"არ ვიქცევით ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პატარა სახელმწიფო, რომელსაც რუსეთის მსგავსი დიდი საფრთხე ეგულება გვერდით" - კვირის პალიტრა

"არ ვიქცევით ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პატარა სახელმწიფო, რომელსაც რუსეთის მსგავსი დიდი საფრთხე ეგულება გვერდით"

როგორ ხედავს პოეტი ერეკლე საღლიანი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს; რატომ ვტრიალებთ ერთ მოჯადოებულ წრეზე და სად არის გამოსავალი? - ეს არის თემები, რომელზეც მან ჟურნალის - "გზა" მკითხველისთვის ისაუბრა.

"კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, არ შევჩერებულვარ, საკუთარ თავზე უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე ადრე. ადრე ჩემი შემოქმედება უმეტესად ლირიკით შემოიფარგლებოდა, ახლა ეპიკაზეც გადავედი. რამდენიმე პოემა მაქვს შექმნილი, მათგან ზოგი ისტორიული ხასიათისაა, ზოგი დღევანდელობას შეესაბამება".

"არ ვიქცევით ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პატარა სახელმწიფო, რომელსაც რუსეთის მსგავსი დიდი საფრთხე ეგულება გვერდით; პარტია, რასაც საქართველო თამაშობს, ძალიან ჰგავს ცუნგ-ცვანგს, რაც საჭადრაკო დაფაზე ჰგავს თამაშს, როდესაც ერთი მოთამაშე რაღაცას იძულებით აკეთებს. ანუ მეტოქე გაიძულებს ირიბი კარნახით, რომ გააკეთო სვლა, რომელიც წაგაგებინებს".

"პირდაპირ ასე ვიტყვი - ორივე მხარეს აქვს პრობლემა, მაგრამ ამ ორმა ძალამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა აბსურდის თეატრს დაამსგავსა, მე კი არ მინდა, ამ თეატრის მსახიობი ვიყო, მაგრამ გვაიძულებენ ამას და ამით ერთმანეთს აძლიერებენ".

"ხშირად საუბრობენ დიდ შერიგებაზე - ჰოდა, ეს ჰაერში ნათქვამი პოპულისტური ფრაზები კი არ უნდა იყოს, გულწრფელად უნდა გაახმოვანონ, თორემ არაფერი გვეშველება. ეს ყველაფერი დროებით დაკარგულ ტერიტორიებზეც აისახება. ჯერ აქ უნდა მოხდეს შერიგება, იმიტომ, რომ ამ საქართველოს შემყურე აფხაზსა და ოსს არ გამოუწევს ჩვენკენ გული".

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 18 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი