"რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტია თუ მეწაღე? ბევრი დანაშაული ჩაიდინა და პასუხიც უნდა აგოს" - კვირის პალიტრა

"რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტია თუ მეწაღე? ბევრი დანაშაული ჩაიდინა და პასუხიც უნდა აგოს"

"გვიმუხთლა ჟამმა... ჩვენთვის სივრცეც არ ჩანს საფრენი/ და უცხო ბინდით იბურება დასალიერიც;/... ზოგი ამ ვნებებს სამშობლოსთან ბრძოლით იქარვებს,/ (ამნაირ მტრობას სხვა ვინ იზამს, გარდა მსტოვრების?!.) / დღეს დარჩათ ერი სათარეშოდ პოლიტიკანებს, / ამ დიდოსტატებს, კლდიდან კლდეზე გადახტომების... - ამ სტრიქონებით ეხმიანება ქვეყანაში შექმნილ რეალობას პოეტი, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული, თუმცა ლექსის ფინალი არც ისეთი უიმედოა და არ გვაძლევს სასოწარკვეთის უფლებას. პოეტი ლექსში "საფრენ სივრცეს" მაინც გვიტოვებს და როგორც ინტერვიუში გვეუბნება, ახლა, არჩევნების მეორე ტურში, ყველაფერი ქართველი ხალხის აქტიურობასა და სწორ არჩევანზეა დამოკიდებული.

- საქართველოში ამ პანდემიურ პერიოდს პოლიტიკური ციებ-ცხელებაც დაერთო. ეს ურთულესი პერიოდია, საქართველომ პოლიტიკურ კატაკლიზმებს თავი უნდა დააღწიოს და სწორ გზას დაადგეს. ბოლო წლებია, 2018 წლის არჩევნების მერე, ორპოლუსიანობა ჩამოყალიბდა, საპარლამენტო მუშაობა, ფაქტობრივად, მოშლილია, ამას დავუმატოთ დაძაბულობა მოსახლეობაში, სიდუხჭირე, სტრესი, პანდემია... მთელი ამ სამი წლის განმავლობაში რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ამას თან ერთვის "ნაციონალების" გააქტიურება, რაც მეტ-ნაკლებად დამოკიდებული იყო სააკაშვილზე.

"ნაციონალებმა" და გარკვეულმა ჯგუფებმა სააკაშვილი მოატყუეს და, ალბათ, დაპირებებით ჩამოიტყუეს - თუ ჩამოვიდოდა, აქ 100-ათასიანი მიტინგი დახვდებოდა, მისი ჩამოსვლის დრო მომწიფდა და რომ უმისოდ არჩევნებს ვერ ჩაატარებდნენ.

- იქნებ შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ... - მიშა იმდენად დააჯერეს, რომ ყველაფერზე წავიდა. არ არის სააკაშვილი გმირი, როგორც დღეს მოიხსენიებენ. მან მართლა იფიქრა, რომ ამის დრო იყო და არჩევნების დასრულების შემდეგ, იმისთვის, რომ აჟიოტაჟი შექმნილიყო, ბიულეტენების დათვლის პერიოდში უნდა გამოჩენილიყო. მისი მიზანი ადვილი გამოსაცნობია - არეულობა და რევოლუციური მუხტის აგორება. მოხდა ისე, რომ გეგმა ჩაეფუშა, დაიჭირეს და ჩასვეს საპყრობილეში.

მოვლენების ასე განვითარებამ "ნაციონალების" მხარდამჭერებიც კი დააბნია, არ იცოდნენ, ამის მერე რა უნდა ყოფილიყო. ამიტომ იყო, თაკო ჩარკვიანმა ჯერ 10 ოქტომბერს მოინდომა ხალხის შეკრება, მერე, როცა სტრესიდან გამოვიდნენ, 14-ში დაგეგმეს აქცია. თავისუფლების მოედანზე მარტო "ნაციონალები" არ ყოფილან. მათ ყველა რაიონში კოორდინატორები ჰყავთ და მათაც მოაკრებინეს ხალხი. იქ "ოცნებაზე" განაწყენებულებიც იდგნენ, შემთხვევით მოხვედრილებიც, რომლებმაც არც იცოდნენ, სად მოდიოდნენ, და ისეთებიც, ცნობისმოყვარეობის გამო რომ მივიდნენ. ზოგიერთს, როგორც ამბობენ, ფულიც მისცეს.

