"რუსებმა ყველაფერი იცოდნენ ამ ტყვეების შესახებ, ოჯახები კი ახლა იგებენ სიმართლეს" - კვირის პალიტრა

"რუსებმა ყველაფერი იცოდნენ ამ ტყვეების შესახებ, ოჯახები კი ახლა იგებენ სიმართლეს"

"ვინაიდან ტყვეობა დასრულდა, მჯერა, რომ სამოთხეში მოვხვდები, რადგან ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი მაქვს", - ეს სიტყვები ნაცისტების ტყვეობაგამოვლილ ამერიკელს ეკუთვნის... ცაითჰაინიც ამ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მაგალითია. დიახ, დღეს, ცაითჰაინის გათავისუფლებიდან 76-ე წელს, ბანაკის ტერიტორიაზე მუზეუმი, საფლავები და მემორიალია..."

მეგი სტემპენი ჩვენი თანამემამულეა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ის "მზის ბიჭებს" ოჯახის პოვნაში ეხმარება. "მზის ბიჭები" უწოდა მან მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლის ველიდან სხვადასხვა მიზეზით გაუჩინარებულ ბიჭებს, რომელთა საფლავების ადგილსამყოფელი დღემდე არ იცის ასიათასობით ოჯახმა.

მეგისთან ინტერვიუს ზაქრო ექიზაშვილის ისტორიით ვიწყებთ.

- ზაქრო ექიზაშვილი ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკის სიების დამუშავებისას ვიპოვე. ყველაზე გასაოცარი მის ისტორიაში ის არის, რომ მას ოჯახი არ ეძებდა, რადგან, როგორც მიამბეს, ომიდან დაბრუნებულმა მისმა სამმა მეგობარმა ჩამოიტანა ამბავი, ფრონტზე ყოფნის დროს ვახშმობისას ზაქროს თევზის ფხა გადასცდა და დაიხრჩოო. ოჯახმა დაიჯერა და აღარც უძებნია. გავიდა დრო... მე რომ გამოვაქვეყნე ზაქრო ექიზაშვილის მონაცემები, რომელთაც არქივის დამუშავებისას წავაწყდი, მისმა ნათესავმა ლევან ექიზაშვილმა ნახა ჩემი პოსტი და ამბავი გააგებინა ოჯახს, რომელიც სახტად დარჩა. ჩემი მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ის ტყვედ ჩავარდა და წელიწადიც არ გასულა, ცაითჰაინის ბანაკში, ლაზარეთში დაიღუპა ტუბერკულოზით.

ცაითჰაინის ბანაკში მოხვედრილები მალევე იღუპებოდნენ, რადგან მათ საშინელ პირობებში ამყოფებდნენ. თავიდან ცაითჰაინში იყო ბანაკი შტალაგი 4H, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ლაზარეთად. ლაზარეთში ეპიდემიებმა იფეთქა. გაჩნდა ტიფი, ტუბერკულოზი, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 1941 წელს, როცა ეს ბანაკი ჩამოყალიბდა, იქ ჯანმრთელებიც იყვნენ. ბანაკი სხვადასხვა სამუშაოზე ახალი ტყვეების გამანაწილებლი იყო. პირველი ტყვეთა ბარაკი აქ 1942 წელს აშენდა, მანამდე კი ტერიტორია მავთულხლართით იყო შემოღობილი და ტყვეები ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ. მერე აქ მხოლოდ ის ტყვეები მოჰყავდათ, რომლებიც გერმანიისთვის გამოსადეგი აღარ იყვნენ და აქ ატარებდნენ დღეებს სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე.

- დღეს ცაითჰაინში მუზეუმია... ტყვეთა არქივი როდის გახსნეს? - საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გერმანიასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შედეგად არქივები გახსნეს.

