"მზად ვარ ხმამაღლა ვისაუბრო და ვიცი, თავს რა საფრთხის წინაშეც ვაყენებ"
"მზად ვარ ხმამაღლა ვისაუბრო და ვიცი, თავს რა საფრთხის წინაშეც ვაყენებ. ეს ის ქვეყანა არ არის, სადაც კრიტიკულ აზრს ჯანსაღად იღებენ და სადამსჯელო რაზმები ჩემზე კიდევ ერთ შეტევას არ დაიწყებენ!" - გვითხრა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებაზე გვესაუბრა...
- ქალბატონო თამრიკო, საქართველოში უმძიმესი ეპიდსიტუაციაა, ყოველდღიურად გაზრდილია დაინფიცირებულთა, გარდაცვლილთა რიცხვი და ამ დროს მხალხმრავალი აქციები...
- რთული მდგომარეობა ბევრი მხრიდან შეგვიძლია გავშიფროთ... დიახ, ვირუსის მართვის მხრივ ნამდვილად ურთულესი ვითარებაა, რაც ხელისუფლების არასწორი და არაორგანიზებული ნაბიჯების შედეგია! საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა და ამაზე დიდი ტრაგედია რაღა უნდა იყოს?!
ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა მრავალმხრივ არის... ჩვენ სულ საამაყოდ გვაქვს, რომ თამარ მეფის დროს, მეთორმეტე საუკუნის ბოლოს და მეცამეტე საუკუნის დასაწყისში თამარ მეფემ სიკვდილით დასჯა გააუქმა. ეს ნიშნავდა, რომ პრიორიტეტული იყო ადამიანის სიცოცხლის უფლება. ასეთ ქვეყანაში ოცდამეერთე საუკუნეში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, ადამიანს შეგნებულად და მიზანმიმართულად ვკლავთ! ეს ყველაფერი ხდება პირადი ინტერესების, დამოკიდებულების გამო და არანაირად არ ვითვალისწინებთ ქვეყნის ინტერესებს! მე ეს უკვე არაერთხელ ვთქვი და ბნელი, უგუნური ხალხისგან საშინელი თავდასხმა მაქვს. მხოლოდ მე კი არა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ აზრზე ვართ.
სამწუხაროდ, საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან ანგარიშსწორებით, შურისძიებით, ბოღმით და ზიზღით... ისინი ვერაფრით აცნობიერებენ, ამ დროს რა საშინელ მდგომარეობაში აგდებენ მთელ ქვეყანას! მე ყველა იმ ადამიანის ძალიან კარგად მესმის, ვისაც პირადად შეეხო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს არსებული რეჟიმი, ყველას ტრაგედიამ შემძრა... თუმცა დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები ყველაფერს ცოტა სხვაგვარად აფასებენ და მოგვიწოდებენ, ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეთ.
ვერაფრთ ვერ შეუმსუბუქებ იმ ადამიანებს ტკივილს, ვისაც პირადად შეეხო ის რეჟიმი და მე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ამის გამო თავის დროზე მწვავედ დავუპირისპირდი, მთელ სისტემას. მგონი, ყველას კარგად ახსოვს, თუ რამდენად დიდი პროტესი მქონდა და დღეს ნამდვილად არ მეთქმის საყვედური, თითქოს, დროზე ხმა არ ამოვიღე...