- თქვენთვის რატომ არის მიუღებელი სააკაშვილი?

- შეიძლება ასეც განვსაზღვროთ: სასწორს აქვს ორი პინა, რომელზეც თავსდება მისი ნაკეთები დადებითი და უარყოფითი. სააკაშვილის უარყოფითი საქმეები, რაც ერთ პინაზე დაიდება, გაცილებით მეტია მეორე პინაზე თავმოყრილ პოზიტიურზე, უარყოფითი გადაწონის და კარგი საქმეები აღარ აიწონება. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინა, ის არის, რომ ავტორიტარული რეჟიმი ჩამოაყალიბა. ამ პატარა ქვეყანაში 300 ათასი პრობაციონერი იყო, რითაც ევროპაში პირველ ადგილზე ვიყავით. სააკაშვილის ავანტიურის შედეგი იყო, რომ დავკარგეთ ტერიტორიების 20%. გავიხსენოთ დახოცილი ბიჭები: რობაქიძე, გამცემლიძე, შავაძე, კრიალაშვილი, ცინდელიანი, შამათავა, მოლაშვილი... ეს უკანასკნელი ციხეში იყო და წელიწად-ნახევარი ცოლ-შვილი არ ანახეს, სააკაშვილს კი მნახველების რიგი უდგას და ლამის პრესკონფერენციის ჩატარების უფლებაც მისცენ. ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი ბედოვლათი წარმომადგენლის პასიურობისა და უპრინციპობის გამო პოლიტიკური დღის წესრიგს ლამის მიშა წარმართავს. ამ ადამიანმა გააუქმა მეცნიერებათა აკადემია, 2007 წელს მწერალთა კავშირიდან მწერლები გამოყარა. რა ჩამოთვლის მის "კეთილ საქმეებს"...

- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს სააკაშვილი, თუ მან უნდა მოიხადოს სასჯელი? - კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტია თუ მეწაღე? მან ბევრი დანაშაული ჩაიდინა და პასუხიც უნდა აგოს. ვფიქრობ, მისთვის 6 წელი ცოტაა. მარტო სახელმწიფო ღალატისთვის - ტერიტორიის 20%-ის დაკარგვისთვის მას სამუდამო პატიმრობას მისცემდნენ სხვა ქვეყნის სასამართლოები.

- მისი თანაგუნდელები აპროტესტებენ სააკაშვილის გასამართლებას, სანამ სამართლიანი სასამართლო არ გვექნება... - მურუსიძეც, ჩინჩალაძეც და სხვა ყველა "ნაცების" შექმნილი მოსამართლეები არიან, რომელთაც "ნაციონალებმა" ცუდი საქმეები აკეთებინეს. ახლა ამბობენ, ამათ არ ვენდობით და გაყარეთო.

- "ნაციონალები" ხშირად ავლებენ პარალელს მესამე და პირველ პრეზიდენტს შორის. მათი თქმით, სააკაშვილიც ისეთივე მოწამებრივ გზას გადის, როგორიც გამსახურდიამ გაიარა. - რა კავშირი აქვს სააკაშვილს ზვიადთან, რომელიც საერთოდ სულ სხვა იდეოლოგიისა და სხვა ცნობიერების პრეზიდენტი და მართლაც ეროვნული კაცი იყო? ის დასაჯეს იმისთვის, რომ გამოკვეთილად ეროვნული იყო, სააკაშვილს კი ეროვნულობასთან საერთო არაფერი აქვს. ხან აღმაშენებელს ედრება, ხან ზვიადს, ხანაც ილიას. სააკაშვილი მხოლოდ სააკაშვილს, თავის თავს ჰგავს. ის ხან პოლიტპატიმრობს, ხან გმირის მანტიას ისხამს, თუმცა ეროვნული ინტერესების მატარებელ მეფეებთან, პრეზიდენტებთან თუ საზოგადო მოღვაწეებთან არაფერი აქვს საერთო.