"ვინაიდან ტყვეობა დასრულდა, მჯერა, რომ სამოთხეში მოვხვდები, რადგან ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი მაქვს", - ეს სიტყვები ნაცისტების ტყვეობაგამოვლილ ამერიკელს ეკუთვნის... ცაითჰაინიც ამ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მაგალითია. დიახ, დღეს, ცაითჰაინის გათავისუფლებიდან 76-ე წელს, ბანაკის ტერიტორიაზე მუზეუმი, საფლავები და მემორიალია. ერთი ხისგან ნაგები ბანაკიღა დგას, რომელშიც მუზეუმის ექსპონატებია განთავსებული. იმ ერთ ბანაკში სამოცამდე ტყვეს ეძინა. წარმოიდგინეთ 50-60 კაცი, რომელთაგან ზოგს ტუბერკულოზი აქვს, ზოგს - მაღლი სიცხე, არ აქვთ წყალი, საკვები, ჰიგიენური საშუალებები, მხოლოდ რამდენიმე ვედრო უდგათ...

ზაქრო ექიზაშვილს დავუბრუნდეთ... მას სამი შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი, გივი პაპა, ცოცხალია. ჩვენ ცაითჰაინში გავგზავნეთ განცხადება, რომ გამოეგზავნათ ბიოგრაფია. პასუხს ერთვოდა მინაწერი, რომ ოჯახს შეუძლია საფლავის ქვის გაკეთება, თუ სურვილი ექნება. სწორედ მაშინ ჩემი მეგობარი ეკა შიშნიაშვილი მოემგზავრებოდა გერმანიაში და ქვა მას გამოატანეს...

- თავისი საფლავი აქვს თუ ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული? - ძმათა სასაფლაოზე. თავიდან საფლავები კარგად იყო დანომრილი, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა ჯარები რომ შემოვიდნენ და ეს ბანაკიც გაათავისუფლეს, დაიწყო საფლავების ექსჰუმირება. ნაშთები ამოიღეს და ნომრები ააცალეს, რომ იდენტიფიცირება მომხდარიყო, ამის შემდეგ კი ყველა მიცვალებული ერთად დაკრძალეს. ცაითჰაინის მუზეუმის დირექტორი ბატონი ნაგელი ამბობს, რომ რუსებმა მაშინ წაიღეს რუკები, რომლებიც დაიკარგა. ამიტომ ყოველთვის დაახლოებით გეუბნებიან საფლავის ადგილს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ როდესაც რუსებმა საბუთები წაიღეს, ყველაფერი რუსულად გადაწერეს, ანუ მათ ყველაფერი იცოდნენ ამ ტყვეების შესახებ, ოჯახები კი ახლა იგებენ სიმართლეს.

- რა მიზნით არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია? - მაშინ ხომ ტყვედ ჩავარდნილი სამშობლოს მოღალატედ ითვლებოდა! სტალინმა ხომ თქვა, ჩვენ არ გვყავს ტყვეები, ჩვენ გვყავს ქვეყნის მოღალატეებიო, მოღალატის ოჯახს კი ბევრი განსაცდელი ელოდა, ამიტომ ჯობდა, ამ ადამიანებს უგზო-უკვლოდ დაკარგულები რქმეოდათ... ამის გამო ფრონტიდან დაბრუნებული თანამებრძოლებიც მეგობრებზე ტყუილებს უამბობდნენ მათ ოჯახებს. ზაქრო ექიზაშვილზეც ამიტომ იცრუეს, ფხა გადასცდაო. სიმართლე ბევრმა საფლავში წაიღო.

- კიდევ ვისზე მიამბობთ?

- გიამბობთ დავით გაბრიაძეზე... მისი შვილი მერი ცოცხალია. ეს საქმე იმით არის განსაკუთრებული, რომ დავითი დაჯილდოებულია საბჭოთა ორდენით მამაცობისთვის. დაღუპული და დასაფლავებულია პოლონეთში, თუმცა ოჯახმა ეს არ იცოდა. მე დამიკავშირდა მისი შვილიშვილი და მთხოვა, დავხმარებოდი. ვუთხარი, როგორ უნდა მოქცეულიყო, სად ეძებნა სიმართლე და ჩვენდა გასაოცრად, მან კა-გე-ბეს არქივში აღმოაჩინა ინფორმაცია, რომ თურმე დავით გაბრიაძე არაერთგზის ყოფილა დაჯილდოებული ბრძოლის ველზე გამოჩენილი მამაცობისთვის, ტყვედ არასდროს ჩავარდნილა, ბრძოლისას დაიღუპა და დასაფლავებულია პოლონეთში. დარჩა ქალიშვილი, რომელიც ახალდაბადებული იყო, როდესაც დავითი ომში წავიდა.

