"სხვა რა გზა მქონდა? - ჩემს თავს შემოვუძახე და ირგვლივ ყველას ვამხნევებდი, რომ ოდესმე ეს ამბავი დასრულდება"
"ქალბატონი თეა ჭკვიანი გოგოა და მისი მინისტრობა ძალიან მეიმედება. მას ადრეც ვიცნობდი და ვიცი, რომ ცდილობს, კარგი მინისტრი იყოს"
ვერაგმა ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, ქართველი მსახიობების ცხოვრება მთლიანად შეცვალა: მათ სცენის მტვერი, მაყურებლის ოვაციები და ის სიხარული მოენატრათ, რომელიც თეატრს მოაქვს. მსახიობ ნანა შონიას აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე ვესაუბრეთ:
- ეს ორი წელი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მსახიობის პროფესია ისედაც სხვებზეა დამოკიდებული: როცა დამშვიდებული სიტუაციაა, მაშინაც ზიხარ და როლს ელოდები... პანდემიის გამო ეს ლოდინი უფრო ძნელად გადასატანი გახდა. სხვა რა გზა მქონდა? - ჩემს თავს შემოვუძახე და ირგვლივ ყველას ვამხნევებდი, რომ ოდესმე ეს ამბავი დასრულდება, რომ გვეშველება. სხვათა შორის, არც ისე უდარდელი და ოპტიმისტი ადამიანი ვარ, როგორიც ვჩანვარ, მაგრამ არ მინდა, ადამიანებს ცუდი მაგალითი მივცე.
- ქალბატონო ნანა, რას უპირისპირებთ ჩვენს საზოგადოებაში დაგროვილ ნეგატივს?
- სამწუხაროდ, ბევრი ცუდი რამ ხდება, მე თვითონაც უამრავი პრობლემა მაქვს, მაგრამ ამ პრობლემებს, იცით, როგორ ვუყურებ? - რომ ცხოვრება პრობლემის გარეშე არ არსებობს, ამ წუთისოფელში არხეინად ვერავინ იცხოვრებს და ყველაფერს მხნედ უნდა შეხვდე... ხომ აბსურდული მდგომარეობაა ჩვენ ირგვლივ, მაგრამ მაინც არ უნდა შევშინდეთ. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ქუჩაში რომ გავდივარ და პირბადიან ხალხს ვხედავ, დღემდე თავი სიზმარში მგონია, როგორც ჩანს, ადამიანი ბოლომდე ვერ აღიქვამს იმას, რაც მის თავს ხდება, მაგრამ თუ ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ, უიმედობა და ხელის ჩაქნევა უკვე აღარ შეიძლება.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ ორ წელიწადში?
- მეც ისე ვცხოვრობ, როგორც ყველა. მხოლოდ ორ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა: ერთი შარშან, ზაფხულში გაიმართა და მეორე - ამ გაზაფხულზე, სანამ ეპიდსიტუაცია ისევ გართულდებოდა. როდესაც ამდენი ცუდი რამ ხდება, უკვე ვეღარ ფიქრობ, რომ შენს პროფესიაში ვერაფერს აკეთებ. ჩემს თავს ვატყობ, რომ ძალიან ამოვვარდი კალაპოტიდან, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, საერთოდ ვეღარ ვითამაშებ-მეთქი... რა თქმა უნდა, სცენაზე რომ დავდგები და მაყურებლის ანთებულ თვალებს დავინახავ, დარწმუნებული ვარ, ვითამაშებ, მაგრამ მართლა განვიცდი, რომ სცენის გარეშე ცხოვრებას შევეჩვიე - ალბათ, ამგვარი ფიქრები სხვა მსახიობებსაც აწუხებთ და ისინიც ჩემსავით განიცდიან. ზოგიერთი ჩემი კოლეგა საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადავიდა, ზოგმა მეურნეობას მიჰყო ხელი, ზოგმა - ხელსაქმეს, გამოუვალმა სიტუაციამ გვაიძულა, რომ ჩვენი თავი სხვა რამეში გვეპოვნა და ამ სირთულეებს როგორღაც მოვრეოდით.
- ბევრი ცნობილი ადამიანი ამბობს, რომ ბოლო ხანებში კულინარიამ გაიტაცა, თქვენც მათ შორის ხართ?
