პილოტს Ми-8 და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა - რა შეიძლება გამხდარიყო ყაზბეგში ავიაკატასტროფის მიზეზი?
6 ივნისს "აჭარა ჯგუფის" კუთვნილმა კერძო შვეულმფრენმა ავიაკატასტოფა განიცადა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე დაფრენამდე. დაიღუპა პილოტი და "რუმსის" ორი თანამშრომელი
ჩვენი ინფორმაციით, პილოტი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მფრინავი ილო ბაიდაშვილი გახლდათ, მას სატრანსპოტო Ми-8-ზე და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.
თვითმხილველების განცხადებით, "ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა და კვამლი ასდიოდა, შემდეგ კი, ხმელეთზე ჩამოვარდა".
თუკი თვითმხილველების მონაყოლი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ავიაკატასტროფის ძირითადი გამომწვევი მიზეზი დიდი ალბათობით, შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება იყოს.
"საქაერონავიგაციის" ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ექსპლუატანტის "ავიატორ+" - ის ბალანსზე ირიცხება BELL 505 ტიპის შვეულმფრენი სარეგისტრციო ნომრით 4L-ADJ, რომელიც გამოშვებულია 2018 წელს.
ამოდის, რომ კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენი ორი წლისაც კი არ იყო, რაც დამატებით კითხვებს აღძრავს...
ვიზიარებთ დაღუპულის ახლობლების გულისტკივილს და ვუთანაგრძნობთ მათ.
Bell 505 Jet Ranger X ტიპის შვეულმფრენების წარმოება მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. ის ხუთადგილიანი, ერთძრავიანი შვეულმფრენია. მას 670 კმ-ის დაფარვა შეუძლია. ფრენის სიჩქარე 230 კმ/სთ-მდეა. მისი გასაყიდი ფასი 1,4 მლნ დოლარამდეა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს