"მაგ ამბავში გაუმართლა. ვნახოთ, სამომავლოდ რა და როგორ იქნება" - ახალბედა მამების შეცვლილი ცხოვრება
დაძაბული პანდემიური თუ პოლიტიკური ცხოვრება გავლენას ახდენს ადამიანთა განწყობაზე. რამდენისგან მსმენია, კარგი ამბის გაგება მომენატრაო. ამ სტატიაში სწორედ კარგ ამბებს გიამბობთ. ბავშვის დაბადებაზე კარგი რა უნდა იყოს?! ჩვენც ცნობილ ახალბედა მამებსა და მათ ემოციებზე მოგიყვებით.
"კირა უკვე მაგიჟებს, მიუხედავად იმისა, რომ სულ მეორე თვეშია"
ნოდარ სიმსივე, მსახიობი, სპორტული კომენტატორი: - კორონავირუსის პერიოდში რომ ჩავიკეტეთ, გაჩნდა დაძაბული, ნერვიული ფონი და ამ ყველაფერს დასასრული რომ არ უჩანდა, უფალმა ჩემი კირას სახით ყველაზე დიდი საჩუქარი გვიბოძა. მაისის ბოლოს ველოდით, მაგრამ ჩემს დაბადების დღეზე დაიბადა! მეუღლეს სულ ვეუბნები, ეს ჩემთვის საუკუნო საჩუქარია-მეთქი. ახლა ოჯახში ზოდიაქოთი სამივე ტყუპი ვართ - მეც, მეუღლეც და კირაც. ქალბატონმა კირამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
- სახელი თქვენ შეურჩიეთ? - ჩემმა მეუღლემ. მოსწონდა ეს სახელი და მეც მომეწონა... კირა სიმსივე უკვე მაგიჟებს, მიუხედავად იმისა, რომ სულ მეორე თვეშია.
როგორი დაღლილიც უნდა მოვიდე სახლში, მაშინვე ყველაფერს მავიწყებს. მინდა სულ მასთან ვიყო, ისეთი ტკბილია... ბევრი უცნაურობა ახასიათებს... ჩვენებური დიალოგი გვაქვს, თავისი ღიღინით ყველაფერს გვაგებინებს. უყვარს წყალი, არ ხმაურობს, არ ყვირის, კარგი მადა აქვს - მე დამემსგავსა.
სიტყვით ვერ გადმოსცემ იმ ემოციას, რაც კირას დაბადებას მოჰყვა - ხმა ვერ ამოვიღე, თავდაპირველად თვალებსაც არ დავუჯერე. ჯერ იყო და, ვერ წარმომედგინა შეყვარებული ნოდარი, ვერც - ოჯახის კაცი ნოდარი და მით უმეტეს - მამა ნოდარი! მაგრამ ღმერთი ძალიან საინტერესოდ მართავს ჩემს ცხოვრებას. საოცარია ეს ყველაფერი...
რაც მამა გავხდი, ჩემთვის დრო აჩქარდა. უფრო ყურადღებიანი გავხდი, უფრო ემოციური, უფრო მალე მიჩუყდება გული. კირამ სამყარო გამიფერადა, როგორც სხვა ნებისმიერი მშობლისთვის ფერადდება სამყარო, როცა ოჯახში პატარა იბადება.
- მონაწილეობთ მის გაზრდაში? - თითქმის ყველაფერში, თუ რეპორტაჟი არ მაქვს - გასეირნებით და ჭუპა-ჭუპათი დაწყებული, დაძინებით დამთავრებული. ბავშვებზე ვგიჟდები, მაგრამ ადრე პატარებს ხელში ვერ ვიყვანდი, მეშინოდა, რამე არ მეტკინა.
ახლა რადიკალურად შევიცვალე, მამის როლს ვირგებ და, როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, კარგადაც.
"ალექსანდრე ორივეს ბავშვობას ჰგავს, მშობლებს არ გვაწყენინა"
ანდრია გველესიანი, მსახიობი, მომღერალი: - ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემი პატარას დაბადება - 26 მაისი. მაიკოს, ჩემს მეუღლეს, ყოველთვის უნდოდა, შვილისთვის სანდრო დაერქმია. ჰოდა, ბევრი ბჭობის გარეშე, დაბადების მოწმობაში ჩავწერეთ - ალექსანდრე გველესიანი.
