"საშინელი დღეები გადავიტანეთ... იმ კომპანიის უფროსს უთხრეს, ბელა ოპოზიციონერის დეიდააო, რის გამოც, სამსახურიდან გამოუშვეს" - როგორ დაეხმარნენ ზალიკო ბერგერს კახა კალაძე და ანუკი არეშიძე
რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნების" გუნდმა თბილისის მერის მომავალი არჩევნებისთვის საზოგადოებას კანდიდატად კვლავ კახა კალაძე წარუდგინა. პანდემიის შეზღუდვების შესაბამისად მოწყობილ ცერემონიას ბევრი ცნობილი სახე, მათ შორის, დიზაინერი ზალიკო ბერგერი ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კახა კალაძის დიდი ხნის მეგობარია და საღამოზე მისვლის მიზეზი სწორედ ეს იყო.
გართობისა და დასვენების მოყვარულ დიზაინერს ჩვენც დავუკავშირდით, ჯერ დასვენებაზე, ცოტა პანდემიაზე და თბილისის მერთან ხანგრძლივ მეგობრობაზე ვესაუბრეთ.
- სად გეგმავთ წელს დასვენებას?
-არ ვიცი, სად უნდა დავისვენო, სიტუაციიდან გამომდინარე ვერაფერს ვგეგმავ. მეგობრები იბიცაზე მეპატიჟებიან, მაგრამ არ ვიცი, რამდენად წავალ. კარგი დასვენება მიყვარს, კლუბები და გართობა, თუმცა წელს კუნძულები დაკეტეს. რომ ჩავიდე და უკან ვერ დავბრუნდე?.. მირჩევნია, არ წავიდე, გაურკვეველი სიტუაციაა, სანამ ეს არ მოგვარდება, რანაირად შეიძლება მოგზაურობა დავგეგმო?..
- ხომ არ აცრილხართ და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვაქცინის მიმართ?
- არ ავცრილვარ და არანაირი დამოკიდებულება მაქვს, თუ წასასვლელად დამჭირდება ავიცრები, სხვა შემთხვევაში, ჯერ არა მგონია.
- რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენაზე იყავით, როგორც ვიცი, თქვენ და ქალაქის მერი მეგობრობთ...
- კახი მილანში თამაშის დროს გავიცანი, თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა და ისე მინდოდა მისი გაცნობა, რა გითხრათ... ერთმანეთი საერთო მეგობარმა გიორგი დემეტრაძემ გაგვაცნო, 2000 წელი იქნებოდა. სადღაც დაწერეს, ზალიკო სამტრედიელია და იქ გაიცნოო, ტყუილია, მოგვიანებით მილანში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან ვამაყობდი და ვამაყობ მასთან მეგობრობით.
- როგორი მეგობარია კახა კალაძე?
- არაჩვეულებრივი, თავის მეგობრებზე გადაყოლილი, ერთგული მეგობარია. მილანში თამაშის დროს, მთელი მსოფლიო რომ იცნობდა, მაშინაც არ დავიწყებია ბავშვობის მეგობრები. როდესაც ხალხი ახსენებს მის ავტოგოლს, ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანამ დიდი ტკივილი მიაყენა მას და თვითონ არასდროს გაუხსენებია ეს ტკივილი ხალხისთვის.
რამდენი წელია ვიცნობ და ვიცი, კახის სულ აწუხებდა და სულ განიცდიდა ამ ამბავს. ჩვენ ისეთი ქვეყანა და ხალხი ვართ, რომელმაც ფულის გულისთვის, მსოფლიო დონის ვარსკვლავს მოსტაცა ძმა და მოუკლა. ამაზე კახი არ საუბრობს, რაც მისი ვაჟკაცურობის ნიშანია და ავტოგოლის ხსენებაზე უნდა გავიხსენოთ, რამხელა ტკვილი მივაყენეთ მას.
- გაჩნდა შეკითხვა, რატო უჭერთ მხარს კალაძეს, მხოლოდ მეგობრობის გამო?