- ვერ ვიტყვი, რომ კულინარიამ ახლა გამიტაცა, მაგრამ სამზარეულოსთვის უფრო მეტი დრო დამრჩა, ამიტომ, ბევრი ახალი რამ ვისწავლე. სამზარეულოში ტრიალი ძალიან კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის, მაგრამ ეს ჩემი საუკეთესო როლი არ არის. ჩემს წონას სულ ვაკონტროლებდი, მაგრამ ამ პანდემიის დროს ცოტა მოვდუნდი, რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ არ ვჯავრობ: იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძალიან გამხდარი და სიფრიფანა ვიყო. ვფიქრობ, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი არაფერს დამიშავებს. სამაგიეროდ, ფიზიკური აქტივობა არ შემიწყვეტია: ძალიან მიყვარს ცურვა, ფეხით სიარული და სულ ვვარჯიშობ.
- დავუბრუნდეთ თქვენს პროფესიას: ბევრ მაყურებელს აინტერესებს, ითამაშებთ თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებში"?
- გამოგიტყდებით, რომ ჩემი როლიც და ეს გადამღები ჯგუფიც ძალიან შევიყვარე. ჩემგან სრულიად განსხვავებული ქალის როლს ვასრულებ და ეს მომწონს. არ ვიცი, შეიძლება ჩემი როლი გაგრძელდეს, ან არ გაგრძელდეს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუ დამიძახებენ, სერიალში თამაშს სიამოვნებით გავაგრძელებ. თეატრი ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ არანაკლებ მიყვარს კინო, ამ სერიალშიც სიამოვნებით ვთამაშობდი. სიმღერაც მიყვარს და ცეკვაც, მაგრამ ამ ორიოდე წლის წინ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ მიმიწვიეს, უარი ვთქვი.
- რატომ?
- როგორც გითხარით, ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა ასეთ კონკურსში მონაწილეობ, მძიმე შრომაა საჭირო, რომელსაც მე ვერ გავუძლებდი. კატორღული შრომა და ჩარჩოებში ყოფნა არ შემიძლია. ისე, შეიძლება კარგ როლზეც ვთქვა უარი, როცა ვგრძნობ, რომ ეს როლი "ჩემი" არ არის.
- როგორ როლებზე გითქვამთ უარი?
- მეტისმეტად ვულგარულ სცენაში თამაში გამიჭირდება, რადგან გამომწვევი და სექსუალური როლები საჩემო არ არის. რამდენი მსახიობი ვიცი, რომელიც გამომწვევი საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ სცენაზე მაინც განუმეორებელი იყო.
- როდესაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დანიშნეს, ამან ხელოვნების მუშაკებს შორის დიდი კამათი გამოიწვია. თქვენი აზრით, როგორი მინისტრია ქალბატონი თეა?
- ქალბატონი თეა ძალიან ჭკვიანი გოგოა და მისი მინისტრობა ძალიან მეიმედება. მას დიდი სურვილი აქვს, რომ კულტურაში თავისი წვლილი, თავისი ხელწერა შემოიტანოს, რაც ცოტას როდი ნიშნავს. მე მას ადრეც ვიცნობდი და ვიცი, რომ ცდილობს, კარგი მინისტრი იყოს. ჯერ ახალი მოსულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგი მინისტრი იქნება. უბრალოდ, ძალიან ცუდ დროს დაინიშნა ამ თანამდებობაზე - პანდემიის დროს.
- და ბოლოს, რა თვისებები არ მოგწონთ ყველაზე მეტად ჩვენს ხალხში და ქართულ პოლიტიკაში?
- აგრესია და სიძულვილი - ეს ყველაზე საშიში მოვლენაა, რომელზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან. რაც შეეხება პოლიტიკოსებს - ადამიანი პოლიტიკაში რომ არის, საკუთარი ქვეყნის და ხალხის სიყვარული უნდა ამოძრავებდეს. პოლიტიკოსმა თავისი ხალხის ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს, სხვაგვარად არაფერი გამოუვა არც ამ პოლიტიკოსს, არც ხალხს და არც - მის ქვეყანას.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)