ბევრი სამუშაო გვაქვს, რუსეთთან რომ დავალაგოთ ურთიერთობა, ამის გარეშე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე ვერც ვიოცნებებთ. ვერც ჟენევიდან, ვერც ბრიუსელიდან და ვერც ამერიკიდან ეს საკითხი ვერ მოგვარდება. რუსეთის ყველას ეშინია. საჭიროა პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, მხოლოდ ასე შეიძლება საქართველოს გაერთიანება.

- "ოცნების" ლიდერებისგან ხშირად გვესმის ფრაზა "დავამთავრებთ "ნაცებს", რაზეც საზოგადოების ნაწილს აქვს ასეთი პასუხი, რომ ნდომებოდათ, აქამდე დაამთავრებდნენო... - "ნაციონალები" და "ოცნება" ერთმანეთს კვებავენ. მოსახლეობას მოსწყინდა უკვე ეს ქაოსი, ძიძგილაობა და ყველაფერი, რაშიც პირველი დამნაშავეები "ნაციონალები" და მათი აგრესიული პოლიტიკაა.

მათ მოსახლეობა ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავთ. ეს ადამიანებიც, ოღონდ სააკაშვილი არ მოვიდეს და, "ოცნებას" აძლევენ ხმას. უნდა მოხდეს მთავრობების ცვლა, მაგრამ იმის შიშით, მიშა არ მოვიდეს, ხალხის ეს პოზიცია "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, რომ მესამე ვადითაც მოვიდეს და ასე მიათრევს თავის ძალაუფლებას.

ამ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ კოაბიტაციის შემოტანით სხვა პოლიტიკური ძალები გაიკრიფნენ და ცუდი ფონი შეიქმნა ქვეყანაში. თუ "ნაციონალები" დამნაშავეები იყვნენ, რეჟიმი შექმნეს, უსამართლობას სჩადიოდნენ, ყოფილ მაღალჩინოსნებს თუ არ დაიჭერდნენ, ის ლიდერები მაინც უნდა გაენეიტრალებინათ. როგორ? - დამნაშავე ლიდერებისთვის თუნდაც 10-15 წლით უნდა აეკრძალათ პოლიტიკური მოღვაწეობა. ამათ გაანეიტრალეს კი არა, მათი შერწყმა მოხდა, ბევრი "ნაციონალი" გადავიდა "ოცნებაში" და თანამდებობებზეც დანიშნეს, ხელმძღვანელებმა მათთან ხავერდოვანი ურთიერთობა შეინარჩუნეს.

ამ ლიბერალური დამოკიდებულებით იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ხალხს, რასაც 2012 წელს ებრძოდა და რისთვისაც ნახევარი საქართველო ქუჩაში გამოვიდა, დღესაც იმისთვის უხდება ბრძოლა. ესაა "ქართული ოცნების" დანაშაული.

დღეს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მეორე ტურია დანიშნული და საკრებულოებში უმრავლესობა "ნაცების" წარმომადგენელი იქნება. ეს რას მოიტანს? რაიმე საკითხის გადაჭრისას, პროექტების დამტკიცებისას "ნაციონალები" შეეცდებიან შექმნან დაძაბულობა და ქაოსი.

