"რატომ ჰქვია "ნაპოლეონი" საქართველოში პოპულარულ დესერტს?" - რას წერს იაპონური გამოცემა ქართულ სამზარეულოზე?
იაპონურ გაზეთ "ასაჰი სიმბუნში" ("Aსაჰი შჰიმბუნ" // "朝日新聞") გრძელდება მასალების გამოქვეყნება ქართული სამზარეულოს შესახებ. ამჯერად ავტორი კიოკო ოგინო საკონდიტრო სფეროს ეხება და აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რატომ ჰქვია "ნაპოლეონი" საქართველოში პოპულარულ დესერტს?". გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
"ქართულ საკონდიტროებში თუ შეხვალთ, აუცილებლად ნახავთ "ნაპოლეონს" - ხრაშუნა ფენოვან ნამცხვარს კრემით, რომელიც ძალიან პოპულარულია მოსახლეობაში.
რატომ უყვართ ქართველებს ეს დესერტი, რომელიც ფრანგი იმპერატორის სახელს ატარებს? მოდი, როგორც იტყვიან, "ფესვებში ჩავიხედოთ":
რა თქმა უნდა, "ნაპოლეონი" ფრანგული წარმოშობისაა. სავარაუდოდ, ის მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და განსაკუთრებულ დესერტს წარმოადგენს - ცომის რამდენიმე ფენა და მათ შორის - კრემი. მოგვიანებით ნამცხვარი მთელ ევროპაში (და მსოფლიოშიც) გავრცელდა იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პატივსაცემად.
იაპონიაში ეს დესერტი ცნობილია, როგორც "ნაპოლეონის ტორტის", ასევე - "მარწყვის მილფეის" სახელით. ჩვეულებრივ, მარწყვს ნამცხვარს ზემოდან ადებენ ან შიგნით, სატენის სახით, მაგრამ როცა პატარა ვიყავი, მარწყვის გარეშეც მიჭამია ხოლმე.
საქართველოშიც "ნაპოლეონს", ჩვეულებრივად, მარწყვის გარეშე მოგართმევენ.
1990-იანი წლების დასაწყისიდან 2018 წლამდე საქართველოში ხშირად ჩავდიოდი და "ნაპოლეონი" დახლებზე ყოველთვის იდო. პირველი ნაპოლეონი, რომელიც მე საქართველოში გავსინჯე, იმ სახლის დიასახლისმა მოამზადა, სადაც ვცხოვრობდი. ეს იყო 1993 წელს ანუ "პერესტროიკისა" და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მილა - ასე ერქვა ჩემს ახალგაზრდა მასპინძელს, რომელიც კახეთში დედასთან ერთად, ძველ ქალაქში ცხოვრობდა. კახეთში ძალიან ბევრი ღვინის ქარხანაა, ბევრი მარანი, ყოველ ოჯახს თავისი დამზადებული ღვინო აქვს, რომელიც გარკვეულწილად ხილის წვენს მოგვაგონებს. თავდაპირველად ძალიან მიკვირდა - ქართველებს ამდენ ხილის წვენს რა ასმევთ-მეთქი...
მილა ცხოვრობდა 80 წლის დედასთან ერთად, რომელიც, ასაკის მიუხედავად, ციბრუტივით ტრიალებდა და ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებდა. სწორედ მან მასწავლა სხვადასხვა ქართული კერძების - ხინკლის, ხაჭაპურის, აჯაფსანდალის, საცივის, შემწვარი წიწილა-ტაბაკას და სხვების მომზადება, მათ შორის - ნამცხვრებისას, რომელთა შორის "ნაპოლეონიც" იყო.
მილას დედის რეცეპტების უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ნაღებს კვერცხის გულის გარეშე იყენებდა, ცომს კი ისეთს აკეთებდა, რომელიც რაღაცით განსხვავდებოდა ტრადიციული ფრანგულისაგან. საფრანგეთში მომზადებულ "ნაპოლეონში" ცომი და ცხიმი ფენების სახით არის, საქართველოსა და შუა აზიაში კი მას აბრტყელებენ, ცხიმს უსვამენ და შემდეგ მილისებურად ახვევენ, გარეგნულად მოგვაგონებს ჩინურ-ტაივანურ ხახვის ღვეზელს. ასეთი ცომის გაკეთება, ტრადიციულად, "აბრეშუმის დიდი გზის" ქვეყნებში ხდებოდა. მე მოხიბლული ვიყავი სახლში მომზადებული ტკბილეულის არომატით და გემოთი.
