"თბილისი თითქოს ღმერთს შეუქმნია..." - რას წერს ლიბანელი ტურისტი საქართველოზე?
თბილისი - ეკლესიების ქალაქი, რომელიც შორსაა ამერიკული ოცნებისგან
"თბილისში საოცარი მზეა. აისისა და დაისის დროს მზის სხივები მრავალრიცხოვანი ეკლესიების სახურავებზე ირეკლება. ქალაქს ირგვლივ მთები აკრავს. ჰაერი გამჭვირვალეა, სუფთა, კვიპაროსებისა და ფიჭვის არომატით გაჟღენთილი, რომელიც დილის ნიავს მოაქვს. ჩემი სასტუმრო ავლაბარშია. აივნის კარს ვაღებ და ქალაქ გავყურებ", - ასე იწყება სტატია, რომელიც ლიბანურ გამოცემა «Raseef»- ში გამოქვეყნდა. მასში ლიბანელი ტურისტი ქალის ლინა აბდურაჰმანის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.
პუბლიკაციაში აღწერილია ძველი ქალაქის უბნები და ღირსსესანიშნავი ადგილები: მეიდანი, დარეჯან დედოფლის სასახლე, აბანოთუბანი, ნარიყალა, მშვიდობის ხიდი და ა.შ.
"მშვიდობის ხიდთან რიყეს პარკია გაფენილი, მტკვრის პირას. აქ ყველაფერია ბავშვებისა და უფროსებისათვის. რაც შეეხება მშვიდობის ხიდს, მსგავსი არაფერი მინახავს და შედევრად ვთვლი", - წერს ლინა აბდურაჰმანი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პოლიციის თანამშრომლებზე და აღნიშნავს, რომ ისინი ტურისტების უსაფრთხოებას იცავენ.
"საბაგირო გზით ნარიყალაზე ავედი, "ქართვლის დედასთან". ზემოდან თბილისის მთელ სილამაზეს ნახავთ. ქალაქი თითქოს ღმერთს შეუქმნია: უყურებ და თავს მსუბუქად გრძნობ. ვრწმუნდები, რომ დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც ჭუჭყს, კვამლს და სმოგს ჯერ არ მიუღწევია", - აღნიშნავს ავტორი.
"საქართველოში მნიშვნელოვანია იპოვო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ინგლისურ ენაზე ლაპარაკი შეუძლიათ. ეს ყოველთვის ადვილი არ არის: უფროსი თაობის ადამიანები, რომელთა ასაკი 50 წელზე მეტია, რუსულად საუბრობენ, ახალგაზრდების უმრავლესობას კი ძირითადად მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი შეუძლიათ. პრინციპში, ინგლისური ენის არცოდნა აქ ცოტას თუ ვინმეს აღელვებს, რადგან საქართველო მაინცდამაინც არ არის ამერიკის დიდი ფანატი და მიმბაძველი. ამ კავკასიურ ქვეყანაში მიღებული არაა, რომ ყველაფერი გადმოიღონ ამერიკული ან დასავლური ცხოვრების წესიდან. მაგალითად, საქართველოში იშვიათად შეხვდებით "მაკდონალდსს" და სწრაფი კვების სხვა ობიექტებს. აქ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს პატარა რესტორნები ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძებით.
ქართველებზე, ცხადია, გავლენა მოახდინა ხანგრძლივმა კომუნისტურმა ეპოქამ, რაც ბევრ დეტალშია შესაჩნევი, ვთქვათ, იმ უბრალოებისკენ მიდრეკილებაში, რაც მათ გარეგნულ მხარესა და ქცევაში გამოიხატება. გარდა ამისა, ამას სამუშაო კვირის ხანგრძლივობაც მოწმობს: ქართველები, მამაკაცებიც და ქალებიც, კვირაში ექვს დღეს მუშაობენ და სამუშაო ცხრა საათს გრძელდება. ასევე იგრძნობა დიდი მაღაზიების ნაკლებობა, რომელიც ძირითადად მხოლოდ "თბილისი-მოლით" და "ისთ პოინტით" ამოიწურება.
