ბებერ შატილს მტრის მზერაც ახსოვს - ხევსურებისთვის მარტოობაა ყველაზე მძიმე
9 წლის ვიქნებოდი, პირველად რომ ვნახე ფილმი "შეხვედრა მთაში". მაშინვე ჩავიცვი ჩემი ხევსურული ცეკვის ფორმა და ფილმში ნანახი სცენების გამეორებას შევეცადე. პაპამ მითხრა, ხევსურეთში დღეს ასეთი ტანსაცმელი აღარავის აცვიაო. მე კი მაინც მჯეროდა, რომ მთაში, ფიქლის კოშკების საუფლოში, ისეთი ტანსაცმელი ეცვათ, როგორიც ამ ფილმის გმირებს... გაიარა დრომ... ცად აზიდულ მთებს შორის მიმავალ ხევსურეთის ხრეშიან, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზას მივუყვები. 6-საათიანი მგზავრობის შემდეგ შატილში ავედი.
50 წელია, ამ სოფელში ქორწილი არ გადაუხდიათ ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც. ამ ქვაციხეს თავდადებისა და თავგანწირვის არაერთი ამბავი ახსოვს. ხევსური ბაბუა ალუდაური შატილის ისტორიასა და ადათ-წესებზე მოგვითხრობს.
ბაბუა ალუდაური: - ხევსურებისთვის დასაფასებელი გაკეთებული საქმეა, ამიტომ მადლიერებით ვიხსენებთ ედუარდ შევარდნაძეს. მან დაიწყო ახალი შატილის პროექტი - შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, ბანიანი სახლების სახურავები პირვანდელი სახით აღადგინა.
შატილს სტუმრები მხოლოდ ზაფხულში ჰყავს, წელიწადის დანარჩენ დროს მარტოობასა და სრულ სიჩუმეში ვატარებთ. 3 კილომეტრში უკვე სასაზღვრო ზონა იწყება, 800 მეტრში კი რუსები დგანან. აქ თითოეულ ციხე-კოშკს თავისი ისტორია აქვს, ბებერ შატილს მტრის მზერაც კი ახსოვს.
გასაოცარია ჩვენი წინაპრების მშენებლობის ტექნოლოგია. მიწისძვრა და დიდთოვლობა ვერაფერს აკლებდა ნაგებობებს, თუმცა დრო მაინც დაუნდობელია. შატილის ახლოს არის ანატორის საძვალე. როცა რაიმე სენი ვრცელდებოდა, დაავადებულები ანატორს აფარებდნენ თავს, რათა მოსახლეობას არ გადასდებოდა და იქ იღუპებოდნენ. მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული ხევსურები ასე უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს.
- დღეს თუ ცხოვრობენ ამ კოშკებში?
- ყველა ოჯახს აქვს თავისი კოშკი. ზოგს სასტუმროდ აქვს გადაკეთებული. უამრავი აქაურია ბარში გადახვეწილი.
უკვე 50 წელია, ამ სოფელში ქორწილი აღარავის ახსოვს, არც თოფი გავარდნილა ახალი სიცოცხლის მახარობლად... არადა, ხალხური ლექსიც მოწმობს, რა ხალხმრავალი და ღონიერი იყო ოდესღაც შატილი: "შატილს გადიდდა ხოხობი,/გულდიდად დაჯდა ჯარზედა,/დაზარდა შვიდი წიწილი/არწივის ნაბუდარზედა;/შვიდნივ იზარდნენ ლომებად,/განთქმულნი დაღესტანზედა"...
აქ მხოლოდ ერთი გვარის ხალხი - ჭინჭარაულები ცხოვრობენ. ხევსურებს პირად გასაჭირზე წუწუნი არ სჩვევიათ, მაგრამ გაუსაძლის ყოფას ვეღარ უძლებენ და დახმარებას ითხოვენ. 83 წლის ზვიად ჭინჭარაული შემოდგომიდან გაზაფხულამდე ოჯახთან ერთად მარტო რჩება.
ზვიად ჭინჭარაული, შატილიონი: - ჩემი ოჯახი მესაქონლეობას მისდევდა, როცა გავიზარდე, თვითონ ვიყიდე ცხვარი, გადავდიოდი ქისტეთში და იქ ვაძოვებდი. დაწყებითი კლასი ბარისახოში დავამთავრე, 50-იან წლებში ბარში ჩაგვასახლეს და სწავლა ნავთლუღის დასახლების ღამის სკოლაში გავაგრძელე. შემდეგ შატილს დავუბრუნდი. დედაჩემი, თარუა მინდიკაური, ხახაბოელი იყო, ცოლი შატილიონი მყავს.