- როგორი ბიჭია ალექსანდრე? - მაგარი! ამართლებს ყველა მოლოდინს და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. დაბადების დღიდან მოყოლებული, ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო ჩართული მის გაზრდაში.
მამობამ შემცვალა, შვილზე დამოკიდებული გავხდი, დროის უმეტეს ნაწილს ალექსანდრეს ვუთმობ. ახლა ყველაფერს თითქოს უფრო მოზომილად ვაკეთებ, ყოველთვის დამყვება ის განცდა, რომ სახლში პატარა მელოდება.
- ვის ჰგავს? - ამ თემაზე აზრი ორად იყოფა... ორივეს...
- ცისფერთვალაა... - ბავშვობაში მეც ცისფერი თვალები მქონდა, ახლა მწვანე მაქვს, ასე რომ, მაგით მამას ჰგავს. ნაკვთები მაიკოსი უფრო აქვს, თუმცა ორივეს ბავშვობას ჰგავს, არც ერთს არ გვაწყენინა.
- სიმღერით აძინებთ? - კი, მაგ ამბავში გაუმართლა. ვნახოთ, სამომავლოდ რა და როგორ იქნება, თუმცა მგონია, რომ ძალიან უყვარს მუსიკა.
- როგორც ვიცი, უკვე მონათლეთ. - დიახ, ძალიან ტრადიციულები ვართ - მეც დაბადების მეორმოცე დღეს მოვინათლე, მამაჩემიც და ალექსანდრეც. საინტერესო დამთხვევა იყო - 26 მაისს ხომ დაიბადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და 4 ივლისს - აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მოინათლა.
"თებე ჩვენი პატარა ჭკვიანი გოგოა"
ჯანო იზორია, მსახიობი: - თებე იზორია 31 მაისს დაიბადა. თებე ძველი ბერძნული, ისტორიული სახელია. ხმათა უმრავლესობით, ანუ ორივეს - დედის და მამის თანხმობით, ეს სახელი დავარქვით.
თებე ჩემი მეუღლისთვის, გვანცასთვის პირველი შვილია. მე პირველი ევა მყავს, ორივე ბედნიერებას და დიდ სიხარულს ასხივებს.
თებე ჩვენი პატარა ჭკვიანი გოგოა. ზოგჯერ ტირის, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ ჭამა უყვარს და კარგადაც სძინავს. ვნახოთ, როგორი გოგო გაიზრდება. ზოგჯერ მე მამსგავსებენ, მე კი დედას ვამსგავსებ. ევასაც გავაცანი თავისი დაიკო. ხელში დამაჭერინეო, მოეფერა, აკოცა. მინდა, რომ დები სიყვარულით გაიზარდონ.
ვცდილობ, გვანცას ყველაფერში მივეხმარო. განსაკუთრებით მომწონს, როცა ერთად ვაბანავებთ. ცოტა მეშინია, ხვანცალაა და მარტო ვერ ვინდობ. ჭამისას თუ რძე გადასცდა, განვიცდი - ძალიან ემოციური ვარ.
ახლახან 10 დღით ვიყავი წასული ფესტივალზე ფოთში და საოცრად მომენატრა. დღეს არის საშუალება, ფოტოც გამომიგზავნონ, ვიდეოც, მაგრამ რომ ვაკვირდები, ეგ უფრო მაგიჟებს. ამ 10 დღეში გაზრდილა. დიდი დამხვდა, ახალი თვისებებიც აქვს: თვალს გაყოლებს, ბგერებს ამბობს და სულ ჭამა უნდა. თებე ბევრს ჯერ არ უნახავს. თუ ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ხელი შეგვიწყო, მინდა ოქტომბერში ფოთში წავიყვანო, ჩემებთან.
რა პროფესიის იქნება, არ ვიცი. ჩვენ არ ჩავერევით. ტრადიციებზე რა გითხრათ... ჩვენს წინაპრებს არც ევროპელობა ეშლებოდათ, არც ქვეყნის სიყვარული და ტრადიცია. მინდა ევაც და თებეც კარგი ქართველები გაიზარდონ, წარმატებულები. მინდა ჩემმა შვილებმა ერთიან საქართველოში იცხოვრონ; გაუფრთხილდნენ, მიხედონ და მოუარონ თავიანთ ქვეყანას.