გამაკვირვა ამ ამბავმა. არაერთხელ დაჯილდოებული საბჭოთა მებრძოლის შესახებ ოჯახს არაფერი უთხრეს! ვფიქრობ, გულგრილობა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება გამოიჩინეს.

ბევრი ოჯახია, რომელმაც თავისიანის შესახებ ცნობა ვერ მიიღო. გვარში თუნდაც ერთი ასო რომ ყოფილიყო არასწორად დაწერილი, ცნობა ადრესატამდე არ მიდიოდა, არადა, წარმოიდგინეთ, როგორი დასაწერია რუსის ან გერმანელისთვის, მაგალითად, ტყეშელაშვილი...

მაქვს კიდევ ერთი სინტერესო ამბავი, რომელიც თბილისელ, მთაწმინდელ, 22 წლის ნოე ხვედელიანს ეხება. ნოე ტყვედ იყო ლუკენვალდში. საბუთის მიხედვით, ეს ტყვე გესტაპოს გადაეცა და ამის შემდეგ კვალიც ირევა... ჩემი პოსტის შემდეგ გამოჩნდა ნოე ხვედელიანის დისშვილი, ქალბატონი ქეთი და ჩვენ ერთად შევუდექით ნოეს ცხოვრების ბოლო წლების კვლევას. გერმანიის წითელ ჯვარს მივაკითხეთ, არაერთი არქივი გადავქექეთ... ყველა გვეუბნებოდა, რომ გესტაპოს გადაეცა, მერე კი აღარაფერი იცოდნენ... გამოსავლის ძიებაში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა კარგი იდეა მომაწოდა - კა-გე-ბეს არქივში შევამოწმოთო. სწორედ იქ აღმოჩნდა საბუთი ნოეს შესახებ.

- რა გაიგეთ ამ შემოწმების შედეგად? - ნოე ხვედელიანი წაიყვანა გესტაპომ, მოამზადა, როგორც დესანტი და გამოუშვა საქართველოში.

- როგორც გერმანიის სასარგებლოდ მომუშავე აგენტი? - დიახ, მაგრამ ნოე არ იყო მოღალატე, უბრალოდ, სხვაგვარად ვერ ჩამოაღწია საქართველოში. როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე მივიდა კომისარიატში და ყველაფერი აღიარა: ესა და ესა ვარ, ასე და ასე მოხდა და გთხოვთ, უკან, ფრონტზე გამგზავნოთო. იმედი ჰქონდა, გულახდილობას დაუფასებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად ნოე ხვედელიანი დახვრიტეს, როგორც ქვეყნის მოღალატე. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, კა-გე-ბეს არქივში ნოეზე სამტომეული მასალა უნდა იყოს.

- ოჯახმა რა იცოდა?

- ოჯახმა იცოდა, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ახლა მე და ქალბატონი ქეთევანი ვაპირებთ, შსს-ს არქივიდან გამოვითხოვოთ ნოე ხვედელიანის საქმის სამტომეული და ძირფესვიანად შევისწავლოთ, რათა გავიგოთ, როგორი იყო მისი ცხოვრების ბოლო პერიოდი. ქალბატონი ქეთის ოცნებაა, ყველამ გაიგოს, რომ მისი ბიძა არ იყო მოღალატე და სამშობლო უზომოდ უყვარდა.

- ახლა რაზე მუშაობთ? - ახლა ბოხოლთში, დასავლეთ გერმანიაში, აღმოჩენილი ქართველის ამბებს ვადგენ. ეს გახლავთ შაქრო შეღვიაშვილი. ბოხოლთში სულ 80-მდე ტყვეს ვაპოვნინე ოჯახი. შრომისუნარიანი ბიჭები აქედან ნაწილდებოდნენ სხვადასხვა სამუშაოზე. პერსონალურ ბარათში, ПК1-ში, იყო ფოტო ან ანაბეჭდი, სახელი, გვარი, სად ჩავარდა ტყვედ და ა.შ. ПК 2-ში წერია, თუ ჩაუტარდა აცრები და სად გადაიყვანეს. შაქროს ПК 2-ში ეწერა, რომ შაქრო ბოხოლთიდან გადაიყვანეს შტალაგ 11 B-ში, თუმცა როგორც მუზეუმის დირექტორი ვარაუდობს, ჩანაწერის მიუხედავად, ის არსად გადაუყვანიათ, რადგან დასნეულდა და ალბათ, იქვე გარდაიცვალაო. რუსეთის საელჩოს მივწერე, რომ ეს ამბავი დამიდასტურონ. ამას შაქროს ოჯახის თხოვნით ვაკეთებ.

