაცები ხდება...
- ჩვენთან მხოლოდ PCR-ის უარყოფითი პასუხით შემოდიან და დამატებით არ მოწმდებიან... მხოლოდ ამ ფურცლებს ენდობიან... - ვფიქრობ, უნდა შემოწმდნენ, რადგან ეს მაღალი რისკებისგან დაგვაზღვევს... მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჩვენთან შემოსული ტურისტი აქაც გაივლის ტესტირებას, თუმცა ეს წესი ჯერ არ ამოქმედებულა. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულმა სეზონმა შარშანდელივით არ დაგვაზიანოს.
- რეგულაციები გამკაცრდება? - ლაპარაკია ორკვირიან მონიტორინგზე, თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, შეიძლება რაღაც შეიცვალოს. თუ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 2 000-ს მიაღწევს, ეს იქნება კრიტიკული ზღვარი და სერიოზული დარტყმა ქვეყნისთვის.