მარჯანიშვილის ქუჩაზე მეტრო მეშვეობით მოვხვდი. ალბათ, აუცილებელია ვთქვა, რომ თბილისი მეტროპოლიტენი საკმაოდ ძველია. მიწისქვეშა გვირაბებში ხშირად ნახავთ მაღაზიებს, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციით ვაჭრობენ, ასევე მეორადი იაფფასიანი ფეხსაცმლით და ტანსაცმლით.
ქუჩა, რომელზეც მეტროდან ამოვედი, ერთი შეხედვით, ევროპულ ქალაქთა ძველ ქუჩას მოგვაგონებს, XVIII-XIX საუკუნებისას. შენობათა ფასადები ძალიან ჰგავს პარიზულ ბალკონებს, მათში შეიძლება ფაქიზი მოტივებიც შევამჩნიოთ, რომლებიც იტალიური არქიტექტურითაა გამოხატული.
გარდა ამისა, იქვე ახლოს დიდი პარკიც მდებარეობს, სადაც, ქართველების გარდა, ბევრ უცხოელსაც ნახავთ.
მარჯანიშვილის ქუჩაზე თქვენ თვალის ერთი გადახედვით შეამჩნევთ, რომ აქ არაბები ხშირი სტუმრები არიან. ისინი საქართველოში ბოლო დროს ხშირად ჩადიან. აქ მდებარე რესტორნებში შეგიძლიათ ნახოთ არაბული წარწერები. გახსნილია აგრეთვე თურქული და ერაყულ-ლევანტიური რესტორნები, სადაც არაბულ ტრადიციულ კერძებს შემოგთავაზებენ...
რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, აქაური ეროვნული საჭმელების ინგრედიენტები ცოტათი თუ განსხვავდება არაბულისა და თურქულისაგან. ქართული სამზარეულოს ბევრი კერძი ხორცისგან, ბოსტნეულისგან, კვერცხისა და რძის ნაწარმისგან მზადდება. გარდა ამისა, ქართველებს უყვართ ნატურალური ხორცი (მოხარშული ან შემწვარი სახით), თაფლი და ღვინო. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქართულ სამზარეულოზე გავლენა მოახდინა მეზობელმა ქვეყნებმა - რუსეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა. ეს ფაქტორი განაპირობებს ეროვნული კერძების მრავალფეროვნებას და უნიკალურობას.
დილით და საერთოდ, დღე-ღამის ყველა მომენტში თქვენ შეგიძლიათ ხაჭაპური მიირთვათ, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელია. ქართველები ხაჭაპურს ყველიანი ღვეზელის სახით ამზადებენ, ზემოდან კვერცხით, ღუმელში გამომცხვარი სახით. ასევე უნდა ავღნიშნოთ ხინკალი, ჩახოხბილი, ბადრიჯანი ნიგვზით...
ჩემს თავს ვეკითხები: რა დამამახსოვრდება საქართველოდან წასვლის შემდეგ? ვფიქრობ, რომ არ დამავიწყდება ქვეყნის იშვიათი სილამაზე: დიდებული მწვანე ხეობები, უძველესი ეკლესიები, მაღალი კოშკები, ძველი ციხე-სიმაგრეები, ღვინის ფარდულები პატარა და ვიწრო ქუჩებში, ფართო ევროპული სტილის ავტობანები, აღმაფრთოვანებელი ბუნება და სუფთა ჰაერი... არ დამავიწყდება ახალგაზრდა ქალები და დაღლილი მოხუცები, რომლებიც ბევრს მუშაობენ... მამაკაცები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საკუთარი მდგომარეობით და ქვეყნის მთავრობით, და ეს ყველაფერი შეხამებულია უძველეს, მდიდარ ისტორიასთან...
ქართველები ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ ტრადიციებს და შეამჩნევთ, რომ ზოგჯერ ისინი ეჭვის თვალით უყურებენ თანამედროვე ტენდენციებს და საერთაშორისო ტურისტებს. და მაინც ის მეგობრული კეთილგანწყობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელი სტუმრების მიმართ ამჟღავნებს, იმას ნიშნავს, რომ ქართველებს გულწრფელად სურთ სტუმრებზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვონ, რათა საქართველო მათ კიდევ ერთხელ მოინახულონ", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