- სულ რამდენ ტყვეს უპოვეთ ოჯახი და რამდენი ხანია, რაც ამ საქმეს აკეთებთ? - ამ საქმეს ხელი 2017 წლიდან მოვკიდე. რამდენი ტყვე ვიპოვე, არ დამითვლია. 500-ს რომ ავცდი, თვლა შევწყვიტე... მხოლოდ ცაითჰაინში 187 საფლავი აღმოვაჩინე. ამის გარდა, საფლავები ვიპოვე ბერგენ-ბელზენის, ბუხენვალდის, მიულბერგის, აუშვიცის ტყვეთა ბანაკებშიც...

- რატომ და როგორ გადაწყვიტეთ ამ საქმის კეთება? - ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ამ საქმიანობას მას შემდეგ შევუდექი, რაც ქალაქ ქემნიცში (ყოფილი კარლ მარქსი) გადმოვედი საცხოვრებლად. გავიგე, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში ბევრი საბჭოური საფლავი იყო. დავიწყე ფიქრი, როგორ გამეგო რამე ჩემი დიდი ბაბუის, ჭოლა თედორაძის შესახებ. უახლოეს სასაფლაოზე მივედი, სადაც ვნახე ქართული სახელი და გვარი - დიმიტრი ფოცხვერაშვილი. მესაფლავეს ვკითხე, ქართველია-მეთქი? არ ვიცი, აქ არასდროს არავინ ჩამოსულაო. 9 მაისს, დაბადების ან გარდაცვალების დღეებში ჩამოდიან სხვადასხვა საფლავზე ჭირისუფლებიო. მაშინ ვიფიქრე, იქნებ ოჯახმა არ იცის, ეს ადამიანი აქ რომ განისვენებს-მეთქი. ვიპოვე მისი ოჯახი და აღმოჩნდა, რომ მართლაც არაფერი იცოდნენ. მივხვდი, რომ ფოცხვერაშვილის ოჯახის მსგავსი ბევრი იყო და მას შემდეგ "მზის ბიჭების" ფართომასშტაბიან ძებნას შევუდექი, დროთა განმავლობაში კი ეს საქმე ჩემს მოწოდებად იქცა.

- ამასობაში დიდი ბაბუის საფლავს თუ მიაგენით? - ჯერ არა. საბუთები გაგზავნილია რუსეთის სამხედრო პროკურატურაში, განცხადებაც დაწერილი მაქვს და პასუხს ველოდები. თავიდან აქაური არქივები მოვიარე, მერე - პოლონეთისაც და ბოლოს კვალი მაინც რუსეთამდე მივიდა.

- გაქვთ რამე ვერსია? - ალბათ, დახვრეტილია, როგორც მოღალატე, ოღონდ რა ვითარებაში და როგორ, არ ვიცი. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ...

- ტყვეთა საფლავები რა მდგომარეობაშია? - ოჯახის წევრები დღემდე ჩამოდიან ტყვეთა სასაფლაოებზე, რომლებიც კარგად არის მოვლილი. ბანაკის გათავისუფლების დღეს ყოველთვის ტარდება ღონისძიება. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, იტალიიდან ჩამოდიან სამხედროები, ყოფილი ტყვეები, საელჩოების წარმომადგენლები. ცაითჰაინის ბანაკის ტერიტორიაზე მუზეუმის ადმინისტრაცია უფასო გიდს სთავაზობს იქ ჩასულ რუსულ ან გერმანულ ენაზე მოსაუბრეებს. რადგან მე ქართულ ოჯახებს ვპოულობ, მეუბნებიან, მუზეუმში შენ ჩვენი ქართველი დესპანი ხარო. ცაითჰაინის სასაფლაოზე ყოველთვის ფრიალებს ქართული დროშა.

