"ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ გიორგი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... სამსახურიდან შესვენებაზე გასულებმა დავიწერეთ ჯვარი" - კვირის პალიტრა

"ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ გიორგი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... სამსახურიდან შესვენებაზე გასულებმა დავიწერეთ ჯვარი"

"ორი ადამიანის ურთიერთობაში სხვა, თუნდაც მშობელი, შვილი, დედმამიშვილი არ უნდა ჩაერიოს. წყვილს უნდა ჰქონდეს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების საშუალება"

ერთი შეხედვით მკაცრია, მაგრამ მისი საქმიანი იმიჯის უკან ნამდვილად დგას ემოციებით სავსე ადამიანი, რომელსაც, საქმის პარალელურად, გამუდმებით უწევს ოჯახზე, მეგობრებზე, ახლობლებზე ფიქრი. თუმცა, საარჩევნო პერიოდში, ფიქრის გარდა, ბევრს ვერაფერს აკეთებს საყვარელი ადამიანებისთვის (ასე მიაჩნია თავად), რადგან საქმეს მიაქვს მთელი მისი ძვირფასი დრო.

თვალი მოვკარი და მომეწონა, მის ბეიჯზე სახელი, გვარი ამოვიკითხე და მეორე დღესვე დავიწყე ინფორმაციის მოგროვება.

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ოჯახში მისულს ღიმილით შემეგება მისი მეუღლე სალომე, რომელმაც ახალმისულს ნამდვილად შემიქმნა ის კომფორტი, შინაურულად რომ ვიგრძენი თავი. ბატონი გიორგის დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა - აბა, როგორ, ქართულ ოჯახში ხომ სტუმრის გამასპინძლება წესად აქვთ ქცეული... საოცრად ცელქი პატარები ხან როგორც ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობას და ხანაც - როგორ. სათამაშოებჩახუტებულებს თვალები უციმციმებდათ და თან, სტუმრებს, თავდაპირველად მორიდებით, შორიდან "გვზვერავდნენ".

ამასობაში ბატონი გიორგიც შემოგვიერთდა, გაგვეცნო და მერწმუნეთ, ისიც ძალიან კარგი მასპინძელი აღმოჩნდა. ისეთი მასპინძელი, რომელმაც გამონაკლისი დაუშვა და მის ოჯახში სტუმრად მისულს უარი ვერ მითხრა, პირად ცხოვრებაზეც გულახდილად ისაუბრა.

გიორგი:

- ჩვენი გაცნობა საინტერესოდ მოხდა. სალომე ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, სადაც მეგობარს ვახლდი. თვალი მოვკარი და მომეწონა, მის ბეიჯზე სახელი, გვარი ამოვიკითხე და მეორე დღესვე დავიწყე ინფორმაციის მოგროვება. ბევრი ძებნის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიპოვე, მერე ბანკშიც დავრეკე და სალომესთან დაკავშირება მოვითხოვე. როცა დამალაპარაკეს, ვუთხარი, - მე ვარ-მეთქი. - ვინ შენო? - აი, გუშინ რომ მიყურებდი-მეთქი. - როდის გიყურებდიო? - გაუკვირდა. არადა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთის მზერა დავიჭირეთ (იღიმის). დაახლოებით 3 კვირა ვიწვალე, შეხვედრაზე რომ დამეთანხმებინა. მერე მისი გულის მოგებას 5-6 წელი დასჭირდა, თუმცა, ეს არ ხდებოდა აქტიურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ სალომე საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლობდა და როცა ჩამოდიოდა, მაშინ ვაქტიურობდი. თუმცა, ერთხელაც ურთიერთობის აქტიურ ფაზაში გადავედით, რაც დაოჯახებით დაგვირგვინდა და ამით ბედნიერი ვარ. დღეს ორი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს და თავიდან ბოლომდე ოჯახურ ფერხულში ვართ ჩართული, ბედნიერად ვცხოვრობთ და მადლობა უფალს ამისთვის.

