"რომ გადაუხვიო, მაგალითად, სოლოლაკის რაიონში, საშინელებათა ფილმში მოხვდები! ვაიმე, ეს რა ვნახე..." - რას წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისზე?
"თბილისელები ხიდის გამო ხუმრობენ - მიხეილ სააკაშვილმა ფრთიანი "ოლვეისი" დაგვიტოვაო... მერწმუნეთ, მსგავსება მართლაც საოცარია"
აზერბაიჯანულმა გამოცემამ «Эхо» სტატია გამოაქვეყნა საქართველოს დედაქალაქზე, სათაურით: "ნუ იჩქარებთ ბაქოს ძაგებას და თბილისის ქებას"
"ბოლო დროს აზერბაიჯანელები, როცა საკუთარ ქვეყანას მეზობელ საქართველოს ადარებენ, პირდაპირ კრიტიკაზე გადადიან და ნეგატიურ შეფასებებს არ იშურებენ - ჩვენთან, ბაქოში, ყველაფერი ცუდი და ულამაზოა, თბილისი კი ბრწყინავსო. თავდაპირველად იწყებენ საზღვრით - ჩვენი მესაზღვრეები უხეშები არიან, პატივს არ გცემენ, ქართველები კი პირდაპირ თვალებში შემოგციცინებენ, საზღვარზე ხუთ წუთში გადადიხარო. გზები ხომ უმაღლესი დონისაა, პოლიციელები ქრთამს არ იღებენ, ყველგან სისუფთავეა, თბილისში ყველა გიღიმის, ხელისუფლება ზრუნავს ქალაქის ისტორიული სახის შენარჩუნებაზეო... მოკლედ, სამოთხეაო, რა... ჰოდა, მე თვითონ გადავწყვიტე ამ ყველაფრის შემოწმება", - წერს სტატიის ავტორი ოქსანა ბულანოვა, რომელიც საქართველოს ეწვია და თბილისი მოინახულა.
"თბილისში უკანასკნელად ათი წლის წინ ვიყავი, 2007 წელს. იმ დროს ქალაქმა ჩემზე მეტ-ნაკლებად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ნეტავ ახლა როგორია სამოთხედ აღიარებული საქართველოს დედაქალაქი? ჰოდა, მეც გადავწყვიტე მისი მონახულება.
ჩვენი მატარებელი "ბაქო-თბილისი" აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე გაჩერდა. შინაგანად ვიძაბები - აი, ახლა ჩვენი მშობლიური მესაზღვრეები შეგვამოწმებენ, დიდხანს მოგვაცდევინებენ, მაგრამ არა უშავს, მოვითმენ, სამაგიეროდ ქართველი მესაზღვრეები უცებ გაგვიშვებენ. თუმცა არა, პასპორტები ვაჩვენეთ, კომპიუტერებში შეამოწმეს, მებაჟეებიც სწრაფად მორჩნენ თავიანთ საქმეს და მატარებელი მკაცრად გრაფიკის მიხედვით - 45 წუთში დაიძრა საზღვრის ქართული საკონტროლო პუნქტისაკენ. ქართულ საზღვარზე კი ორი საათი გვალოდინეს. არანაირი კომპიუტერები იქ არ აქვთ, ყველაფერი ისეა, როგორც ათი წლის წინ იყო. საბაჟოზეც მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ გამოუჩენიათ, უკანონოდ რაიმე რომ გადამეტანა, ვერავინ შეამჩნევდა...
თბილისის რკინიგზის სადგური. ერიჰაა... როგორიც იყო ათი (ან 20-30) წლის წინათ, იგივე დარჩენილა - ჭუჭყიანი, არეულ-დარეული... ვაგზლის წინ - მათხოვრები და ბომჟები. სისუფთავე მხოლოდ ბილეთების დარბაზში და პერონზე შეინიშნება. და უცებ - ჰოი, საკვირველებავ! - თანამედროვე სუპერმარკეტებს ხედავთ - თითქოსდა 90-იანი წლებიდან დროის მანქანით მოგზაურობ! სამწუხაროდ, დროის მანქანის შეგრძნებას განსაკუთრებით მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობისას ამჩნევ - სუპერმოუწყობელი, სპეციფიკური "არომატით", სიბინძურით, კედლებზე "სასიამოვნო" წარწერებით, ბუზებით...