დავით გაბრიაძე

თეო ლაფერაძე, დავით გაბრიაძის შვილთაშვილი: "ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ვერასდროს წარმომედგინა, რომ შევძლებდი იმ ბიჭის პოვნას, რომელიც თითქმის 80 წლის წინ გაუჩინარდა. ერთხელაც გადაცემის ანონსი ვნახე, სადაც ჩემსავით მეოცნებე გოგო დიდი ბაბუის საფლავს ეძებდა. არ მახსოვს, როგორ დავუკავშირდი მეგის და როგორ დავიწყეთ საუბარი. მან დამაკვალიანა, სად უნდა დამეწყო ძებნა და ვისთვის მიმემართა. და აი, ამდენი ლოდინის, ოცნებისა და ოჯახში დაღვრილი ცრემლების შემდეგ მე ის ვიპოვე. ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ (სადაც დავითის შესახებ იყო უტყუარი ინფორმაცია, სად დაიღუპა და სად არის დაკრძალული), თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი, როცა ყუთის ფორმის ფერად ჩანთაზე, ფუშფუშა კაბასა და ომში დაკარგული წინაპრის ამბის გაგებაზე ვოცნებობდი. ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ მომენტს, როდესაც ბებოსთან მივირბინე და ათსტროფიანი წერილი ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. კარალიოკის კუნძზე ჩამომჯდარი და ატირებული ბებო რომ დავინახე, მეგონა, ახალგარდაცვლილ მამას დასტიროდა, მამას, რომელიც არასდროს უნახავს... მეამაყება, რომ ამ ოჯახის შვილი ვარ. მიხარია, რომ შევძელი და მცირედი წვლილი შევიტანე დავითის შესახებ სიმართლის დადგენაში.

P.S. ოჯახები, რომლებიც წინაპრებს ეძებთ, უკვე გამარჯვებულები ხართ. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. არ გაჩერდეთ, გააგრძელეთ ძებნა, "მზის ბიჭები" გელოდებიან".

მეგი სტემპენი: "კარალიოკის კუნძზე ჩამომჯდარი ატირებული მერი ბებო და ოჯახში დაბრუნებული "მზის ბიჭის", დავითის ისტორია".

ფოტოზე დავითს ცოტა მკაცრი გამომეტყველება აქვს. ვინც იცნობდა, ყველა საპირისპიროს ჰყვება. უზომოდ თბილი და ცოლზე უზომოდ შეყვარებული პატარა ბიჭი იყო. ხუთი კვირის ჩვილი (მერი ბებო) დატოვა. წერილებში ყოველთვის ოჯახის დამშვიდებას ცდილობდა.

ალბათ, როგორ ნერვიულობდა... როგორ განიცდიდა... ალბათ, წარმოსახვით რამდენჯერ ჩახუტებია ტკბილ და ერთგულ ცოლს, ალექსანდრას... რამდენჯერ წარმოიდგენდა, როგორ წაიყვანდა შვილს სკოლაში, როგორ მოეფერებოდა შინ დაბრუნებული...

შინ ვერ დაბრუნდა...

"მზის ბიჭო", დავით, იამაყე, შენ ერთი შვილი, სამი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი გყავს.

ვიცი, შეხვდი შენს ალექსანდრას და, მოგიყვა ყველაფერს და, დარწმუნებული ვარ, გახარებული ხარ...

თეომ შენ გიპოვა, შენმა თეომ, მებრძოლმა და შეუპოვარმა გოგომ.

მშვიდად იძინე. შენ გმირი ხარ".

ზაქრო ექიზაშვილი

მეგი სტემპენი: "თავად გვიპოვა... ზაქროს არ ეძებდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ უყვარდათ ან დაივიწყეს! ომის დასრულების შემდეგ ზაქროს სამი მეგობარი დაბრუნდა ბრძოლის ველიდან და სამივე ერთსა და იმავე ამბავს ჰყვებოდა: ზაქროს ვახშმობისას თევზის ფხა გადასცდა და დაიხრჩოო. სამი ადამიანის მოყოლილი, აბა, როგორ არ უნდა დაეჯერებინათ! და შეეგუა ოჯახიც ზაქროს დაღუპვას. სხვა გზა არც ჰქონდათ - ოჯახში სამი შვილი: იულია, გივი და ავთანდილი იზრდებოდნენ და ბავშვებს დედა სჭირდებოდათ.