სალომე:

- მართლა იწვალა, მაგრამ მერე მეც დავინტერესდი მისით; ისეთი დეტალები იცოდა ჩემს ცხოვრებაზე, რომ მივხვდი, ძალიან დავაინტერესე. შემდეგი 6 წლის მანძილზე პერიოდულად ვხვდებოდით, მაგრამ ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ გიორგი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და დაოჯახების გადაწყვეტილება მივიღეთ. დავქორწინდით, თან ისე, რომ სამსახურიდან შესვენებაზე გასულებმა დავიწერეთ ჯვარი, ხელის მოწერაც სპონტანურად მოვაგვარეთ.

- შესვენების დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჯვარი დაგეწერათ? ასე რატომ იჩქარეთ?

გიორგი:

- ამ კუთხით საინტერესოა ჩემი ოჯახის შექმნა და ბავშვების ამქვეყნად მოვლინებაც, რადგან ყველაფერი უკავშირდებოდა ქვეყანაში არჩევნების პერიოდს: მეუღლე საარჩევნო პერიოდში შევირთე, ორივე ბავშვიც საარჩევნო ალიაქოთისას გაჩნდა... ცესკოს თავმჯდომარეობამდეც იმდენად დატვირთული გრაფიკი მქონდა, რომ პირადი ცხოვრებისთვის ბევრი დრო არ მრჩებოდა. როგორც იცით, 13 წელია ადმინისტრაციაში ვმუშაობ და საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჯვრისწერასაც და ხელის მოწერასაც სამუშაო დღეს, შესვენების დროს თუ მოვახერხებდით ან ეს ამბავი გარკვეული დროის შემდეგ უნდა დაგვეგეგმა.

სალომე:

- ოჯახთან ერთად ვისხედით და ქორწილის თარიღს ვგეგმავდით. ვინაიდან მარხვა იწყებოდა, მანამდე ქორწინებას ვერ მოვასწრებდით, ვიხუმრეთ, - რა არის ამხელა პერიოდი, რა მოიცდისო და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ერთ-ერთი შესვენების დროს ჯვრის დასაწერად წავსულიყავით... საქორწინო მოგზაურობა რასაც ჰქვია, არ გვქონია. თუმცა, ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ახლა უკვე ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ ერთად წასვლა.

გიორგი:

- საარჩევნო ადმინისტრაცია ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობს. ამის გამო, ხშირად სპონტანურად გვიწევს რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, რამდენჯერმე გვქონდა შემთხვევა, როცა გვითქვამს, მოდი ხვალ გავფრინდეთ ან წავიდეთ რომელიმე რეგიონში დასასვენებლად 3-4 დღითო და ასეც მოვქცეულვართ.

- რამდენად საინტერესოა ასეთი ცხოვრება?

- სპონტანურობას მძაფრი ემოციები ახლავს და ცხადია, გაცილებით საინტერესოს ხდის ეს ურთიერთობას.

სალომე:

- ორივე მეოჯახე ვართ და დროის ერთად გატარებაც გვიყვარს. ძალზე სტუმართმოყვარეებიც ვართ, როგორც ქართველების უმეტესობა და ხშირად ვაწყობთ ჩვენს ოჯახში შეკრებებს.

გიორგი:

- არჩევნების პერიოდში ჩემი გამოთიშვა ამ ყველაფრისგან, აღარავის უკვირს და ასეთ დროს სალომე საკუთარ თავზე იღებს არა მარტო სტუმრების გამასპინძლებას, არამედ საოჯახო საქმეებს, ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, რაც დასაფასებელია.

- პირველი პაემანიც განსხვავებულად დაგეგმეთ?

- ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი ვახშამი იყო... სალომეს რა ეცვა, ისიც კი მახსოვს: შარვალი, რომელიც ძალიან მომწონდა და სულ ვთხოვ, ჩაიცვას, მაგრამ მრავალფეროვნება უყვარს და ხშირად არ აკმაყოფილებს ჩემს თხოვნას (იღიმის).

სალომე:

- გიორგი ყურადღებიანი, მზრუნველი და ძალზე კეთილი ადამიანია. ამ თვისებებმა განაპირობა ჩემი ინტერესი. პირველი შეხვედრისას ცხადია, მის მიმართ არანაირი გრძნობა, ემოცია არ მქონდა, მაგრამ გამიჩნდა განცდა, რომ ჩემი მეუღლე ეს ადამიანი თუ არა, მისი მსგავსი მაინც იქნებოდა. გიორგისგან განსხვავებით, რა ეცვა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, ჯინსი და ღია ვარდისფერი პერანგი (იცინის).