მილა ქართულ ტრადიციულ, საკმაოდ დიდი ხნის წინ ქვითკირით აგებულ სახლში ცხოვრობდა, კედლები აგურით და ცილინდრული ფორმის ქვებით (ალბათ, იგულისხმება რიყის ქვები - ს.კ.) იყო ნაშენები. ეს სტილი იაპონურ სახლს - "კამაკურას" მაგონებდა. ასევე, მოახდინა შთაბეჭდილება ჩემზე ძველმა ჭაღმა და კაკლის ხისგან დამზადებულმა მოჩუქურთმებულმა სერვანტმა. სახლში ბევრი ოთახი იყო, რომლებშიც ბევრი სტუმარი დაეტეოდა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ მილას წინაპრები - ამ სახლის მშენებლები - ალბათ, საკმაოდ შეძლებული ოჯახი იყო, არისტოკრატები.
როცა სუფრა იშლებოდა, ვამჩნევდი, რომ მილას დედა ჩანგლებს გადაბრუნებული სახით ალაგებდა, რაც საფრანგეთისთვისაა დამახასიათებელი. ესეც საინტერესო ფაქტია, "ნაპოლეონთან" ერთად.
საერთოდ, ფრანგული ყოფისა და კულტურის გავლენა საქართველოში რუსეთთან (ყოფილ საბჭოთა კავშირთან) არის დაკავშირებული.
საქმე ისაა, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. იმპერატორული რუსეთი აქტიურად ითვისებდა ფრანგულ კულტურას. სრულიად ბუნებრივია, რომ რუსეთის და შემდეგ - საბჭოეთის კულინარულ კულტურაზე გავლენა ფრანგულმა მოახდინა. მაგრამ როგორ შეაღწია რუსეთში ფრანგულმა კულტურამ?
მე-18 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი გარემოცვისაგან ითხოვდა, რომ მათ დასავლური წეს-ჩვეულებები შეესწავლათ. ამასთან დაკავშირებით რუსეთში ბევრ ფრანგ მზარეულს და კულინარს იწვევდნენ, რომლებსაც თავიანთი ოსტატობა პარიზის რესტორნებში ჰქონდათ დახვეწილი.
რუსეთში, საფრანგეთისგან განსხვავებით, კლიმატი სუსხიანი და მკაცრია. ყველა კერძი რომ სუფრაზე ერთდროულად მიიტანო, ისინი სწრაფად გაცივდებიან და გემოს დაკარგავენ. ასე გაჩნდა კერძების მაგიდაზე მიტანის რუსული მანერა, როცა თბილი საჭმელები ულუფებით თანდათან მოაქვთ და არა - ერთბაშად. სავარაუდოდ, იმ დროიდან დაიწყეს კერძების მორთმევის ასეთი თანმიმდევრობა - "საუზმეული - სუპი - ძირითადი კერძები - დესერტი და ჩაი", რომელიც, სხვათა შორის, თვითონ ფრანგებმაც გადაიღეს.
პეტრე პირველის მსგავსად, ფრანგული კულტურის ათვისება იმპერატორ ეკატერინე მეორის მმართველობის პერიოდშიც აქტიურად ხდებოდა.
რუსეთი იმ დროს დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროებს შორის მდებარეობდა. მე-18 საუკუნეში, ქვეყნის მმართველებმა, მოკლე დროში რუსეთის დასავლურ ქვეყნად გადაქცევა მოისურვეს. ასე აშენდა მდინარე ნევის ჭაობებში ახალი ევროპული ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, ვენეციური სტილით, არხებით... მას ხშირად "ჩრდილოეთის ვენეციას" უწოდებდნენ.
არისტოკრატებს იძულებით დაევალათ, ფრანგული ენა და ქცევის ფრანგული მანერები შეესწავლათ. ასე გავრცელდა ფრანგულ "ნაპოლეონთან" ერთად ფრანგული კულტურა რუსეთის იმპერიაში, მათ შორის - საქართველოშიც.
მილას დედას სუფრის გაშლის წესი ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა ნასწავლი. ნათქვამია, რასაც ბავშვობაში ისწავლი, ის ძნელად თუ დაგავიწყდებაო.
(სტატიის დასასრულს ავტორი გაზეთის მკითხველებს აცნობს "ნაპოლეონის" ინგრედიენტებს და მისი გამოცხობის წესს). (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