"თანამებრძოლებს ეშინიათ, მიშამ პირი არ მოაღოს, თორემ ბევრს შეუქმნის პრობლემას. ეს არის დიდი პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით თამაშდება" - კვირის პალიტრა

"თანამებრძოლებს ეშინიათ, მიშამ პირი არ მოაღოს, თორემ ბევრს შეუქმნის პრობლემას. ეს არის დიდი პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით თამაშდება"

"სააკაშვილს ეგონა, თუ დაიჭერდნენ, ხალხი გამოსტაცებდა მის თავს პოლიციას, მაგრამ..."

"ეს არის დიდი პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით თამაშდება", - ასე ხედავს დღეს არსებულ ვითარებას ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია. მისი აზრით, ეს ავანტიურისტული გეგმა თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებს დაამთხვიეს და ამისთვის სააკაშვილი წინასწარ ემზადებოდა. შესაძლო პოლიტიკურ ავანტიურასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ხათუნა ხოფერია გვესაუბრება:

- არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მიშას ჩამოსვლის შესახებ, მაგრამ თავად ყოველთვის თავს იკავებდა.

ჩვენთვის ცნობილია უკრაინაში მიშას აქტივობები, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ბაიდენის ოჯახისთვის წაყენებულ ბრალდებებთან. საქმე ეხება 100-მილიარდდოლარიან კორუფციულ სქემას.

სააკაშვილი 2012 წელს განცდილი მარცხის შემდეგ, არა მარტო საქართველოში იბრძოდა პოლიტიკური კარიერის განახლებისთვის, უკრაინაშიც ჰქონდა მეორე ფრონტი გახსნილი. გაიხსენეთ, როდესაც უკრაინაში "მაიდანი" დასრულდა, გადაწყდა, რომ მიშა რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი გამხდარიყო. მალევე გავრცელდა მისი ინტერვიუც, სადაც ახალი პოსტის შესახებ ისაუბრა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი იყო. ამის შემდეგ ის გააჩერეს და ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიუჩინეს ადგილი.

არსებობდა პროექტი "მიშა მაგარია", რომლის განხორციელება უკრაინაში იგეგმებოდა. თუმცა ჩაფლავდა, თავად მიშა კი დაიჭირეს. ანუ სადაც მიშაა, იქ საქმე ბოლომდე არ მიდის. ცოტა ხნის წინ უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს. მაქვს ინფორმაცია, რომ თავისი თანამდებობის გამოყენებით ათობითმილიონიან სქემებში ჩაჯდომა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. საბოლოოდ დადგა ფაქტის წინაშე, რომ აღარ იყო საინტერესო ფიგურა, ამიტომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და იმ ხუთწლიანი პროექტის გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც გამუდმებით აანონსებდნენ, მიშა ჩამოდისო.

არადა, ძალიან ცუდი დრო შეარჩიეს მიშას ჩამოსასვლელად, მისი ფსიქიკისთვის არ იყო იოლი გადასატანი ის, რაც აქ დახვდა. სააკაშვილს ეგონა, თუ დაიჭერდნენ, ხალხი გამოსტაცებდა მის თავს პოლიციას, მაგრამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზეც კი არ გამოვიდა კრიტიკული მასა.

ციხეში მიშა დარწმუნდა, რომ მას აქ რევოლუცია აღარ გამოუვა. მან ხომ ქრესტომათიულად იცის რევოლუციისთვის მუხტის ასაწევად რა რაოდენობის ხალხის გამოყვანაა საჭირო. როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ხალხი ვერ გამოჰყავდათ, პოლიტიკოსების ვიწრო ჯგუფმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და შიმშილობა დაიწყო.

- შესაძლოა ახლა კრიტიკული მასა არ გამოდის ქუჩაში, მაგრამ "ნაციონალებს" მაინც ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. - ყველა ბრალდება პრაქტიკულად დასაბუთებულია. შეიძლება ბევრმა ხმამაღლა არ თქვას, მაგრამ ზუსტად იციან, რომ მიშას დანაშაული აქვს ჩადენილი. უბრალოდ, ზოგი "ოცნებაზეა" გაბრაზებული, ვიღაცას პიროვნული ფაქტორები ამოძრავებს. მოდი, არ უარვყოთ ისიც, რომ საზოგადოების ნაწილს მართლა მოსწონს მაღალი, ახალგაზრდა, ქარიზმატული კაცი. ყველაფერი შეიძლება წაართვა, მაგრამ ქარიზმას ვერ წაართმევ, მისგან ხომ წლების განმავლობაში ქმნიდნენ პოლიტიკურ ფიგურას.