გიორგი:

- მთავარი ის იყო, როცა დავიწყებდით ურთიერთობას და მერე "ბოლო სიტყვად" სულ ვეუბნებოდი: იცოდე, შენ ჩემი ცოლი გახდები-მეთქი. ჩემთვის მთავარია, მიზანი დავისახო და მერე ყველაფერი გავაკეთო მის მისაღწევად. ჰოდა, ამ შემთხვევაშიც მიზანი დავისახე, სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენე, რომ სალომეს გული მომეგო. მაგალითად: ინტენსიური აქტიურობა, პირიქით - ნაკლებაქტიურობა, ყურადღებიანობაც და უყურადღებობაც. მოკლედ, ყველა გზა ვცადე.

სალომე:

- ერთ-ერთი შეხვედრისას გადმომხედა და მითხრა, ცოლად გამომყვებიო? - ამ კითხვას თუ კიდევ სამჯერ დამისვამ, გამოგყვები-მეთქი, - ვუთხარი, მაგრამ აღარ მოუწია... გიორგის დაბადების დღე ჰქონდა. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, მორიგი "დაშორება" იყო, მილოცვა მინდოდა, მაგრამ სოციალური ქსელით არ სარგებლობდა, მე კი დარეკვა არ მინდოდა...

გიორგი:

- ჰოდა, ბედად, ერთი კვირით მომიხდა სოციალურ ქსელში ჩემი გვერდის აღდგენა. იმ პერიოდში მოკლევადიან კურსს გავდიოდი პოლონეთში, დიპლომატიურ აკადემიაში და იქ მთხოვეს, რომ სოციალიზაციის მიზნით, სტუდენტებს ერთმანეთთან კავშირი სოციალური ქსელითაც გვქონოდა.

სალომე:

- ჰოდა, გიორგიმ სოციალური ქსელი აღადგინა და როცა მე რაღაც პოსტი დავდე, ცოტა ხანში მომწერა კიდეც, როგორ ხარო? მისმა ამ ორმა სიტყვამ ისე გამახარა, მივხვდი, ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო. ლამის ვლოცულობდი, დაბადების დღემდე არ გააუქმოს გვერდი-მეთქი. ხომ იცით, მესინჯერში მიწერა გაცილებით იოლია, ვიდრე დარეკვა. ჰოდა, მივწერე, მივულოცე. ამის შემდეგ გაგრძელებულმა საუბარმა გამოიწვია ის, რომ უკვე ორივემ ზუსტად ვიცოდით, ურთიერთობა ახალ რელსზე გადავიდოდა.

გიორგი:

- ზოგადად, შეხვედრაზე სულ მაჭიდავებდა. ჰოდა, საქართველოში დაბრუნებულმა რომ ვკითხე, მნახავ-მეთქი? - გნახავ, აბა, რას ვიზამო, - მისმა ამ პასუხმა მაგრად გამაკვირვა.

სალომე:

- ალბათ, მაშინ მიხვდა, რომ თანახმა ვიყავი.

გიორგი:

- მერე ერთი კვირით დედასთან ერთად, სამოგზაუროდ წავიდა, მე სიურპრიზი მოვუწყვე, ქუთაისში, აეროპორტში დავხვდი და სასიდედროც გავიცანი...

სალომე:

- ოჯახში იცოდნენ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელზეც სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ მშობლებს არ ვაცნობდი, რატომღაც თავს ვიკავებდი. ჰოდა, გადაწყვიტა, სიურპრიზი მოეწყო, აეროპორტში დაგვხვდა და სხვა რა გზა მქონდა, დედა გავაცანი. მამა უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ მივწერე, არ ჩამოსულიყო: ჩემი მეგობარი დაგვხვდება და როგორი მეგობარი, ამას რომ ჩამოვალ, მერე გეტყვი-მეთქი. ნუ, როცა ჩამოვედით, ყველაფერი ვუამბე.