დღეს მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ითხოვს, საშუალება მომეცით, თავი გავიმართლოო და სასამართლოზე წარდგენის უფლება ხომ ნამდვილად აქვს?! ჩვენ რა ვიცით, რა აქვს სათქმელი. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტდა ბევრ საკითხს და მისი ქვედა რგოლები ისეთ ნაბიჯებს დგამდნენ, რამაც მისი იმიჯი შეარყია... ბევრი კარგი გაკეთდა, რაც შეეხება ინსტიტუციებს, განათლებას, საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე გაყვანას, მაგრამ, ამის პარალელურად, მისმა ქვედა რგოლებმა უმრავი ცოდვილიანი ნაბიჯები განახორცელეს, რომელიც დღეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს მიეწერება! დღეს მიხეილ სააკაშვილს კი არ ვამართლებ, მინდა, მისგან მოვისმინო იმ უამრავ კითხვაზე პასუხი, რაც ხალხს აქვს მის მიმართ. ამ დროს ვხედავ, რომ თუნდაც გუშინ სასამართლომ მას ამის საშუალება არ მისცა. ყველა საშუალება შექმნეს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მისულიყო და სასამართლოს წინაშე არ წარმდგარიყო, როდესაც იგი ამას ითხოვდა და შეეძლო, თუნდაც ხალხის ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
- რას იტყოდით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, თქვენ ხომ თვლით, რომ ადრე თქვენზეც "იძიეს შური"? - ეს ცალკე წამოსაჭრელი თემაა... გიპასუხებთ და ეს იქნება ჩემი პასუხი იმ ადამიანების მიმართ, ვინც შეპყრობილია მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის სურვილით! ჯერ ერთი, ჩვენი მთავარი სამსჯავრო ცოტა სხვაგან არის და ესეც გაიხსენონ ქრისტიანებმა, მორწმუნე ადამიანებმა! ნამდვილად გვაქვს იმის უფლება, რომ ადამიანი გავასამართლოთ, მაგრამ - არ მოვკლათ... დიახ, ჩემზე, რასაკვირველია, საპატრიარქომ შური იძია, მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემს თავს ამ შემთხვევაში არანაირად პრიორიტეტულად არ ვთვლი! მე ვარ იმ ქვეყნის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც დღეს დაცემა ემუქრება, როგორც ქვეყანას! აქ არ დევს ჩემი პირადი ინტერესები, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, თავისი ჭკუით, "დამსაჯეს" თუ არა. თუ მათ ამით სურვილი დაიკმაყოფილეს, ღმერთმა შეარგოთ!
აქ სხვა პრობლემა დგას და მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღეს სააკაშვილის გარდა კიდევ ერთი მძევალი ჰყავს საქათველოს? - პატრიარქი! ამას ხმამაღლა ვლაპარაკობ! დარწმუნებული ვარ, ის ხელს არ მოაწერდა იმ წერილს და ეს არის ზუსტად ის, რასაც თავის დროზე სააკაშვილს თავის ქვედა რგოლი უკეთებდა... რასაც დღეს საპატრიარქო აკეთებს პატრიარქთან მიმართებაში, მათ აშკარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ პატრიარქის იმიჯი, ხალხის ნდობა პატრიარქისადმი, შეარყიონ! ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ჩვენი ერის, ქვეყნის, სარწმუნოების წინაშე!
ნუთუ ამ ხნის მანძილზე არავინ დაფიქრებულა, პატრიარქი რატომ არ ჩანს ხალხის წინაშე? - როდესაც ყველაზე უიმედო სიტუაცია იყო ქვეყანაში, იმ დროს პატრიარქი ყოველთვის ჩნდებოდა. ყოველთვის მზად იყო, თავისი კეთილგონივრული აზრი დაეფიქსირებინა. დღეს იგი აშკარად იზოლაციაშია და მისი სახით ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, დასკვნები გამოდის, რომელსაც ხალხს თავს ახვევენ. სრულიად დარწმუნებული ვარ და ვერავინ გადამარწმუნებს რომ ეგ პატრიარქის მოწოდება არ არის! დღეს მისი ქვედა რგოლები სრულიად სხვა გზისკენ მოუწოდებენ და უბიძგებენ თავის მრევლს!
ექიმების მიმართაც მაქვს კითხვა - თქვენ ხომ ჰიპოკრატეს ფიცი დადეთ და სად ხარ დღეს, უკლებლივ ყველა, რატომ არ დგახართ ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე?!
იმ ხალხს მინდა მივმართო, რომლებიც თავს მესხმიან... მორწმუნეებად მოგაქვთ თავი და ბედნიერები იქნებით, სააკაშვილი რომ მოკვდეს? მე რაც შემეხება, სიმართლის მხარეს რომ ვდგავარ, ეს მაძლიერებს, თორემ, ერთის მხრივ, ნამდვილად მოახერხეს ჩემი მოკვლა, სრულიად განადგურებული დავდივარ და ამ დროს - გაძლიერებულიც. ასეთი ორი, უცნაური რამ ხდება ჩემში! განადგურებული იმიტომ, რომ ამხელა ბოღმა შეუძლიათ ადამიანებს გადმოაფრქვიონ და მე მინდა, ისინი დაფიქრდნენ, ჩვენს შვილებს რამხელა საფრთხე ემუქრებათ ამხელა აგრესიის პირობებში...
მკვეთრად ვამბობ, ჩემი პირადი წარსული საპატრიარქოსთან დღეს არაფერს ნიშნავს! ამის დრო არ არის. აბსოლუტურად სხვა მხრიდან ვაფასებ დღევანდელობას!
(სპეციალურად საიტისთვის)