- მეგობრების მიმართ ყოველთვის სუბიექტური ვარ. კახი არც ცუდი მერი და არც ცუდი პოლიტიკოსია, ეს ყველამ დავინახეთ და შევამჩნიეთ. მას მხარს არამარტო მეგობრობის გამო ვუჭერ, ბრწყინვალე, გამორჩეული მერი გვყავს. ჩემი მეგობრობის გარდა, მომწონს რასაც აკეთებს და მის მხარდასაჭერად მეც უნდა მივსულიყავი იმ საღამოს. პრემიერ-მინისტრებიდანაც ღარიბაშვილია ჩემი სიმპათია, ვუჭერ მხარს, არცერთი პრემიერ მინისტრი არ მომწონდა და ახლა მომსწონს რომ დაბრუნდა ღარიბაშვილი.
რამდენიმე დღის წინ, მეგობრებში ქალაქში ავტომობილების სიმრავლეზე ვლაპარაკობდით. მე არ მაქვს, ტაქსით ვმოძრაობ და ეს საკითხი დიდად არ მაწუხებს, თუმცა ქალაქში მართლაც ბევრი მანქანაა. ტაქსის მძღოლი მეუბნებოდა, ოთხი მანქანა მაქვსო, ალბათ იაფი ღირს ამდენი რომ აქვს... უნდა შემოიღონ ავტომობილების მასობრივი დაზღვევა, რაც ძვირი სიამოვნებაა და ამდენი აღარ ივლის. უცხოეთში ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს, ჩვენთან კი ახლო მანძილზეც მანქანით მიდიან. ეს პრობლემაა, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია ჩვენს ქალაქში.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ანუკისთან და როგორ შეაფასებთ ანუკის ნამუშევრებს, მის სამოსს?
- ძალიან კარგი გოგოა, არაჩვეულებრივი. ნიჭიერი და ბრწყინვალე. ანუკი მის საქართველომდე გავიცანი და იმავე წელს გაიცნო კახიც.
ერთ ამბავს მოგიყვებით, ჯერ არავისთვის მომიყოლია, არც ტელევიზიაში მითქვამს აქამდე. წლების წინ, ვიდეო გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიღწევებზე ვილაპარაკე, ბევრს ამის გამო წინა მთავრობის მხარდამჭერი ვგონივარ, რაც მიშამ ბათუმში ააშენა ძალიან კარგია, ამ სიტყვებს უკან არ წავიღებ, უკეთესები ააშენონ სხვებმა, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, ერთი უსიამოვნო ამბავი გადაგვხვდა თავს. ზურა ხაჩიძე ჩემი დეიდაშვილია, დედაჩემი - ბელა ელექტროენერგიის მწარმოებელ, ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში მუშაობდა და ამ კომპანიის უფროსს უთხრეს, რომ ბელა ოპოზიციონერიის დეიდააო, რის გამოც, სამსახურიდან გამოუშვეს. საშინელი დღეები გადავიტანეთ, ბელა 2 წლის განმავლობაში ცოცხალ-მკვდარი იყო. პირველად ვყვები ამ ისტორიას, კომპანიას მიზეზი ჰქონდა, რომ ბელა სამსახურიდან გამოეშვა. ეს ამბავი რთულად გადავიტანეთ... ძალიან ენატრებოდა ბელას თავისი სამსახური. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა, კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. კახის საკმარისი დრო არ ჰქონდა, ანუკამ კი ბევრჯერ იკითხა ბელას ამბები, წუხდა, რომ დედაჩემი აღარ მუშაობდა. ჩემთვის სამართლაინობა აღდა და ბელა სამსახურში დააბრუნეს - კახი ძალიან დაგვეხმარა...
- რაიმე ხომ არ გაქვთ ანუკის ნაჩუქარი?
- სამწუხაროდ, ანუკი მხოლოდ ქალის სამოსს ქმნის, დიდი სიამოვნებით მექნებოდა მისი სამოსი, კაცისას რომ ქმნიდეს. ძალიან ლამაზი ნამუშევრები აქვს, გემოვნებიანი გოგოა. იმ საღამოსაც გემოვნებიანად ეცვა, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. გარეგნობა ხელს უწყობს, უბრალო და კარგი ადამიანია, ოთხი შვილის დედაა. ამის გარდა, კახი და ანუკი არაჩვეულებრივი წყვილია.
(სპეციალურად საიტისთვის)