სალომე:

- გიორგის შეუძლია ყოველი დღე დღესასწაულად გიქციოს. მაგალითად, მოსულა და უთქვამს, ძველი მანქანა აღარ გყავს, რადგან ახალი მოგიყვანეო. გეგმავს, შაბათ-კვირას ბავშვებთან ერთად სად შეიძლება წავიდეთ. მანქანაშიც ბევრჯერ დამხვედრია მისი სიურპრიზი. ფორმას სულ ცვლის; რომ არ ელოდები, ისე აკეთებს რაღაცებს.

- ოჯახურ საქმეებს როგორ ინაწილებთ მაშინ, როცა ქვეყანაში საარჩევნო ციებ-ცხელება არაა?

გიორგი:

- ამ დროს ვცდილობ, სალომე ნაკლებად იყოს დატვირთული ისეთი საკითხებით, რაც ბავშვებს უკავშირდებათ - მათზე ზრუნვას, გასეირნებას, ვარჯიშზე წაყვანას. ბაზარში სიარული და პროდუქტების შეძენაც ჩემზეა. თუმცა, ზოგჯერ ამის გაკეთება სალომესაც უწევს. მოკლედ, ვცდილობ, გარკვეული კომფორტი შევუქმნა, ის კი, თავის მხრივ, ყოველდღიურად გვილამაზებს ცხოვრებას და ჩემგან განსხვავებით, ძალზე რომანტიკულია...

ვერ ვიტყვი, რომ თავგადადებული მრევლი ვარ, მაგრამ იმასაც ვცდილობ, რომ ჩემი შვილები ეკლესიასთან ახლოს იყვნენ. იქ არსებული გარემო სულიერი სიმშვიდისთვის აუცილებელია და მინდა ბავშვები უფლის რწმენით გაიზარდონ, რელიგიის სიყვარული ჰქონდეთ და ახლაც, დატვირთულ პერიოდშიც ვცდილობ, თუნდაც ნახევარი საათი გამოვძებნო ტაძარში წასასვლელად.

სალომე:

- ხომ ასე დაკავებულია, მაგრამ მის ყურადღებას მუდმივად ვგრძნობ. ელემენტარულად, წერტილს მაინც მომწერს, როცა არ სცალია. ვცდილობთ, ერთმანეთს ყველაფერში მხარში ამოვუდგეთ.

- რაიმე ოჯახური ტრადიცია გაქვთ?

გიორგი:

- ალბათ, უფრო ოჯახური შეკრებები. როგორც კი დრო გვაქვს, შინ ვახშამს ვაწყობთ ან სულაც, ამას შეიძლება გასვლითი სახე ჰქონდეს. საყვარელ ადამიანებთან ერთად მივდივართ ქალაქგარეთ აგარაკზე ან პიკნიკს ვაწყობთ... და კიდევ, აღდგომას აუცილებლად ჩავდივართ ქუთაისში. ქალაქში, რომელიც ჩემი ნაწილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. იქ არის მამა დასაფლავებული. სალომესაც ძალიან უყვარს ქუთაისი. იქაც დიდი სანათესავო, სამეგობრო წრე გვყავს.

- შეკრებებზე თამადობა ხშირად გიწევთ?

- გავკადნიერდები და ვიტყვი, საყოველთაოდ ცნობილი თამადა ვერა, მაგრამ შეკრებებზე, განსაკუთრებით ქორწილებში, ხშირად ვირგებ ამ ამპლუას. ალბათ, ჩემი ემოციურობიდან გამომდინარე (გურული სისხლიც არის ჩემში და ემოციურობა, ყველაფრის გულთან მიტანა მჩვევია), შემიძლია სუფრის ყველა წევრი ერთმანეთს ჩავახუტო. აუცილებლად განსაკუთრებული სითბო და სიყვარული უნდა სუფევდეს სუფრაზე, რომელსაც ვთამადობ - ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს ხოლმე.

- იდილია კარგია, მაგრამ რაღაცაზე ხომ კამათობთ?..

სალომე:

- ალბათ უფრო ყოველდღიურ რაღაცებზე თუ გვიკამათია, ოღონდ ყველაფერი 5 წუთში მთავრდება. აი, ახლა დავფიქრდი და თუ დამიჯერებთ, კონკრეტულს ვერაფერს ვიხსენებ.