- თქვენს ერთ ლექსში ამბობთ: "დრო დგას მოყვასის ღალატის და დრო - ჩასაფრების,/ დრო - მომრავლებულ სატანების, სალიერების", თუმცა ფინალი მაინც ოპტიმისტური გაქვთ: "დღეს ჩვენ საშველად კვლავ უფალი უნდა მოვიდეს, - ის მაინც მოვა, რადგან ერთხელ უკვე მოვიდა"... რაში ხედავთ გამოსავალს? - დღეს გონიერი ადამიანების საჭიროებაა როგორც პოლიტიკაში, ისე სხვა სფეროებში. ის ადამიანები, ვინც ქვეყნისთვის საქმე გააკეთეს და პროფესიონალები არიან, ყველანი ჩრდილში მოექცნენ. დააკვირდით ამერიკის სენატს, ევროპარლამენტს, ინგლისის ლორდთა პალატას, იქ მოღვაწეობენ შუახნის ადამიანები, 60-70 წლისანიც კი. აქ პატარა გოგო-ბიჭები, 25-26 წლისანი დანიშნეს მინისტრებად, დანარჩენები კი რაღაც მიზეზებით ჩამოიშორეს. ევროპა-ამერიკამ თუ გამოიყენა გამოცდილი ადამიანები, შე დალოცვილო, აქ სადაა ეს ხალხი? უცხოეთში განათლების მიღება, რაღაც კურსების დამთავრება, ინგლისურის და კომპიუტერის კარგად ცოდნა არ ნიშნავს, რომ ეს გოგო-ბიჭები ყველა ჭკვიანია და პარლამენტი უნდა მართონ ან მაინცდამაინც თანამდებობაზე დანიშნონ. ერისკაცებია საძებნელი, რომლებიც ერს გაუძღვებიან. კონკურენცია რომ არ გაუწიონ, ესენი დამსახურებულ ადამიანებს აბრალებენ, რომ რუსეთუმეა, ძველი კომკავშირელია, პარტიულია და ეგრევე ჩამოწერენ. ილიასი არ იყოს: "ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი და გულანთებული კაცები არა ჰყავს". აი, რა აკლია ერს, ესაა ჩვენი პრობლემა. ამათ გონიერები და გულანთებულები ჩამოიშორეს.

ვფიქრობ, დღეს რომ "ოცნებას" პრობლემები შეექმნა, იმის დამსახურებაა, რომ უფროსი თაობის მოფერების ნიჭი არ გააჩნიათ. რატომ არ შეიძლება ისინი მრჩევლებად მაინც ჰყავდეთ? ჩამოწერეს და ჩარეცხეს ხალხი, რომელსაც შეეძლო ქვეყნის მართვასა და განვითარებაში მათთვის დიდი სამსახური გაეწია. დღეს საზოგადოება ერთმანეთთან გაუცხოებულია. უმცროსი თაობა არ ცნობს უფროსს, უფროსი თაობა გულნატკენია. ხალხს არჩევნებზე მისვლაც ეზარება, არაფერი აინტერესებს, ნიჰილიზმი დათესეს ურთიერთობებში. ჩემი რჩევა იქნება, ყველას ფასი გააცნობიერონ და პროფესიონალები დააფასონ. ქვეყანას კრიზისიდან გონიერი და ჭკვიანი ხალხი გამოიყვანს.

- ქართველ ხალხს ცვლილებები უნდაო და ამ მოტივით "ნაციონალებს" მეორედ მოსვლის იმედი აქვთ... როგორ ფიქრობთ, რით დასრულდება არჩევნების მეორე ტური? - იმედია, მეორე ტურში ამომრჩეველი მეტად იაქტიურებს. ერთ მდინარეში მეორედ ვერ შევალთ. ამ მდინარემ უკვე ჩაიარა, თავისი წასაღები წაიღო, ჩარეცხა სანაპიროები, ბევრიც დატბორა, გაანადგურა და ამიტომ ვერ და არ შევალთ. ქართველი ხალხი ელოდება უკეთეს ხვალინდელს და ღმერთმა ქნას, ეს უკეთესი მომავალი დამდგარიყოს.

ნანა ფიცხელაური