- ქმნიდნენ თუ იქმნებოდა? - ქმნიდნენ! მიშა 26 წლის წინ გავიცანი. ნამდვილად იყო გამორჩეული და უცნაური და ეს ძალიან წაადგა პოლიტიკაში. ამ ადამიანზე ძალიან დიდი ფსონია დადებული თავის დროზე. სააკაშვილი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი კი არა, პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც შესაბამისმა სტრუქტურებმა და კონკრეტულმა სახელმწიფომ შექმნეს. ამაში ძალიან დიდია ბიძამისის, თემურ ალასანიას როლიც. სააკაშვილის ფასეულობები და ღირებულებები ძალიან ცვეთადია, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მისი ფსიქიკური მდგომარეობა წინააღმდეგობას ვერ უძლებს, თუ მის დაკრულზე ცეკვავ, შეგიძლია მშვიდად იყო. როგორც კი დამოუკიდებელი ილეთის გაკეთება მოგინდება, მაშინვე მტერი ხდები.

ნახეთ, რა გააკეთა - თანამებრძოლები აიძულა შიმშილობა დაეწყოთ, მაშინ როდესაც თავად ლაითად შიმშილობდა. ხოშტარიამ სასიკვდილოდ გაწირა თავი. მადლობა ღმერთს, შეწყვიტა. არის მეორე ფაქტორიც - არასდროს არაფერს აკეთებს ისე, რომ არ დაიტოვოს კომპრომატები ვაჭრობისა და შანტაჟისთვის.

- გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი ახლა თანამებრძოლებს აშანტაჟებს? - არ გამოვრიცხავ, რომ ეშინიათ, მიშამ პირი არ მოაღოს. მიშას პირის მოღება ძალიან ბევრს შეუქმნის პრობლემას. სულ მახსენდება ასეთი მომენტი - როდესაც მიშა რუსთავის ციხეშია, ცხადდება მიტინგი, კეთდება განცხადებები მისი გათავისუფლების მოწოდებით და უცებ ყველაფერი იცვლება: გვარამია დამოუკიდებელ მიტინგს მართავს ციხესთან, იწყებს ინტენსიურად შესვლას ციხეში და მთელ ამ აურზაურში ვხედავ მამა-შვილი მელიების გავეშებულ სახეებს. ვფიქრობ, ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც მიშამ თავის მრევლს ულტიმატუმებით საუბარი დაუწყო და დარწმუნებული ვარ დღემდე გრძელდება.

- "მიშას მრევლი" დღეს გვარწმუნებს, რომ მიშამ არ იცოდა, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს ჩვენებების გამოძალვის ან "დანაშაულის" აღიარების მიზნით. - ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მეგის ქარდავა და ციხის უფროსი მუხაძე პატიმარს აიძულებენ აღიაროს ტერაქტში მონაწილეობა და დაასახელოს სხვა მონაწილეებიც. ვის სჯერა, რომ ქარდავას თავში აზრად მოუვიდა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტის გახსნა. ქარდავამ მიიღო დავალება, დაეფიქსირებინა საერთაშორისო მნიშვნელობის ტერაქტის ლიკვიდაციის ფაქტი. უნდა ყოფილიყო ჩვენებები და დანაშაულის აღიარებაც. ასეთი ჩვენებების მოსაპოვებლად ქარდავასა და ციხის უფროს მუხაძეს სხვა მეთოდების გამოყენება არ შეეძლოთ, იმიტომ, რომ არ იცოდნენ.

მიშამ კარგად იცოდა, რა მეთოდებით ხდებოდა ჩვენებების გამოძალვა, ისევე როგორც ძალიან კარგად იცოდა, რა მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში, მაგრამ მაინც გაუწია მფარველობა მკვლელებს. მე მაქვს ნანახი კასრების საქმეები და არ მესმის მათი, ვინც ამის შესახებ იციან და შეუძლიათ არათუ მიშას ხელისუფლებაში მოსვლა დაუშვან, მის გვერდით დადგნენ.

- მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ლიდერები ამბობდნენ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოდან არსად არ გადაიყვანდნენ, იძულებულნი გახდნენ ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაეყვანათ. როგორი იქნება მმართველი გუნდის შემდგომი ნაბიჯი? - ახლა რა პროვოკაციაც უნდა მოაწყოს მიშამ, რაც უნდა აშანტაჟოს თანამოაზრეები, რომ ქუჩაში ეყარონ, "ოცნება" ვერ იტყვის, უი, სააკაშვილი არ ყოფილა დამნაშავეო. მას მისჯილი აქვს 6 წელი და კიდევ ბევრი საქმეა ბოლომდე მისაყვანი. მიშა უნდა იჯდეს ციხეში, ის დამნაშავეა!

ახლა სახელმწიფომ რომ თქვას, მე მაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ვერ ვუმკლავდები, ამიტომ მიშა ან საზღვარგარეთ უნდა გავუშვა სამკურნალოდ, ან უკრაინას დავუბრუნოო, როგორ გგონიათ, მე და ჩემნაირები რას ვეტყვით, ოღონდ თქვენ ისხედით სავარძლებში რბილად და თბილად, ჩვენ ყველაფერს გადავყლაპავთო?! არა, ბატონებო, მიიღებთ იმაზე უარეს პოლიტიკურ კრიზისს, ვიდრე სააკაშვილმა მოგიწყოთ!

ხათუნა ბახტურიძე