გიორგი:

- ორივე ძალიან ლაღი ვართ, კეთილსინდისიერი და მგონი, საკუთარ თავს არც ვაძლევთ უფლებას, ერთმანეთს ვაწყენინოთ. სალომესაც, უაზრო გაბუტვა არ სჩვევია, მიუხედავად იმისა, რომ ვერძია და თანაც რაჭველი - მოგეხსენებათ სტერეოტიპი რაჭველი ქალების სიკაპასეზე, თუმცა მგონი ეს მითია...

- საქმეზე, პოლიტიკაზე თუ საუბრობთ ოჯახში?

- ვცდილობთ, ამ თემაზე არ ვისაუბროთ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ შინ შემოსული საქმეს ვივიწყებ, ფიქრებით სამსახურში ხშირად ვარ, რაღაცებს ვგეგმავ ტელეფონით, რაღაცას ვინიშნავ, ვწერ, ვამზადებ... ზოგადად, ძალიან თავდადებული ვარ ყველა იმ საქმის მიმართ, რასაც ხელს ვკიდებ, ეს კი განსაკუთრებით სამსახურს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ჩვენი უწყება გამადიდებელი შუშის ქვეშაა და ცესკოში მუშაობა ადვილი არ არის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩემს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ.

- თქვენი აზრით, ოჯახის სწორად მართვისთვის რა არის საჭირო?

- როგორც ოჯახში, ისე მეგობრებთან, ახლობლებთან, მეზობლებთან ურთიერთობისას უპირველესი სწორი კომუნიკაციაა. კარგ ექსპერტად ვერ გამოვდგები, რომ ახლა ამ საკითხზე ვინმეს რამე ვურჩიო, უბრალოდ, გეტყვით, რომ სწორ კომუნიკაციაშია პრობლემების გადაჭრის გასაღები. ადამიანებს ახასიათებთ გაბუტვა, მერე თავის თავში ჩაკეტვა, არადა, თუ რამე გაწუხებს, ეს უნდა თქვა, ვინმეს უნდა გაენდო. აქვე, ორი ადამიანის ურთიერთობაში სხვა, თუნდაც მშობელი, შვილი, დედმამიშვილი არ უნდა ჩაერიოს. წყვილს უნდა ჰქონდეს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების საშუალება. სატკივარი ღიად უნდა თქვან და კი არ დამწუხრდნენ, ჩიხიდან გამოსვლის გზები ერთად იპოვონ. ყველაფერს თავისი ზომა-წონა აქვს, ზედმეტი არც მოფერება ვარგა, არც ლამაზი სიტყვები. ასე რომ, იდილიური ურთიერთობის მზა რეცეპტი არ არსებობს.

- დაბოლოს, შვილებზეც მიამბეთ...

- გვყავს ორი ვაჟი: გუკა და დათა. ჯერ პატარები არიან (4 და 5 წლის), მაგრამ უკვე მათთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს... უფროსი სკოლის მოსამზადებელ ჯგუფში დადის, მეორე ბაღში უნდა დადიოდეს, მაგრამ არ უნდა და ბრძოლები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. რატომღაც, აღარ მოსწონს, არადა, პანდემიამდე ძალდაუტანებლად მიდიოდა. მე და სალომე აქტიურად ვზრუნავთ ბავშვების განვითარებაზე. ჩვენს ბიჭებს ხატვის ნიჭი აქვთ და ფაქტობრივად, 24 საათი ხატავენ. სპორტული აქტივობაც მოსწონთ. მაგალითად, როცა დრო მაქვს, მათ კრივის ილეთებს ვასწავლი. ცურვაც უყვართ, მაგრამ საცურაო აუზზე არ დადიან. რატომღაც აიკვიატეს, რომ მერე შეიძლება იქ დავტოვოთ. მხოლოდ როცა ოჯახი მივდივართ გასაგრილებლად, მაშინ თამამად და ბედნიერად ცურავენ (იცინის). ვმეგობრობთ, მაგრამ არ მინდა, ოქროს შუალედი დავკარგო, რადგან ვფიქრობ, შვილებს მშობლების რიდიც უნდა ჰქონდეთ. ასე რომ, რიგ შემთხვევებში მკაცრიც ვარ.

ლიკა ქაჯაია ჟურნალი "გზა"