და ისევ დროის მანქანით მეტროში: სხვათა შორის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც დასახელება ლათინური ასოებითაა მოცემული, თორემ ისე ქალაქში ვერ მიხვდები - კაფეში შედიხარ თუ ფოტოატელიეში, ან ოფისში. როგორც ჩანს, თბილისის მეტრო გახსნის დღიდან - 1966 წლიდან არ გარემონტებულა. ცუდი განათება, ჭუჭყიანი კედლები, გაშავებული ჭერი და ნათურები გუნება-განწყობას გაგიფუჭებთ. არადა, ასეთ არაკომფორტულ პირობებში მგზავრობაც რომ ძვირია? 50 თეთრი!
რაც შეეხება ძველი თბილისის უბნებს: ცენტრი და ის ადგილები, რომლებსაც ხელისუფლება უცხოელი ტურისტებისთვის ინახავს, მოვლილი და ლამაზია, ვერაფერს იტყვი. ჰოდა, ტურისტებიც ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ და ნასიამოვნები დადიან. ფაქტია, რომ თბილისში ბევრი ძველი შენობა და ევროპული არქიტექტურის ნიმუშებია შემონახული, ბაქოს ვერ შეადარებ. თბილისში ევროპული შენობების აგება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში გადაწყვიტეს. მიდიხარ რუსთაველის გამზირზე და გგონია, რომ სანკტ-პეტერბურგში ხარ - ფართოდ გაშლილი ქუჩა და ორივე მხარეს ერმიტაჟის მსგავსი შენობები! ძალიან ლამაზია! მაგრამ ცოტა გვერდზე რომ გაუხვიო, ტურისტულ მარშრუტებს გასცდე, მაგალითად, სოლოლაკის რაიონში, ისეთ საშინელებათა ფილმების სცენებში მოხვდები, რომ ჰიჩკოკი მიმიქარავს! ვაიმე, ეს რა ვნახე... დანგრეული და ნახევრად დანგრეული ფასადები, ბათქაშაცვენილი კედლები, სადაც "შიგნეული" ჩანს - ძველი აგური. მიღრეცილ-დაბრეცილი კარები, სარკმელები და რაც ყველაზე საშინელია - ბოძებშეყენებული აივნები, სახლის კედლები, რომლებიც წასაქცევად არიან განწირული..."
რასაკვირველია, მხედველობაშია მისაღები, რომ თბილისს ცოტა ფული აქვს, ბაქოს კი შედარებით მეტი. მაგრამ რაც გაქვს, ის ხომ გააზრებულად უნდა გამოიყენო? რატომ რეალიზდება გაუგებარი და უცნაური პროექტები? რას წარმოადგენს ის ორი გიგანტური მილი, რომელიც რიყეზეა გაწოლილი? ვერ გაიგებ, მუზეუმია თუ თეატრი... ფული თუ ხიდისთვის გამოინახა, ძველმა უბნებმა რა დააშავა? სხვათა შორის, ის მინის ხიდიც საკმაოდ ნეგატიურად მოჩანს თბილისის პეიზაჟში - ისევე როგორც სხვა "თანამედროვე", მაგრამ უშნო მინა-ბეტონის ცათამბჯენები. თბილისელები ხიდის გამო ხუმრობენ - მიხეილ სააკაშვილმა ფრთიანი "ოლვეისი" დაგვიტოვაო... მერწმუნეთ, მსგავსება მართლაც საოცარია.
თბილისში, ბაქოსთან შედარებით, ხალხი უფრო თავისუფლად, უფრო გაღიმებული დადის. მაგრამ ეს თავისუფლება ზოგჯერ შოკში გაგდებს, როცა უყურებ, როგორ კოცნაობენ საჯაროდ ახალგაზრდები, როგორ გამომწვევად არიან ჩაცმულნი... ქალები კი უსაშველოდ ეწევიან, თანაც ყველგან - ქუჩაში, შენობებში, შეხვედრებზე... ვის როგორ, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველ ქალებს თამბაქო ძალიან შეჰყვარებიათ".
მოკლედ, ვრცელ სტატიაში ავტორი კიდევ ბევრ პოზიტიურ თუ ნეგატიურ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად, მომსახურების დაბალ დონეზე, უხამსობაზე და ა.შ.
"ყველაფრის მიუხედავად, თბილისი მაინც ლამაზი ქალაქია. აუცილებლად უნდა წახვიდე და დაათვალიერო. იქაური ნანგრევიც კი ათასწლეულების მომსწრეა. თუმცა საწყენია, რომ ბაქოელები საკუთარს არ აფასებენ და სხვისას აქებენ. ჩვენ პატრიოტობას ვივიწყებთ, რომლითაც ქართველებს ვერ შევედრებით", - წერს ავტორი სტატიის დასასრულს. (წყარო)
თარგმნა სიმონ კილაძემ