მეგობრების ერთგული და თავგანწირული ბიჭი იყო. ომში წასვლა არც ეკუთვნოდა და თავმჯდომარეც ეხვეწებოდა, არ წასულიყო, მაგრამ ვერ გადაათქმევინა - უცებ, დაუფიქრებლად, შეახტა მანქანას და წავიდა მეგობრებთან ერთად. წავიდა და ვეღარ დაბრუნდა...

ვერ გეტყვით, რას გრძნობდა ტყვეობაში, არ ვიცი, რაზე ფიქრობდა სიკვდილის წინ, მაგრამ ვიცი, რომ ზაქროს ოჯახი და ქვეყანა ყველაფერს ერჩივნა.

საფლავის ქვა უკვე ჩემთან არის და უახლოეს პერიოდში მივუტან ცაითჰაინის სასაფლაოს. ეს უკვე მეორე ბიჭის საფლავის ქვაა ამ სასაფლაოზე!

ამაყი ვარ? უზომოდ!

მშვიდად იძინე, გმირო ბიჭო, უღალატოვ და ოჯახის ერთგულო. შენ სახელს დავიწყება არ უწერია... შენ ზაქრო ხარ, ოჯახის, ჩემი და მთელი საქართველოს ზაქრო! მადლობა თავგანწირვისთვის, მადლობა სიყვარულისთვის".

ჭოლა თედორაძე

მეგი სტემპენი: "ვინც მიცნობთ და იცით ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა, გეცოდინებათ, რომ დიდ ბაბუას, ჭოლა თედორაძეს ვეძებ. ბიჭს, რომელიც ვერ დაუბრუნდა ოჯახს... რაც ეს საქმე დავიწყე, მას შემდეგ ვეძებ. უამრავი წერილი, თხოვნა, მიმოწერა....შარშან ერთმა გერმანელმა პროფესორმა მირჩია, მიმეწერა რუსეთის სამხედრო პროკურატურისთვის, თან გამაფრთხილა, რომ დიდი იმედი არ უნდა მქონოდა. მივწერე... დრეზდენის ფონდიდან (სადაც ეს კეთილი პროფესორი საქმიანობს) წერილი მომივიდა. წერილში ეწერა, რომ ჩემი საქმე მიიღო პროკურატურამ, გადაეცემა შესაბამის ორგანოს და დაიწყება რუსეთში საქმის გადახედვა. მეორე წერილი უშუალოდ რუსეთის სამხედრო პროკურატურიდან არის. მასში წერია ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩემი დიდი ბაბუის მონაცემები. ამ პროფესორმა შემაშველა ხელი და თვითონაც გაგზავნა წერილი. დიახ, მე ეს შევძელი! სამი წელი ძებნა, იმედგაცრუება, ბევრი უარი, უიმედობა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ძებნა გრძელდება. ეს მხოლოდ დასასრულის დასაწყისია...

რატომ ვწერ ამას? ვინც ეძებთ და ვინც ამდენს წვალობთ, არ გაჩერდეთ! აუცილებლად გააგრძელეთ! ყოველი მარცხის შემდეგ გამარჯვების დასაწყისი იბადება!

ეს ფოტო სიმბოლურია. მარცხნივ ჭოლა თედორაძეა, ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, მომარაგების სამსახურში, სერჟანტის წოდებით მსახურობდა. მარჯვნივ რობერტ გიუნტერია, ჩემი მეუღლე, აგრეთვე სერჟანტი და მომარაგების ჯარისკაცი. ეძებეთ, არ გაჩერდეთ და შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.

მშვიდობიან, გაბრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს, სადაც აღარასდროს ჩაიცვამს დედა შავს და სადაც აღარ მოგვიწევს, ბავშვებს ობლები ვუწოდოთ.

სიყვარულით, მეგი".