ამერიკელი სენატორების წერილი ბიძინა ივანიშვილს
საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კვლავ ინტერესით წერს დასავლური პრესა. Foreign Policy-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ, სადაც ამერიკელი სენატორების მიერ პრემიერ ივანიშვილისადმი გაგზავნილ წერილზე მოგვითხრობენ, ქართველ საზოგადოებაში ცხოველი ინტერესი გამოიწვია. "კვირის პალიტრა" სრულად გთავაზობთ სენატორების წერილს.
ღირს ბიძინა ივანიშვილს,პრემიერ-მინისტრს,საქართველოს მთავრობა,საქართველო
გვსურს მოგილოცოთ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება. ახლა, როდესაც საქართველოს, თანამედროვე ისტორიაში პირველად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პერიოდი უდგას, თქვენს მოქმედებებსა და მაგალითებს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება როგორც ქართული დემოკრატიის მომავლის, ასევე თქვენი მთავრობის საერთაშორისო რეპუტაციისათვისაც.
სწორედ ამ მიზეზით ერთობ შეშფოთებული ვართ ოპოზიციასთან დაკავშირებული პოლიტიკური პირების დაკავებით, გამოძიებისა და მათი პოლიტიკური დევნის შესახებ გავრცელებული ხმებით. ჩვენ დღეს გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მზარდი წუხილი იმის გამო, რომ ასეთი ქმედებები, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული და არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ქულების დასაწერად გამიზნული იყოს. მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ის, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რათა თავიდან აიცილოთ იმის აღქმაც კი, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენება ხდება.
როგორც სენატში ქართველი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე აშკარა მხარდამჭერებს, ქართველი ხალხის ერთგულ მეგობრებსა და საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მომხრეთ, ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ორი ქვეყნის პარტნიორობა დაფუძნებულია საზიარო ინტერესებსა და ღირებულებებზე. მაგალითისათვის: ჩვენ ბევრი ვიშრომეთ გასული წლების მანძილზე, რათა ხელი შეგვეწყო საქართველოს განუხრელი ინტეგრაციისათვის ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში. მოხარული ვართ, რომ თქვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი წინა ადმინისტრაციის პროგრესის გაგრძელებაა ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ბედისწერა დასავლეთია და ვაპირებთ საქართველოსთან ამ კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობას.
თუმცა, საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში და მისი ურთიერთობის გაფართოება აშშ-თან, დამოკიდებულია ქართული დემოკრატიის განუხრელ კონსოლიდაციაზე. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და თქვენი პარტიისათვის ხელისუფლების მშვიდობიანად გადმობარება ამის ყველაზე დრამატული მაგალითებია. თუმცა, მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მიუხედავად მისი აუცილებლობისა, არ არის საკმარისი ჭეშმარიტად დემოკრატიული მმართველობისთვის. კანონის უზენაესობის თანაბარი და გამჭვირვალე გამოყენება, პოლიტიკური პლურალიზმი და კოოპერაციის კულტურა ჩართული და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციითურთ - ასევე აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ გვაფიქრიანებს, რომ რეალობა, ან აღქმაც კი პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ, ქართველი საზოგადოების პოლარიზებას მოახდენს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ პროგრესს. მეტისმეტად სავალალო იქნება, თუ პოლიტიკურ ფიგურებს საქართველოში გაუჩნდებათ რწმენა, რომ ის, ვინც წააგებს არჩევნებს, ან ნებით დათმობს ხელისუფლებას, მალე თავს გისოსებს მიღმა ამოყოფს.
უეჭველია, რომ ამ წლის საპარლამენტო არჩევნებმა საზოგადოება გათიშა, მაგრამ საარჩევნო კამპანია უკვე დასრულდა. ქართველ ხალხს სჭირდება, რომ თქვენ ოპოზიციასთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თანამშრომლობით იმუშაოთ, რათა გადალახოთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.
ჩვენ მივესალმებით თქვენს სიტყვებს, რომელიც გამორიცხავს შერჩევით სამართალს, თუმცა სინანულით აღვნიშნავთ, რომ ერთობ შეშფოთებული ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ბოლო კომენტარები, - საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები "კრიმინალები და დამნაშავეები" არიანო. დანაშაული და უდანაშაულობა უნდა განისაზღვროს მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, საპირისპირო - ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.
ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას, რათა ვიპოვოთ ახალი გზები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის გასაღრმავებლად და განსამტკიცებლად. ვიმედოვნებთ, მალე გიხილავთ ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ ეს და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა წინაშეც დგას ქართველი ხალხი თქვენი ქვეყნის ისტორიაში ამ გარდამტეხ მომენტში.
გულწრფელად,
აშშ-ის სენატორები -
ჯინ შეიენი,
ჯოზეფ ი. ლიბერმანი,
ჯეიმს ი. რიში,
ლინდსი ო.გრეჰემი,
ჯონ მაქქეინი
ასევე იხილეთ: "იყავი სიმართლის მხარეს" ანუ ქართული პასუხი ამერიკელ სენატორებს"