საბჭოთა რეჟიმმა გატეხა საქართველო, ხევსურებიც დაგვფანტა. ახლა კი მთავრობას მივავიწყდით. გავიდა ზაფხული, მოაგარაკე ხევსურებიც წავლენ ბარად და დავრჩებით მხოლოდ ჩვენ. მარტოობა ყველაზე მძიმეა... ჩვენი იმედი მხოლოდ მესაზღვრეებია. ზამთარში თუ შუქის სადენი დაზიანდა, ზაფხულამდე უშუქოდ ვრჩებით, აქ მაღაზიაც არ არის, არც ბუნებრივი აირი გვაქვს. უბნის ყველაზე ახალგაზრდა ჩემი 40 წლის შვილია.
გული მეწურება, ჩვენი წეს-ჩვეულებები რომ იკარგება. ჩემს ბავშვობაში პატარძალს ახალგაზრდობა გზაზე ვხვდებოდით თოფის ცემითა და მაშხალებით. მერე ერთად ვილხენდით. დაკრძალვაც ჩვენებური გვქონდა, მიცვალებული სიპ ქვებში უკუბოოდ საფლავდებოდა... მარტოს დრო ბევრი მაქვს და სულ წარსულ ცხოვრებაზე ვფიქრობ...
ამირან გოგოჭური, დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი შატილის ადმინისტრაციაში:
- შატილში მუდმივად ათი კაცი ცხოვრობს, ზაფხულობით კი 30-მდე კომლი ბრუნდება. გარდა შატილისა, ადგილობრივ ადმინისტრაციაში შემავალ ცხრა სოფელში სულ 10 მოსახლეღაა დარჩენილი. ოქტომბრიდან მაისამდე გზა იკეტება.
არის სოფლები, სადაც მოსახლეობას დღემდე ელექტროენერგია არა აქვს. 3 სოფელში საავტომობილო გზა არ არსებობს. ზამთრობით ხახაბო-არჭილო-ანდაქში მხოლოდ ერთი ოჯახი რჩება. ოქტომბრიდან არავინ ცხოვრობს არც კისტანსა და გიორგიწმინდაში, თუ არ ჩავთვლით ანდაქელ მესაზღვრეს, რომელიც სამსახურის გამო დროდადრო ჩამოდის ხოლმე. უმუშევრობა და მძიმე ყოფითი პრობლემები გახდა მთის დაცლის მიზეზი. გვეუბნებიან, რომ საჭიროებების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ სოფლის დახმარების პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი 4 000 ლარია. ეს თანხა მიზერულია ხევსურეთში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შარშან მხოლოდ წყლის მომარაგების უზრუნველყოფა შევძელით. მაგრამ რად გინდა, კოშკების კედლებს წყლის მილები მისდევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან იკარგება ციხე-კოშკების პირვანდელი სახე, ზოგიერთ მათგანში წყალი ჟონავს, კედლები ნესტიანდება და ზიანდება.
"პირველკლასელი არ გვყავს" შატილის სკოლაში 1991 წელს 54 მოსწავლე სწავლობდა. ახლა მხოლოდ 9 ბავშვია.
მაყვალა დაიაური, შატილის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: - 9 მოსწავლე ირიცხება შატილის სკოლაში. 10 მასწავლებელი გვყავს... წელს პირველკლასელი არ გვყავს. შენობა რამდენიმე წლის წინ დაიწვა და გაკვეთილები აქაურთა სახლებში ტარდებოდა. შარშან ახალი სკოლა აშენდა. პირობები კარგია, აღჭურვილია ინტერნეტით და ბიბლიოთეკით.
34-ე შატილობა შატილობაზე ხალხისგან დაცლილ სოფელში სტუმრები სხვადასხვა კუთხიდან ამოდიან. ბაბუა ალუდაური მეუბნება, რომ მხიარულება მხოლოდ ამ დღესასწაულზეა. მერე კი ისევ სიჩუმე აყრუებს"ხევსურეთსო: - ჩვენი მასპინძლობის იმედი საუკუნეების მანძილზე ჩვენივე ლუდი იყო, დოღი - ახალგარდაცვლილ ხევსურთა სულის საოხად იმართებოდა. წლევანდელი დოღი მიეძღვნა სასახელო ხევსურის, აპარეკა ჭინჭარაულის ხსოვნას.
P.S. ხევსურებს ბევრ რამეზე სწყდებათ გული: სოფლის დაცლაზე, დაკარგულ ტრადიციებსა და ხალხზე, რომელმაც მთა მიივიწყა...
