"ბოლოს ბაბუაჩემის დასაფლავებაზე ვნახე" - მედეა ჯაფარიძის აქამდე უცნობი ფოტოები
"ბოლოს ბაბუაჩემის დასაფლავებაზე ვნახე - უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა, ყველა კარისკენ მიბრუნდა. მედეა ჯაფარიძე იდგა დამწუხრებული, როგორც ანგელოზი, ხელში თეთრი ვარდების თაიგულით..."
"მამას ალბომში აღმოვაჩინე ისტორიული სურათი ნამდვილი ანგელოზის. მედეა ჯაფარიძე მამას ნათესავი იყო, ამ სურათში მედეა პატარა გოგონაა, ანგელოზივით ლამაზი, ქართველი ქალის ნამდვილი სახე!" - მსოფლიო ბარიტონის მეუღლემ, პიანისტმა მანანა ჩიქოვანი-ათანელმა საოჯახო ალბომიდან მედეა ჯაფარიძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა. ქალბატონმა მანანამ გვიამბო, როგორ შემორჩა უნიკალური ფოტო მათ ოჯახში და მედეა ჯაფარიძის კიდევ ერთი უნიკალური ფოტოც მოგვაწოდა...
- მამა და მედეა ჯაფარიძე ნათესავები იყვნენ და ძალიან მეგობრობდნენ... მამაჩემი, შალვა ჩიქოვანი, დაიბადა 1925 წლის 13 ოქტომბერს. დაამთავრა სამხატვრო აკადემია, დავით კაკაბაძის და სერგო ქობულაძის კლასი. 50 წელი იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის მხატვარი, სადაც გააფორმა ისეთი დაუვიწყარი სპექტაკლები, როგორიც იყო ბოროდინის "თავადი იგორი", ჩაიკოვსკის "ორლეანელი ქალწული", ვერდის "აიდა" და "ტრავიატა", ლაღიძის "ლელა" და ბევრი სხვა... სისტემატურად მონაწილეობდა საკავშირო და რესპუბლიკურ გამოფენებში. მას მინიჭებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი, საპატიო სიგელი, ხოლო 1985 წელს მიენიჭა დამსახურებული მხატვრის წოდება, 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით... შალვა ჩიქოვანი შეტანილია ენციკლოპედიურ კრებულში, ასევე მსოფლიოს მხატვართა ენციკლოპედიაში. გარდაიცვალა 2000 წელს. დაკრძალულია თბილისის მეცნიერებათა და კულტურის მოღვაწეთა პანთეონში.
- ალბათ, ხელოვნება ძალიან აახლოებდათ...
- მამას დედა და მედეას მამა ბიძაშვილები იყვნენ. შალვა ჩიქოვანი და მედეა ჯაფარიძე პატარაობიდან ერთად იზრდებოდნენ. მედეა მამაზე უფროსი იყო, თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ, რომ ემეგობრათ. მედეას ხშირად ტოვებდნენ მამას სახლში და ბავშვობიდან დიდი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა ჰქონდათ. მედეა ყოველთვის ესწრებოდა მამას პრემიერებს ოპერის თეატრში და ამაყობდა, ასეთი გამოჩენილი მხატვარი რომ მისი ნათესავი იყო. მამაც ხშირად ესწრებოდა მის სპექტაკლებს და აღფრთოვანებული იყო მედეას სილამაზით, სცენაზე განსახიერებული როლებით.
მედეა ბოლოს ბაბუაჩემის დასაფლავებაზე ვნახე - უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა, ყველა კარისკენ მიბრუნდა. მედეა ჯაფარიძე იდგა დამწუხრებული, როგორც ანგელოზი, ხელში თეთრი ვარდების თაიგულით...