შატილელი მასწავლებელი
შატილში სკოლა 30-იან წლებში გაიხსნა. ერთი მეგრელი ყმაწვილი კაცი, საშუალო სკოლადამთავრებული ივანე კუცია მიავლინეს მასწავლებლად (მაშინ კადრების ნაკლებობის გამო საშუალო სკოლადამთავრებულებს გზავნიდნენ სვანეთში, აჭარაში, ფშავ-ხევსურეთში მასწავლებლებად) და სიკვდილამდე იქ დარჩა. ისე უყვარდა შატილი, ოჯახს არ მიჰყვებოდა თბილისში - "გაჭინჭარაულებული" იყო უკვე... პაპა ვანო კეთილი კაცი იყო, ჩუმი, მოკრძალებული. თავის ოთახში ჰქონდა სკოლა გახსნილი, საწოლიც იქვე ედგა, დოქიცა და ღუმელიც, წიგნებიც, კედელზე თოფი და სავაზნე ეკიდა. დილაობით იდგა ხოლმე თავისი პატარა სკოლის წინ და მოსწავლეებს ელოდებოდა. ჩამოჯდებოდა თავის საწოლზე თოფის საწმენდზე დაყრდნობილი და ოთხივე კლასს ერთდროულად ასწავლიდა მათემატიკასაც, ქართულსაც, ისტორიასაც, ბუნებისმეტყველებასაც... უამრავი ლექსი იცოდა, ანდერძ-თქმულებანი. არაერთი ნიმუში გადაარჩინა დავიწყებას.
ერთ მშვენიერ დღეს დუშეთის განათლების განყოფილებაში გამოიძახეს და გამოუცხადეს, - მასწავლებლის დიპლომი არა გაქვს და მაქაურობა დატოვეო... გაუსკდა კაცს გული - როგორია საყვარელი და ნაჩვევი საქმისა და ადგილის მოშორება! მოგვიანებით ნაცნობ-მეგობრების დახმარებით კაი ბებერმა ჩააბარა მაშინდელ პუშკინის ინსტიტუტში... ივანე პაპას შატილი სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია.
მკვდართა ქალაქი
შატილიდან სამიოდ კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მუცოს წყლის შესართავთან მდებარეობს ანატორის აკლდამა... გადმოცემის თანახმად, სისაურების სოფელს ჟამი (შავი ჭირი) დაერია. სოფელი გარდაცვლილთა დასაფლავებას ვეღარ ასწრებდა, და ამიტომ სნეულთათვის სოფლისგან მოშორებით აკლდამები ააგეს.
ანატორის აკლდამებში სიკვდილამდე დიაცები საქსოვით ირთობდნენ თავს, კაცები ძალის გამოცლამდე აჩხაკუნებდნენ ჩონგურს და ხელში შეაცივდებოდათ საკრავი, აკვანში ჩაკრულ ჩვილს დედა დააკვდა - სიკვდილსაც მამაცურად შეეგებნენ ხევსურთ შვილები. ყოველივე ეს ნაშთად დარჩა მკვდართა ქალაქში, რომელიც ინახავს თავგანწირვის ისტორიას იმ ადამიანებისა, სხვისი სიცოცხლისთვის თავი ცოცხლად რომ დაიმარხეს...
შატილიონი ვაჟა ჭინჭარაულის მონათხრობიდან: - XVII საუკუნეში სოფელ ანატორში, სადაც სისაურების გვარი სახლობდა, შავი ჭირი გაჩენილა. მოსახლეობა სოფელში არც არავის უშვებდა და არც არავინ გადიოდა სოფლიდან. დასნეულებულნი როცა ხვდებოდნენ, რომ სიკვდილი უკვე მოახლოებული იყო, თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. ზოგი აკლდამაში შედიოდა, ზოგი კი ქარაფიდან ხტებოდა.
სისაურების გვარმა ასე გადაარჩინა ახლომდებარე სოფლები შავი ჭირისაგან. გადარჩა მხოლოდ ერთი 7 წლის ბავშვი. ყმაწვილს დედა თუში ჰყავდა და თუშეთს იყო ბებია-პაპასთან. 10 წლის შემდეგ, თუშეთში, ამ ბავშვის ოჯახში, შემთხვევით ხევსურები მოხვედრილან სტუმრად. ბიჭის გვარი რომ გაუგიათ, შენ თუში არ იქნები, რომელი სოფლიდან ხარო, - უკითხავთ. მე იმ სოფლიდან ვარ, სადაც მზე ორჯერ ამოდისო (ანატორში უზარმაზარი მთებია, მზე რომ ამოვა, მალევე ეფარება მთას და დიდხანს აღარ ჩანს, შემდეგ საღამოს ისევ გამოდის). წამოიყვანეს ბავშვი ხევსურებმა და შატილში დაასახლეს. მაშინ უფლება არ ჰქონდა არც ერთი გვარის შვილს შატილში დასახლებისა თუ ჭინჭარაული არ გახდებოდა - ეს ბავშვი სისაური იყო და ჭინჭარაულად მონათლეს. მას "ხევსურების გადამრჩენელს" ეძახდნენ.
თორნიკე ყაჯრიშვილი